[მანანა ნოზაძე]
„ქართული პარტია“ რევოლუციურ მესიჯს უგზავნის ხელისუფლებას და კადაფის ხვედრს უწინასწარმეტყველებს. ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეში, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა, შეკრებილი „ქართული პარტიის“ ლიდერები - ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ეროსი კიწმარიშვილი, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საპროტესტოდ განწყობილ ხალხს ავანგარდში ჩაუდგნენ.
ლევან გაჩეჩილაძე ამჯერადაც კიდევ ერთხელ შეეცადა, კალათბურთის დარბაზში შეკრებილი საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ამიერიდან მიტინგებზე მისული ხალხი საკუთარ თავს კი არ გაუშვებს სახლში, არამედ - სააკაშვილის რეჟიმს გაისტუმრებს, დედაქალაქი კი ამ რეჟიმის გაღუნვის საძირკველი გახდება.
ეროსი კიწმარიშვილს კი, რომელმაც თავისი ემოციების გამოსახატად ტრიბუნიდან ისკუპა კიდეც, სააკაშვილისდროინდელი ვარდების რევოლუციის გამოცდილებამ შემატა ძალა. კერძოდ, კიწმარიშვილს განსაკუთრებულად დამახსოვრებია, რომ „2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, სააკაშვილი, ცხონებული ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე რუსთაველზე მიტინგის გასამართად 3 ათას კაცს ვერ აგროვებდნენ“. თუმცა გამარჯვებამ მაინც არ დაახანა.
გაყვება თუ არა ხალხი უკვე მერამდენედ დაანონსებულ რევოლუციას, რატომ გახშირდა ბოლო დროს კადაფის რეჟიმის დამხობის საქართველოს ხელისუფლების ფინალთან გაიგივების ტენდენცია; გადაჭარბებულად ხომ არ ენდობა „ქართული პარტია“ პროტესტის გამომხატველი ხალხის შესაძლებლობებს, რას ნიშნავს კალათბურთის დარბაზში აჟღერებული პარტიზანული კლიპის - (ბელა ჩიაოს) ქართული ვერსია, რომელიც ე. წ. არაბული რევოლუციების (ამ ტალღამ ირანს, ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს გადაუარა) სიმბოლოდ იქცა, ამ საკითხებზე „ქართული პარტიის“ თავმჯდომარეს სოზარ სუბარს ვესაუბრებით.
როგორ გგონიათ, გაუძლებს ქართული საზოგადოება დაანონსებული რევოლუციების მორიგ ტალღას?
- საკითხი სხვაგვარად უნდა დადგეს. გაუძლებს თუ არა ხალხი გიჟი ადამიანის 30 ან 50 წლიან მმართველობას? ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. როცა სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ ხდება რევოლუცია. უბრალოდ, სააკაშვილის რეჟიმმა რევოლუცია ერთადერთ გამოსავლად დაგვიტოვა, თორემ ეს არავის უნდა. რაც შეეხება ხალხს, მის ნებას ვერ დაუპირისპირდება ვერავინ. ვერც ვერავინ მოახდენს რევოლუციას, თუ ხალხის ნება არ იქნება და ისინი არ გამოვლენ ქუჩაში. ასე რომ, აქ საკითხი ძალიან მარტივად არის.
ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი, რა განსხვავებაა იმ პერიოდსა და ამ პერიოდს შორის, ანუ მიხეილ სააკაშვილის განწყობა ალბათ რადიკალურად შეცვლილი არ არის. რა გარანტია გაქვთ, რომ სისხლი არ დაიღვრება?
- შეცვლილია საერთაშორისო მიდგომა. კადაფის ბედი ყველასთვის მაგალითი იქნება, თუ რა მოელის მას, ვინც ხალხს დაუპირისპირდა. ისევე, როგორც მუბარაქის თუ სხვა დიქტატორების ბედი. დამცინოდნენ, როცა ვამბობდი, რომ ზამთარში მერცხლები არიან არაბულ სამყაროში, სამხრეთში, ჩრდილო აფრიკაში და გაზაფხულზე ბრუნდებიან საქართველოში-თქო. თუმცა იმ რევოლუციებმა, რომლებიც ჩრდილო აფრიკაში, ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში მოხდა, საერთაშორისო მიდგომა შეცვალა. შეიცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება და ყველამ დაინახა, რომ ხალხის ნებას წინ ვერავინ დაუდგება.
მთელი მსოფლიო მხარს დაუჭერს არა დიქტატორებს, არა ავტოკრატებს, არამედ-ხალხს. ყველაზე უმთავრესი კი ისაა, რომ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერთან შედარებით, ჩვენს საზოგადოებაში დიდ ცვლილებას ვგრძნობ. აქამდე ყველგან ვხედავდი ერთსა და იმავეს,- ეს იყო ამ ხელისუფლების სიძულვილი და სიძულვილთან ერთად შერწყმული უიმედობა, შიში. სასოწარკვეთამდე იყო მისული უიმედობა, მომავლის იმედი არ ჰქონდათ. იყო დაკარგული რწმენა საკუთარი თავის, საკუთარი სამშობლოსი. დღეს ეს შეიცვალა. სასოწარკვეთა შეცვალა მომავლის მოლოდინმა. დიდმარხვის დღეებია და ყველა ეკლესიაში ყოვედღიურად მრავალჯერ იკითხება ეფრემ ასურის ერთი პატარა სინანულის ლოცვა: სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა ნუ მიმცემ მე.
„მიმოწვლილველობა“ ძველქართული სიტყვაა და ახალ ქართულად უიმედობას, სასოწარკვეთას ნიშნავს. სასოწარკვეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა. როცა ვლაპარაკობთ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე, შეგვიძლია, საათობით ჩამოვთვალოთ, რაც მათ გააკეთეს -დაკარგული ტერიტორიები, კორუფცია, მკვლელობები... მაგრამ ყველაზე ცუდი, ყველაზე დიდი ბოროტება, რაც მათ ჩაიდინეს, ეს არის უიმედობის განცდა, ქვეყნის მომავლის უპერსპექტივობის განცდა, რაც საზოგადოებაში დანერგეს. ეს განცდა უკვე წყალს მიაქვს და მას ცვლის მომავლის იმედი, ბრძოლის ჟინი. მკვეთრად შეცვლილი საერთაშორისო მიდგომა კი გავლენას ახდენს ხალხის განწყობაზე, ბოლო ნაბიჯის გადადგმის თვალსაზრისით.
ეგვიპტეში, ლიბიაში განვითარებული მოვლენების დროს მხოლოდ მაშინ ჩაერთო დასავლეთი, როდესაც ხალხის საკეთილდღეოდ, საპირწონედ გადაიხარა სასწორი. თქვენ რა გაძლევთ დაიმედების საშუალებას?
- დიახ, როცა ხალხი გამოვიდა და მკაფიოდ თქვა, რომ დაშლას არ აპირებდა, მაშინ გადაიხარა დასავლეთის დამოკიდებულებაც. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც.
ამდენი უშედეგო მცდელობის შემდეგ ისევ ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი პროტესტის მიზნით გამოვა?
- ბევრჯერ გამოსულა და კიდევ ერთხელ გამოვა. არ შეიძლება ერთხელ წაიქცე და დარჩე მერე ტალახში, უნდა ადგე და წინ წახვიდე. არ შეიძლება, უღირსებო არსებობას, ცხოვრებას შეეგუო. არ შეიძლება მკვლელები მართავდნენ ქვეყანას. მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, ვისაც აშინებთ სიტყვა რევოლუცია. ეს არ არის საშიში სიტყვა. რევოლუციას ვერ მოახდენს ვერც სოზარ სუბარი, ვერც ეროსი, ლევანი, ირაკლი, რევოლუციას ახდენს ხალხი მხოლოდდამხოლოდ. სახარებას კიდევ ერთხელ მივუბრუნდები. სახარებაში წერია, რომ „მე ვარ ლოდი თავკიდური და ვინც მე დამეცემა, დაიმსხვრევა და, ვისაც მე დავეცემი, დავამსხვრევ“, ხალხის ნებაც ასეთია. ხალხის ნებას წინ ვერავინ დაუდგება.
„ქართული პარტია“ ვიქნებით ამ ბრძოლის ავანგარდში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ უსისხლო გამარჯვებამდე. ნურავინ დაუდგება ამ ბრძოლას, ნურც ხელსუფლება, ნურც ოპოზიციონერი, ვერც მკვლელი ნაძირალები, რომელთა სინდისზეა გირგვლიანის, რობაქიძის სისხლი, კორტებთან დახოცილი ბიჭების სისხლი. გამარჯვება ძალიან ახლოს არის. ყველგან, სადაც დავდივართ, მთელ საქართველოში, ყველა ოჯახში, იციან ქართული პარტიის სახელი და იციან, რომ ეს პარტია იქნება სააკაშვილის რეჟიმის მესაფლავე.
ენდობა ხალხი იმავე ლიდერებს, რომელთა ხელშიც მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას? ხომ არ ჯობდა ამ ლიდერების ცვლა? თუ ხედავთ საქართველოში ისეთ მუხტს, რომელიც ლიდერობის მსურველთა ახალ სახეებს მოიყვანდა? თუ ხალხი ისე დათრგუნულია, რომ ვერ წარმოშობს ახალ ლიდერს?
- ჯერ ერთი, ხალხი რომ გვენდობა, ამას ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ. რაც შეეხება ლიდერთა ცვლას, მას მე ვერ შევცვლი და ვერც თქვენ შეცვლით. მოვიდეს, ვინ არის ის დალოცვლილი და გავდგები განზე.
ასეთი ლიდერი შეიძლება საქართველოში არსებობდეს და არ ჩანდეს?
- როცა ვინმე არის, მაშინ ის ჩნდება კიდევაც. ვინც უკვე გამოჩენილია, ყველას იცნობს საზოგადოება.
პოლიტიკოსთა ნაწილს დაანონსებული რევოლუციების არ სჯერა. რამდენად მოსალოდნელია, თუნდაც ამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ეროვნულ თანხმობას მიაღწიოთ?
- ჩვენ ვაანონსებთ არა რევოლუციას, არამედ ჩვენს გეგმას. რევოლუციას ახდენს ხალხი. როცა ხალხი ამას გადაწყვეტს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ნუ დაუდგება ნურავინ წინ, თორემ დაამთავრებენ ისე, როგორც დაამთავრებს კადაფი ძალიან მალე.
კალათბურთის სასახლეში „ქართული პარტიის“ შეკრება რევოლუციისთვის მზადება იყო?
- კალათბურთის სასახლეში გამართული შეკრება თბილისის კონფერენცია იყო და ამას მეტ მნიშვნელობას ჯერჯერობით არ ვანიჭებთ. მეტი იქნება მაშინ, როცა პარტიის მეორე ყრილობა გაიმართება და, სადაც ვილაპარაკებთ მომავალ გეგმებზე.
იმ მოვლენების შემდეგ, რაც განვითარდა მიუნხენის აეროპორტში, ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის მცდელობა მაინც გაქვთ?
- როცა ვლაპარაკობთ ეროვნულ თანხმობაზე, აქ მთავარია, რომ უკან გადავდოთ ყველანაირი განსხვავება და, მინიმუმ, ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ, არ ვაგინოთ, ერთობისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯები კი შემდგომში გამოჩნდება. ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითებმა აჩვენა, რომ ეროვნული თანხმობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
რა გარანტია გაქვთ, რომ დროებითი გაერთიანების შედეგ ისევ არ მოხდება გაუგებრობა, დაპირისპირება, რაც ხალხის თვალში არასერიოზულად აღიქმება?
- იცით რა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი მანამ, სანამ შევცვლით ხელისუფლებას და მერე ღმერთმა არ ქნას, განსხვავებები არ იყოს ჩვენს შორის და კიდევ ერთპარტიულ ქვეყნად გადავიქცეთ. განსხვავებებიც უნდა იყოს, დაპირისპირებაც უნდა იყოს, პოლიტიკური გეგმების შეთავაზებაც უნდა იყოს. ზოგი იტყვის, რომ სოციალიზმი მინდა, ზოგი იტყვის, ლიბერტარიანიზმი მინდა, ეგ არის განვითარება. სხვანაირად არ ხდება განვითარება. ბევრი ლაპარაკობს, რა ერთობაზეა ლაპარაკი, ერთობამ შედეგი არ გამოიღოო. სინამდვილეში, მთელ მსოფლიოში ერთობას მოაქვს გამარჯვება. საქართველოშიც ერთობამ მოიტანა ყოველთვის გამარჯვება. დაქსაქსულობა, ერთმანეთთან ბრძოლა არასდროს მოიტანს შედეგს.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მას ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციები კვლავაც აქვს. როგორ გგონიათ, აქვს მას მორალური უფლება, მოექცეს ხელისუფლების სათავეში ერთხელ მცდელობის შემდეგ, რამაც საზოგადოების თვალში არცთუ კარგი კვალი დატოვა?
- ამ შემთხვევაში, ხალხი არის გადამწყვეტი მსაჯული და არა- სოზარ სუბარი ან ვინმე სხვა. საზოგადოება მისცემს მანდატს იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის, ხალხი გადაწყვეტს, ვის რა აპატიოს და არ აპატიოს.
თავის დროზე თქვენ სააკაშვილის მიერ მომხდარი რევოლუციის დროს ავანგარდში იყავით.
- ავანგარდში არ ვყოფილვარ.
ყოველ შემთხვევაში, ვარდების რევოლუციის დროს აქტიურად ფიგურირებდით. ამ გადასახედიდან, ნანობთ თუ არა სააკაშვილის გვერდით დგომას და როგორ შეაფასებთ თქვენს წილს ვარდების რევოლუციაში?
- ჯერ ერთი, იმ რევოლუციაში ჩემი წილი იყო მართლაც მინიმალური. უბრალოდ, თანამგრძნობი ვიყავი და არ ვყოფილვარ არანაირ ავანგარდში. მიმაჩნდა, რომ შევარდნაძის რეჟიმი უნდა დასრულებულიყო, რადგან ეს იგივე იყო, რაც დღეს ხდება-სრული უპერსპექტოვობის განცდა. უბრალოდ, მაშინ ეს იყო ჭაობი, დღეს არის გიჟური ქმედებები.
რა განსხვავებაა?
- ეს ორი უკიდურესობაა, ორივე მათგანი ღუპავს ქვეყანას. სამწუხარო იყო, დავუშვით შეცდომა, მე არა, მთელმა ერმა ერთად. შევარდნაძის წინააღმდეგ რომ ვიბრძოდი, არ ვნანობ. უბრალოდ, მერე, გამარჯვების ტალღას მოექცა ის ადამიანი, რომელიც არ უნდა მოქცეოდა სათავეში. ეგ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვიბრძოლოთ. ხშირად ამბობენ ხოლმე, ის რაც ხდება არაბულ ქვეყნებში, საქართველოში 2007 წელს მოხდაო. მათ გავახსენებ, რომ კადაფიც რევოლუციით მოვიდა, მაგრამ ძალიან მალე დავინახავთ, როგორ დაამთავრებს.
ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ? რეჟიმები არ თმობენ პოზიციებს და დასავლეთიც ერევა მათ საქმეში. განსაკუთრებით არაბულ სამყაროში, უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ჩარევა უხეშია, რომ მათ დასავლეთისგან მხოლოდ საჰაერო სივრცის დახურვა ითხოვეს და არა- ლიბიის დედაქალაქის დაბომბვა, რასაც უდანაშაულო მოსახლეობაც ეწირება.
- როდესაც ქვეყნის დიქტატორი საკუთარი ხალხის გენოციდს იწყებს და ტანკებს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ დაძრავს, ვიღაც უნდა ჩაერიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი უძლურია ხოლმე. სადამ ჰუსეინს დედაბუდიანად გაჟლეტილი ჰყავდა ასეულობით სოფელი, ქალი, კაცი, ბავშვი და ქვეყნის შიგნით არ იყო ძალა, რომელიც იმ ადამიანს დაამარცხებდა.
ისეთმა ცივილიზებულმა ერმაც, როგორიცაა გერმანია, დაუშვა შეცდომა და აირჩია ჰიტლერი. ესპანეთში გაჩნდა ფრანკო, იტალიაში-მუსოლინი. ამ დიქტატორების დამარცხება წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო გარე ძალა. ასე რომ, მსოფლიო ერთიანია, რაღაც გაგებით. რაღაცისთვის უნდა ვიბრძოლოთ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ის რაც ხდება ავღანეთში, ჩვენი პრობლემაცაა, შესაბამისად, საქართველოს პრობლემაც უნდა გახდეს სხვისი პრობლემა.
არაბული სამყაროს თვალში, ეს თავისუფლების სახელით მეტ-ნაკლებად ჩადენილი ბოროტი ქმედებაა.
- მაშინ რა უნდა გაეკეთებინა დასავლეთს, მიეშვა ნებაზე გიჟი დიქტატორი, რომელიც დახოცავდა ყველა მოწინააღმდეგეს და გადასცემდა ძალაუფლებას შვილს, მერე შვილთაშვილს და ასე შემდეგ? ეგ არის ალტერენატივა? მე არ ვამბობ, რომ იქ შეცდომა არ იქნება დაშვებული და ყველა ბომბი სამიზნეს მიაღწევს, მაგრამ, თუ ასეთ დროს არ ჩაერიე, მაშინ განვითარება შეუძლებელია. საქართველოს შემთხვევაში, მსგავსი ჩარევა აუცილებელი არ გახდება, რადგან სააკაშვილი ერთ დღეში გაიქცევა, თუნდაც იმ გამოცდილებების მერე, რაც გაგვაჩნია.
მისი გარემოცვა სად დარჩება?
- მას გაყვებიან.
სად ექნებათ თავშესაფარი, არსებობს სავარაუდო ადგილი?
- სამწუხაროდ,- ბევრი. თუმცა რაღაცები იცვლება მსოფლიოში. ვინც დღეს მას მისცემს თავშსაფარს, შეიძლება,- სამი წლის მერე გადასცენ ქართულ მართლმსაჯულებას.
არაბული სამყაროსგან განსხვავებით, ქართველი ხალხი რამდენად არის ბრძოლისუნარიანი? 37 წლის რეპრესიების შემდეგ, როცა ჩვენი სასულიერო, სამხედრო და, მთლიანობაში, მოაზროვნე ელიტა გაანადგურეს, ხალხი თითქოს დინებას მიჰყვება, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამოვლინებებს.
- ერი, რომელიც ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს, გაქრება. ნამდვილად არ ვუყურებ საქართველოს მომავალს ასე პესიმისტურად.
ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ მოლაპარაკებებისა და პოზიციების დათმობის მზაობას ვერ ხედავთ?
- რამდენიმე დღის წინ „მაესტრომ“ ჟურნალისტური გამოძიება გაყალბებულ პირადობის მოწმობებს მიუძღვნა. აი, თუ დაიჭერენ ბატონ ვაშაძეს, იმ სააგენტოს ხელმძღვანელსა და მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდა და- ყველა იმ ადამიანს, ვინც კონკრეტულად განახორციელა ეს ქმედება, ვინც აიღო და სხვისი მოწმობით ხმა მისცა, მაშინ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების პატარა სურვილი მაინც არის. მანამდე სამართლიან არჩევნებზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა.