საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხუორ პრესასთან საერთაშორისო სავალუტო ფონდს აძაგებს, ადგილობრივ მედიასთან კი თავის მართლება უწევს. რა თამაში წამოიწყო ნიკა გილაურმა, ძნელი დასადგენია, მაგრამ პრემიერი ჯერჯერობით პირადად კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისმოყვარეთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად კი ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებით შემოიფარგლება.
ამ საკითხზე პრემიერის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა მჭედლიშვილმა გააცნო. მისი თქმით, ერთ-ერთ უკრაინულ ბეჭდურ მედიაში გილაურის მოსაზრების ინტერპრეტირება არასწორად მოხდა.
კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, თითქოს გილაური ამბობს, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის კრედიტები ძვირია და ქვეყნისთვის არახელსაყრელია.
მჭედლიშვილის განცხადებით, ინტერვი უკონტექსტიდან არის ამოვარდნილი, სინამდვილეში კი გილაური ამბობს, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდი საქართველოს საჭირო დახმარებას უწევს.
„უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუს ის ნაწილი, რომლის თანახმად, ნიკა გილაური თითქოს აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები ძვირი და არახელსაყრელია, კონტექსტიდანაა ამოღებული. გილაური თვლის, რომ საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით ვითარდება და ეს პროცესი მომავალშიც ასე გაგრძელდება. პრემიერის აზრით, ფონდი საჭირო დახმარებას უწევს საქართველოს და ქვეყანა ამ ფონდიდან დაფინანსებას მომავალშიც მიიღებს“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
უკრაინულმა „კომერსანტმა“ ჯერ კიდევ გასულ კვირას გაავრცელა პრემიერის ინტერვიუ, რომელშიც გილაური სავალუტო ფონდს ღიად აკრიტიკებს. პრემიერი აცხადებს, რომ თბილისი სავალუტო ფონდის კრედიტს იაფ რესურსად არ აღიქვამს და ფონდის წინაშე არსებული ვალდებულების განულება სურს.
„ეს 3-5%-იანი სესხია და მოკლევადიანი ფული არასოდესაა იაფი. ასეთი პირობებით სესხი 10 წლით რომ გაიცემოდეს, იაფი რესურსი იქნებოდა. ამასთან, მთავრობა ვალდებულია საკუთარი პოლიტიკა ფონდთან შეათანხმოს. რა საჭიროა ჩვენთვის ასეთი პირობები“, - ნათქვამია უკრაინულ „კომერსანტთან“ ნიკა გილაურის ინტერვიუში.
გამოდის, რომ საქართველოს პრემიერი სავალუტო ფონდის პოლიტიკით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს და ფონდის წინაშე არსებული ვალდებულების განულების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, არც ერთ ინვესტორს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა არ უნდა, თუმცა ეშინია, რომ მთავრობა დაუგეგმავად იმოქმედებს. „რამდენიმე წელიწადში, როცა ყველა მიხვდება, რომ მთავრობა თავად ატარებს კარგ პოლიტიკას, ეს პრობლემა მოიხსნება“, - აცხადებს გილაური უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში.
ექსპერტ ავთო სილაგაძის განცხადებით, საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან არსებული ფინანსური ვალდებულებების განულება მარტივი არ არის. ამ პროცესს დიდი ბიუჯეტი და ჯანსაღი ეკონომიკასჭირდება.
„მეეჭვება, რომ ვალის განულება ერთბაშად მოხდეს. განულება დიდი თანხების გადახდასა და ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს, რასაც ქართული ეკონომიკა ამ ეტაპზე ვერ შეძლებს. სავალუტო ფონდის კრედიტებზე პროცენტი ყოველთვის მაღალი იყო, მაშინ მთავრობას ეს ვალი არ აეღო. სამომავლოდაც თუ იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ კრედიტი არ ავიღოთ, ამას რა სჯობს“,- ამბობს ავთო სილაგაძე.