მოსკოველ ექიმებს ხანძართან დაკავშირებული დიაგნოზების დასმას უკრძალავენ

მოსკოველ ექიმებს ხანძართან დაკავშირებული დიაგნოზების დასმას უკრძალავენ

[ნინო მიქიაშვილი]
კვამლგაფანტულ მოსკოვში არსებულ ვითარებაზე, პრესა.გე იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, ქეთევან გადილიას ესაუბრა, რომელიც ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტში მუშაობს.

ქეთევან გადილია: კვამლი გასულ პარასკევს გაიფანტა; ღამით დიდი წვიმა მოვიდა, ქალაქი გაწმინდა. ახლა ფაქტიურად ნორმალური სიტუაციაა. ტემპერატურაც ნორმალურია – 29–30 გრადუსი. მერე კვამლი დაბრუნდა ამჯერად უკვე ვლადიმირის ოლქიდან, თუმცა, ის აპოკალიფსური სიტუაცია, რაც მოსკოვმა გადაიტანა, აღარ განმეორებულა.

ტელევიზიები ისევ მწირ ინფორმაცია გადმოსცემენ, თუ ამ კუთხით ვითარება შეიცვალა?
– შეიძლება ითქვას, რომ პატივი დაგვდეს და ახლა ტელევიზიით შედარებით მეტს გვეუბნებიან. აი, მაგალითად, ყველაზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში “ვრემია“, ორი დღის წინ, ძალიან “საინტერესო“ რამ გვანახეს – ენციკლოპედიებში, ან სასწავლო ლიტერატურაში, ადამიანის ანატომიურ ჩონჩხს, რომ ხატავენ ხოლმე, აი, ეს გვაჩვენეს, ეკრანზე დახატული და განგვიმარტეს, რას როგორ ვსუნთქავთ და რა სად ჩადის. მაგრამ როგორ დავიცვათ თავი, როგორ გამოვიყვანოთ ეს მომწამვლელი ნივთიერებები, რაც ჩვენს ორგანიზმში მოხვდა, ამაზე რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნებიან.

ამავე თემაზე კიდევ ერთი, ძალიან “საინტერესო“ სიუჟეტი გავიდა ეთერში. საერთოდ, ვირთხებზე ხომ ცდებს ატარებენ... ჰოდა, “ვრემიაში“ გვაჩვენეს როგორ იქცევა ვირთხა კვამლში. მას შესთავაზეს წყალი, გლუკოზა და სპირტის ნაჯერი. ვირთხამ აირჩია სპირტის ნაჯერი. ახლა აქედან ვინ რა დასკვნას გააკეთებდა, არყის სმას დაიწყებდა, თუ როგორ მოიქცეოდა, ეს არ ვიცი, მაგრამ მე დავიბენი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი მაყურებელი. რას ნიშნავდა ეს სიუჟეტი, ვერ გავიგეთ.

ბოლო მონაცემებით, რამდენი ადამიანია დაღუპული ხანძრის შედეგად?
– ამ კითხვაზე პასუხს, ინტერნეტში მოძიებული მასალით გაგცემთ – ბოლო მონაცემებით 57 ადამიანია დაღუპული. ამ დღეებში ძალიან კარგად გამოიჩინა თავი საინფორმაციო სააგენტომ “ლაიფ რუ“, რომელიც იმ ინფორმაციებს ავრცელებდა, რომლის დაფარვასაც ხელისუფლება ცდილობდა. ეს ის სააგენტოა, რომელმაც პირველმა თქვა, რომ მოსკოვის გარეუბანში სამხედრო ნაწილს ცეცხლი მოეკიდა. ამ სააგენტომ პირველმა გაახმიანა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საროვთან ატომურ ობიექტს ხანძრის საფრთხე ემუქრებოდა. სხვათა შორის, ამ ორი თუ სამი დღის წინ, “ლაიფ რუს“ მოსკოვის მერიამ სასამართლოში უჩივლა.

ესე იგი 57 ადამიანი დაიწვა, ან კვამლით გაიგუდა?
– არ ვიცით, დიაგნოზებს არ სვამენ. ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. როდესაც მოსკოვის მთავარმა ექიმმა ტელევიზიით გამოაცხადა რომ მოსკოვში სიკვდილიანობის რიცხვი ორჯერ გაიზარდა, ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა – “გაუგებარია რაზეა საუბარი, ვითხოვ ეს საკითხი ზუსტად მომახსენონ, რადგან ჩემი ინფორმაციით, სიკვდილიანობის რიცხვი ივლისში შემცირდაო“. როგორც იტყვიან, სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს. ამის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ეკრანზე აღარ გამოჩენილა და საერთოდ აღარ გაუკეთებია კომენტარი. ამ დროს ინტერნეტში ბლოგერებისგან ვგებულობთ, რომ მორგებში ადგილი აღარ არის, რომ დღეში 700 ადამიანამდე კვდება, როცა აქამდე, ეს რიცხვი შეადგენდა 300–360–ს.

ტოქსიკურად რამდენი ადამიანია მოწამლული?
– ინტოქსიკაციაზე ინფორმაცია საერთოდ არ ვრცელდება. შაბათს ლატინინამ (ცნობილი ჟურნალისტია) თავის გადაცემაში ისაუბრა, რომ მოწამვლაზე საერთოდ არაა ლაპარაკი და აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია ინფორმაცია (გახსოვთ ჩერნობილის აფეთქება? დაახლოებით მსგავსად იქცევიან). ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, 11 აგვისტოს სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მონაცემები გამოაქვეყნა, იმ რეგიონებზე დაყრდნობით, რომლებშიც ხანძარი იყო. ამ მონაცემებში ინტოქსიკაციაზე, არც ერთი სიტყვა არ წერია, რაც მე მაგალითად, საკუთარ თავზე გამოვცადე – საშინელი ალერგია დამეწყო. თავიდან ვერ მივხვდი საქმე რაში იყო; მოგვიანებით ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები მივიღე. რა თქმა უნდა, არც სასწრაფოსთვის მიმიმართავს და არც პოლიკლინიკაში მივსულვარ. ალბათ, ასე ბევრი მოიქცა. თუმცა, დღეს მითხრეს, რომ იგივე სიმპტომები ჟანგბადის უკმარისობას ახასიათებს. ასეთი ჩივილისთვის კი რა თქმა უნდა, სასწრაფო არ მოვა.

ვიცით ის, რომ ხანძრის შედეგად საავადმყოფოში 67 ადამიანი მოხვდა (მთლიანად რუსეთში); ექიმებს დახმარებისთვის 778–მა მიმართა, მაგრამ რა სიმპტომებით, რა ჩივილით და რა დიაგნოზი დაუსვეს, როგორც საავადმყოფოში მყოფებს, ისე იმათ, ვინც დახმარებისთვის მიმართა, არავინ იცის. ექიმებს მიღებული აქვთ ასეთი დირექტივა – “არ დასვათ მოწამვლის დიაგნოზი, არ დასვათ დიაგნოზი, რომელიც დაკავშირებულია ხანძრებთან“.

სასწრაფო დახმარების ერთ–ერთ პუნქტში გამოკიდებულია მთავარი ექიმის ბრძანება – “არ დაუსვათ სითბური დარტყმის დიაგნოზი!“ ამ ბრძანების ასლი “ლაიფ რუმ“ გამოაქვეყნა. მე უკვე ვენდობი ამ სააგენტოს, რადგან რა ინფორმაციაც გამოაქვეყნეს, შემდეგ მართალი აღმოჩნდა. თუმცა, მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობა უარყოფდა.

მთლიანად ჩააქრეს ტორფი, რომელიც მოსკოვის შემოგარნეში იწვოდა?
– ტორფიანი ადგილების დაწყლიანება მიმდინარეობს; დროებითი წყალგაყვანილობაც გააკეთეს და ძალიან ბევრი წყალი მიუშვეს. როგორც ჩანს მოერივნენ. ფედერალური საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ხანძრების ამსახველი რუკა. მოსკოვის შემოგარენში, ორეხოვო–ზუევოში, კოლომნაში და სხვ. ხანძრის ნიშანია მითითებული.

საერთოდ, დაგვამშვიდეს, რომ მოსკოვის შემოგარენში ხანძარი ქრება; ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კვამლი აღარ არის. რაც შეეხება მთლიანად რუსეთს, როგორც იცით, საგანგებო სიტუაცია 12 ოლქში გამოაცხადეს; დღეისთვის ვლადიმირის, ვორონეჟის და მარიელის ოლქებში საგანგებო სიტუაცია გაუქმებულია. თუმცა, გუშინ, 15 აგვისტოს, მოსკოვში კვამლი ვლადიმირიდან წამოვიდა, სადაც, როგორც მოგახსენეთ, საგანგებო სიტუაცია გაუქმებულია.

პროდუქტებზე ფასები ისევ სტაბილურია?
– წინა ინტერვიუში, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა სათაურით – “აი, აი, აი, კაკოი უჟას?!“ გითხარით, რომ პროდუქტები არ გაძვირებულა; იმ დღეს მაღაზიაში ვიყავი და ყველაფერი ვიყიდე იმ ფასად, რა ფასადაც ვყიდულობდი. მეორე თუ მესამე დღეს ვიყავი დიდ სუპერმარკეტში, სადაც ფასები შედარებით გვიან იცვლება. მოგვიანებით, 12 აგვისტოს, კვლავ ბაზარში წავედი და თმები ყალყზე დამიდგა. აქამდე წიწიბურას 24 რუბლად თუ ვყიდულობდი, ახლა 39 ღირს; რძეს თუ 42 რუბლად ვყიდულობდი, ახლა 56-ად ვიყიდე. რა ხდება–მეთქი ვიკითხე და გამყიდველმა მხრები აიჩეჩა – “ფასებმა უცებ აიწიაო“.

შემდეგ რადიოსა და ტელევიზიაში ამ გაძვირებაზე ლაპარაკი დაიწყეს, სპეციალური კომისიასაც შექმნეს, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის და ასე შემდეგ. ინტერნეტით საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე – 5 თებერვალს ინტერნეტ გაზეთში “უტრა რუ“ გამოქვეყნებულია მასალა, სადაც წერია, რომ აპრილიდან პროდუქტებზე ფასების მატება დაიწყებაო – ვინმე დიმიტრი იანინი თებერვალში, აპრილისთვის იძლეოდა პროგნოზს, რომ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 25%–ით აიწევდა. ახლა არავინ არაფერს ამბობს რამ განაპირობა ფასების მატება – ეს იყო კანონზომიერი, თუ იმის შედეგი, რომ მარცვლეულის მოსავალი მოსალოდნელზე 25%–ით ნაკლები მოვიდა და მისი ექპორტი პუტინმა აკრძალა.

დაუბრუნდა საკუთარ ქალაქს მოსკოვის მერი?
– დიახ, და სხვათა შორის, როგორც კი დაბრუნდა, ქალაქი კვამლისგან გადაიწმინდა. ეტყობა ძლიერი ენერგეტიკა აქვს – ჩამოსულიყო აქამდე, რას გვერჩოდა?! ბნელით მოცული ისტორიაა – ჯერ იყო ლაპარაკი, რომ დაგეგმილ შვებულებას უცხოეთში ატარებდა. შემდეგ ეს ინფორმაცია შეასწორეს და თქვეს – “სპორტული ტრავმა ჰქონდა მიღებული, ავსტრიაში მკუნალობდაო“. მოსკოვში გასულ შაბათს ჩამობრძანდა. პრეზიდენტმა განაცხადა, “უფრო ადრე უნდა დაბრუნებულიყოო“; ანუ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა და პრემიერს საყვედური არ დასცდენია – “დროულად დაბრუნდაო“.

ლუჟკოვმა პრემიერ–მინისტრს ანგარიში ჩააბარა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის. “ხალხს ვეუბნებით ბევრი წყალი დალიონო“, – ამ წინადადებამ საერთოდ გადამიყვანა ჭკუიდან. თურმე ეს ნიშნავს საგანგებო ვითარებაში ხალხის მოვლა–პატრონობას.

ლუჟკოვის ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტი სიხშირით გამოუშვეს მანქანები, რომლებიც ქალაქს რწყავდნენ და რაც მთავარია, როგორც ყოველთვის, ხალხი არის “უვარგისი“ – ლუჟკოვმა პუტინს შესჩივლა, “რა არის, კაცო, როგორი ხალხი ცხოვრობს აქ?! სასწრაფოს დროულად არ იძახებენ, პოლიკლინიკაში დროულად არ რეკავენ; აი ეგეთები არიან! როგორ ვუპატრონო ასეთი ტიპის ხალხსო?!“ ნუ, მოკლედ, კიდევ აქეთ ჩვენ დაგვადანაშაულა, რომ არ ვიცით სწორი მოქცევა.