როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ძალიან მცირე რაოდენობის ქვეყნებმა მიბაძეს მის მაგალითს, მაგრამ ამის მიუხედავად, სოხუმი ზეიმობდა და მადლიერების გრძნობით იყო განმსჭვალული
დღეს ბევრი აფხაზი დაფიქრდა – ხომ არ აღმოჩნდება მოსკოვის მხარდაჭერის საფასური, ცოტა არ იყოს ზედმეტად მაღალი?
ამ კვირას მოსკოვში საზღვრების დამდგენი რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისია შეიკრიბა და ტერიტორიის მცხოვრებლები სულ უფრო მეტად შფოთავენ იმ ცნობების გამო, რომელთა თანახმად რუსეთი ცდილობს აფხაზური ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის ანექსირება მოახდინოს.
ოპოზიციური აფხაზური გაზეთი „ნოვი დენ“ თვის დასაწყისში იუწყებოდა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას წინადადებით მიმართა და მას გაგრის რეგიონში ტერიტორიის ზოლის დათმობა სთხოვა.
ტერიტორია, რომელზეც ლაპარაკი მიდის, მდინარე ფსოუს მთიანი სივრცეა და სწორედ ის ქმნის აფხაზეთსა და რუსეთს შორის ბუნებრივ საზღვარს. ის რუსულ სათხილამურო კურორტ ”კრასნაია პოლიანასთან” სიახლოვეში მდებარეობს, ადგილთან რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკვანძო როლს ასრულებს.
რადიო RFE/RL „კავკასიის ექოს“ ეთერში გამოსვლისას (ეს რადიო მაუწყებლობს აფხაზეთსა და საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში სამხრეთ-ოსეთში), ცნობილმა სოხუმელმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს მოსკოვის წინადადება პირველი ნაბიჯია, რომელზეც საბოლოოდ უარს იტყვის მიწის უფრო პატარა მონაკვეთის, მდინარე ფსოუზე მდებარე აფხაზური სოფლის აიბგას დათმობის სანაცვლოდ.
მაგრამ ხაშიგის თქმით, ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, მისი სიმცირის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისა და ტერიტორიის პოლიტიკური ელიტის უდრეკ წინააღმდეგობას გადააწყდება:
”საზოგადოებრივი აზრი ეწინააღმდეგება არა მარტო 160 კვადრატული კილომეტრის, არამედ თუნდაც 10 კვადრატული მეტრის დათმობას. ეს პრინციპის საკითხია. ეს აფხაზური მიწაა და ჩვენ არ ვაპირებთ თუნდაც ერთი მეტრის ან კვადრატული მილის დათმობას. მე ვიყავი სოხუმის ცენტრში და ხალხი უკვე აგროვებს ხელმოწერებს ამის წინააღმდეგ. აფხაზური საზოგადოება ძალიანაა შეშფოთებული ამ ფაქტით”.
მოგვიანებით ”რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის ეთერში ხაშიგმა განაცხადა, რომ უთანხმოება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს გამოუვალ ვითარებაში აყენებს:
ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა მისი მხრიდან შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაციითა და მისი შესაძლო გადადგომით დასრულდეს, მაგრამ თუ (მოსკოვის მოთხოვნას) არ დაჰყვა, რუსეთი შეიძლება განაწყენდეს და აქვე ბაღაფშს პრობლემა შეექმნება – აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-ს რუსული სუბსიდიები შეადგენს და თუ ბაღაფში ამას დაკარგავს, ყველაფერი ისევ მისი გადადგომით შეიძლება დასრულდეს.
თუ ყველაფერი ასე მოხდა, მართლაც ირონიული შემობრუნება იქნება. 2004 წელს აფხაზმა ამომრჩევლებმა უარი უთხრეს მოსკოვის მიერ შერჩეულ კანდიდატს, სუკის ყოფილ ოფიცერს რაულ ხაჯიმბას, რომელიც ბაღაფშმა სერიოზულად დაამარცხა.
”რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ივლიანე ხაინდრავამ ”განვითარებისა და თანამშრომლობის თბილისური ცენტრის” სამხრეთ-კავკასიის პროგრამების დირექტორმა განაცხადა, რომ ტერიტორიის მიტაცების მცდელობამ შეიძლება აფხაზებში ანტი-რუსული განწყობების ინტენსიფიკაცია გამოიწვიოს:
აფხაზური საზოგადოება იზრდება და არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი თუ ის გაგრძელდება, უმტკივნეულო იქნება. შესაძლებელია ხალხმა აფხაზეთში გააცნობიეროს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან (რუსეთის საფრთხე) შეიძლება უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე სამხრეთის (საქართველოს) საფრთხე. რა თქმა უნდა, ეს უცბათ არ მოხდება… მაგრამ აქცენტები თანდათანობით შეიცვლება.
რუსეთის ოფიციალურ პირებს საჯაროდ უთანხმოებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მაგრამ ამ ბოლო დროს რუსეთის დომინირებასთან დაკავშირებით გაჩენილი შიში ფაქტობრივად ახალი არ არის. 2009 წლის ივნისში მე აფხაზეთში ვიყავი და დაჩქარებული რუსიფიკაციის ნიშნები ყველგან ჩანდა.
მაგალითისთვის, აფხაზეთის მოსახლეობის 90%-ზე მეტს აფხაზური პასპორტები აქვთ. ტერიტორიის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლია. რუსული ენა დომინანტური ენაა. ყველგანაა რუსული დროშები, სატელევიზიო ეთერში მთავარი რუსული ტელევიზიებია და რუსული გაზეთები საყოველთაოდაა გავრცელებული.
მოსკოვი საპორტო ქალაქ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზას აშენებდა, რუსული ბიზნესი ნთქავდა სოხუმის სანაპირო ზოლზე განთავსებულ უძრავ ქონებას, რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტმა” აფხაზეთის საზღვაო ნავთობის საბადოების კვლევისა და დამუშავების უფლება მოიპოვა.
ხოლო საეჭვო პირობამ, რომელმაც აქ მომსახურე რუს ჯარისკაცებს ქონების შეძენის უფლება მისცა, ოპოზიციის გმინვა გამოიწვია.
„მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთი გვნთქავს“ – მითხრა მაშინ ხაშიგმა – „ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და სოციალურადაც. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით“.
ამავე დროს, ბევრი აფხაზი სიამაყით ჰყვება, თუ რამდენჯერ ატეხეს სისხლიანი ამბოხი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მათმა წინაპრებმა. ყველაზე მასშტაბურები მათ შორის 1866 და 1877 წელს იმით დასრულდა, რომ ასობით-ათასი აფხაზი დეპორტირებულ იქნა ძირითადად გაგრის იმ რეგიონიდან, რომელიც დღეს რუსეთის ცხოველი სურვილის ობიექტს წარმოადგენს.