რატომ დადიან ქალები ტოტალიზატორში? იმიტომ, რომ მათ ფულის მოგება სურთ, თუ იმიტომ, რომ ეს უკვე 21-ე საუკუნის მოდაა? თუმცა, ქალებს მარტო ტოტალიზატორები არ იზიდავს. ბოლო დროს ქართველ ქალებს ხშირად ნახავთ სამორინეებსა და კაზინოებში. ფსიქოლოგები ამას მხოლოდ ინტერესს და აზარტს არ უკავშირებენ. 18-20 წლის გოგონები დიდი ფულის მოგების მიზნით ხშირად სტუმრობენ ასეთ დაწესებულებებს.
თბილისში სათამაშო აპარატების, კაზინოებისა და ტოტალიზატორების სოკოებივით მომრავლებამ ასეთი დაწესებულებების კლიენტთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. მიუხედავად წაგებული ათასობით ლარისა თუ დოლარისა, მოთამაშეებს თამაშისთვის დანებება მაინც უჭირთ.
თამაშზე დამოკიდებულებას ფსიქოლოგები ადამიანის სუსტ ნებისყოფასდა ემოციურ არამდგრადობას მიაწერენ. ამბობენ, რომ გამოსავალიც არსებობს და პირველ რიგში, ეს მოთამაშის ოჯახზეა დამოკიდებული. საჭიროა გარემოს, წრის შეცვლა და აზარტული თამაშების, როგორც გართობის საშუალების, სხვა რამით, სხვა გასართობი საშუალებებით ჩანაცვლება.
რამდენად ახერხებენ ამას თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრები, უკვე სხვა საკითხია, თუმცა ცხადია, რომ სენს, რომლითაც დღევანდელი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია შეპყრობილი, დაძლევა სჭირდება.
თამაშის სენით ყველა ასაკის ადამიანია დაავადებული. ფსიქოლოგები ამ ავადმყოფობას განკურნებადს უწოდებენ. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ საჭიროა მოთამაშეებისთვის გარემოს შეცვლა, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქებში სოკოებივით მომრავლებული სათამაშო სალონებისა თუ კაზინოების ქალაქგარეთ გატანა.
“სოციალური მდგომარეობისა და უმუშევრობის გარდა, ადამიანებს თამაშისკენ გართობაც უბიძგებთ, რადგან მათ აქვთ მოთხოვნა, რომ რაღაცით გაერთონ. იმის გარდა, რომ ეს ადამიანები თამაშის გართობისა და გახალისების სურვილს იკლავენ, აქვთ მოლოდინი ზღაპრული ოქროს ქისის თავზე დაცემისაც.
ისინი არარეალურ იმედებს ამყარებენ, მათ უნდათ, რომ ერთბაშად აშენდნენ და უცებ ამოვიდნენ ყველანაირი კრიზისიდან. პატარ-პატარა მოგებები კი იტყუებთ და უფრო მეტად უჩნდებათ იმედი იმისა, რომ ერთ დღესაც დიდ ფულს მოიგებენ. ისინი ხდებიან თამაშზე ისეთივე დამოკიდებულნი, როგორც ნარკომანები ნაკროტიკებზე.
რაც შეეხება სათამაშო დაწესებულებებში ქალების სტუმრობას, ესეც გასაკვირი არაა. ისე კარგადაა ეს პროდუქტი თუ სერვისი შეფუთული, რომ ბევრ ადამიანს იზიდავს. თუ 20 წლის წინ რესტორნებში მხოლოდ კაცები დადიოდნენ, მერე ქალებმაც დაიწყეს სიარული. ასევე, თუ სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ ასეთ კაზინოებს, ტოტალიზატორებს და სათამაშო აპარატების სალონებს მხოლოდ კაცები სტუმრობდნენ, დღეს იქ ქალებსაც ხშირად ნახავთ”, - აცხადებს ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი.
ფსიქოლოგი, ასტრო-პარაფსიქოლოგი ანა ლენორმანი კი თვლის, რომ გამოსავალი კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სათამაშო აპარატების სალონების დედაქალაქიდან მოშორება იქნება. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდები იქ წასვლას ვერ მოახერხებენ და თამაშს მხოლოდ ის შეძლებს, ვისაც მართლაც თამაში უნდა და ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს.
“თუ ადრე კაზინოებში მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ, დღეს იქაურობა ქალებითაა სავსე. ბევრი აგებს, ინგრევა ოჯახები, მატულობს ძალადობა, ამის შველა კი მარტო ფსიქოლოგებს არ შეგვიძლია. მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, დაანებებენ ისინი თუ არა თამაშს.
რაც შეეხება ქალებს, თამაშის მიმართ გულგრილები არც ისინი არიან, განსაკუთრებით - 18-20 წლის გოგონები, რომლებიც დიდი ფულის მოგებისა თუ გართობის მიზნით დადიან ასეთ დაწესებულებებში. ფულს ისინიც აგებენ და არანაკლებს, ვიდრე მამაკაცები. ოჯახები მოთამაშე ქალების გამოც ინგრევა. პრობლემის დაძლევაზე კი დღეს არავინ ფიქრობს”, - აღნიშნა ანა ლენორმანმა.