რევოლუციურ ჰოსპიტალურ პროგრამაში რევოლუციის დრო არა და არ დამთავრდა. თვე არ გავა, ქვეყანამ ხელისუფლების უაზრო გადაწყვეტილებების შედეგი არ მოიმკას.
“ბლოკ-ჯორჯიას” შემდეგ მთავრობამ 100 საავადმყოფოს პროგრამას მეორე მსხვილი მოთამაშე, ისრაელური “აიჰოპი” გამოთიშა. ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, რომ მთავრობამ კომპანიას ყველა ვალდებულება გაუუქმა.
თუმცა, ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით, თუ „აიჰოპი“ დაფინანსებას მოიძიებს და პროექტში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, მზადა არიან მასთან ითანამშრომლონ. ამ ეტაპზე კი, „აიჰოპი“ პროექტში ვერ დარჩება რომ არ შეიქმნას იგივე ვითარება, რაც „ბლოკ-ჯორჯიას“ შემთხვევაში არსებობდა.
ებრაული კომპანია „100 საავადმყოფოს“ პროექტში 2008 წელს შევიდა. მას 27 რეგიონში საერთო ჯამში 1100-საწოლიანი სამედიცინო ობიექტების ცენტრი უნდა შეექმნა. „ბლოკ ჯორჯიას“ მმართველობაში კი დედაქალაქში აღარც ერთი საავადმყოფო აღარ არის. კვიტაშვილის განმარტებით, თბილისში მე-8 საავადმყოფოსა და მე-5 სამშობიაროში მიმდინარეობს შიდა აუდიტი, რათა დაითვალონ ბლოკ ჯორჯიას დანახარჯები და შემდეგ ეს თანხა ამ კომპანიის ჯარიმებში გაიქვითება.
„სხვა არანაირი საავადმყოფო ამ კომპანიის მმართველობაში თბილისში დღეს არ არსებობს“, - აცხადებს მინისტრი, თუმცა მისი თქმით, განსახვავებული ვითარებაა რეგიონებში და როგორც იგი განმარტავს, ზოგიერთ რაიონში „ბლოკ ჯორჯიას“ მმართველობაში აქვს საავადმყოფოები სადაზღვევო კომპენიებთან ერთად და, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც მათთან ერთად ინაწილებს.
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი იმ საკითხითაც დაინტერესდა რეალურია თუ არა ინფორმაცია, რომ თითქოს „ბლოკ ჯორჯიას“ მე-8 საავადმყოფო და მე-5 სამშობიარო ბანკში იპოთეკით ჰქონდა ჩადებული. თუმცა, როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს და ხაზგსამით აცხადებს, რომ „ბლოკ ჯორჯია“ თბილისში არცერთ საავადმყოფოს არ ფლობს.
ამასთან და საერთოდ ასეთ პრეცედენტებთან დაკავშირებით, თავგზა უკვე ყველას აებნა. ამიტომაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ 60-70-საწოლიანი საავადმყოფოების აშენებისათვის იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ეს მთავრობამ განსაზღვრა.
ოქრიაშვილის თქმით, 20 და 30-საწოლიანი საავადმყოფოების აშენებისათვის, შესაძლოა, მციე დრო საკმარისი იყოს თუმცა მიაჩნია, რომ უფრო დიდი საავადმყოფოების აშენებისათვის წელიწადნახევარი და ორი წელი არ არის საკმარისი დრო და ეს ვადა კომპანიებს ამ პირობის შესასრულებლად არ ეყოფათ.
ოქრიაშვილი შიშობს, რომ, შესაძლოა, აღნიშნული პროგრამები შეფერხდეს და იგი მთავრობას მიმართავს ინიციატივით, რომ გარკვეული კომპანიებისათვის რომლებსაც ვალდებულება მრავალსაწოლიანი საავადმყოფოების აშენაბაზე აქვთ აღებული ვადა გაუხანგრძლივდეთ.
ამ შენიშვნას და თხოვნას ჯანდაცვის მინისტრი მნიშვნელოვნად აფასებს და როგორც კვიტაშვილი აცხადებს, ოქრიაშვილის ამ შეთავაზებას მთავრობა აუცილებლად განიხილავს და აღნიშნავს, რომ „მთავრობის სურვილი არ არის კომპანიების ვადაში „გაჭედვა“ და მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილებები“.
კიდევ უფრო ღრმა პრობლემებს ხედავს საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაცემა და მოსახლეობის ინტერესების შელახვის საფრთხე არსებობს.
გეგმის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილისგან მოისმინეს. მინისტრმა დეპუტატებს გააცნო იმ სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც მთელ რიგ რაიონებში საავადმყოფოებს ააშენებენ.
დეპუტატ მაგდა ანიკაშვილს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით რეგიონებში სადაზღვევო კომპანიები მონოპოლიებს ქმნიან. დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობას სადაზაღვევო კომპანიის არჩევის შესაძლებლობა არ ექნება, ეს კომპანიას სტიმულს დაუკარგავს და ნაკლებად იზრუნებს მომსახურების გაუმჯობესებაზე.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები, შესაძლოა, უცხოურმა კომპანიებმა მართონ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავარი აქცენტი კეთდება ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობაზე, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ. თუმცა, ამის პარალელურად, არსებობს იდეა, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოები, რომლებიც სახელმწიფო მართვაშია, მათი მენეჯმენტის განხორციელბა გამოცდილ კომპანიებს სთხოვონ.
აღსანიშნავია, რომ კვიტაშვილის თქმით, ეს არის ჯერჯერობით მხოლოდ იდეა და სხვა კონკრეუტლი დეტალები არ არის ცნობილი. სწორედ ამიტომ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება ამ მიმართულებით მუშაობა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია კი არა, ნაწილობრივ დასრულებულია. თურმე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მართვის უფლებით ბრიტანულ კომპანიას გადაეცემა, თუმცა კლინიკა სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ღუდუშაურის საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ზაზა სინაურიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის არგუმენტად კი სინაურიძე იმ ფაქტორს ასახელებს, რომ აღნიშნულ კომპანიას საბაზრო ეკონომიკის პირობებში კლინიკების მართვის კარგის გამოცდილება გააჩნია და იგი მენეჯმენტს 47-მდე საავადმყოფოში ახორციელებს.