[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ლეგენდარულ ინვესტორ სერ ჯონ ტემპლტონს გლობალური საფონდო ინდუსტრიის პიონერს, ახალი საინვესტიციო სტრატეგიისა და დივერსიფიკაციის აღმომჩენს უწოდებენ. ხოლო გასული საუკუნის ბოლოს ჟურნალმა Maney-მ ფინანსური გურუ აქციების არჩევის გლობალურ ექსპერტად შერაცხა.
პირველი რისკი და პირველი ფული
ჯონ ტემპლტონი დაიბადა 1912 წლის 29 ნოემბერს ტენესის შტატის პატარა ქალაქ ვინჩესტერში. მართალია, ერთობ ღარიბი ოჯახის შვილი იყო, მაგრამ იელის უნივერსიტეტში ჩაბარება მაინც მოახერხა. მისი სწავლის პერიოდი დიდ დეპრესიას დაემთხვა და ჯონი იძულებული იყო სასტიკ ეკონომიას მიჩვეოდა. იგი თავს მშენებლობაზე მუშაობით და პოკერის თამაშით ირჩენდა. 1934 წელს მან
უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და ოქსფორდის კოლეჯში სწავლის გაგრძელების შანსი მიეცა, რომელიც იურისპრუდენციაში სამეცნიერო ხარისხით დაასრულა.
ტემპლტონმა უოლ სტრიტზე მოღვაწეობა 1937 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი თავისი პირველი წარმატებული ინვესტიცია განახორციელა. მან 10 ათასი დოლარი ისესხა და 100-მდე კომპანიის აქციები შეიძინა, რომელთა ფასიანი ქაღალდები იმ დროს 1 დოლარზე ნაკლები ღირდა. ეს ძალზე რისკიანი ნაბიჯი გახლდათ, რადგან ეს კომპანიები გაბანკროტების ზრღვარზე იყო და მათ აქციებზე მოთხოვნილება საერთოდ არ არსებობდა.
მაგრამ გამჭრიახ ტემპლტონს მაკროეკონომიკურ პერსპექტივებზე სწორი წარმოდგენა ჰქონდა. მან გათვალა, რომ ახლად დაწყებული მეორე მსოფლიო ომისას ეკონომიკის განვითარება ამ კომპანიებს განვითარების შანსს მისცემდა. მისი იმედები მხოლოდ ოთხმა მათგანმა ვერ გაამართლა და როცა ოთხი წლის შემდეგ ტემპლტონმა ეს აქციები გაყიდა, 40 ათასი დოლარის ოდენობის სუფთა მოგება დარჩა. აშკარა იყო, რომ იგი წარმატებისაკენ მიიწევდა.
მომჭირნე მილიარდერი
ტემპლტონმა მოღვაწეობა შემდგომშიც იმავე სტილში გააგრძელა. იგი კვლავ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი კომპანიების აქციებს ყიდულობდა, რომელთა პერსპექტივებს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა. ამგვარად თავი გვარიან ქონებას მოუყარა და 1954 წელს დააარსა საინვესტიციო კომპანია Templeton Growth LTD.
იმ პერიოდში განხორციელებული ეფექტური ინვესტიციებისა და რეინვესტიციების წყალობით, 100 ათასი დოლარის ოდენობის ყოველი კაპიტალდაბანდება საუკუნის მიწურულისათვის 55 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ტემპლტონის ორგანიზაციის წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითი მისი ერთ-ერთი პირველი კლიენტის, სახელად ლეროი პასლის ბედი გახლავთ. 1954 წელს ამ ადამიანმა ტემპლტონს ინვესტირებისათვის 65 ათასი დოლარი შესთავაზა და 40 წლის შემდეგ მისმა ქონებამ 37 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე უკვე საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, გაჭირვებაგამოვლილი ტემპლტონი და მისი მეუღლე მაინც დიდ ეკონომიას ეწეოდნენ და თავიანთი შემოსავლის ნახევარს ინახავდნენ. ეკონომიისადმი ამგვარი მიდრეკილება მას მილიარდების შოვნის შემდეგაც შემორჩა. ეგზომ მდიდარ ადამიანს რომ „როლს როისში“ მჯდომს, ან უძვირფასეს სასტუმროში დაინახავენ, ლამის სკანდალი ატყდეს.
სწორედ მომჭირნეობის გამო იყო, რომ 60-იანი წლების დასაწყისში ტემპლტონმა ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ბრიტანეთის ელექტორატის ქვეშ მყოფ ბაჰამის კუნძულებზე გადაბარგდა, რომ იქაური თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეღავათებით ესარგებლა და გადასახადები არ ეხადა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც გადასახადებზე ფიქრი აღარ აწუხებდა, ტემპლტონის ინვესტიციები ბევრად ვრცელი და შემოსავლიანი გახდა. ჰოდა, მისმა კაპიტალმა ზრდა გაცილებით სწრაფი ტემპით დაიწყო და მალე ტემპლტონი მილიარდერი გახდა.
მიუხედავად ამისა, იგი ამერიკელ ინვესტორებს არ ურჩევს მის მაგალითს მიბაძონ და ამერიკულ საგადასახადო კანონმდებლობას სხვა ქვეყანაში არ გაექცნენ. ამის ნაცვლად, ტემპლტონი მათ მოუწოდებს თამამად გამოიყენონ ფინანსური ინსტრუმენტების უპირატესობები.
ქველმოქმედი რაინდი
რისკიანობასა და მომჭირნეობასთან ერთად, ტემპლტონი ინვესტირებისადმი ფუნდამენტური მიდგომით გამოირჩევა. მისი ფონდი Templeton Growth, რომელსაც იგი 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სანამ Franklin Group-ს გადასცემდა, აქციებს, საშუალოდ, 6-7 წლის განმავლობაში ფლობდა. ტემპლტონს ხომ ამა თუ იმ კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივის ამოცნობის შესანიშნავი ნიჭი ჰქონდა.
ტემპლტონი ყოველთვის ისწრაფვოდა, რაც შეიძლება, ფართო სფერო მოეცვა და კაპიტალდაბანდება სხვადასხვა ქვეყანაში განეხორციელებინა. მაგრამ ამასთან, ყოველთვის ერიდებოდა სოციალისტური სისტემისა და სახელმწიფოსაგან მართული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, რადგან თვლიდა, რომ ბიზნესი მხოლოდ მეწარმეობის სრული თავისუფლების პირობებში შეიძლება განვითარდეს.
ტემპლტონის ხელოვნების წყალობით, ფონდი Templeton Growth იმ 50 წლის განმავლობაში წელიწადში, საშუალოდ 14 პროცენტიან ზრდას აჩვენებდა, რაც უდავოდ ძალზე მაღალი, უნიკალური მაჩვენებელია.
სიცოცხლის ბოლომდე, ტემპლტონი ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობა. რაინდის ტიტული მას ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის 1987 წელს უბოძა. ერთ-ერთი მათგანია სულიერების კვლევისათვის ტემპლტონის მიერ დაწესებული 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია, რომელიც 1972 წლიდან ლონდონში გადაეცემა. 1987 წელს მილიარდერმა დაარსა ფონდი John Templeton Foundation, რომლის 250 მილიონიანი ბიუჯეტიდან ათასგვარი საქველმოქმედო აქციები ფინანსდება.
ტემპლტონი 2008 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე ძალების ნაკლებობას არ უჩიოდა და ძირითადად სწორედ საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდა ამისა, არაერთი გამოცემის ავტორი გახდა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მენეჯმენტთა ბიბლიადაა ქცეული.