ეკონომიკური სასწაული, რომელიც არ მოხდა

ეკონომიკური სასწაული, რომელიც არ მოხდა

[liberali]

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას (თიზ) პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი "ცხოვრების მთავარი პროექტი" და "საქართველოს ახალი ოქროს ხანისა და ახალი ქართული ეკონომიკური სასწაულის დასაწყისი" უწოდა.

2008 წლის 15 აპრილს, როცა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომდევნო 50 თვის განმავლობაში თიზ-ში, სულ მცირე, 200 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა, 400-ზე მეტი საწარმო შეიქმნებოდა და ათიათასობით ადამიანი დასაქმდებოდა. ფოთი კი ასსართულიანი ცათამბჯენების ქალაქად იქცეოდა, ახალი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე აეროპორტითა და პორტით.

ამ დაპირების შემდეგ თითქმის 36 თვე გავიდა. დღეს ფოთში ეკონომიკურ სასწაულზე არაფერი მიანიშნებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და ამ ეტაპზე მხოლოდ ელემენტალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ფოთელები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა აქ ჩვეულებრივი ამბავია, წყალი ორ დღეში ერთხელ 2 საათით მიეწოდებათ და გაზი დღემდე არ გაუყვანიათ ქალაქში.

"ჩვენი ცხოვრება მხოლოდ უარესდება. ცათამბჯენებს ვინ ჩივის. მაგალითად, გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. სამი წლის წინ დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ არაფერი გამართლდა. ახლა აქ ყველანი უიმედოდ ვართ", - ამბობს 30 წლის ფოთელი ნინო ლემონჯავა.

ფოთის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში, უზარმაზარი, გაყვითლებული ბალახით დაფარული ტერიტორია მავთულის ღობითაა შემოსაზღვრული. ეს სამხრეთ კავკასიაში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა.
თიზ-თან მისასვლელი გზა მოასფალტებული არ არის. მანქანა ფრთხილად მიუყვება ტალახიან მონაკვეთს და თეთრ და ლურჯ ფერებად შეღებილ კაპიტალურ შესასვლელთან ჩერდება. დაცვა ზონის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ გვაძლევს და მხოლოდ გარე პერიმეტრიდან ფოტოების გადაღებას გვთანხმდება.

თუმცა, შიდა ტერიტორიაზე გადასაღები არც არაფერია: თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დღეს 300ჰა ფართობის ტრიალი მინდორია, სადაც რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დგას. არც იმის ნიშანია სადმე, რომ ტერიტორიაზე, რომელმაც საქართველო "დუბაიდ და სინგაპურად" უნდა აქციოს, უახლოეს მომავალში დიდი სამშენებლო სამუშაოების გაჩაღება იგეგმება.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე იმპორტი და ექსპორტი მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფალია. მოქმედებს ყველაზე დაბალი საიჯარო გადასახადი მთელი შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. (6-დან 12 დოლარამდე კვადრატული მეტრი). ნედლეულის შეტანა თავისუფალია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, არსებობს ელექტროენერგიისა და წყლის ერთი წყაროდან მიწოდების შესაძლებლობა; ელ.ენერგიის მომარაგება ხდება დაბალი ტარიფით (საკუთარი ჰიდრო-ელექტრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე).

პირველი ინვესტორები ისარგებლებენ სხვადასხვა დამატებითი და გრძელვადიანი შეღავათებით. მიწის ქირის ფასი 10 წლის განმავლობაში ფიქსირებული იქნება. სხვადასხვა ტიპის ლიცენზიის წლიური ფასი 2500 აშშ დოლარიდან იწყება, რაც ყველაზე დაბალია მთელს ევროპაში. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ თიზ-ში მოქმედი ლიბერალური წესები მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობდა ხელს.

შედეგად, იქ სხვადასხვა, მათ შორის ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები შეიქმნებოდა და დადებითი ექსპერიმენტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

ამ ინიციატივიდან სამ წელზე მეტი გავიდა, თუმცა კომპანიები ფოთის "ეკონომიკურ სასწაულში" ფულის ჩადებას და თიზ-ის შეღავათებით სარგებლობას არ ჩქარობენ.

ფოთის თიზ-ს დღეს მსხვილი არაბული კომპანიის RAKIA -ს შვილობილი კომპანია "რაკია საქართველო - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" მართავს.

ხელშეკრულების თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ოპერირება 2009 წლის 15 დეკემბერს უნდა დაეწყო. თუმცა, ამ დროიდან მოყოლებული, თიზ-ის ოფიციალური გახსნის თარიღი 4-ჯერ გადაიდო. მიზეზად "საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობა" დასახელდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, თიზ-ის გახსნის თარიღის რამდენჯერმე გადადების მიზეზი სწორედ ზონაში დარეგისტრირების მსურველი კომპანიების სიმცირე იყო.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც პოტენციური ინვესტორები ფოთს გაურბიან, მისი მთავარი უპირატესობა - სტრატეგიული მდებარეობაა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული ავიაციის პირველი სამიზნე სწორედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფოთი იყო. ცხადია, რომ სამხედრო კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, პირველ დარტყმას ისევ ეს შავიზღვისპირა ქალაქი, პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია მიიღებს. ინვესტორი კი, როგორც წესი, მისი ინვესტიციისთვის უსაფრთხო ადგილს ეძებს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, ინფრასტრუქტურის მოწყობის სიძვირეა - ფოთის დაჭაობებული ნიადაგი მშენებლობის ხარჯს საკმაოდ აძვირებს. უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, თავისუფალი ზონით მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდებიან, თუ იქ უკვე არის სათანადო ინფრასტრუქტურა, ანდა მისი შექმნის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მოწყობილ ინფრასტრუქტურას კი ამ ეტაპზე ინვესტორებს, ვერც თიზ-ის ოპერატორი RAKIA თავაზობს და ვერც სახელმწიფო.