საკრედიტო კრიზისი, რომელმაც 2010 წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანა დააზარალა, 2011-შიც გრძელდება. მისი ახალი მსხვერპლი კი პორტუგალია გახლავთ. თუ ამ ქვეყანამ შარშან ევროკავშირიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კრედიტების აღება თავიდან აირიდა, ამჟამად ლისაბონს მანევრებისათვის სივრცე ფაქტობრივად აღარ აქვს. თანაც, პორტუგალიის ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურშიც გადაიზარდა, რაც უმალ აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობასა და ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.
ის, რომ ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის საკრედიტო კრიზისი ევროზონის სტაბილურობის მთავარი საფრთხეა, კარგა ხნის წინ იყო ცნობილი. ამიტომაც ევრიკავშირში მოიფიქრეს, რომ ევროზონაში სახელმწიფოს შესვლისას მთელ რიგ მაკროეკონომიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტზე მეტი არ ჰქონდეს. ასეთივე მოთხოვნები არსებობს ზონის ვეტერანებისათვის, მაგრამ ისინი ხშირად არ სრულდება, რადგან კონტროლის მექანიზმები არ არსებობს.
მაგრამ კრიზისამდე ევროპის ქვეყნების მზარდ ვალებზე ყურადღება არ მახვილდებოდა. სიტუაცია 2010 წელს შეიცვალა, როცა გაირკვა, რომ ერთ ქვეყანაში არსებულ დეფოლტის რისკი მთელს ევროკავშირს დიდ ზიანს აყენებს.
როგორც ცნობილია, პირველად დეფოლტი თავს საბერძნეთს დაატყდა. სწორედ მის მაგალითზე შეიმუშავა ევროკავშირმა დაზარალებულ სახელმწიფოთა დახმარების მექანიზმები. კერძოდ, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნებს შეღავათიანი კრედიტებით დაეხმარება. ამან გარკვეული სტაბილიზაცია მოიტანა, რადგან შემდგომ ირლანდიურ კრიზისს ისეთი მწვავე რეაქცია არ მოჰყვა, როგორიც ბერძნულს. ირლანდიამ მოახერხა 85 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის აღება და ევროც სერიოზულ დარტყმას გადაურჩა.
საბერძნეთისა და ირლანდიის შემდეგ პოტენციურად საშიშ ქვეყნებად პორტუგალია, ესპანეთი და იტალია ითვლებოდნენ და აი, პროგნოზი გამართლდა. ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა დეფოლტის პირას აღმოჩნდა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პორტუგალიური კრიზისი, შესაძლოა, ესპანეთს გადაედოს და შემდეგ სხვა ქვეყნები დომინოს პრინციპით დააზარალოს
პორტუგალიის პრემიერი ჟოზე სოკრატეში ყველანაირად ცდილობდა კრედიტის აღებისათვის თავი აერიდებინა. მისმა მთავრობამ შექმნა ახალი კანონპროექტი, რომელიც პენსიების და ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. მაგრამ პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა და პრემიერ-მინისტრი, რომელიც პორტუგალიის მთავრობას სათავეში 2005 წლის შემდეგ ედგა, გადადგა.
ამგვარად, პორტუგალიაში ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზარდა. ევროპაში უმალ განაცხადეს, რომ მზად არიან, ქვეყანას 80 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყონ. თუმცა, ჯერ პორტუგალიას ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია. კაცმა რომ თქვას, პორტუგალიას სხვა გზა არც აქვს, რადგან ხანგრძლივმა ეკონომიკურმა და მას დამატებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ქვეყანა ძლიერ დააძაბუნა.