დღეს მრავალი თეორიული მოსაზრება, მრავალი კვლევა და დისკუსიაა ბავშვთა აუტიზმის წარმოშობის მიზეზებზე, დიაგნოსტიკის სიზუსტეზე, მკურნალობის, მართვის მიმართულებებზე, განკურნების შესაძლებლობებზე...
და მაინც.. ითვლება, რომ აუტისტია ბავშვი, თუ ის სამ წლამდე პროგრესულად და მუდმივად:
- არ რეაგირებს სხვების სტიმულებსა და სხვების არსებობაზე.
- არ ლაპარაკობს, ან მისი მეტყველება არის უცნაურობებით აღსავსე.
- არ იღიმება, ერიდება შEმოხედვას.
- ირწევა, აქვს არანორმალური რეაქციები მაგ. ხმაურსა და სუნზე
- ხშირად შეენიშნება სტერეოტიპული და რიტუალური მოქმედებები.
დღესდღეობით აუტიზმის ნიშნების შემჩნევა დაბადებიდანვე შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ფიზიკური ნიშნები (სიცხე, ღებინება და ა.შ.) უფრო ადვილი შესამჩნევია, ვიდრე ფსიქოლოგიური პრობლემები. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აუტიზმის ნიშნები შეიძლება არსებობდეს დაბადებიდანვე. ხშირად პირველები დედები ხვდებიან, რომ ბავშვები არ პასუხობენ ემოციურ სტიმულებს. ამავე დროს, არსებობს შემთხვევები, როცა დედა 2-3 წლამდე ვერაფერს ამჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის აუტიზმი დედის ბრალი არ არის, თუ ფსიქოთერაპიული მუშაობა ბავშვთან ერთად დედასთანაც მიმდინარეობს, ბევრად უკეთესი შედეგი მიიღება. კიდევ უკეთესია, თუ ეს მუშაობა აუტიზმის პირველი ნიშნების, ან პირველი ეჭვისთანავეა დაწყებული.
ნუთუ არ შეიძლება ბავშვი აუტიზმისაგან განიკურნოს? - მტანჯველი კითხვა, რომელიც აუტისტი ბავშვების ოჯახის წევრებს მუდმივად აწუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში აუტიზმი ქრონიკულ, განუკურნებელ დარღვევადაა მიჩნეული, ჩვენ, ”მწვანე სახლის” ფსიქოლოგები, ვეყრდნობით რა უცხოელი ფსიქოანალიტიკოსების და ფსიქოთერაპევტების მოსაზრებებს, გამოცდილებას და უკვე საკუთარ პრაქტიკასაც, მაინც ვიტყვით, რომ - შეიძლება.
შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, პრობლემის სიღრმეზე, ბავშვის და დედის ფსიქიკურ რესურსებზე, მუშაობის სისტემურობასა და ხანგძლივობაზე, ოჯახურ სიტუაციაზე, გარემო პირობებზე, ფსიქოთერაპევტის ინტუიციასა თუ პროფესიონალიზმზე და შესაძლოა კიდევ ბევრ რამეზე... წინასწარ არასოდეს ვიცით, თუ რა შედეგი დადგება და რამდენ ხანში, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ მუშაობით მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება. ეს რწმენაა, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აუტიზმიდან გამოსვლისათვის.
ბევრი კითხვა ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი იყო და უკვე აღარ არის აუტისტი,. რა მოხდა? როგორ მოხდა? იქნებ, ის არც არასოდეს იყო აუტისტი?
ასეა ლუკას შემთხვევაშიც, რომელიც დღეს 9 წლისაა და აუტიზმის არანაირი ნიშანი აღარ ემჩნევა. ის დამოუკიდებელი, კონტაქტური, მახვილგონიერი, ცოცხალი ბიჭია, წარჩინებით სწავლობს თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში. კრიზისული პერიოდები იშვიათად ისევ აქვს, მაგრამ კრიზისის დროსაც აუტისტურ ნიშნებს ვერც კომუნიკაციასა და მეტყვეელებაში, ვერც ქცევაში ვეღარავინ შეამჩნევს.
5 წლის წინ კი, როცა ის 4 წლის ასაკში დედამ პირველად მოიყვანა მწვანე სახლში, ყველაფერი სხვანაირად იყო. ნევროპათოლოგებმა და ფსიქოლოგებმა, რომლებმაც ბავშვი ნახეს, მისი განვითარების პერსპექტივაზე საიმედო ვერაფერი თქვეს.
მართლაც, მდგომარეობა მძიმე ჩანდა: არ ჰქონდა თვალის კონტაქტი; არც სათამაშოებს და არც ბავშვებს ბიჭი ზედაც არ უყურებდა. ჯდებოდა ყველასგან მოშორებით, ხშირად - გაუნძრევლად, ტანჯული გამომეტყველებით. თითქოს წონასწორობასაც კარგად ვერ იცავდა. ჰქონდა აკვიატებული, სტერეოტიპული ქცევები, არ ლაპარაკობდა, მაგრამ ერთსა და იმავე აკვიატებულ ფრაზებს ხანდახან ყვირილით და საკმაოდ გაურკვევლად წამოიძახებდა ხოლმე. არ ასრულებდა არანაირ მითითებას, აწუხებდა უძილობა, გამთენიისას ხანგძლივად ტიროდა, ჭამდა ცუდად, ერთსა და იმავე საჭმელს, არ იცვამდა ახალ ტანსაცმელს, ითხოვდა, რომ ადგილი არ შეეცვალათ სახლში არსებული ნივთებისათვის და ა.შ. პერიოდულად გამოიხატებოდა აგრესია დედისადმი.
მეთოდი, რომლითაც მწვანე სახლი მუშაობს, არის ფსიქოანალიზი ბავშვებთან, ანუ ბავშვის ფსიქოანალიზი. ის მოიცავს ბავშვის ყველა ქცევის, მისი ყველა რეაქციის, მიმიკის, თამაშის, ნახატის თუ წარმოთქმული სიტყვის გაგებას, გააზრებას. აუტისტი ბავშვი, მიუხედავად თავისი უცნაურობისა, ასოციალურობისა და მენტალური ჩამორჩენისა, პიროვნებაა, ის განიცდის, გრძნობს, აქვს სურვილები, შიშები, მაგრამ იქცევა ისე, როგორც შეუძლია. მისი მდგომარეობა ყოველთვის ტანჯვის გამომხატველია, თითოეულ მათგანს ამ ტანჯვისთვის საკუთარი, პირადი მიზეზი აქვს და გაგებას და თანაგრძნობას თითოეული საჭიროებს. დახმარებას საჭიროებს დედაც, რომელსაც ვერ გაუგია, რატომ არ უნდა ბავშვს შემოხედვა, მოფერება, ლაპარაკი, თამაში, რატომ ცდილობს ხშირად გაქცევას.
ასე იყო ლუკასთანაც. დედამ, რომელსაც მანამდე ეგონა, რომ მის შვილს არაფერი ესმის და მასთან სიტყვიერი კონტაქტი შეუძლებელი იყო, მალევე აუღო ალღო ჩვენს მიდგომას, მალევე დარწმუნდა, რომ ბავშვი აუტიზმის “ნიღბის” ქვეშ მრავალი სურვილის და ინტერესის მქონე, აქტიურ და მგრძნობიარე “მე”-ს მალავდა. დედა მოგვენდო და ლუკაც ნელ-ნელა გაიხსნა, ნელ-ნელა ემოციის, კმაყოფილების თუ უიმედობის გამოხატვა უფრო და უფრო ადექვატურად დაიწყო და ჩვენც ყოველთვის მის რეაქციებზე მისთვის გასაგები პასუხების პოვნას ვცდილობდით.
ამის გარდა, ლუკასთვის სპეციალური, თვალის კონტაქტის სავარჯიშო თამაში მოვიგონეთ. საერთოდ, თამაშებს, სიტყვებსა თუ კონტაქტის სხვა ფორმებს მისი სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ვარჩევდით. არც დედას ვტოვებდით უყურადღებოდ. სულ ვამხნევებდით, რომ იმედი არ დაეკარგა, რომ მასაც შეენარჩუნებინა ლუკასთან ურთიერთობის ძალა და სურვილი.
დედა-შვილთან ორი წლის სისტემატიური თერაპიული მუშაობის შემდეგ ლუკა კარდინალურად შეიცვალა. ”მწვანე სახლში” მასთან ერთად სხვა ბავშვებიც დადიოდნენ, ზოგი - პრობლემური, ზოგიც - პრაქტიკულად ჯანმრთელი. მათთან ურთიერთობა და, პარალელურად, ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში სიარულიც მნიშვნელოვნად დაეხმარა მას სოციალური უნარების განვითარებაში. ის უკვე გამართულად ლაპარაკობდა, ბავშვებთან ადექვატურად თამაშობდა, კომუნიკაბელური და ინტერესიანი გახდა, მოტორიკაც გაუუმჯობესდა, თუმცა აკვიატებები და სტერეოტიპული მოქმედებები პერიოდულად ისევ იჩენდა თავს.
6 წლისთვის ლუკას გონებრივი განვითარება მის ასაკს შეესაბამებოდა და ის ჩვეულებრივად შევიდა სკოლაში, თუმცა პირველი წლის განმავლობაში გაუჭირდა გარემოსთან და ახალ მოთხოვნებთან შეგუება. იმ პერიოდში ის უკვე აღარ იყო აუტისტი, ის ჰიპერაქტიურ ბავშვს ჰგავდა. ”მწვანე სახლში” სიარულს მხოლოდ შაბათ დღეს ახერხებდა, დღესდღეობით კი მისი ქცევითი პრობლემებიც დაძლეულია. ის ახლა იშვიათად მოდის მწვანე სახლში და თვლის, რომ უკვე გაიზარდა და ”მწვანე სახლი” სხვებს უნდა დაუთმოს.
ჩვენ, ”მწვანე სახლის” ფსიქოლოგები კი, ვაგრძელებთ ბავშვების მიღებას და მუდმივ დისკუსიას თითოეული წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული შემთხვევის შესახებ. გვინდა, რომ ლუკას შემთხვევის გაცნობამ იმედი ჩაუსახოს იმ დედებს და მამებს, რომლებიც საკუთარი შვილის აუტისტური პრობლემებით იტანჯებიან. გვინდა, რადგან ძალზე სათუოა, რომ მათ იმედის გარეშე მოახერხონ ფსიქოთერაპიული მიდგომის გათავისება, საკუთარ შვილთან ემოციური ურთიერთობა, “უცნაური” და “არაადექვატური” ქცევის უკან ბავშვის პიროვნების, რეალური სურვილების თუ მოთხოვნილების დანახვა.
სათუოა, რომ ბავშვმა, ვისაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, მშობლების იმედის გარეშე პრობლემის დაძლევა და განვითარება მოახერხოს...