რუსთავის ახალი ევროსტანადატრების ნაგავსაყრელის მშენებლობა გუშინ დაიწყო. ცერემონია, გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში შედგა. მშენებობის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიის გამართვა კი სექტემბერშია დაგეგმილი.
მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რეგიონის გუბერნატორი, მშენებლობის მწარმოებელი თურქული კომპანია „GOKSIN“-ის წარმომადგენლები, თურქეთის ელჩი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
საერთოდ, თუ რეგიონის მაღალჩინოსნების პრესამსახურებისგან, რაიმე სახის ინფორმაციის მიღება მუდმივად ჭირს, მოცემულ შემთხვევაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების დღე, ერთი კვირით ადრე დაანონსდა.
ჩავთვალეთ, რომ ახალი ნაგავსაყრელის მშენობლის დასაწყებად ლენტის გაჭრის ყურებას, ჯობდა რუსთავის ძველი ნაგავსაყრელი მოგვენახულებინა. უკვე დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ ძველი ნაგავსაყრელი არავის დაუკონსერვებია და გარემოში, ნარჩენების წვის შედეგად წარმოქმნილი აირები, კვლავ ვრცელდება.
იალღუჯის მთის ერთ-ერთ ბორცვზე ნაგავსაყრელთან მისასვლელი ჩაკეტილი დაგვხდა. ობიექტს დღეს დაცვის კერძო კომპანია ” მგლები” იცავს. ”მგლების ” თანამშრომელი სურათების გადაღების და ნაგავსაყრელის დათვალიერების საშუალებას გვაძლევს.
სხვადასხვა სახის, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენები მიწის ზედაპირზე ყრია. ნაგვით მოფენილ ბორცვზე, კვამლის რამდენიმე კერაა. მძაფრად იგრძნობა დამწვარი რეზინის სუნი. კვამლი სხვა ბორცვებზეც გადადის.
”სამი დარაჯი ვართ. დავდევთ ძროხებს და ყველანაირ საქონელს, რათა აქ არ შემოვიდნენ და ნაგავი არ შეჭამონ. შემოღობილი არაა, მაგრამ რა ვქნა… ვიცავთ აქაურობას ყველანაირად. ნაგვის შემოტანა აქ კარგა ხანია აკრძალულია“ – გვიხსნის ”მგლების” თანამშრომელი, ოთარი თავართქილაძე.
იმის შესახებ, თუ წესით და რიგით როგორ უნდა დაიხუროს ნაგავსაყრელი, ინფორმაცია ”მწვანე ალტერნატივამ” მოგვაწოდა. ორგანიზაციას კი მაშინვე მივმართეთ, როცა ახალ ნაგავსაყრელზე დაიწყო საუბარი და რეგიონის ჩინოვნიკებმა ძველი დახურულად გამოცხადეს.
ის, რომ ნაგავსაყრელი ფესტივალივით არ იხურება ”მწვანე ალტერნატივა”-ს ანალიტიკოსმა ქეთევან გუჯარაიძემ აგვიხსნა:
”ნაგავსაყრელის დახურვა იმას არ ნიშნავს, მიხვიდე ადგილზე, აქტი გამოსცე და თქვა, ნაგავსაყრელი დავხურეო. საჭიროა, პირველ რიგში, ნარჩენების მოსწორება, დატკეპნა, წყალგაუმტარი ფენით დაფარვა და ტერიტორიის აღდგენა, ხეების დარგვა ან სხვა სახის ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარჩენების შიდაწვის პროცესები კვლავ გაგრძელდება და მავნე აირების გამოყოფაც არ შეწყდება“.
დღეს რუსთავის იალღუჯის ნაგავსაყრელი კერძო დაცვის სამსახური ”მგლების” იმედადაა. სწორედ მათზეა დამოკიდებული დაიყრება თუ არა ახალი ნაგავი უკვე ოფიციალურად დახურულად გამოცხადებულ ნაგავსაყრელზე.
ასევე ”მგლებზეა” დამოკიდებული, რომ ნაგვის ჭამით გასუქებული პირუტყვის ხორცი რუსთაველების სუფრაზე არ მოხვდეს. რეგიონის მაღალჩინოსნების ყურადღება ამ საკითხების მიმართ მინიმალურია. ისინი, ახალა, ახალი ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის ასაშენებლად, ლენტის გასაჭრელად რიგში დგებიან.