საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან, ასევე გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკ მეთიუ დიმიკი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთიუ სმიტი დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს შეეხო. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და 2015 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. ყურადღება აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებაზე გამახვილდა. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს, ამერიკულმა მხარემ თავდაცვის მინისტრს საქართველოს შეიარაღებული ძალების ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.