ტელევიზიებს შეზღუდვები უწესდებათ

ტელევიზიებს შეზღუდვები უწესდებათ

2015 წლიდან სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროის მოცულობა შეიზღუდება და ერთი საათის განმავლობაში რეკლამას მხოლოდ 15 წუთი დაეთმობა. შესაბამისს რეგულაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება აწესებს, რომლის თაობაზეც მედია სფეროში აზრთა სხვადასხვაობაა.

მედიის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები ტელევიზიების ფინანსურ შემოსავლებს ზიანს მიაყენებს, მეორე ნაწილი კი, სარეკლამო ბაზრის დარეგულირებაზე აპელირებს.

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ წინადადების ინიცირება 22 დეკემბერს მოხდება, მისი მიღება კი, საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. კანონში შესაბამისი ცვლილებები ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2015 წლიდან ერთ საათის განმავლობაში, სარეკლამო ჭრა 15 წუთი იქნება, ხოლო ახალი ამბების პროგრამა რეკლამით 30 წუთში ერთხელ შეწყდება. ამას გარდა, პროექტით, თუკი საბავშვო პროგრამა და მხატვრული ფილმი 30 წუთზე ნაკლებია, ის არ შეიძლება, რეკლამით, ან ტელეშოპინგით შეწყდეს, მაგრამ თუკი მათი ხანგძლივობა 30 წუთზე მეტია, მაშინ აღნიშნული პროგრამა და ფილმი შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.

ცვლილებები გარკვეულ შეზღუდვებს სპონსორთან დაკავშირებითაც აწესებს. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამებსა და ანონსებში სპონსორის შესახებ მითითება მოკლე უნდა იყოს და საათში ხუთ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, აღნიშნული რეგულაციები მედია სფეროს დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც for.ge-ს გვარამიამ განუცხადა, „რუსთავი 2“ ერთადერთი ტელეკომპანია არის, რომელსაც გარედან არავინ აფინანსებს და მთლიანად საკუთარ შემოსავალზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, წინადადების მიღებამ შესაძლოა, ათეულობით მილიონიანი ინდუსტრიის ჩამოქცევა გამოიწვიოს.

„კანონპროექტის მომზადების მიზანი უცნობია და მხოლოდ სპეკულაცია ისმის, რომ მაყურებელს რეკლამა აღიზიანებს. მაყურებლის ინტერესია არა ურეკლამობით გამოწვეული კომფორტი იგრძნოს, არამედ მედიის თავისუფლება. ტელევიზიები მზად არ არიან საიმისოდ, რომ ასეთი ტიპის რეგულაციაზე გადასვლა უზრუნველყონ. ასეთი რეგულაციები აბსოლიტურად უსაგნოა, რადგან რა რეგულირდება, ვერ გავიგეთ. როგორც ჩანს, ვიღაცის პერსონალურ გემოვნებაში ათ წუთიანი სარეკლამო ჭრა არ ეწერება და მას სამ-ხუთ წუთიანი ჭრა სურს. ამაზე სარეკლამო ბაზრის და რეგულაციების დაფუძნება არასერიოზულია“, - აცხადებს გვარამია.

„რუსთავი 2“-ის გენდირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად, ეჭვები ჩნდება, კონკრეტული რეგულაციები თუ რა მიზანს ემსახურება.

„ეს ცვლილებები ბაზარზე გავლენას იქონიებს, არადა, არცერთი კვლევა არ ჩატარებულა. შეიძლება, ჩვენს დამოუკიდებლობას სერიოზული დარტყმა მიადგეს. მსგავსი დირექტივებით ევროპა 2010 წელს გამოვიდა, მაგრამ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ამ ნორმებს არ აღიარებს, რადგან ბაზარი შეზღუდულია. გაურკვეველია, ეს ნორმები საქართველოში, ხვალიდან რატომ უნდა ამოქმედდეს?!“, - აცხადებს გვარამია, რომელიც რეკომედაციით გამოდის, რომ კანონპროექტი 2016 წლიდან ამოქმედდეს, მანამდე კი, მისი თქმით, ტელევიზიები ცვლილებებისთვის მოემზადებიან.

ნიკა გვარამიას მსგავსად, ახალი რეგულაციების 2016 წლიდან ამოქმედებას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილიც მიესალმება.

ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი მათ წინადადებებს გაითვალისწინებს, ეს პროექტი დრამატული არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგულაციები ძალიან მძიმე გამოვა.

მისი შეფასებით, აპელირება ხდება, რომ ცვლილებები ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა, მაგრამ სინამდვილეში, ნორმები ბევრად უფრო მკაცრდება, ვიდრე ამას ევროპა საქართველოსგან მოითხოვს.

„თუ რეგულაციები უნდა მივიღოთ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს და არა დღეს და ხვალ. ცვლილებების ამოქმედებამდე, ტელევიზიები უნდა მოვემზადოთ, რომ არც ბაზარი დაზარალდეს, არც ტელევიზიები და არც რეკლამის დამკვეთები“, - აცხადებს ჯანგირაშვილი, რომლის პოზიციაც უმრავლესობის წევრმა, ბიზნესმენმა, კახაბერ ოქრიაშვილმა გაიზიარა.

for.ge-სთან საუბარში ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები მინიმუმ 2015 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

„ვადები არ მომწონს, დათქმა უნდა ყოფილიყო, რომ კომპანიებს თავისი ფინანსური ოპტიმიზაციისთვის გონივრული ვადა უნდა მიეცეთ. გონივრული ვადა კი ის იქნება, რომ ცვლილებები ერთი წლის შემდეგ ამოქმედდეს“, - აღნიშნავს ოქრიაშვილი.

ცენტრალური ტელევიზიებისგან განსხვავებით, „მაუწყებლობის შესახებ“ წინადადებას რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლები მიესალმებიან.

როგორც for.ge-ს ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ გენერალურმა დირექტორმა, თამარ ღვინიანიძემ განუცხადა, მას ეს ცვლილებები მოსწონს, რადგან მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ სარეკლამო სიტუაცია უნდა დარეგულირდეს.

ღვინიანიძის შეფასებით, არ შეიძლება მთელი საქართველო თბილისი იყოს.

„განვითარება ყველა არხს სჭირდება. მათ შორის რეგიონალური მაუწყებლებიც უნდა განვითარდნენ“, - დასძენს ღვინიანიძე, რომლის მსგავსად, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ სარეკლამო ბაზრის მოწესრიგება უნდა მოხდეს.

კუპრაშვილის თქმით, დღეს არსებული რეგულაციები იმას იწვევს, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკა. მისი ვარაუდით, ახალი ცვლილებები ბაზარზე დადებითად იმოქმედებს და რეკლამა იმ მედია საშუალებებში გაიზრდება, სადაც ნაკლები იყო.

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აღნიშნავს, რომ ცვლილებებით, ტელევიზიების შემოსავლების კლება არ მოხდება. როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, ტელევიზიების შემოსავლები არათუ იკლებს, არამედ მოიმატებს, რადგან რეკლამების რაოდენობრივი გადანაწილება მოხდება.

„სარეკლამო ფასი რაღაც დოზით, 15-20 პროცენტით მოიმატებს. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად, სარეკლამო ფასი იზრდება. ანუ, ტელევიზიებს შემოსავლები არ დააკლდება. სამაუწყებლო კომპანიები რეკლამის ფასის ათ პროცენტიან ზრდას ისედაც აპირებენ. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, რეკლამის ფასი 15-20 პროცენტით გაიზრდება განსაკუთრებით კი, პრაიმ-ტაიმში“, - აღნიშნა აბაშიძემ, რომლისგან განსხვავებით, ტელეკომანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე ვარაუდობს, რომ რეკლამის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაძვირდება.

პარლამენტში აღნიშნულ ცვლილებებზე პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვა 23 დეკემბერს გაიმართება. იქედან გამომდინარე, რომ საკითხზე მსჯელობა დაჩქარებული წესით არ მიდის, მას საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.