საყდრისი - ინტერესები, „ჭორები“ და ეკონომიკა

საყდრისი - ინტერესები, „ჭორები“ და ეკონომიკა

კომპანია RMG საყდრისის ტერიტორიაზე 13 დეკემბერს დაწყებულ სამუშაოებს განაგრძობს. საყდრისის ბორცვის აფეთქების შემდეგ კი მედიაში სულ უფრო აქტუალური ხდება, „საყდრისის მცველების“ ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატათან, კობა ნაყოფიასთან ურთიერთობისა და საპროტესტო ღონისძიებების დაფინანსების საკითხები. ბევრი იწერება „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებებზეც. ამ კონტექსტში ერთ-ერთ მაგალითად ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიც სახელდება. რომლის თანახმადაც, „საყდრისის მცველების“ ნაწილი მოისყიდეს.

For.ge-მ ირმა ინაშვილთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. როგორც გაირკვა, იგი ამჯერად საქართველოში არ იმყოფება. შესაბამისად, უცნობი რჩება, რას გულისხმობდა იგი „საყდრისის მცველების“ მოსყიდვაში და ვინ „გაიყიდა“ და ვინ „იყიდა“.

„პოლიტიკური ოპონენტები პირდაპირ ხელისუფლებასა და ივანიშვილს ადანაშაულებენ, „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებული შიდა ოპოზიციაც ბიძინას ადანაშაულებს. ოღონდ ამის თქმას თავად ვერ ბედავს და სოციალურ ქსელში ან სხვისი პირით ლაპარაკობს, ან მიკიბ-მოკიბულ კითხვებს სვამს. ბევრი ელის, ჩვენ რას ვიტყვით. დავადანაშაულებთ, თუ არა ბიძინა ივანიშვილს და პირდაპირ ვთქვათ, ძალიან უნდათ, რომ ღიად სწორედ ივანიშვილს დავადო ხელი. ბევრს აინტერესებს, მეყოფა, თუ არა პრინციპულობა. შევძლებ, თუ არა სიმართლის თქმას. გპასუხობთ: სიმართლეს ყოველთვის ვამბობ და სიმართლის თქმის არასდროს მეშინოდა. ხვალ ჩემს ხედვას გაიზიარებთ. დავწერ იმას, რასაც მე ვხედავ და ვფიქრობ. და დავწერ არა ისე, რომ ეს მოეწონოს ბიძინას, ან მიშას, ან ირაკლის... დავწერ, როგორც მე მესმის და ვხედავ“,- ეს ინფორმაცია ირმა ინაშვილის „ფეისბუქის“ გვერდიდანაა. დაპირებული პოზიცია კი მას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

რაც შეეხება „საყდრისის მცველებთან“ ბოლნისის მაჟორიტარის კობა ნაყოფიას ურთიერთობას. ნაყოფია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „საყდრისის მცველებთან“ მისი კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები „სრული სისულელე“ და „სპეციალურად გავრცელებული ჭორია“.

„კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა დაეცვათ საყდრისი, არავის ვაძლევდი. საყდრისის თემაზე ჩემი პოზიცია დიდი ხნის წინაც იყო ცნობილი. ვიღაცას სურს, ეს სისულელეები შეფუთოს და მე დამაბრალოს. აბსოლუტური სისულელეა. მე იმ ტერიტორიის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ძალიან კარგად მესმის იქაური ხალხის მდგომარეობა და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის იმ კომპანიის მუშაობა. ამიტომ, რა ინფორმაციებიც ვრცელდება, არის ტოტალური სისულელე“, - აცხადებს კობა ნაყოფია და განმარტავს, რომ საყდრისს ძეგლის სტატუსი იმ პერიოდში მიენიჭა, როცა თავად ოქროს მომპოვებელი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო, თუმცა, კომპანიისთვის სამუშაოების აკრძალვის მომხრე არასდროს ყოფილა.

„ჩემს პერიოდში ხდებოდა იქ არქეოლოგიური სამუშაოები. ამიტომ ამ საკითხში კარგად ინფორმირებული ვარ - ვიცი, რა და როგორ ხდებოდა. ბევრი მირეკავდა და ტელეფონში მეკითხებოდა საყდრისის საკითხზე. ყველას ვეუბნებოდი, რომ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით არსებობს დასკვნა, მაგრამ უნდა გამოიძებნოს მექანიზმი, რომ არ დაზარალდეს კომპანია და შენარჩუნდეს ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს. ეს იყო ჩემი პოზიცია ყოველთვის. არ ვეთანხმები იმას, რომ თითქოს, მე ვუწევდი ვინმეს კონსულტაციას, როგორ უნდა დეცვათ საყდრისი. ეს, როგორც გითხარით, არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს ნაყოფია.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი განმარტავს, რომ „საყდრისის მცველებისთვის“ სატელეფონო საუბრების დროს ნათქვამი აქვს, რომ მისი პოზიცია მათ არ გამოადგებოდათ, რადგან ცალსახად ფიქრობს, რომ კომპანიის მუშაობა არ უნდა შეფერხდეს. ხოლო, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელთან ირმა ინაშვილთან იგი სატელეფონო საუბარსაც უარყოფს და აცხადებს, რომ ინაშვილი მხოლოდ ტელევიზორში ჰყავს ნანახი.

„მაგ ქალბატონს არ ვიცნობ, არც არასდროს შევხვედრილვარ. არანაირი შეხების წერტილი არ მქონია მასთან“,- აცხადებს კობა ნაყოფია.

For.ge „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრს ანა მიქაუტაძესაც ესაუბრა. იგი აცხადებს, რომ კომიტეტის წევრები ნაყოფიას არ შეხვედრიან და თუ ამას ასევე კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, შეხვედრის დეტალებზეც მანვე უნდა ისაუბროს. ირმა ინაშვილის მიერ „საყდრისის მცველების“ ნაწილის მოსყიდვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კი განმარტავს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაქცია.

„მგონია, ვიღაც განგებ ავრცელებს ჭორებს, რადგან სურს საყდრისის თემა არ იყოს აქტუალური. ძალიან ცუდად მუშაობს რაღაცა ჭორის ბიურო, რომელსაც სურს მთავარმა თემამ გვერდზე გადაიწიოს და საყდრისის მცველები ერთმანეთს დაგვაპირისპიროს. ეს ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის. ირმა ინაშვილიც, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს. ირმა მსგავს რამეს ისე არ იტყოდა, ნამდვილად. ბევრს არ სურს, რომ საყდრისი გადარჩეს. მათ შორის არიან კომპანია RMG და მასზე ფინანსურად დამოკიდებული ორგანიზაციები, თუ ვითომ ექსპერტები. ალბათ, მათ ინტერესებშია ჭორების გავრცელება. მე ასე ვფიქრობ, თუმცა პირადად, ხელს ვერავის დავადებ“,- აცხადებს ანა მიქაუტაძე. იგი „საყდრისის მცველებს“ შორის დაპირისპირებასაც გამორიცხავს და განმარტავს, რომ დაპირისპირებად საზოგადოების ნაწილმა, შესაძლოა, ცალკეულ საკითხებზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა აღიქვა, რამე ტიპის ფინანსები კი მათ არასდროს დაუმალავთ და ყველა შემოწირულობას პერიოდულად აქვეყნებდნენ კიდეც საჯაროდ.

„ყველაფერი გვაქვს ჩაწერილი, თითოეული შემოწირულობა. არანაირი ფინანსები დაფარული არ ყოფილა. სახლიდან მიგვქონა კარავში საჭმელი. საკუთარი ჯიბის ფულს ვხარჯავდით. ახლა საყდრისიდან მოვდივართ, იქ სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ თუ მომავალ ორ დღეში შეჩერდება ეს პროცესი, ძეგლი გადარჩება. დღეს საყდრისის ბოლომდე დაკარგული არ არის. პრემიერ-მინისტრთან უკვე შევიდა წერილი, თუ იგი ხელს მოაწერს წერილს და შეაჩერებს ამ პროცესს, შესაძლებელი იქნება არქეოლოგების მიერ რაღაც მასალების ამოღება. სურათები გადავიღეთ დღეს. ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული“, -აცხადებს ანა მიქაუტაძე.

საყდრისში RMG-ის მიერ სამუშაოების შეჩერებას კი მომხრეების გარდა მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის საქმიანობა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, RMG სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი იყო და პრობლემების შექმნის შემდეგ, კომპანიის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 20 მილიონი ლარი შეადგინა, რის გამოც საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 7-ჯერ შემცირდა.

„პრაქტიკულად, რეგიონში დასაქმებას RMG და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიები უზრუნვეყოფენ. აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის საინვესტიციო ბიზნესპროექტისთვის პრობლემის შექმნა ქვეყნის ეკონომიკისთვის პირდაპირი პრობლემაა. როცა პრობლემა ასეთ მსხვლ ბიზნესებს ექმნება, პირდაპირი სიგნალია, რომ საქართველოში ფულის დაბანდება, ინვესტიციების განხორციელება სარისკოა“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც RMG-ის ბარიერები მოუხსნა და 12 დეკემბრის ბრძანებით საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა მისცა.