„რუსული კომპანიის მიერ მოპოვებული ოქრო ტყვიის სახით დაგვიბრუნდება“

„რუსული კომპანიის მიერ მოპოვებული ოქრო ტყვიის სახით დაგვიბრუნდება“

მას შემდეგ, რაც საყდრისის ირგვლივ მოვლენები დრამატულად განვითარდა და, პარალელურად, გავრცელდა პატრიარქის განცხადება, რომელიც საყდრისის ამფეთქებლების კანონის მიხედვით დასჯას ითხოვდა, მოვლენებმა კიდევ უფრო ტრაგიკომიკური სახე მიიღო. უწმინდესის განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, გარკვეულმა პირებმა მოვლენების გადაფასება დაიწყეს. ეს ხომ ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც მუდამ მიტევების მოსურნე პატრიარქი კატეგორიულობას ამჟღავნებდა.

თავდაპირველად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ირწმუნებოდა, რომ საყდრისში არქეოლოგიური ძიების შეუძლებლობის შესახებ მოსაზრება ეროვნულმა მუზეუმმაც გაიზიარა. თუმცა ანთიძის ნათქვამი მოულოდნელი აღმოჩნდა ეროვნული მუზეუმისთვის და მუზეუმი საყდრისთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გაემიჯნა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში არასწორი ინტერპრეტაციით ლახავდნენ ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაციას. რეალურად კი მუზეუმი, გერმანული მხარე და პარტნიორი დაწესებულებები საერთაშორისო კვლევების საფუძველზე აღიარებდნენ, რომ საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი იყო. მეტიც, ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ობიექტის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძეგლს სტატუსი მოეხსნა.

მოგვიანებით კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თითქოს საკუთარ თავზე აიღო საყდრისთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, თუმცა იქვე ორაზროვნად განმარტა, რომ მის მიერ გამოცემულ ბრძანებას აფეთქებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც ის დამალა, რომ შინაარსობრივად აფეთქება არ იყო იდეალური გამოსავალი.

პარალელურად, „საყდრისის მცველები“ კულტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ და პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებზე გადადიან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სირცხვილის დერეფნები ვიხილოთ სახელმწიფო უწყებებთან.

საყდრისის მცველი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც თვეების განმავლობაში საყდრისის ტერიტორიაზე კარავში მძიმე პირობებში ცხოვრობდა და ტურების კივილის მიუხედავად, სხვებთან ერთად, ცდილობდა საყდრისის დაცვას, გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ფოტო და ვიდეომტკიცებულებები გააჩნია, რის საფუძველზეც ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად გადაწყვეტს, პროკურატურას მიმართოს თუ სასამართლოს. მისი თქმით, სამართლებრივად პასუხი უნდა მოეთხოვოთ იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებიდან აფეთქების ბრძანება გასცა და, ასევე, იმ პირებს, რომლებმაც ეს ბრძანება შეასრულეს.

For.ge-სთან საუბარში ნინო მიქიაშვილი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის და სხვა პირთა თანამდებობიდან გადადგომა ძალზე მცირე სასჯელი იქნება. პროკურატურაში მის მიერ შეტანილ სარჩელს ის პერსპექტივა ექნება, რომ კულტურის სამინისტროს მესვეურებმა ხვალ და ზეგ ბოლნისის სიონი არ ააფეთქონ, გელათი და სამება არ გაიმეტონ. ჟურნალისტის თქმით, საყდრისის მცველები სწორედ ამ სარჩელებით იცავენ კულტურული მემკვიდრეობის სხვა გადარჩენილ ძეგლებს, თორემ საყდრისს უკვე აღარაფერი ეშველება.

„არჩილ კბილაშვილიც სისხლის სამართლის დამნაშავეა. როგორი მთავარი პროკურორიც იყო, ისეთივე იურიდიული მრჩეველია კერძო კომპანიის - „არ ემ ჯი გოლდის“. ის აცხადებს, რომ კანონები არ ეშლება. ასე ამბობდა ადეიშვილიც, მერაბიშვილიც და სააკაშვილიც, რომ კანონები არ ეშლებოდათ. კბილაშვილს ნუ ჰგონია, რომ სულ მანდ იჯდება, ციხეში მოხვდება და ამანათებს გავუგზავნით. კანონის უხეში დარღვევით გააკეთეს ყველაფერი, სანამ საყდრისის აფეთქება დაიწყებოდა, გაცილებით ადრე დანაღმეს ყველაფერი. ბულდოზერზე რომ იჯდა, იმ ადამიანით დაწყებული, ბრძანების გამცემით დამთავრებული, სანამ არ დაისჯებიან, არ მოვისვენებ და არც მათ მოვასვენებ. შეთანხმებულად მოკლეს გირგვლიანიც, სააკაშვილიდან დაწყებული, იმ ადამიანებით დამთავრებული, ვინც მის წამებაში იყო ჩართული. საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე, შეთანხმებულად ააფეთქა საყდრისი. საყდრისი რომ აფეთქდა, მიხეილ გიორგაძე, ეტყობა, მერე მიხვდა, რაც ჩაიდინა, ახლა გვიანია თითზე კბენანი. გიორგაძეც ციხეში მოხვდება“,-აღნიშნა ნინო მიქიაშვილმა და განმარტა, რომ საყდრისის მცველები უწმინდესს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, რადგან სწორედ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა კარვების აქცია საყდრისში, მის ნაჩუქარ კელაპტრებს ანთებდნენ ისინი და პერიოდულად ჩამოდიოდნენ და ხვდებოდნენ პატრიარქს. მოგვიანებით წერილობითაც მიმართეს უწმინდესს და საყდრისში ჩაბრძანება სთხოვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ უწმინდესის ჩასვლით საყდრისი გადარჩებოდა.

„ერთი წამით არ დამიშვია ჩემს თავში, რომ ძეგლს ააფეთქებდნენ და ასე შეეხებოდნენ. მუდამ ამ განწყობით ვიყავი საყდრისში“,- აცხადებს ნინო მიქიაშვილი.

სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი სალომე ჭანტურიძე, რომელმაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია ხმაურითა და შეძახილებით ჩაშალა და ანთიძე საყდრისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, აცხადებს, რომ ახლა გადამწყვეტი სიტყვა პრემიერზეა.

ჭანტურიძე ფიქრობს, რომ კულტურის მინისტრი ცდილობს, გაემიჯნოს მოვლენებს, თუმცა ეს ადამიანები უპასუხისმგებლოები არიან. ამიტომ პრემიერი ის ადამიანია, რომელსაც აქვს ძალა, ამ ეტაპზე შეაჩეროს აფეთქებითი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე.

„საყდრისის ტერიტორია ბოლომდე არ განადგურებულა და ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია იქ არსებული ინფორმაცია. ვიზუალური ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეფექტური იქნებოდა სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად, მთლიანად დაზიანებულია. ამიტომაც განცხადებები შევიტანეთ პრემიერ-მინისტრის, ასევე, პრეზიდენტის სახელზე. საყდრისი უნდა გადარჩეს და ამ ადამიანებს უნდა გავაცნობიერებინოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, შევახსენოთ, რომ საყდრისის აფეთქებით ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და მათ მოუწევთ ამაზე სამართლებრივი პასუხი. „არ ემ ჯი გოლდის“ ხელმძღვანელია ვინმე ტროიცკი. კომპანიები და ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ მოსახლეობა მუდმივად მოტყუებული რჩება. მაქვს ეჭვი, რომ ეს არის რუსული კომპანია და სამწუხაროა, რომ რუსული კომპანიის მიერ მოპოვებული ოქრო ჩვენ დაგვიბრუნდება ტყვიის სახით, რომელსაც 2008 წელს უამრავი ადამიანი შეეწირა. ძეგლიდან ჯერ კიდევ შეიძლება ინფორმაციის ამოღება, საერთოდაც რომ დაანგრიონ ბოლომდე, საყდრისი მაინც გაძეგლდება, რადგან ის უმნიშვნელოვანესი ძეგლია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თორემ კბილაშვილისთვის ძეგლები მხოლოდ სასულიერო ნაგებობებია. არ ვაპირებთ ჩაქოლვა მოვუწყოთ ამ ადამიანებს, მათ თავისი დაემართებათ, სამართლებრივად აგებენ პასუხს, სასამართლო გამოუტანს განაჩენს“,-აცხადებს სალომე ჭანტურიძე For.ge-სთან საუბარში.

საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი, ეკოლოგი კახა ბახტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკოლოგიასთან დაკავშირებით დღეს ისედაც მძიმე სიტუაციაა კაზრეთში, რადგან „არ ემ ჯი გოლდი“ გარემოს დაცვით არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. ახალი კარიერის გაჩენა კი ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემები გაორმაგდებმა და მეტ ადამიანს დააზარალებს.

„კარიერი ისე ააფეთეს, არანაირი რეგულაცია არ გაითვალისწინეს. კულტურულ მემკვიდრეობას გადაუარეს. ღია კარიერს ამხელა უარყოფითი ეფექტი აქვს გარემოზე და ეს მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ აისახება, არამედ - მთელი ქვემო ქართლის რეგიონის და, ასევე, თბილისის მოსახლეობაზეც, რადგან ეს მდინარეები გამოიყენება საირიგაციოდ და ისინი აბინძურებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ეს იქნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება. ეს იმ ტიპის დაბინძურებაა, რომელსაც თვალით ვერ ვხედავთ, თუმცა გაცილებით უარყოფითად მოქმედებს. მარტო მილიონ 700 ათასმა მოსახლემ თბილისში უნდა მიიღოს ეს დაბინძურებული პროდუქტი, რომ არაფერი ვთქვათ, ადგილობრივებზე. რაც შეეხება 11-კაციანი კომისიის დასკვნა, თითქოს საყდრისი თუ არ აფეთქდებოდა, მაშინ ეკოლოგიური კატასტროფა გარდუვალი იქნებოდა, ეს ტყუილია. ბორცვი არ დაინგრეოდა, ის ბორცვი ორჯერ ააფეთქეს, შემდეგ მიიყვანეს სპეციალური ტექნიკა, რომ რაც შეიძლება მეტი დაენგრიათ, დღესაც აგრძელებენ ნგრევას. ბორცვის ტერიტორიაზე პრობლემა არ იყო და პრობლემას აჩენენ ახლა. კარიერი დაახლოებით 200 მეტრის ქვეშ უნდა იყოს და სიღრმეში მოხდება მიწისქვეშა წყლების დაბინძურება. ამას მოჰყვება მძიმე მეტალების დაბინძურება. მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყალი კი აუცილებლად მოხვდება მდინარეში“.

For.ge-სთან საუბარში არქეოლოგ გოგი მინდიაშვილს კიდევ აქვს იმედი, რომ საყდრისის ძეგლი ბოლომდე დანგრეული არ არის. ამიტომ, თუ შეჩერდება დამანგრეველი სამუშაოები, შესაძლებელი იქნება, გადარჩენილი ინფორმაციის არქეოლოგიური მეთოდებით მოპოვება.

„ვფიქრობ, ეს არ არის მარტო კულტურის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს უფრო ფართოდ განსახილველი საკითხია. 11-კაციან კომისიაზე საუბარიც ზედმეტია, ეს წვრილფეხობა, მოქრთამული ხალხია, უბრალო „სტრელოჩნიკებზე“, ანუ მეისრეებზე არ ღირს საუბარი.

საიას იურისტი სულხან სალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ საყდრისზე გამოძიება საიას მოთხოვნით რვა თვის წინ შეტანილი სარჩელის გამო უკვე დაიწყო. საქმე ეხებოდა იანვარსა და მარტის თვეში საყდრისი-ყაჩაღიანის დაზიანების ფაქტის გამოძიებას, კონკრეტულ დოკუმენტაციასა და ვიდეომტკიცებულებებს.

„რვა თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია ნაწილობრივ გაგვეგო. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება, თუმცა უცნობია, როდის დაიწყეს გამოძიება. ასევე, ვიცით ის, რომ არ არის გამოკვეთილი კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც, თურმე შეიძლება დაინგრეს ძეგლი, თუ ის უკვე შესწავლილია, ეს მუხლი კონკრეტულად საყდრისს არ ეხება. მე-13 მუხლი ეხება არქეოლოგიური ობიექტის დაშლას და აღებას, საყდრისში კი არქეოლოგიური ობიექტის დაშლა და აღება არ ხდება, იქ მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები, რისი უფლებაც კომპანიას არ აქვს, რადგან სასამართლოს შეჩერებული აქვს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისში“.