ნაციონალების მტკიცებით მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

ნაციონალების მტკიცებით მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

კახი კალაძის განცხადებით, იმდენად სწრაფად ვითარდება პოლიტიკური მოვლენები, გადაჭრით შეუძლებელია თქვა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. თუმცა, ვიცე-პრემიერი ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშიშროებას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მთავრობა და პარლამენტი მუშაობენ. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ცნობილი გახდება“, - ამბობს კახ კალაძე.

საქართველოს კონსტუტუციის თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში ინიშნება - პირველი, თუ საქართველოს პარალამენტი მთავრობის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს, ხოლო მეორე - თუ ვერ მოხერხდება ქვეყნის ბიუჯეტის დამტკიცება. ექსპერტების განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მთავარი ბიუჯეტი დამტკიცებულია, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ერთადერთი გზა რჩება - პარლამენტმა მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურა უნდა დაიწყოს.

აქვს თუ არა პარლამენტს მიზეზი მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, ამის შესახებ უმრავალესობაში ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შესაძლოა, გაზაფხულისთვის ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს. საზოგადოება „ივერიის“ წარმომადგენლები, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების წევრები არიან გაერთიანებული, აცხადებენ, რომ 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებზე ხელისუფლებას გამარჯვების იმედი არ აქვს და სწორდ ამიტომ მთავრობამ რეგიონებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა კუდავას განცხადებით, საზოგადოება „ივერიისთვის“ სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებმა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით. დავალება კი, გულისხმობს მმართველი გუნდისთვის ადგილებზე ახალი საყრდენი ფიგურების მოძიებას და საარჩევნო რეჟიმში მყისიერი გადასვლისთვის მზადყოფნას.

მამუკა კუდავას განცხადებით, ხელისუფლებისთვის სულ უფრო ნათელი ხდება პოლიტიკური კრახი, რომლისკენაც მმართველი კოალიცია დაჩქარებული ტემპით მიექანება. მისივე თქმით, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის - კრახი როგორც ეკონომიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში.

„რეგიონებში ძალოვანებზე გაცემულია დავალება, რომლის მიხედვით მოსაძებნია ახალი ხალხი და საყრდენი ფიგურები იმისთვის, რომ ხელისუფლებამ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს. საპარლამენტო უმრავლესობა არის ძალიან მყიფე, იცით, რომ ყოფილი ნაცმოძრაობის წევრებით შეივსო უმრაველსობა. „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ფიქრობს იმაზე, რომ მოიპოვოს სტაბილური უმრავლესობა, უკვე სხვა პარტიების მეშვეობით“, - აცხადებს მამუკა კუდავა.

მმართველ კოალიციაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობა არ არსებობს. უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე არ ადასტურებს, რომ რეგიონებში ძალოვანებს დავალება მიეცათ საყრდენი კადრების შერჩევასთან დაკავშირებით.

„არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება პრობლემები შეექმანს 2016 წლის არჩევნებში ხელისუფლებაში ყოფნისთვის. არა იმიტომ, რომ გაუმჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ, არამედ, ვფიქრობ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს სხვა პოლიტიკურ სივრცეში არიან, უბრალოდ ვერ იქნებიან ისეთი კონკურეტუნარიანი, როგორიც დღეს არის „ქართული ოცნება“ და მასში შემავალი კოალიციური პარტიები.

თუმცა, გამორიცხული არაფერია. მაგრამ, ფაქტს, თითქოს, რაიმე მზადება არის დაწყებული, მე არ ვადასტურებ. მსგავს ინფორმაციას მე არ ვფლობ, რომ ვინმეს რაიმე დირექტივა აქვს მიღებული. მე გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში მაინც“, - აცხადებს ანი მიროტაძე.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ნიშნებს ვერ ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე.

„ვადამდელი არჩევნები არ არის კარგი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ დღეს არსებობს ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ თუ იქნება ამის გარდაუვალობა, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ არსებობს მიზეზები, რის გამოც ქვეყნისთვის აუცილებელია დაიწყოს ფიქრი ვადამდელი საპარლამეტო არჩევნებისთვის. მისივე თქმით, საზოგადოებაში შეიცვალა დამოკიდებულება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და სხვა განწყობები გაჩნდა იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც განვლილი საპარლამენტო არჩევნებში დიდ შედეგებს ვერ მიაღწიეს.

„ამის ანარეკლი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოსახლეობის გამოხატულება ნათლად აისახა. აქიდან გამომდინარე, მგონია, რომ პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება და ეს რომ არ მივიდეს პოლიტიკურ კრიზისამდე, ჯობია, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

თუ „ოცნება“ ეძებს კადრებს, ეს ძალიან კარგია. ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ არ ეძებდნენ ნორმალურ კადრებს და ისე იღებდნენ გადაწყვეტილებას. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მთავარია კადრებს „ქართული ოცნება“ თუ ეძებს როგორც კოალიცია. ქვეყნისთვის აუცილებელია დაიწყოს ფიქრი ვადამდელი საპარლამეტო არჩევნებისთვის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის გარკვეული წინაპირობებია საჭირო, ასეთი წინაპირობა კი, ამ ეტაზე არ არსებობს. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ხელს არ აძლევს მმართველ კოალაციას და საპარლამენტო ოპოზიციას.

„მე არ მჯერა, რომ მზადება დაიწყო. საერთოდ, ვადიან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ყოველთვის უნდა ემზადებოდეს. მათ შორის დღევანდელი ხელისუფლება. მაგრამ, აქ უნდა დაისვას ორი საკითხი - ვის აძლევს ხელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ვინ მოვა უკეთესი შედეგით. ასეთი პირობებში, არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმები აიღოს, ვადამდელ საპარლამნეტო არჩევნებში, ვიდრე დღეს აქვს პარლამენტში.

ასეთი არჩევნები ხელს აძლევს „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“. თუმცა, მიმაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, რადგან არც მმართველ და არც საპარლამენტო ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები არ აწყობს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.