თურქეთი საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთის ნაწილის დაბრუნებას აპირებს

თურქეთი საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთის ნაწილის დაბრუნებას აპირებს

საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებებმა, რომელიც ისტორიულ ტაოში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში რამდენიმე მეჩეთის აღდგენას და ახლების მშენებლობას შეეხება, შესაძლოა, მალე სულ სხვა განვითარება ჰპოვოს. კერძოდ, საუბარია თურქეთ-საქართველოს საზღვრების გადახედვაზე, აგრეთვე - აჭარის რეალურ ავტონომიაზე და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში თურქეთის ინტერესებზე. ისიც აღსანიშნავია, რომ თურქეთი გეგმავს უფრო აქტიურად ჩაერთოს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, რომელშიც, სავარაუდოდ, არცთუ უკანასკნელ როლს შეასრულებენ თურქეთის როგორც აფხაზური, ასევე - ჩრდილოკავკასიური დიასპორა, რომლებიც უკვე აწარმოებენ კონსულტაციებს ჩვენი სამხრეთელი მეზობლის ქართველობასთან.

 

უახლოეს დღეებში ჩვენ შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ”გლობალური ინიციატივების სამხრეთ-კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელთან, ვაჟა ერაძესთან, რომლის აზრითაც სასწრაფო და აუცილებელია, საზოგადოებამ შეიტყოს, თუ რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება.

 

- კულუარულ მოლაპარაკებებს არასოდეს მოუტანია სიკეთე. ცხადია, დათმობები, რომლისთვისაც მზად არის თურქეთი, არავითარ შემთხვევაში არ იქნება მხოლოდ კეთილი ჟესტი. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ კეთილმეზობლობაზე და მეგობრობაზე, ეს მაინც პოლიტიკაა და უკვე - დიდი პოლიტიკაც. თურქეთს აქვს თავისი მუდმივი ინტერესები, რომელთა მცირედ კორექტირებაც ყოველთვის ხდება მოცემულ მომენტში არსებული რეალობის გათვალისწინებით,

 

ამ შემთხვევაში რა რეალობას გულისხმობთ?

- არაბული რევოლუციების ტალღა, ევროკავშირში არსებული უთანხმოებები, იაპონიის მოვლენები, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი... - ეს ყველაფერი თურქეთს უბიძგებს იმისკენ, რომ გადახედოს თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობა სცილდება საგარეო პოლიტიკას და შიდა პოლიტიკის სფეროში ინაცვლებს.

 

თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ.

- ტუნისიდან წამოსულ მუხტს დავუბრუნდები. ამ მუხტმა თურქეთამდეც მიაღწია. გაჩნდა თურქული საზოგადოების ისლამიზაციის პრობლემაც და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ქვეყანას ისლამისტები მართავენ, არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ თურქეთის ხელისუფლებაში მოვლენ რადიკალი ისლამისტები, რომლებიც იოლად გამონახავენ საერთო ენას ირანთან და ავღანელ თალიბებთან. ეს ერთნაირად აფრთხობს როგორც თურქეთის პოლიტიკურ ელიტას, ასევე - ევროპელ პოლიტიკოსებსაც.

 

ეს ვრცელი თემაა და ერთი ინტერვიუს ფორმატი არ ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ევროპა მზად არის დააკმაყოფილოს თურქეთის სურვილი - ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ევროპასაც აქვს თავისი მოთხოვნა.

 

ამ მოთხოვნებს ევროპა უკვვე მრავალი წელია თურქეთს უყენებს.

- ეს საყოველთაოდ არის ცნობილი - ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ა.შ. თუმცა, დღეს ევროპა იძულებულია თვალი დახუჭოს რაღაცაზე და წინა პლანზე ახალ საკითხებს წევს.

 

კერძოდ?

- გეგმა ასეთია: თურქეთი უბრუნებს საქართველოს იმ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს, რომელიც მის შემადგენლობაში აღმოჩნდა ავადსახსენებელი ყარსის ხელშეკრულების შემდეგ. თურქეთი ხდება ევროკავშირის წევრი, ხოლო საქართველო იღებს ასოცირებული წევრის სტატუსს. თურქეთი ხდება მედიატორი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში და გადახედავს თავის პოზიციას კვიპროსის საკითხთან მიმართებაში. ანუ, იკვეთება ევროკავშირის წევრი ქვეყნის - საბერძნეთის ინტერესები. არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებმა საბერძნეთს გარკვეული გეოპოლიტიკური უპირატესობა მიანიჭა და ათენი ცდილობს მომენტის სათავისოდ გამოყენებას.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ყველაფერი ასე მარტივად არის.

- არც ვამბობ, რომ მარტივია. მე გამოვყავი ის ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო...

 

თუმცა, არაფერი გითქვამთ, თუ რას ფიქრობენ თეთრ სახლში და კრემლში

- თუ ვინმეა დაინტერესებული, პირველ რიგში, ეს არის ვაშინგტონი, რომელსაც ერაყმა, ავღანეთმა და სულ ბოლოს - ლიბიამაც, თავი ცაიტნოტში ამოაყოფინა. ირანზე უკვე მოგახსენეთ. თურქეთის ისლამიზაცია კატასტროფის ტოლფასი იქნება შეერთებული შტატებისთვის, რაც მაფიქრებინებს, რომ ამ თამაშში ვაშინგტონი კულუარულ, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

რაც შეეხება რუსეთს... ამ შემთხვევაში, რუსეთი იძულებულია აყვეს დასავლეთს და შეეცდება ახლადგამომცხვარი გეოპოლიტიკური ნამცხვრიდან წილი ირგუნოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ”ნაბუქოს” გაზსადენი გაივლის არა საქართველოზე, არამედ - სომხეთზე, ევროპა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ”სამხრეთის ნაკადის” მშენებლობაში, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობის ფონზე გაიოლდება რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, საქართველო უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე... ანუ, რუსეთს სამხრეთიდან მიუახლოვდება არა ნატო, არამედ - ევროკავშირი და, რაც მთავარია, ევროპა უფრო მყარად ხდება დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, ვიდრე დღეს.

 

კარგით... ეს მართლაც დიდი პოლიტიკაა, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი გვადარდებს - ტაო-კლარჯეთი. რა ნაწილის დაბრუნებაზეა საუბარი?

- დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ტერიტორია, სადაც მდებარეობენ ის ტაძრები, რომელთა აღდგენაზეც საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან. სულ, დაახლოებით, 3-3.5 ათასი კვადრატული კილომეტრი. ასევე, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ გადმოცემულ ტერიტორიაში არ იქნება შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ლაზები ცხოვრობენ.

 

რა თქმა უნდა, ტერიტორიების (თუნდაც მცირე ნაწილის) დაბრუნება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს - არსებობს შანსი იმისა, რომ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებებიც გამოვა ჩიხიდან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ყოველივე ამას სერიოზული გაანალიზება ესაჭიროება.

 

ეჭვგარეშეა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ყველანაირად შეეცდებიან დიდი პოლიტიკური თამაშების დაწყება საკუთარ ინიციატივად გაასაღონ, რაც მოახლოებული არჩევნების ფონზე არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, რათა ცივი გონებით (და არა ცხელ გულზე, როგორც ქართველებს გვახასიათებს) მოხდეს დადებითი და უარყოფითი მხარეების თანაზომადობის და თანაწონადობის განსაზღვრა. ვიბრუნებთ ტერიტორიებს, მაგრამ ჩნდება საშიშროება, რომ ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩებიან ის ძალები, რომელთათვისაც ტერიტორიების დაკარგვა ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა.

 

ამჟამად თურქეთში იმყოფებიან ჩვენი ცენტრის სპეციალისტები - გოჩა თერგიაშვილი და ბეჟან მესხელი. მათი დაბრუნების შემდეგ უფრო დაწვრილებით შემეძლება საუბარი.