ბარაკ ობამა ჰილარი კლინტონს ირჩევს, ვის აირჩევს ამერიკა?!

ბარაკ ობამა ჰილარი კლინტონს ირჩევს, ვის აირჩევს ამერიკა?!

„ამერიკელებს სურთ, ისხდნენ ახალ მანქანებთან და არა ისეთი დიდი „გარბენით“, როგორიც მე მაქვს“, - ეს პრეზიდენტ ობამას ნათქვამია. ამერიკელებისგან ზედმეტი სიფრთხილის გამო გაკრიტიკებული ბარაკ ობამა კარგა ხანია, თავის შემცვლელზე ფიქრობს.

სანამ აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჰილარი კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, მანამ თავის გეგმებს სახავს ჯებ ბუში, ფლორიდის შტატის ყოფილი გუბერნატორი. ბუში ობამას შესაცვლელად იბრძოლებს. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ძმამ გადაწყვეტილება ფაქტობრივად უკვე მიიღო და მან „რესპუბლიკური პარტიის“ მსხვილ დონორებს ელექტრონული წერილებიც გაუგზავნა, სადაც ღიად მიანიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მას შესაძლოა, მათი ფინანსური დახმარება დასჭირდეს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბუშების „კლანი“, რომელშიც ქვეყნის 41-ე და 50-ე პრეზიდენტები შედიან, უკვე მზად არის კიდევ ერთხელ იბრძოლოს თეთრი სახლისთვის. ცოტა ხნის წინ ბუშის შვილმა, ჯორჯ პრესკოტ ბუშმა განაცხადა, რომ მამამისს მთელი ოჯახი 100%-იან მხარდაჭერას გამოუცხადებს. გაზეთის ინფორმაციით, ბრძოლა საარჩევნო თანხებისთვის უკვე დაწყებულია. ბუშის მომხრეები რესპუბლიკელების სპონსორებთან უკვე მუშაობენ იმაზე, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო მარათონისთვის მათ სახსრები არ მისცენ ასევე რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატს, ნიუჯერსის გუბერნატორს კრის კრისტის. ბუშის მრჩეველმა მაიკლ მერფიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები პოლიტექნოლოგებთან, რომელებიც გააფრთხილა, არ იმუშავონ სხვა კანდიდატებთან, რადგან ისინი ბუშს საარჩევნო შტაბში დასჭირდება. თავად ექსგუბერნატორი ბოლო რვა წელია, ბიზნესით არის დაკავებული. სიმსუქნით გამორჩეული 61 წლის ჯებ ბუში ბოლო პერიოდია, ფიტნესს მისდევს.

ობამას წინასაარჩევნო კამპანია აგებული იყო ცვლილებებზე. „ჩეინჯ“ - ეს იყო მისი მთავარი ლოზუნგი, თუმცა საინტერესოა, დღეს რას მოითხოვს ამერიკელი ხალხი? რისი შეთავაზება შეუძლია მათთვის ჯებ ბუშს ან ჰილარი კლინტონს, რომელმაც ერთხელ უკვე ობამას სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა? ობამას მიაჩნია, რომ ამერიკელი ხალხი რაღაც ახალს ელოდება. მართალია, ობამა ირწმუნება, რომ ქალბატონი კლინტონი ყველაფერში არ ეთანხმება, მაგრამ იგი 2016 წლისთვის ფსონს მაინც ქალბატონ პრეზიდენტზე დებს. პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ შემდეგი პრეზიდენტიც დემოკრატი იყოს.

For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ საეჭვოა, ამერიკელებმა ისევ დემოკრატი პრეზიდენტი აირჩიონ, რადგან ზოგადად, ამერიკელებს იშვიათად ახასიათებთ, პრეზიდენტი ერთი და იმავე პარტიიდან ჰყავდეთ. ეს ერთხელ მოხდა რეიგანის დროს და შემდეგ ბუში აირჩიეს ერთი ვადით. ამ შემთხვევაში კი, საპრეზიდენტო მარათონი დიდად იქნება დამოკიდებული ეკონომიკურ თუ საერთაშორისო პოლიტიკასთან მიმართებით. ჯერჯერობით, თუ საგარეო პოლიტიკაში სიტუაცია ასეთივე გამწვავებული დარჩა, მაშინ დიდი შანსია, რესპუბლიკელების კანდიდატმა გაიმარჯვოს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი სწორედ იმის გამო აკრიტიკებს ობამას, რომ ის გაუბედავია და, ბევრ შემთხვევაში, არ ატარებს ამერიკის პოლიტიკას ისე, როგორც საჭიროა. თუმცა არის მეორე ნაწილიც, რომელიც ფიქრობს, რომ ამერიკამ უარი უნდა თქვას გლობალური პოლიციელის როლზე და მას არ შეუძლია, ყველა კონფლიქტში ჩაერიოს, რადგან ეს ამერიკის ეკონომიკას ტვირთად აწვება. ასეთი იზოლაციონისტური ხედვა კი საკმაოდ ძლიერია როგორც რესპუბლიკელებში, ისე დემოკრატებში.

რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატებს, კორნელი კაკაჩიას თქმით, ჰილარი კლინტონი უფრო მეტად იზიარებს ობამას ხედვას, უბრალოდ, განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ჰილარი კლინტონი უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების მომხრეა, მათ შორის, - პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ჩანდა კიდეც, როცა ის იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა უფრო აქტიური იყო. ასევე, მას კარგი შანსები აქვთ თვითონ „დემოკრატიულ პარტიაშიც“. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აშშ-ს ჯერჯერობით არ ჰყოლია ქალი პრეზიდენტი. თავის დროზე, როცა დემოკრატებმა ფსონი დადეს, მათ მძიმე არჩევანის გაკეთება მოუხდათ - ან უნდა აერჩიათ ქალი პრეზიდენტი, ან ფერადკანიანი. მაშინ დათმო ჰილარიმ ობამას სასარგებლოდ. თუმცა, აქ ერთი მომენტია-ცოტა ასაკშია ჰილარი და, თუ გამოჩნდება ახალგაზრდა ძლიერი კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, შეიძლება, კლინტონმა ვერც მოიპოვოს გამარჯვება.

რაც შეეხება ჯებ ბუშს, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ იგი ბუშების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, რა თქმა უნდა, ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, თუმცა „რესპუბლიკურ პარტიაში“ სერიოზული კონკურენციაა, ვიდრე დემოკრატებში და, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატს მიანიჭებენ უპირატესობას. საუბარია მასაჩუსეტსის გუბერნატორ მიტ რომნიზე, რესპუბლიკელების წინა საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია ობამას.

„ჯერჯერობით, აშკარა ფავორიტები არ ჩანს. წინასწარ არავინ უნდა, გახსნას კარტები, ურჩევნიათ, ბოლო წუთამდე შეიკავონ თავი, რადგან რაც უფრო ადრე იწყებ კამპანიას, მეტად ექცევი ყურადღების ცენტრში, იწყებენ წარსულის გაჩხრეკას, რაც არავის სიამოვნებს. ყველა ელოდება, დემოკრატებიდან ვინ იქნება კანდიდატი, რომ თავიანთი კანდიდატი ამის შემდეგ წამოაყენონ. მიტ რომნი ზომიერი, რუსეთთან მიმართებით პრინციპულია. მისი შეხედულება, რომ რუსეთი ამერიკის პოტენციური მეტოქეა (და არა ჩინეთი, როგორც ეგონა ობამას ადმინისტრაციას), გამართლდა. საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ამერიკაში ბევრს საუბრობენ მის ადეკვატურ ხედვაზე, ვიდრე ობამას ადმინისტრაციაზე, რომელსაც არ გაუმართლა საგარეო პოლიტიკის მხრივ და შეგდეგებიც სახეზეა. რესპუბლიკელებს ახლა აქვთ უნიკალური შანსი, თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. ამერიკელი ხალხი გადაიღალა კიდეც ობამას ადმინისტრაციის საქმიანობით. ალბათ, რესპუბლიკელების ზომიერი ფრთის წარმომადგენელი გაიმარჯვებს, ვიდრე ლიბერტარიანული ან სხვა ტიპის წარმომადგენლები, რომლებიც რადიკალურად უყურებენ ყველაფერს“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი გიორგი გვალია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ქარიზმატული ლიდერები ამერიკულ პოლიტიკაში ნაკლებადაა. ისეთი ქარიზმა, როგორიც თუნდაც ჯორჯ ბუშს ჰქონდა, ახლანდელ ლიდერებს არ აქვთ. თუმცა ერთიცაა, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც პიროვნული ქარიზმა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკაში, ვიდრე ინსტიტუციური მემკვიდრეობა, ან იდეოლოგიური ხედვები და პლატფორმა, ამერიკაში ეს არ არის ბოლომდე გადამწყვეტი. იქ უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ლიდერის ან პარტიის იდეოლოგია და სამოქმედო გეგმა.

„თუ ბუშის ადმინისტრაცია უფრო „აგრესიული“ საგარეო პოლიტიკის მომხრე იყო, უფრო მეტად უჭერდა მხარს საქართველოს მსგავს ქვეყნებს, ობამას ადმინისტრაციაში ამ ტიპის მხარდაჭერამ შეიძლება არ იკლო, მაგრამ იკლო რიტორიკის დონეზე ამ პოზიციის გამოხატვამ. რუსეთთან მიმართებით გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე, ურთიერთობის დალაგების მცდელობა ირანთან, წარმატებული არ გამოდგა და არა მგონია, იმავე პლატფორმით გამოვიდეს რომელიმე ახალი კანდიდატი. ბუშის ადმინისტრაციის რვაწლიანი მმართველობის პერიოდში „ჩეინჯი“ ანუ ცვლილები კარგი თემა იყო შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, დღეს კი ეს თემატიკა იმდენად აქტუალური არ არის. ამიტომ, რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს, ან რადიკალური კონცეპტების გამოყენებას ნაკლებად ველი. ბუშს ჰქონდა გამოკვეთილად „აგრესიული“ პოლიტიკა და შემდეგ ამის კონტრასტი იყო ის პოლიტიკა, რომელიც ობამამ განახორციელა, მაგრამ ობამას თავშეკავების ფონზე, არა მგონია, რომელიმე ახალი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია აიგოს იმ მოტივზე, რომ ის ისეთივე აგრესიული იქნება, როგორიც იყო ბუშის პოლიტიკა“,-აცხადებს გიორგი გვალია.