რატომ ფერხდება ზურაბ ჟვანიას საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება?

რატომ ფერხდება ზურაბ ჟვანიას საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება?

მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესის გამო ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველი კი, პროკურატურას ღიად აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის გამოძიების გაჭიანურებაა. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული კითხვების რაოდენობამ წლის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატა.

სახალხო დამცველის ოფისმა დაწყო ამ საქმის შესწავლა, საუბარია არა ჟვანიას გარდაცვალების შესახებ წარმოებულ საქმეზე, არამედ იმ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა წლის განმავლობაში. მისივე თქმით, პრობლემები გამოძიებაში არსებობს და ფაქტია, რომ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი კვლავ არ გასცემია.

„ბუნდოვანებით არის მოცული, არა მხოლოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებული პერიპეტიები, არამედ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა ძაძამიას დაკავებას და შემდგომ მის გათავისუფლებას. ასევე კითხვის ნიშნები არსებობს ბრალდებულ ექსპერტთან დაკავშირებით. როდესაც კითხვები არსებობს, პროკურატურამ ნათელი უნდა მოჰფინოს და ღია, გამჭვირვალე უნდა გახადოს პროცესი. ვიცით, რომ მოლოდინი და ინტერესი საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდია“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

უჩა ნანუაშვილის თქმით, კითხვის ნიშნები არსებობს საქმეზე ბრალდებულ ძაძამიასთან დაკავშირებითაც, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ხოლო, პროკურატურას რომ მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები არ ჰქონდა, გამოჩნდა იმითაც, რომ არც ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებული არ არის. 

„საქმეში კვლავ არის კითხვის ნიშნები. რეალურად, წლის განმავლობაში, არც ერთ ამ კითხვას პასუხი არ გასცემია, პირიქით, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, საჭიროა ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, შესაძლოა, ექსჰუმაციის ჩატარების აუცილებლობაც დადგეს. თუკი რეალურად მიდის გამოძიება, ვფიქრობ, ყველა ის ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რომელიც გამოძიებას გახდის სრულყოფილს და გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არავის ეჭვი არ შეეპარება“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

როგორც ცნობილია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი შეეცვალა. მანამდე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუაც, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზას ატარებდა. საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ჩაჩუამ სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინა, კერძოდ, გვამებზე არსებული აშკარა დაზიანებები სრულყოფილად არ აღწერა, რის გამოც იგი 2014 წლის 20 მარტს დააკავეს.

სსსკ-ს თანახმად აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებმა ძაძამიამ და ხარშილაძემ გამოიყენეს მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მთავარი პროკურატურის განმარტებით კი, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურის მიერ საქმე სასამართლოში განსახილველად დროულად წარიმართა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესის დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება.

„ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დაწყებას მათი შერჩევის პროცედურა აჭიანურებს. როგორც სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 40 პროცენტი, რაც ძალზე მწირი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით საჭირო რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით არაერთი შერჩევის სხდომის ჩატარება, რაც დაკავშირებულია დროის დიდ დანახარჯებთან.

ძაძამიას და ხარშილაძის ბრალდების საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად ჯერ კიდევ 2014 წლის 17 სექტემბერს წარიმართა, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სამი თვე გავიდა, დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შერჩეულია მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული, მაშინ, როდესაც კიდევ ცამეტი მსაჯულია შესარჩევი. ხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე იწურება ცხრათვიანი საპატიმრო ვადა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ ძაძამიას მიმართ გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება გირაოს სახით“, - ასე ხსნის მთავარი პროკურატურა ძაძამიას განთავისუფლებას.

დღეის მდგომარეობით ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება 13 მსაჯულის შერჩევა, ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია. ცნობილია, რომ სწორედ ნაფიც მსაჯულების სრულად დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება ზურაბ ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა. გარდაცვილი პრემიერის ძმის განცხადებით, შანსი იმისა, რომ საქმე გამოიძიონ, არსებობს. საქმის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ამ საქმესთან დაკაშირებით დაკავებული პირები, პატიმრობიდან თავისუფლდებიან. თუ ძაძამიას და ხარშილაძის შემთხვევაში პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა შერჩევას ელოდება, გირაოთი განთავისუფლებული ლევან ჩაჩუას შემთხვევაში ცნობილია, რომ გათავისუფლებამდე ზუსტად ერთ თვეში პატიმრობის ვადა ეწურებოდა.

გამოძიების დასრულებამდე საქმეზე კომენტარს არ აკეთებს გოგლა ჟვანია, თუმცა, თვლის, რომ ძაძამიას პატიმრობიდან გათავისუფლება პროკურატურის ბრალი ნაკლებად არის და ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის.

„გამოძიების პროცესი დასრულებული არ არის. შესაბამისად, საქმის გარშემო დეტალური კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ძაძამიას, ამაზე ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძაძამიას პატიმრობიდან გათავისუფლება პროკურატურის ბრალი ნაკლებად არის, რამდენადაც ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დაცვის მხარემ მოითხოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ეს პროცესი არის გაჭიანურებული, წინასწარი პატიმრობის ვადა ამოწურულია და ძაძამია გათავისუფლდა. ჩვენს კანონმდებლობაში არის გარკვეული ხრიკები, რომელიც იყენებენ ის ადამიაიანები, რომლებიც დაინტერესებული არ არიან ამ საქმის გამოძიებით, მაგრამ ეს ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის“, - აცხადებს გოგლა ჟვანია.