ახალი გზავნილები აშშ-დან და კონკრეტული დახმარების ფორმები

ახალი გზავნილები აშშ-დან და კონკრეტული დახმარების ფორმები

კონგრესმა კიდევ ერთი ხმაურიანი კანონპროექტი მიიღო. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ერთსულოვნად, თუმცა გარკვეული ცვლილებებით მიიღო კანონპროექტი „უკრაინის მხარდამჭერი აქტი - 2014“, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გადაეგზავნა. კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებული კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ასევე უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, მაგრამ არ მოითხოვს, უკრაინისთვის ლეტალური იარაღით დახმარებას. 

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი უკრაინისთვის ენერგომომარაგების ხელშესაწყობად 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს, რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად კი 20 მილიონ დოლარს სამი წლის განმავლობაში. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ დამატებით 10 მილიონი დოლარი გამოიყოს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის გასააქტიურებლად რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით.

ამასთან, როგორც ცნობილია, 18 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი „უკრაინის მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს სენატმა გასულ კვირას დაუჭირა მხარი. კონგრესის ორივე პალატის მიერ ცვლილებებით მიღებული კანონპროექტი ძალაში მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ხელმოწერის შედეგად შევა. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის ავტორები ამერიკელი სენატორები რობერტ მენდესი და ბობ კორკერი არიან. 

აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთ ხმაურიან კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ, კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ეს კანონპროექტი განსაკუთრებული იმედგაცრუების განწყობის შექმნის საფუძველს არ ქმნის.

ლექსი პეტრიაშვილის შეფასებით, უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის, მთელი რიგი მიმართულებებით, კონკრეტული მხარდაჭერის გაწევას ითვალისწინებს.
პეტრიაშვილის განცხადებით, ეს გულისხმობს უკრაინისთვის დახმარებას ენერგოსექტორში და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში მხარდაჭერას.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად დამატებითი თანხების გამოყოფა ამ სამ ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აუცილებლად ერთ კონტექსტში უნდა იყოს განხილული, შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილი ბიუჯეტი, სადაც პირდაპირ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემის თაობაზე“, - ამბობს პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც დამატებითი თანხები გამოიყოფა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე.

„მე ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული გზავნილები და კონკრეტული დახმარების ფორმები არის გამოხატული შეერთებული შტატების მხრიდან. უმნიშვნელოვანესია, რომ ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ამიტომ ეს, კონკრეტული ნაბიჯები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუბრები იმის თაობაზე, მოგვანიჭებდნენ თუ არა მთავარი მოკავშირის სტატუსს“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე თავიდანვე დააფიქსირა, რომ ამგვარი სტატუსის მინიჭებაზე ჯერ საუბარი ვერ იქნებოდა, შესაბამისად, მოლოდინიც არ ყოფილა.

„ამიტომაც აქ რაღაც განსაკუთრებული იმედგაცრუების განწყობის შექმნის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამის განსაკუთრებული მოლოდინი არ იყო არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ჩვენს სამ ქვეყანაში. ბუნებრივია, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა აშშ იყოს კიდევ უფრო ძლიერი მხარდამჭერი დაჩქარებული წესით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და რაც ყველაზე მთავარია, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უნდა დაჩქარდეს მოლაპარაკებები კონკრეტული საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ალექსი ეტრიაშვილ.

კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის ფონზე, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები კონკრეტული საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით, ეს ამ დრომდე უცნობია. საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ კონგრესის გადაწტვეტილებაში არის პოზიტიური ნაბიჯები. შარაშენიძე იმედი აქვს, რომ იმ ფონზე, როდესაც შიდა პოლიტიკის გამო ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობის გაფუჭება ხდება, ეს იმოქმედებს სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

„ამ ეტაპზე ეს განცხადება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაძლებელია იყოს გადამწყვეტი. აქამდე გერმანია თავს იკავებდა, რუსეთის პოზიციის გამო. ახლა უკვე გერმანიას ყველანაირი იმედები გაუცრუვდა რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ შეეცდება საქართველო დაიცვას.

რაც უნდა ბევრი ლაპარაკი იყოს, რომ ამერიკამ მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ნატოში გაწევრიანების გარეშე, ხელშესახებ დახმარებას ჩვენ მაინც ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ამერიკა ამ ეტაზე მზად არაა გააფორმოს ორმხრივი შეთანხმება, როგორიც აქვს იაპონიასთან. სამწუხაროდ, ასეთ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს ვერც ჩვენთან, ვერც მოლდოვასთან და ვერც უკრაინასთან. ამიტომაც, გამოსავალი არის ნატოში გაწევრიანება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრი შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტით შესაძლებელია ხელი შეეწყოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებს.

„აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი წარმოადგენდეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და არა პირიქით. ნატოს წევრობისთვის საქართველომ რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგას, თუნდაც ის, რომ გააძლიეროს თავისი დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზეა მითითება ამ კანონპროექტში და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. თავისთავად კარგია, რომ ამ კანონპროექტში ჩვენს წევრობაზე გაჩნდა ჩანაწერი და დღის წესრიგიდან არ მოიხსნა საქართველოს გაწევრიანების საკითხი.

ამერიკის მხარდაჭერა ამ პროცესების მიმართ ასევე ნათელია. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს იქნება პირობა კიდევ უფრო მაღალი დონის მოკავშირეობის საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, იქამდე კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. ჩვენი დემოკრატიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების კუთხით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე