ბოლნისის მუზეუმი საყდრისის ოქროს მაღაროს ნაცვლად

ბოლნისის მუზეუმი საყდრისის ოქროს მაღაროს ნაცვლად

საყდრისი–ყაჩაღიანის ობიექტის აფეთქების შემდეგ ხელისუფლება გამოსავლის პოვნაზე ფიქრობს. კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საზოგადოებას საყდრისთან დაკავშირებით არსაწორი ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხეს თვეების განმავლობაში დამაჯერებელი არგუმენეტების წარმოდგენა და საზოგადოებისთვის „სრული ინფორმაციის“ მიწოდება. დღეს, როცა საყდრისი უკვე აფეთქებულია, კულტურის სამინისტროსთვის აქტუალური საყდრისში ოქროს მოპოვების თემატიკაზე მაღალი დონის მუზეუმის მოწყობაა.

For. ge კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.

ბატონო ნიკოლოზ, რატომ გახდა აუცილებელი, საყდრისში სამუშაობის გაგრძელების შესახებარემჯისთვისთანხმობა სააპელაციო სასამართლოში წარმოებული პროცესის დასრულებამდე, ერთგვარად დაჩქარებულად მიეცა მთავრობას და სამინისტროს ბრძანებაც დაუყოვნებლივ აღსრულებულიყო?

– განვმარტავ, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა ამ ბრძანების გამოცემას ხელს არ უშლიდა. სასამართლო პროცესი სხვა კუთხით მიმდინარეობს. დავა არის იმის შესახებ, მართებული იყო თუ არა 2013 წელს კულტურის მინისტრის, ბატონ გურამ ოდიშარიას მიერ გამოცემული ბრძანება. ბრძანება კი გასაჩივრებული იმიტომ იყო, რომ იგი არ შეეკითხა კომპეტენტურ კომისიას და ისე მიიღო გადაწყვეტილებაო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სასამართლომ გააუქმა ბატონი გურამის ბრძანება და დაევალა სამინისტროს საკითხი ახლიდან განეხილა – კანონმდებლობის შესაბამისად.

ამიტომ, მე კანონიერ ძალაში არშესული დოკუმენტი ავამოქმედე და კანონიერად განვახორციელე ამ საკითხის განხილვა. რაც შეეხება იმას, რატომ გაკეთდა ეს 12 დეკემბერს და არა მანამდე – მოგვმართა კომპანიამ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაიმართა მრავალჯერადი შეხვედრები და პოზიციების შეჯერების შემდეგ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. იმსჯელა საბჭომ, მაშინვე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება და შედგა დოკუმენტაცია. ამიტომ, მე ვერ ვხვდები კითხვის აზრს, თუ რატომ არის პრობლემა ის, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 12 დეკემბერს. 14-ში ან 10-ში რომ ყოფილიყო, რამე შეიცვლებოდა?

პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, არ ჯობდა, თუნდაც, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გემსჯელათ?

– სააგენტო ყოველთვის ღია იყო საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის. არასდროს ყოფილა რამე საკითხი დამალული. მაგრამ, ადამიანებს, რომლებიც დღეს ოპონენტებად გამოდიან, შევახსენებ, რომ ქალბატონი მარინე მიზანდარი როდესაც მინისტრის მოადგილე იყო, თავად მონაწილეობდა ძეგლის სტატუსის მოხსნაში, მერე გამოვიდა და პროტესტს აცხადებდა. ბატონი ირაკლი მამალაძე უაპელაციო ბრალდებებს მიყენებს თქვენი გამოცემის მეშვეობით. ვერ ვხვდები მათი დაინტერესების მიზეზს. რომ ყოფილიყო ობიექტური მსჯელობა, ობიექტური განხილვა, კიდევ გავიგებდით მათ პოზიციას. ესენი იყვნენ განწყობილები აჟიოტაჟისთვის. მე ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟში არ აჰყვება მათ ქართველი საზოგადოება.

კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ განზრახული გვაქვს მუზეუმის შექმნა. მერწმუნეთ, ისეთი მუზეუმი მოეწყობა იქ, რომ უკეთესად წარმოაჩენს საყდრისს, ვიდრე ობიექტი, რომელიც თავისთავად ინგრეოდა და რომელსაც შემდგომში პერსპექტივა არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა აქტივისტს, ძეგლთა დაცვაში საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს, მათთან გამკლავება ჩვენ, სახელმწიფოს გვიწევს. არ მახსოვს, მსგავს საკითხებში ყოფილიყვნენ ეს ადამიანები ჩართული.

ერთ მაგალითსაც გეტყვით, ვარძიის რესტავრაციის უნიკალური პროექტი დავიწყეთ, რომლის ანალოგი ისტორიაში არ არსებობს. ერთ-ერთი აქტივისტი სოციალურ ქსელში აი, რას წერს ამაზე: „ჰო, ჰო გააკეთეთ, რომ რუსებს ჩააბაროთ“. ამ ლოგიკაზე არის დაფუძნებული ეს ყველაფერი. ცოტა არ იყოს, მიჭირს ასეთ ადამიანებთან საუბარი. სხვა მხრივ, მზად ვარ გავესაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ლეგიტიმურად აქვს კითხვები და არ იქნება გადმოსული პიროვნულ შეურაცხყოფაზე. ვიმსჯელოთ ამ თემაზე და ავწონ-დავწონოთ, მართებული იყო თუ არა სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ჩვენი სააგენტოს გადაწყვეტილება.

კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ტიპის მუზეუმზეა საუბარი და რამდენად იქნება ეს საყდრისის ოქროს მაღარო კომპენსაცია?

- ეს იქნება მუზეუმი, სადაც ყველაზე კარგად იქნება წარმოჩენილი საყდრისის ობიექტი - თუ რა აღმოჩენები იყო და რას წარმოადგენს კულტურული ობიექტი. მაგრამ, ეს არ იქნება მარტო ნივთების საგამოფენო სივრცე. ეს იქნება მოდელირება იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ოქროს მოპოვების მიზნით მოწყობილი გვირაბები. რეალურად დღეს იქ არსებულ გვირაბებში ვერაფერს გააკეთებდი და ვერც ტურისტებს მიიყვანდი, რადგან, შეიძლებოდა ჩამოქცეულიყო. მუზეუმში კი სრული ექსპოზიცია იქნება მოწყობილი. იქ შეიძლება, გააცოცხლო სიტუაცია, როგორი იქნებოდა წარმოება, როგორი იყო გარემო ლანდშაფტი და დასახლება... ამ ყველაფრის კონცეფციაზე ეროვნული მუზეუმი იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი ჩვენი ქვეყნისთვის. მუზეუმი მოეწყობა ბოლნისში.

ბატონო ნიკოლოზ, საინტერესოა თქვენი პოზიცია საპატრიარქოს აცრ კრიტიკაზე. საპატრიარქომ საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, პატრიაქრმა კი საკუთარ გამოსვლაში მთავრობას მოუწოდა, დასაჯონ პირები, რომლებიც საყდრისის აფეთქებაში რამე ფორმით მონაწილეობდნენ.

- აფეთქების თანხმობა არ გაგვიცია და აფეთქება თუ რატომ მოხდა, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ გავეცით არქეოლოგიური ძეგლის აღების თანხმობა. უწმინდესის მიმართ უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ, რომ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უკანონობა უნდა იყოს დასჯადი. რაც შეეხება საყდრისის თემას, ვფიქრობ, არ იყო ჯეროვნად მიწოდებული ინფორმაცია და ეს არის ჩევენი ბრალეულობა. ზოგადად კი, საყდრისის თემაზე ჩვენ მოვიქეცით სრულყოფილად - სამართლებრივად სწორად, შეფასების თვალსაზრისით და გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ასევე სწორად. ამიტომ, ვფიქრობ, როდესაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საპატრიარქოსთვის, რადიკალური განცხადება სხვა ტიპის განცხადებით შეიცვლება. 

ხომ არ გეგმავთ, პირდად ესაუბროთ პატრიარქს ამ საკითხზე

- მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უკვე განაცხადა, რომ აპირებს უწმინდესთან შეხვედრას. მოხარული ვიქნები, თუ ამ პროცესში მეც ვიქნები ჩართული, რადგან ჩვენ, სააგენტო, ვიყავით ამ გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მხარე.