„ასეთი სამთავრობო ცვლილებები ჩვენი პოლიტიკური სინამდვილისთვის სიახლეა, რადგან ადრე თუ ხდებოდა შეცვლა, ეს იყო ძირითადად პირველი პირების დონეზე, რომელსაც მერე, თანდათან, მოსდევდა მასთან დაქვემდებარებული პირების ჩანაცვლება და ითვლებოდა, რომ ახალი კაცი მოვიდა თავისი გუნდით - ასე აღიქმებოდა, თორემ პროფესიონალური თვალსაზრისით, მაინც და მაინც, გამორჩეული გუნდი არ იყო“,- ასე აფასებს ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე ახალი ხელისუფლების სამთავრობო წმენდას, რომელიც for.ge-ს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე : დღეს შეიცვალა ხელისუფლების მეორე ეშელონი ისე, რომ პირველი ეშელონი ხელუხლებელი დარჩა - ეს არის სიახლე და საკმაოდ საინტერესოც. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მეორე ეშელონში საქმეები ცუდად კეთდებოდა, ან ისინი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევდნენ თავს.
პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და იცვლება დამოკიდებულებაც ხელისუფლებისადმი. დღეს ხელისუფლებისადმი გაცილებით კრიტიკული დამოკიდებულებაა, ვიდრე ერთი წლის წინ. ამას დაემატა ლარის კურსის რყევაც და დადგა საკითხი, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება რაღაცით უნდა გადაფარულიყო, ხოლო გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, ამ განწყობას უნდა შეწირვოდა.
გათავისუფლებული ადამიანების უმრავლესობა, როგორც ამბობენ, დაკავშირებული იყო პირდაპირ პრემიერთან, თუ მის კლანთან, ან სანათესავო ჯგუფთან, ეს ბუნებრივია, ვერ იქნებოდა შემთხვევითი, მაგრამ თუ განწყობიდან გამოვალთ, საზოგადოებაში მაინც ნეგატიური დამოკიდებულება იყო, ყოველ შემთხვევაში, ფონი შეიქმნა, რომ პრემიერი თავის ნათესავებს ასაქმებს და ნეპოტისტური კუთხით ვითარდება მოვლენები.
როგორც ჩანს, მისი იმიჯი რომ გამოკეთებულიყო, მოხდა ასეთი ცვლილებები, თუმცა არ მგონია, რომ თავად პრემიერი ყოფილიყო ინიციატორი ამ ცვლილებებისა. ან, უფრო რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ პრემიერი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ეს განხორციელდა ყოფილი და დღევანდელი პრემიერების შეთანხმებით და, რა თქმა უნდა, წამყვანი ყოფილი პრემიერი იქნებოდა ამ საკითხებში.
პირველი პირები რომ შეეცვლათ, ხომ არ მივიდოდა საქმე სამთავრობო კრიზისამდე და ხომ არ დადგებოდა დღის წესრიგში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი? ეს ხომ არ აირიდეს ასეთი ნაბიჯით?
- როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ საზოგადოების დასამშვიდებლად ანუ ნეგატიური პროცესის შესაჩერებლად საკმარისი იქნებოდა ის ცვლილებები, რაც განხორციელდა.
თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს გავიხსენებთ, მას შემდეგ, რაც პრემიერი გახდა ღარიბაშვილი, ძირითადი სამიზნე ყოველთვის იყო ჯანყარაშვილი, მის ურთიერთობებზე, მის ბიზნესინტერესებზე ლაპარაკობდნენ. ასევე - შს მინისტრის მოადგილეზე, დანარჩენი იყო ეკონომიკური გუნდი.
როგორც ჩანს, რაღაც კავშირები მათ შორის იყო და ეს ხალხი ამას გადაჰყვა. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ რაკი პერსონალურად მათზე იყო მედიაში პედალირება, ამ ეტაპზე ეს იქნებოდა საკმარისი. არ გამოვრიცხავ, სახელისუფლებო სტრუქტურებშიც დაიწყოს ცვლილებები, მაგრამ ეს გაზაფხულზე უფროა მოსალოდნელი, ვიდრე დღეს.
არ მგონია, მთავრობის ნდობის საკითხს მორიდებოდნენ, „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა გააჩნია პარლამენტში, ასე რომ, ახალი მთავრობის დამტკიცება თუ დასჭირდებოდათ, ჯერჯერობით, ამისი პრობლემა არ აქვთ.
თუ საზოგადოებაში ისევ გაძლიერდება კრიტიკული დამოკიდებულება „ქართული ოცნებისადმი“ და ველოდები, რომ ეს სადღაც გაზაფხულზე აუცილებლად იქნება (შესაძლოა, მანამდეც, გააჩნია, პოლიტიკური პროცესი რა სისწრაფით წავა), მაშინ პირველი პირების დონეზეც მოხდება ჩანაცვლებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ცვლილებების რეალური მიზეზი გახდა შეფერხება ეკონომიკაში, კერძოდ, ტენდერების საქმე. ამასობაში, ლარიც „გაექცათ“, რას ფიქრობთ, ივანიშვილი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა? თუ უბრალოდ, თვალყურს ადევნებდა საქმე სადამდე მივიდოდა?
- ცოტა რთულია ასეთი დიაგნოზის დასმა, მაგრამ გამომდინარე იმ სამწლიანი გამოცდილებიდან, რაც ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მგონია, რომ ივანიშვილი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც ჩქარ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ის ელოდება პროცესის მომწიფებას, მოკლედ, ურჩევნია, ვაშლი ჩამოვარდნილი აიღოს, ვიდრე გაწვალდეს და ხეზე მოკრიფოს.
დაელოდო, პროცესი ბოლო წერტილამდე მივიდეს, ამას საკმაოდ მტკიცე ხასიათი სჭირდება და ასე მარტივიც არ არის. ვფიქრობ, საქმის კურსში იქნებოდა, მაგრამ დაელოდა პროცესის განვითარებას და როდესაც კულმინაციას მიაღწია (ლარის კურსის ცვალებადობა), მაშინ გადაწყვიტა გარკვეული ზომების მიღება.
თუმცა ის არ წავიდა უფრო რადიკალურ ნაბიჯზე, დატოვა დიაპაზონი იმისა, რომ თუ ამ გადაადგილებებმა ვერ შეაჩერა პროცესი, დამატებით მიიღოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება.
წარმოიდგინეთ, პირველი პირების დონეზე რომ მოეხდინა ცვლილებები და 4-5 თვის შემდეგ კრიზისი კიდევ უფრო გამწვავებულიყო, პოლიტიკური სვლის გაკეთების შანსი ნაკლები ექნებოდა, რომ ეს კრიზისი საზოგადოების თვალში გადაეფარა. მე ამ პროცესს ასე ვუყურებ და ვთვლი, რომ საკმაოდ სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. ოღონდ ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ მყარი ნერვული სისტემა სჭირდება.
ანუ გადაარჩინა საკუთარი ნდობა საზოგადოების თვალში და გაწირა მოქმედი პრემიერ-მინისტრის იმიჯი?
- გადაარჩინა ღარიბაშვილიც და საკუთარი ნდობაც. თუ ღარიბაშვილი თვლის, რომ თუკი მისი სანათესაო არ იქნება ხელისუფლებაში, ეს მისთვის დაღუპვაა, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ თუ პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, ღარიბაშვილმა შეინარჩუნა პოსტი, ის ისევ არის პრემიერი, ანუ პოლიტიკურად მას არაფერი დაუკარგავს.
ივანიშვილი მართალია, დარჩა ჩრდილში, მაგრამ საზოგადოებაში ყველა გადაწყვეტილება, ისევე, როგორც წარუმატებლობა, უნდა თუ არა, მის ავტორიტეტს მიეწერება. ამითი თავისი დადებითი რენომეც შეინარჩუნა მოსახლეობის თვალში.
პოლიტიკური პროცესი განახლდება თებერვალში და თუ ისევ ცუდად წავიდა პროცესები, მაშინ მას დარჩენილი აქვს სამარქაფო სვლა, გადააყენოს მთავრობა, ან მნიშვნელოვნად შეცვალოს ის და ისევ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნდობა მოსახლეობაში.
რამდენად არის შესაძლებელი, რომ სწორედ გაზაფხულზე საქმე რიგგარეშე არჩევნებამდეც მივიდეს?
- არ ვთვლი, რომ ეს დიდად მოსალოდნელია, თუმცა მგონია, რომ ეს გზა, დღეს რაღაც ჯგუფის შეცვლა, ხვალ - სხვა ჯგუფის, არის დროის გაწელვის და რაღაც დონეზე ნდობის შენარჩუნების საშუალება, რაც არაფერს მოიტანს, არ შეცვლის ქვეყანაში სიტუაციას. გასათვლელია როგორ და რანაირად, მაგრამ თუ ლაპარაკია ქვეყანაში რეალურ ცვლილებებზე, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი წლისთვის აუცილებელი იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
მოსახლეობაში ამ ორი წლის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა განწყობები. თუ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სურს ძალაუფლების შენერჩუნება, ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიოს და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ქვეყანას მოუტანს სტაბულირობას, მინიმუმ ორი წლით.
არის კიდევ ძალიან ბევრი პლუსები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპებით, ყოველგვარი გაყალბების გარეშე.
პოლიტიკური სპექტრი არ იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს პარლამენტში, არ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ალასანიაც გავიდა ოპოზიციაში, მაგრამ მგონია, რომ დროებით, იქნება უფრო ჭრელი პარლამენტი, მაგრამ უფრო მდგრადი - ვგულისხმობ პოლიტიკურ სიტუაციას.
ასეთ შემთხვევაში ნდობის ახალ მანდატს მიიღებს გუნდი, რომელმაც უნდა დაიწყოს რეფორმები, მაგრამ რეალური რეფორმები და არა ისეთი, როგორიც ამ ორ წელიწადში გატარდა.
როგორი კონფიგურაცია შეიძლება ვიხილოთ? პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ იქნებოდა თვისობრივად ახალი კოალიციები...
- ის გულისხმობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა პლატფორმაზე გადასვლას. არა მექანიკურ კავშრს, როგორც იყო დღემდე და რაც დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური კოალიციებისთვის. თვისობრივ განსხვავებაზეა საუბარი - როდესაც კოალიციის მმართველი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს. ისე კი არა, რომ სადღაც ვიღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და შემდეგ ეს კოალიციამ უნდა აიტაცოს. რეალურად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და როდესაც შემდეგ ამ გადაწყვეტილებებს თანხმდებიან, ეს არის საერთო პოზიცია.
ევროპული ტიპის კოალიციაზეა საუბარი - თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია, მე როგორ უნდა ავიღო მასზე პასუხისმგებლობა?!
როდესაც ვამბობ, რომ კოალიცია უნდა იყოს შენარჩუნებული, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რიგგარეშე არჩევნებისთვის. თუ ეს არ მოხდება, სიტუაცია ძალიან გართულდება როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებებით.
თავის დროზე ივანიშვილმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა. სიტუაცია საგარეო მიმართულებით - ჩვენდამი დამოკიდებულებას ვგულისხმობ - მაინც და მაინც არ შეცვლილა, ამიტომ, ეს ისევ გასათვალისწინებელი ფაქტორია და ძალიან მნიშვნელოვანი.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული და მგონია, რომ ეს არის ერთადერთი გზა, თორემ ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკური ძალა იქნება, მეორე თუ მესამე.
გარდა ამისა, საჭიროა უფრო მყარი უმრავლესობის შექმნა, რომელიც იქნება თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული. ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა მინისტრების პორტფელები გაინაწილონ, თანაბრად. ვგულისხმობ, გადაწყვეტილების მიღების პროცედურის შეიცვლას.
პლუს ამას, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაც იქნება განსაზღვრული და ისევ არ დავიწყებთ აქეთ-იქით სირბილს, თუკი გვეცოდინება, რა არის მთავარი ამ კოალიციისთვის, რეფორმები როგორი თანმიმდევრობით უნდა გატარდეს, მაშინ რიგგარეშე არჩევნებსაც და ქვეყანასაც მომავალი აქვს. თუ ეს ყველაფერი არ არის გააზრებული და ჩამოყალიბებული, მაშინ ვადამდელ არჩევნებსაც აზრი არ ექნება.
სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით იმ ჭაობში, რომელსაც 2012 წლამდე ივანიშვილმა მოახერხა და თავი აარიდა. ახლა უკვე ისევ იმ პოლიტიკურ ჭაობში აღმოვჩნდით, სადაც იყო ყოფილი ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი. ისევ ჭაობიდან ამოსვლაა საჭირო და ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.
უნდა გავცდეთ პარტიულ კუთვნილებებს და შევძლოთ ყველანაირი ინტელექტუალური ძალის მობილიზება. ახალი არჩევნების ერთ-ერთი მიზანი ესეც უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ განებივრებული საკადრო რესურსებით, ამიტომ ეს მწირი პოტენციალი შესალებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
რა გუნდი შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში იმისათვის, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესები იყოს ჯანსაღი? თუ იგივე ხალხი მიიღებს ხელახალ ნდობის მანდატს რა შეიცვლება?
- ორ ნაწილად გავყოფდი პასუხს. პირველი, ეს არის რეალური სამოქმედი პროგრამის ჩამოყალიბება. აქ ლაპარაკი არ არის ადამიანებზე, ადამიანები იქცევიან ისე, როგორ რეჟიმშიც ხვდებიან - შესაცვლელი არის რეჟიმი.
რაც არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იყო ის, რომ არ გაატარა პოლიტიკური რეფორმები. ჩვენ ვცხოვრობთ იგივე სისტემაში, რა სისტემაშიც ვცხოვრობდით სააკაშვილის დროს. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ასე არ არის? რაიმე შეიცვალა?
ადამიანის უფლებები რომ აღარ ირღვევა იმ სიხშირითა და მასშტაბით, როგორც სააკაშვილის დროს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართვის სიტემა შევცვალეთ. უბრალოდ, მოვიდა ხელისუფლება, რომელიც უფრო ლმობიერია, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება.
ეს ხელისუფლება არ ყვირის ნულოვან ტოლერანტობაზე, მაგრამ სხვა მხრივ სტრტუქტურები დაცულია? ძალიან კარგი მაგალითია მოსმენების თემა. თუ ამას გამოვიყენებთ როგორც ლაკმუსს, ნახეთ რა ხდება - ჩვენ არ მოვუსმენთო ამბობს დღევანდელი ხელისუფლება, ის კი არა, რომ ეს აპარატურა გაიტანეთო. პერსონალური ცვლილებებიც აუცილებელია, ამიტომ ვთქვი რესურსი მწირია და მისი მაქსიმალურად გამოყენებაა-მეთქი აუცილებელი, მაგრამ ეს რესურსი როგორც არ უნდა გამოვიყენოთ, თუ მას შესაბამის გარემოს არ შევუქმნით, ანუ თუ ქვეყანაში არ წავა დემოკრატიული სტრუქტურების მშენებლობა, კომპეტენციების გამიჯვნა და ა.შ. ყოველთვის გამოჩნდება ძალა, რომელიც დაიწყებს ლაპარაკს, რომ ტენდერებში რომელიღაც კლანმა ჩაუყო ხელი.
თუ დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება, სისტემა თვითონ განდევნის უვარგის კადრებს - ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში მოხდება.
ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში რომელი პოლიტიკური პარტია როგორ პოზიციაში აღმოჩნდება? ვინ იქნება მოგებული ვინ - წაგებული? პროდასავლურ ძალებს რა შანსი რჩებათ?
- თუ მომავალ წელს ჩატარდება არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეძლებენ კოალიციის შენარჩუნებასაც და გაძლიერებასაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსით. მგონია, დემოკრატიულ არჩევნებს ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს.
რაც შეეხება პროდასავლურ ძალებს, უკვე ვთქვი, ისეთი კონფიგურაცია უნდა შეიქმნას, რომელიც მისაღები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. თუ ერთიანად ვხედავთ ქვეყნის განვითარებას და ევროინტეგრაციას, მაშინ ეს ასე უნდა იყოს. თუ ვინმე სხვაგვარად ხედავს - ეს სხვა საქმეა.
როგორც დღეს არის აფიშირებული მმართველი ძალის მიერ, და არ მაქვს საფუძველი, ჯერჯერობით მათ განცხადებებში ეჭვი შევიტანო, მაშინ, ბუნებრივად ვთვლი, რომ კოალიცია თუ შეიქმნება, ის უნდა იყოს მკაფიოდ პროდასავლური. თუ ვაპირებთ ნორმალური და წესიერი ქვეყნის აშენებას, ეს ევროინტეგრაციაა. სხვაგან ნორმალური სახელმწიფოები არც მეგულება და ვერც ვხედავ.
რა და როგორ გადაჯგუფდება ეს სხვა საკითხია. „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს რაც შეეხება, ივანიშვილი დიდი ალბათობით ისევ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. მაგრამ არა ერთი წლით, არამედ ერთი ციკლი უნდა ჩაატაროს - ერთი ოთხწლიანი პერიოდი, თავად იყოს პრემიერი - ჩრდილიდან გამოვიდეს და პოლიტიკური პროცესები წარმართოს.
მესმის, რომ ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული, პიროვნულთანაც და ისიც კარგად მესმის, რომ არ შეიძლება ადამიანს თუ ნორმალური ხარ, ქვეყნის პირველი პირობა გინდოდეს, მაგრამ ეს არჩევანი მან უკვე გააკეთა 2011 წელს და არ მგონია, ასე მარტივად იყოს საქმე.
მისი პრინციპი ეს არის - ან უნდა გაიტანოს ლელო, ან უნდა შეეგუოს, რომ მისი მოღვაწეობა პოლიტიკაში დასრულდება კრახით.
ამ ყველაფრის გათვალისწინენით იმასაც კი ვფიქრობ, რომ კოალიციაში შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატებიც“ კი დაბრუნდნენ - სხვა ფორმატი თუ იარსებებს კოალიციის, ამასაც არ გამოვრიცხავ. ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა დიდი შანსი, რომ მიიღებდა უმრავლესობას.
ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, შანსი აქვს ოპოზიციიდან მოხვდეს ბურჯანაძე და ინაშვილ-თარხან-მოურავის გუნდი, ალბათ, ისინი გადალახავენ ბარიერს. შეიძლება გადალახონ სხვებმაც, მაგრამ პრობლემად არ მიმაჩნია ჭრელი ოპოზიცია - ძალიანაც კარგი იქნება.
ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარლამენტი იქნება რეალურად ამსახველი იმ პოლიტიკური განწყობებისა, რაც არის საზოგადოებაში. ეს არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში შენრჩუნებული იქნება პოლიტიკური სტაბილურობა.
თქვენ თქვით, რომ ერთადერთი გზა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ვადამდელი არჩევნებია. წინააღმდეგ შემთხვევაში რა არის მოსალოდნელი?
- დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს რეფორმების გატარება, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებას ვგულისხმობ, მას უბრალოდ, დრო არ ეყოფა. თუ მას სურს, რომ ეს გააკეთოს, საჭიროა ნდობის ახალი მანდატი.
თუ ეს არ გაკეთდება და იმ გზით წავალთ, რაც ეს ორი წელიწადი, სიტუაცია ძალიან დამძიმდება.
საქართველოში ახალ ხელისუფლებას სულ 2-3 წლიანი ნდობის მანდატი აქვს - შემდეგ კატასტროფები იწყება-ხოლმე - ეს მხოლოდ პროგნოზია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ქართულ პოლიტიკაში მეოთხედი საუკუნეა, ხდება.
მაინც მგონია, თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება 2016 წლისთვის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება შეინარჩუნოს ძალაუფლება და ძალიან გაჭირდება, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და სტაბილურ გარემოში. შეიძლება, ისევ აღმოვჩნდეთ იმ დაპირისპირბის ზღვარზე, სადაც ვიყავით 2012 წელს.
არანაკლები პოპულარობა და მხარდაჭერა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგრამ პრობლემები შეიქმნა 2007-ში და 2008-ში საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად გაყალბდა.
იმის იმედად ყოფნა, რომ ოპოზიციაში მიმზიდველი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ, გამოსავალი არ არის, 2011-შიც არ ეგონა ვინმეს, რომ მიმზიდველი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებოდნენ.
ასე რომ, საზოგადოება თუ წავიდა კრიზისული განვითარებით, კრიზისი აუცილებლად წარმოშობს ფიგურებს, რომელიც შესაძლოა მთლად მისაღები არ იყოს ან ვერ შეძლოს სტაბილურობის შენარჩუნება. ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.