ლარის „ინციდენტისა“ და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ეკონომიკის ზრდისა და განვითარების ტემპებმა საზოგადოება საგონებელში ჩააგდო - რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მივალთ თუ არა ეკონომიკურ კრიზისამდე, ან გამოსავალი არსებობს თუ არა ამ რთული მდგომარეობიდან. თემებზე, რაც საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს, FOR.GE ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს ესაუბრა.
ბატონო სანდრო, სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდსაც შეეხო, როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ე.წ. ტენდერების საქმის გაგრძელებაა?
- პრემიერის ეკონომიკური მრჩევლების გუნდის ცვლილებას ნამდვილად მივესალმები, რაღაც პერიოდში მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ამ გუნდთან და მათმა უნიათობამ განმაცვიფრა - ვერ აკეთებდნენ ვერაფერს. რაც ჩემი აზრით, მთავარია, ვერ უწინასწარმეტყველეს პრემიერ-მინისტრს, რა დაემართებოდა ლარს. მეჩვენება, რომ ეს იყო ბოლო წვეთი. ნორმალური ეკონომიკური პროგნოზი იქ არ კეთდებოდა და ვერ ურჩევდნენ პრემიერს, ეკონომიკური განვითარების როგორი სტრატეგია უნდა აერჩია ქვეყანას. ძირითად პრობლემებს ამაში ვხედავ და არა ტენდერებში.
ტენდერები სამინისტროების საქმეა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში, ფაქტობრივად, ერთი სამინისტროს გარდა, მინისტრის მოადგილე არ შეცვლილა, ეს ცვლილება შესაძლოა, ტენდერებით იყოს გამოწვეული - ნოდარ ჯავახიშვილს ვიცნობ, პროფესიონალია და მეჩვენება, რომ მისთვის ეს თანამდებობა ცოტა ნაკლებიც კია.
რაც შეეხება ეკონომიკას, თვლით, რომ შესაძლებელი იყო უფრო მეტი ეფექტის მიღება, ვიდრე დღეს გვაქვს?
- ვთვლი, რომ ეკონომიკაში უნდა ყოფილიყო ორნიშნა ზრდა. ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა, გუნდში რომ ყოფილიყო ერთნაირი მიდგომა, რომ შეცვლლიყო კანონები, მათ შორის, კანონი წიაღის შესახებ. რატომღაც მგონია, რომ გარემოსა და ეკონომიკის მინისტრებს არ ესმით ამ კანონის შეცვლის მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდებოდა სამთო სექტორი, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდაში დიდ წილს ასრულებს.
გამოდის, რომ რაღაც გუნდი აფეხებდა გარკვეულ პროექტებს?
- არ ვიცი, აფერხებდა თუ არა, მგონია, რომ უბრალოდ საკითხის მნიშვნელობა არ ესმით. პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.
იგივე მიზეზით მოხდა ლართან დაკავშირებული „გაუგებრობაც“?
- შარშან რა მიზეზით მოხდა?
ითქვა, რომ ხელოვნურად გაუფასურდა...
- მგონია, რომ წელსაც ხელოვნური იყო. ის მიზეზები, რაც პრემიერმა დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს - ნავთობზე ფასები რომ დაეცა, დოლარი გამყარდაო. კი, გამყარდა ევროსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენთან ლარის გაცვლითი კურსი შეიცვალა ევროსთან. აქ რაღაც შიდა პროცესები იყო და დაგვიანებით გაატარა ღონისძიებები ცენტრალურმა ბანკმა უნებლიედ, ან - მიზანმიმართულად.
იანვარში, დაახლოებით, 10%-ით უფრო ცუდი კურსი იქნება ლარისა, ვიდრე 2014 წლის იანვარში იყო დოლართან მიმართებაში. ნახეთ, როგორც კი მოუნდა ეროვნულ ბანკს, მაშინვე გაამყარა კურსი. მითუმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრი იძახის, მესამე კვარტალში 508 მლიონის ინვესტიცია შემოვიდა. თუკი ეს ქაღალდზე არ არის დაწერილი და რეალურად შემოვიდა, ფული ხომ დოლარში შემოვიდოდა? შეფარდება დოლარსა და ლარს შორის უნდა შეცვლილიყო, ლარზე მოთხოვნა უნდა გაზრდილიყო - ეს ფული ხომ უნდა დაიხარჯოს ქვეყანაში და დახარჯავენ ლარს და არა დოლარს. ასე რომ, ლარს დევალვაცია კი არ უნდა განეცადა, პირიქით, უნდა გამყარებულიყო. ეს რომ აშკარად ხელოვნურია და შიდა ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული, ჩემთვის აშკარაა.
შესაძლოა, ბიუჯეტის შევსების წყარო ყოფილიყო?
- თამაში ხშირად მიდის იმაზე, რომ ჩვენი საგარეო ვალი, ლარშია დაფიქსირებული და ლარში უნდა გადავიხადოთ ვალის მომსახურების პროცენტიც. როცა სუსტია ლარი, ნაკლებს ვიხდით - ეს ერთი. მეორე - შეიძლებოდა ყოფილიყო მოთხოვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რომ ლარი ცოტა დასუსტებულიყო. რეალური მიზეზი არ ვიცი, თუმცა ეს ყველაფერი რომ ქართულ ეკონომიკას არ გამოადგება, ჩემთვის ცხადია.
თქვენ თქვით ეკონომიკური გუნდი არაფერს აკეთებდაო, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს რომ ეკონომიკამ განვითარება დაიწყოს?
- მრეწველობა უნდა განვითარდეს. სოფლის მეურნეობას ხელს რომ ვუწყობთ, კარგია, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ეკონომიკური ზრდა, თუ არ ვითარდება მრეწველობა. იმით მიაღწია სომხეთმა ზრდას, რომ განავითარა სამთო მომპოვებელი მრეწველობა. ასე განვითარდა აზერბაიჯანი, ნავთობისა და გაზის სექტორით და ა.შ.
ჩვენ რა რესურსის გამოყენება შეგვიძლია?
- ძალიან ბევრი რაღაცის გამოყენება შეგვიძლია. ჩვენი არამადნიანი მინერალური რესურსები მსოფლიო მნიშვნელობისაა. მაგალითად, ავიღოთ ასკანის ბენტონიტური თიხის საბადო, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენ ეს საბადო მივეცით ბერძნულ კომპანიას, რომელსაც თავისი საბადოები აქვს პაროსის კუნძულზე. მათ ჩვენი საბადო გაყინეს, რომ კონკურენციაში არ შესულიყო ბერძნულ საბადოებთან.
თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომგებიანი საბადო. ასეთი საბადო საქართველოში არის - 39. თავის დროზე საქართველოში იყო 58 აგურის ქრხანა. ახლა დაბალი ხარისხის ბლოკს ვაწარმოებთ და სილიკატური აგური თურქეთიდან შემოგვაქვს. ადრე - გაგვქონდა, ახლა - შემოგვაქვს.
ოციოდე წლის წინ რიგები იდგა თურქეთის საბაჟოსთან და ათასგვარი ტექნიკა გაგვქონდა. ახლა ეს ტექნიკა შემოდის. ამ დროის მანძილზე თურქეთმა მოახერხა მრეწველობის ამ დარგის განვითარება, ჩვენ კი რაც გვქონდა, ისიც დავკარგეთ. საქართველოს მიკროძრავების ქარხანა ერთ-ერთი წამყვანი იყო მსოფლიოში. 68 ქვეყანაში მიდიოდა ჩვენი მიკროძრავები, ელმავლებს ვყიდდით...
ეს ყველაფერი განადგურებული დახვდა მარტო ამ კი არა, წინა ხელისუფლებასაც...
- ხომ გვაქვს თანადაფინანსების 6-მილიარდიანი ფონდი? - 700 მილიონს ვდებთ სოფლის მეურნეობაში, რაც არარენტაბელური იქნება. პირველი, რაც უნდა გატარდეს სოფლის მეურნეობაში, ეს არის მიწის ნაკვეთების კონსოლიდაცია. კანონით, არ შეიძლება, სასოფლო-სამეურნეო საწარმო გააკეთო სასოფლო-სამეურნო მიწების ბაზაზე, რომლის ფართიც 40 ჰა-ზე ნაკლებია.
აღმოსავლეთ ევროპაში საფეიქრო მრეწველობა იყო წამყვანი. თბილისის №1 საფეიქრო ფაბრიკა მთელ საბჭოთა არმიას ამარაგებდა საბნებით, ახლა საბნები თურქეთიდან შემოგვაქვს. აბრეშუმი აღარ არის საქართველოში. არ შეიძლება მარტო ღვინოზე, მინერალურ წყალსა და ლუდზე კონცენტრირება.
ეს გუნდი როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში, წარმოების განვითარებისთვის დახმარების ათასგვარ პროექტს გვთავაზობდა, შეიქმნა ფონდები, მაგალითად, ხორციელდება პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. ანუ ეფექტი არ არის?
- სხვათა შორის, შევთავაზე რამდენიმე საინტერესო პროექტი, მაგრამ გაუვალი კედელია. თანადაფინანსების ფონდთანაც ძალიან ძნელია მუშაობა. ვთვლი, რომ არასწორი ორიენტირებია აღებული, არასწორად ვითარდება ჩვენი ეკონომიკა. არ გვაქვს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია.
თუ გინდა რაღაც მიზანს მიაღწიო, ეს მიზანი უნდა დასახო, როგორც ავტორბოლაშია, თუ გინდა გაიმარჯვო, უნდა იცოდე, ფინიში სად გაქვს. შემდეგ უნდა გააანალიზო გზა, რომელიც ფინიშამდე მიგიყვანს და ის ინსტრუმენტები, რომელიც ამ გზას გაგიადვილებს.
კერძო სექტორის გარდა სახელმწიფო პრიორიტეტებიც უნდა არსებობდეს. მაგალითს მოგიყვანთ, თურქეთმა გადაწყვიტა, რომ გახდეს ტურისტული ქვეყანა და მართლაც გახდა, რადგან იქ დოტაციაზეა ტურიზმი - ძალიან დაბალი ფასებია და მართლაც, მიიზიდეს ათობით მილიონი ტურისტი. თურქეთმა ჩათვალა, რომ საჭიროა, თხილის ბიზნესის განვითარება და დღეს მსოფლიოს თხილით თურქეთი ამარაგებს. იცით, რამხელა დოტაცია იყო? - ყოველწლიურად ერთი მილიარდი დოლარი.
ასე ვითარდება მრეწველობა, სახელმწიფომ მხოლოდ ხელი კი არ უნდა შეუწყოს, სულ მცირე, იაფი ფული უნდა გაიღოს კერძო სექტორში წამყვანი, სტრატეგიული დარგებისთვის.
ულტრალიბერალური ქვეყანა ვართ, ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა - აშშ. როცა ავტოინდუსტრიას გაუჭირდა, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო, „ფორდის“ „კრაისლერის“ და ა.შ. მანქანათმშენებელი ქარხნების დოტაცია. ეროვნულ მრეწველობას მთავრობა უნდა გაუფრთხილდეს.
როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილებები რაც განხორციელდა, რეალურად შეცვლის ეკონომიკურ მდგომარეობას?
- საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა. ყველაფერი იქიდან მოდის, რომ არ გვაქვს ნორმალური საარჩევნო სისტემა - რაღაც უცნაური, მაჟორიტარულ-პროპორციული კონგლომერატი გვაქვს. როდესაც პროპორციული წესით იმარჯვებ, ის ხალხი, რომელიც შენთან იყო, მერე უნდა დაასაქმო. ჩვენ თანამდებობებზე ხალხს ვარჩევთ არა პროფესიონალური, არამედ პოლიტიკური ნიშნით.
გადახედეთ ჩვენს მინისტრებს, თუნდაც მინისტრთა პირველ კაბინეტს, ყველა პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელსაც თავის საქმეში ძალიან პატარა გამოცდილება ჰქონდა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოში არსებული პროფესიონალების ისედაც მწირი რესურსი გამოვიყენოთ, თანამდებობაზე თანაპარტიელებს ვნიშნავთ, რომლებმაც არაფერი იციან.
უზარმაზარი შეცდომაა, როდესაც გგონია, რომ სახელმწიფო მართვა და კომპანიის მენეჯმენტი ერთი და იგივეა. არც თეორიულად და არც პრაქტიკულად, ეს ერთი და იგივე არ არის. ჩვენ გვყავს კომპანიის მენეჯერები და არა სახელმწიფო აზროვნების ადამიანები.
ანუ, ივანიშვილმა საქართველო კომპანიად აღიქვა და მინისტრებად მენეჯერები დაგვინიშნა?
- ეს შეცდომა პირველად მოუვიდა ჩემს მეგობარ ზურაბ ჟვანიას, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს, როგორც შპს. ყველა მთავრობას, რომელიც შემდეგ მოდიოდა, იგივე შეცდომა ემართებოდა. ვინ ინიშნებოდნენ სააკაშვილის დროს მინისტრებად? თან, მაშინ, ბუშის გადმოგდებულ დოტაციაზე ვიყავით და ყოველწლიურად აშშ მილიარდ დოლარს გვაძლევდა, ამით ვცხოვრობდით. რაც იყო შემორჩენილი, ყველაფერი იმ დროს მოისპო და ახლა ამ ყველაფერს აღორძინება სჭირდება. მეჩვენება, რომ ძალიან ბევრმა არ იცის, რა უნდა გაკეთდეს.
მგონია, ყველაზე მეტი მაინც ენერგეტიკაში კეთდება, მაგრამ იქაც ისე არ მიდის საქმე, როგორც საჭიროა. უფრო სწრაფად არის საჭირო საქმის გაკეთება.
2016 წლამდე შევძლებთ, რაიმე ეკონომიკური შედეგი დავდოთ, თუნდაც ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად?
- თუ არ მოხდა რადიკალური ცვლილებები, 2016 წლამდეც ასეთივე ნელი ტემპით მივალთ. ვფიქრობ, მთავრობამ ნელ-ნელა გაკვეთილები უნდა ისწავლოს, დასკვნები გააკეთოს და მოხდეს რაღაც კარდინალური გადახალისება სამთავრობო გუნდისა. მეჩვენება, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტის მთლიანად შეცვლა, ან პრემიერის ნდობის ვოტუმის საკითხი დადგება.
მიზეზი ეკონომიკური პრობლემები გახდება?
- 5-6% ეკონომიკური ზრდა სახეზეა, მაგრამ არ ვვითარდებით ისეთი ტემპით, როგორიც საჭიროა. 2003 წელს საქართველოში მშპ-ს მოცულობა ყველაზე მაღალი იყო სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის. ახლა - ბოლო ადგილზე ვართ. ეს რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ როდესაც კრიზსიდან გამოსვლა გინდა, ანტიკრიზისული პროგრამა უნდა ჩართო. ჩვენ კი იმ ტემპით მივდივართ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ასე არ არის საქმე, სასწრაფოდ ანტიკრიზისული ღონისძიებები გვჭირდება. ეს შესაძლებელია დაახლოებით 4-5 წლიწადში.
მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, რა იგულისხმება ამ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში?
- ეკონომიკის განვითარებისთვის მრეწველობის განვითარებაა საჭირო, რასაც მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს; მრეწველობის ის დარგები უნდა განვითარდეს პრიორიტეტულად, რომელიც ადგილობრივ რესურსებზე იქნება დაფუძნებული; უნდა შეიმუშავო გეგმა რა პროდუქცის წარმოება იქნება მომგებიანი - 100 ათასი ლარი რომ გაიღოს სახელმწიფომ, მეზობელი ქვეყნების ბაზრების შესწავლას მოახერხებს. რა პროდუქციაზეც მაღალი მოთხოვნაა, უნდა შეეცადო, ძვირადღირებული პროდუქტი შედარებით იაფფასიანი ექსპორტით ჩაანაცვლო - ეს არის სამარკეტინგო პოლიტიკის ანბანი. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა და არა კერძო კომპანიების - ეს არის სამი ძირითადი თეზისი იმისათვის, რომ სწრაფად განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა.