შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბების, სახელმწიფო გადატრიალების, სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით, კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კვიციანი სამართალდამცავების მიერ, 2006 წლის ივლისის ბოლოდან იძებნებოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, თავის დროზე, კვიციანის ადგილსამყოფელის დასადგენად, 100 000 ლარიანი ჯილდოც კი დააწესა და პარალელურად, დაუსწრებლად, 18 წელი შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ კვიციანსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოქრუაშვილმა სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული ბატალიონი „მონადირე“ გააუქმა, რომელიც ხეობაში 1994 წლიდან არსებობდა და რომელსაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა.
ემზარ კვიციანმა, საკუთარ რაზმთან ერთად, დაუმორჩილებლობა გამოცხადა, რასაც ხეობაში სპეცოპერაცია მოჰყვა და, რომელსაც ერთი ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმედღიანი სპეცოპერაციის შემდეგ, სამართალდამცველებმა „მონადირის“ ძირითადი შემადგენლობა განაიარაღეს, ემზარ კვიციანმა თავი ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთს შეაფარა, ხოლო შემდეგ უკვე რუსეთში გადავიდა.
კვიციანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვეში, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც რუსეთში პასპორტში „დეპორტირებული“ ჩაურტყეს. 28 თებერვალს სამართალდამცავებმა კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააკავეს.
ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისში, პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები კვიციანის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ის საქართველოს სიყვარულისთვის ისჯებოდა.
„ემზარი არის საქართველოს პატრიოტი ადამიანი და საქართველოს იცავდა ყოველთვის. ის უნდა განთავისუფლდეს, რადგან მას საქართველოს წინაშე დანაშაული არ აქვს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დაკვეთა... სპეციალურად ჩაატარეს სასამართლო სამეგრელოში და მივიღეთ ის შედეგი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა“, - აცხადებდა ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი.
სასამრთლოს გადაწყვეტილებას თავად ბრალდებული ემზარ კვიციანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავების მიმართ, მისი მხრიდან სროლას ადგილი არ ჰქონია. მან ყოფილი ხელისუფლება კოდორის ხეობის ჩაბარებაში დაადანაშაულა და ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიაც წაუყენა:
„გაეროში იყო კაცი, ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბარებლად მოამზადა. ამის შემდეგ კი, საქართველოს 400 მილიონი ორ წელიწადში ჩამოაწერეს. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, რუსებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც“, - აცხადებდა ემზარ კვიციანი.
„მონადირე“ და „ქორები“
1994 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „სამშვიდობო ძალებს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, კოდორის ხეობაში „მონადირის“ გარდა, სხვა ფორმირება არასოდეს შეიქმნებოდა. ხელშეკრულება დავით თევზაძის მინისტრობის დროს დაიდო. ბატალიონში კაცებთან ერთად, ქალებიც იყვნენ გაერთიანებულნი. „მონადირე“ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ხეობის აფხაზური ჯარისგან დაცვის მიზნით შეიქმნა. სამხედრო ფორმირება „მონადირეს“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედიოდა, ხეობის მაშინდელი რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა. „მონადირე“ 2002 წელს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ოფიციალურად გადავიდა.
2005 წელს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც კოდორის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
მოგვიანებით, ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალური საქმიანობა დასდო ბრალად და აღნიშნა, რომ „კოდორის ხეობაში განხორციელდებოდა ანტიკრიმინალური ოპერაციები, რათა ხეობა გაწმენდილიყო იმ ბანდიტებისგან, რომლებიც იქ აფარებდნენ თავს“.
2006 წელს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა ჩატარდა, სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები: გიგა ბოკერია და გიორგი გაბაშვილი, ივლიანე ხაინდრავა, ფიქრია ჩიხრაძე და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია.
დაპირისპირება „მონადირის“ გამო
ხელისუფლება „მონადირის“ გაუქმებას მოითხოვდა, ვინაიდან თვლიდა, რომ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების არსებობა სახელმწიფოში წარმოუდგენელი იყო. ხელისუფლების გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ გააკრიტიკა. ალასანია მიიჩნევდა, რომ „მონადირის“ ამ ფორმით გაუქმება შეცდომა იყო - „მონადირე“ ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგებოდა, რომლებიც ზედმიწევნით იცნობდნენ ხეობას და შეეძლოთ მისი დაცვა. ალასანია ირწმუნებოდა, რომ მას „მონადირის“ წევრებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი მზად იყვნენ, აღრიცხულიყო მათი იარაღი და გადასულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოს დაქვემდებარებაში. რომელი იქნებოდა ეს ორგანო, ეს თავად ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა. ამ რაზმის დაშლა კი, ალასანიას რწმენით, კოდორის ხეობის, ფაქტობრივად, დაუცველად დატოვების ტოლფასი იქნებოდა.
ალასანიამ და ხელისუფლების მცირე ნაწილმა კომიტეტს პროექტი შესთავაზეს, რომლის თანახმად, „მონადირე“ უნდა შენარჩუნებულიყო, ხოლო ბატალიონის იმ წევრებს, რომელთაც სამართალთან გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, კანონის შესაბამისად, ქვედანაყოფი უნდა დაეტოვებინათ. ხეობის უსაფრთხოება კი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებულ ოფიციალურ ბატალიონს უნდა დაეცვა.
იყო თუ არა იმ პირთა შორის ემზარ კვიციანი, რომელსაც სამართალდამცავ სტრუქტურებთან პრობლემები ჰქონდა, აფხაზეთის ა-რ საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ტაბლიაშვილი ვერ იხსენებს. ტაბლიაშვილის განცხადებით, თუ კოდორის ხეობის უსაფრთხოებას პრიორიტეტულ საკითხა შორის წარმოვაჩენთ, უმჯობესი იყო ხეობა ადგილობრივებს დაეცვათ. ტაბლიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ასევე იხსენებს, რომ განსაკუთრებული აქცენტირება არ იყო გაკეთებული სახელ „მონადირეზე“ და ადგილობრივი მოსახელობაც კარგად ხვდებოდა, რომ სახელში არ იყო პრობლემა.
„იმ პერიოდში ქართული პოლიტიკურ ელიტაში იყო „ქორების ჯგუფი“, რომლის სათავეში იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ამ „ქორების ჯგუფის“ პარტია დაჟინებით ითხოვდა „მონადირის“ ლიკვიდაციას. სიტყვა-სიტვით ვიმეორებ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას: „სისულელეა კოდორის ხეობაში ბატალიონ „მონადირის“ შენარჩუნება“.
ამაზე, როგორც საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვუპასუხე: „ცდება ის, ვინც სისიულელეს უწოდებს კოდორის ხეობის უსაფრთხოებას“. ძალიან მნიშვლენოვანი იყო, რომ ადგილობრივებს დაეცვათ კოდორის ხეობა. ირაკლი ალასანიას პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ დანაყოფში ვერ მოხვდებოდნენ ის პირები, რომლებსაც პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან“, - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.
„ქორების ტრიუმფი“
დახურული სხდომის მონაწილე, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ადასტურებს, რომ ალასანია მაშინ, „მონადირის“ გაუქმების წინააღმდეგ გამოდიოდა.
„ბევრ სპეკულაციას ვხედავ, ცდილობენ, კვიციანთან დაკავშირებული ვექტორი ალასანიასკენ გადაისროლონ. მე ვიყავი ჩვენი ფრაქციდან იმ სხდომის მონაწილე, რომელიც შედგა მაშინდელ პარლამენტში და რომელზეც ამ საქმეს იხილავდნენ. ეს იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მე ირაკლი ალასანია პირველად ვნახე, როგორც თანამდებობის პირი. ის აფხაზეთის ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ და ძალიან არგუმენტირებულად იცავდა „მონადირის“ შენარჩუნებას.
ალასანიას პოზიცია იყო მყარი, რომ „მონადირე“ არის ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული და საჭირო იყო, სამართალდამცავი უწყების კონტროლქვეშ მოქცეულიყო. სხდომის შემდეგ მე შევხვდი ირაკლი ალასანიას და ვუთხარი, რომ ჩვენ მას ვუჭერდით მხარს და ამის შემდეგ ფრაქციის სახელით გავაკეთეთ „მონადირის“ მხარდასაჭერი განცხადება ირაკლი ალასანიას მოსაზრებებზე დაყრდნობით. მაშინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა უცნაური განზრახვები და სწორედ ეს არის გამოსაძიებელი. გამოსაძიებელია ირაკლი ოქრუაშვილის და შსს-ს ლაშქრობა კოდორის ხეობაში“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ალასანიას ოქრუაშვილთან უთანხმოება კოდორის ხეობის გამო ჰქონდა.
„დახურულ სხდომას არ ვესწრებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირება ალასანიას და ოქრუაშვილს შორის კოდორის თაობაზე დაიწყო. ზოგადად, ოქრუაშვილის გეგმები რომ ყოველთვის საეჭვო იყო კოდორთან მიმართებაში, ისევე როგორც ცხინვალთან მიმართებაში, ამას ბევრი დაადასტურებს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
იმ დროს, ბატალიონის ამ ფორმით გაუქმების წინააღმდეგ გამოდიოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას, მაშინ, არასამთავრობო სექტორიდან უწევდა. დღეს ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბატალიონ „მონადირეს“ ჰქონდა თავისი პლუსი და მინუსი.
„პლუსი იყო ის, რომ ხდებოდა რეგიონის გამაგრება და მოწინააღმდეგეს გარკვეული შიში ჰქონდა ამის მიმართ. მაგრამ, ნეგატივი იყო ძალიან ბევრი, მათ შორის ის, რომ ეს არ იყო მოქცეული კანონში. ამიტომ, საჭირო იყო ამ პრობლემის ისე მოგვარება, რომ იდეა შენარჩულებულიყო და მოქცეულიყო ერთიან საჯარისო სიტემაში. შევარდნაძის დროს მათ ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ მერე გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე, რაც თავისთავად არ იყო კარგი, მაგრამ ისე, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა ბატალიონი, არ იყო სწორი. ძალიან უხეში ფორმით მოხდა მისი გაუქმება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალასანიას გეგმამ კომიტეტის სხდომაზე მხრადაჭერა ვერ ჰპოვა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივას დაუჭირა.
for.ge-მ კითხვით მიმართა გივი თარგამაძეს რა არგუმენტი ჰქონდა მაშინ ხელისუფლებას, რომ „მონადირე“ გაუქმებულიყო, თუმცა გივი თარგამაძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა არქივში დღესაც ინახება თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და მაშინდელი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლის განცხადებები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კოდორის ხეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო არა ადგილობრივ შენაერთებს, არამედ ოფიციალურ საჯარისო ფორმირებებს.
ირაკლი ოქრუაშვილი: „ჩემს მიერ გაგდებული ზოგიერთი ადამიანი, თავშესაფარს პოულობს ეროვნული უშიშროების საბჭოში. ეს პროცესები, ჩემი ინფორმაციით, იმართება უშიშროების საბჭოდან. ეს შეეხებათ ვახტანგ კაპანაძეს და პაატა გაფრინდაშვილს. ალასანია რატომღაც აღმოჩნდა მათ გუნდში. სწორედ მათ უთხრეს ალასანიას, რა უნდა ეთქვა. „მონადირე“, რომელიც კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული აღარასოდეს აღსდგება. როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვთვლი, რომ კოდორის ხეობაში ჩასატარებელია ანტიკრიმინალური ოპერაცია და კოდორის ხეობა გასაწმენდია იმ ბანტიდებისგან, რომლებიც თავს აფარებენ იქ“.
ალასანიასა და ოქრუაშვილს შორის დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ 2006 წლის ივნისში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ალასანია გაეროში მიდის, ხოლო აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარედ მალხაზ აქიშბაია ინიშნება. 2006 წლის 27 ივლისს, კოდორის ხეობაში შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცდანიშნულების რაზმმა კვიციანის მომხრეების უმრავლესობა განაიარაღა, თავად ემზარ კვიციანმა რამდენიმე პირთან ერთად, თავი ოკუპირებულ ტერიტორიას შეაფარა.
ირაკლი ტაბლიაშვილი: „ყველს ის პირი, რომელიც დაინტერესებული იყო კოდორის ხეობის უსაფრთხოების შენარჩუნებით, მხარს უჭერდა გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღებას კოდორის ხეობაში. ბატონი კვიციანის განცხადება ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხზე, სულ მინიმუმ, ეს არის დროის გარემოების ცუდად შეფასება. კოდორში სპეცოპერაცია ჩატარდა ივლისში, ხოლო ალასანია თანამდებობიდან გადადგა ივნისში. მას შემდეგ, რაც ალასანია წავიდა თანამდებობიდან „ქორთა პარტიამ“ ეფექტურად განახორციელა თავისი გეგმა „მონადირის“ დაშლის თაობაზე.
ამ ჯგუფმა არა თუ არ განიხილა ბატალიონ „მონადირის“ კრიმინალური ელემენტებისგან განთავისუფლების საკითხი, არამედ, სპეცოპერაციის შედეგად დაშალა მთლიანად „მონადირე“ და ერთ ქვაბში მოაქცია ყველა ის პირი, ვინც ერთი მხრივ იყო კრიმინალი და ისინი, ვინც ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. ბუნებრივია, კრიმინალების წინააღმდეგ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ ჩაეტარებინა სპეცოპერაცია, მაგრამ არა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სულაც არ იყვნენ კრიმინალები, იყვნენ ბარტალიონის წევრები და იცავდნენ ხეობის უსაფრთხოებას“.
თავისთავად საინტერესოა, რატომ მოხდა ალასანიას დადანაშაულება სწორედ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენეს, ხოლო კვიციანს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სამომავლოდ, ალბათ, ბევრ რამეს აეხდება ფარდა, მაგრამ მანამდე აი რას ამბობს ნორა კვიციანი: „ირაკლი ალასანია ხეობაში შემოსული იყო, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. შეისწავლა ხეობა, მაშინ, უკვე, გაუქმებული იყო ბატალიონი, მაგრამ აღდგენაზე ჰქონდა ლაპარაკი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბატალიონი აღდგესო-ამბობდა. ამის მერე, ალასანია შეხვდა პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს, მაგრამ სწორედ, „მონადირე“ იყო საკითხი, რის გამოც ალასანია და ოქრუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როდესაც რწმუნებულის თანამდებობაც გაუქმდა და არც ბატალიონი იყო, ჩემმა ძმამ უთხრა ალასანიას: ხეობას აბარებთ თუ რა ხდებაო? შენ ხარ პასუხისმგებელი, რომ ხეობა არ დაიკარგებაო, რაზეც ალასანიამ უთხრა - კიო. აი, ამაზეა ჩემი ძმა ნაწყენი. დანარჩენი - ალასანია მთავრობას წინააღმდეგობას, რომ უწევდა და ბატალიონის აღდგენა უნდოდა, ეს ფაქტია“.
ნორა კვიციანს აინტერესებს, თუ ბატალიონის წევრები კრიმინალები იყვნენ, მაშინ, სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, ხეობაში იარაღი რატომ დარიგდა?
„თუ კრიმინალები ვიყავით, რატომ გამოგვიცხადა გიორგი ბარამიძემ მხარდაჭერა? რატომ გვიწოდა გმირები? გვითხრა, რომ თქვენს გვერდით დავდგებიო და ამის შემდეგ, ხეობა ივსება ტყვია-წამლით, თუ კრიმინალები ვიყავით, მაშინ, რატომ შეიზიდა ამდენი იარაღი ხეობაში?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნორა კვიციანი.
კონფლიქტების დარეგულირების საკითხეში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მაშინდელი ხელმძღვანელი, ლევან გერაძე თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ყველას ინტერესი, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც მაშინ იმ საკითხებით იყო დაკავებული, რასაც კოდორის ხეობის დაცვა ჰქვია.
„შეიძლება უფრო რბილადაც მომხდარიყო ამ საკითხის გადაწყვეტა. კოდორის ხეობაში ვიყავი დაკარგვის წინა პერიოდში, კმაყოფილი ვიყავი იმ მდგომარეობით რომელიც კოდორის ხეობაში დამხვდა, მაგრამ იგივე მდგომარეობის მიღწევა, ალბათ, შესაძლებელი იყოს სხვა ხერხებითაც. თუ გამოინახებოდა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც „მონადირის“ წევრები იყვნენ, სრულად დამორჩილებოდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და განეხორციელებინათ მათი მითითებები, ალბათ, „მონადირის“ გაუქმება არ იქნებოდა საჭირო“, - აცხადებს ლევან გერაძე.
გენერალი კობა კობალაძე თვლის, რომ ბატალიონის გაუქმება მიმართული იყო ქვეყნის სიძლიერის წინააღმდეგ. სტრუქტურულად „მონადირე“ არ იყო ისეთი მონსტრი, როგორც ეს მაშინ ხელისუფლებამ დახატა.
„ოქრუშავილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მედროშე. თავის დროზე, ოქრუაშვილმა ისიც თქვა, რომ ეს შენაერთი იყო თევზაძის, კობალაძის და კვიციანის პირადი გვარდია. აღმართეს კედელი, არავინ არ გადაახედეს იქით, გააკეთეს ის, რაც უნდოდათ. აფხაზეთის მთავრობის მაშინდელი შემადგენლობა, რომელიც მხარს არ უჭერდა ამ ფორმით ბატალიონის გაუქმებას, რეალურად და ჯანსაღად უყურებდა იმ ხიფათს, რა ხიფათიც რეალურად იქნებოდა ბატალიონის დაშლის შემდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა კობალაძე.
იმ დროისთვის, ბატალიონ „მონადირის“ გაუქმებას მხარს არ უჭერდა „რესპუბლიკური პარტია“, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ. სწორედ, „მონადირის“ დაშლაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა პარტია მაშინ დავით დარჩიაშვილმა. დღეს უკვე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი, კონკრეტული ორგანიზაცია კრიმინალური ქცევით გამოირჩევა, ბუნებრივია, ის უნდა გააუქმო. მისივე თქმით, თუკი, სახელმწიფო ხარ, შენი გავლენა მთელს ტერიტორიაზე უნდა განავრცო.
„ვიღაცა, სადღაც, მთებში იჯდეს, ილაპარაკოს პატრიოტიზმზე, მაგრამ მოიქცეს როგორც უნდა, ეს სახელმწიფო არაა. ეს ფეოდალიზმის ეპოქაა. კოდორის ხეობაში რომ უკანონობა სუფევდა და მერე მთელს სვანეთში გადმოდიოდა - ადამიანების გატაცება, ძაბვის მაღალი ხაზების დაცხრილვა - ეს ხომ ბავშვმაც იცის?! საჭირო იყო ამის განეიტრალება და მათ შორის გარდაუვალი იყო პოლიციური ოპერაციები.
მეორე მხრივ, დაჯგუფების იმდროინდელმა ხელმძღვანელმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ თავისი პოზიცია უნდა დაიცვას. დაახლოებით იგივე ფენომენი იყო ასლან აბაშიძე. მე როგორც მინდა ისე იქნება, - ეს არაა სწორი. ამ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა პატრიოტული სურვილები, გამბედავიც ყოფილიყო და 1993 წელს კონკრეტული გმირობა ჩაედინა, მაგრამ ეს არაა ინდულგენცია, რომ რაც გინდა, ის აკეთო. ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია კვიციანის შეფასებაში“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ბატალიონის გაუქმება დღესაც მართებულად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს, რომელიც მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო. მისი თქმით, კოდორის ხეობაში „მონადირის“ გაუქმების შემდეგ დადგა ის ძალა, რომელიც ექვემდებარებოდა ბრძანებებს არა ხათრით და მოლაპარაკებებით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
„ამოიღონ ჩანაწერები, რატომ მოხდა პოლიციური ოპერაცაიის ჩატარება კოდორის ხეობაში. მერე სად წავიდა კვიციანი და რომელი ქვეყნის ტელევიზიით ემუქრებოდა საქართველოს, ეს ყველამ ვნახეთ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. მე ემზარს კარგად ვიცნობდი, როგორც მებრძოლ ადამიანს, მაგრამ მერე რაც გააკეთა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
აბსოლუტურად მიუღებელია რაღაცის ნახევრად გაკეთება. ცივილიზებულ, დემოკრატულ ქვეყანაში, სადაც არის ნორმალური შეიარაღებული ძალები, იქ ნახევრად ფორმალური შეიარაღებული სტრუქტურის ადგილი არ არის. რატომ უნდა ყოფილიყო დაშვებული კომპრომისი „მონადირესთან“ დაკავშირებით, რა პრობლემა იყო, რომ ჩვეულებრივი სამხედრო ქვედანაყოფი ყოფილიყო იქ, რომელიც დაემორჩილებოდა სახელმწიფოს ბრძანებას?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ბარამიძე.
კრიმინალი თუ გმირი?
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ემზარ კვიციანის კოდორის ხეობაში ყოფნის პერიოდში პოლიციელების ხოცვა-ჟლეტვა მიმდინარეობდა. მისი თქმით, 2006 წელს პოლიციის შესვლა ხეობაში იმის გამო მოხდა, რომ ემზარ კვციანი და ბატალიონი „მონადირე“ მოსახლეობას ვერ იცავდა. ფირცხალავას განმარტებით, კვიციანის ხეობაში ყოფნის დროს მოხდა გაეროს რამდენიმე დელეგაციის გატაცებაც.
„გიზო წიფიანის დედას სახლს ცეცლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედამისი და ბიძამისი. ავტომატით შეიარაღებულმა ადამიანებმა გოჩა აფრასიძეს მოუკლეს ძმა. ბატალიონი „მონადირის“ წევრებმა შეუთვალეს აჭარის განყოფილებას, რომ მათ ხეობა დაეტოვებინათ. 1988 წელს პოლიციელი ბესარიონ მესხი დემონსტრაციულად მოკლეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ მთელი პოლიცია გამოიყვანეს და სცემეს. ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებულები შევიდნენ პოლიციის შენობაში და დაანგრიეს იქაურობა. მას მერე პოლიციას არ უფუნქციონირია კოდორის ხეობაში“, - აცხადებს ფირცხალავა.
მისივე თქმით, პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეულ უბანზე, დაემყარებინა წესრიგი და ჩაეტარებინა ანტიკრიმინალური ოპერაცია. ძებნილები და კრიმინალები კი, უნდა დაეკავებინათ.
„როცა ჩვენ კოდორში შევედით, ხეობაში ვერ ვნახეთ მათ მიერ ლიკვიდირებული მტერი, ან რუსი დივერსანტი, ან აფხაზი. თუ ეს ადამიანები მოსისხლე მტრები იყვნენ აფხაზების ან რუსების, ასე იცავდნენ ამ ხეობას, დღეს ბაჩო არღვლიანი იქ ცხოვრობს კოდორში, თავის სახლში, ემზარ კვიციანი არღვლიანთან ერთად, ჯერ სოხუმში იყო, მერე სოჭში და შემდეგ - მოსკოვში. ძალიან აქტიური ბიზნესპარტნიორობა ჰქონდათ ამ ოჯახსა და აფხაზებს ერთმანეთთან. ჰუმანიტარული ტვირთი აფხაზეთში ხეობიდან გადიოდა. ხე-ტყის ბიზნესი ერთად ჰქონდათ, ხოლო იქედან კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ. არავითარი მოსისხლე მტრობა კვიციანებსა და აფხაზებს შორის არ ყოფილა. თუ ვინმეს სისხლი მართებს ემზარ კვიციანს, მართებს ქართველების და არა აფხაზების და რუსების“, - აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.
მისივე თქმით, კვიციანის სახელი უკავშირდება რამდენიმე კრიმინალურ საქმე. ასევე, ყოფილი რწმუნებულის სახელი უკავშირდება 1990 წელს სოხუმის რაიონში, აჩადარაში მურმან სიგუას გახმაურებულ მკვლელობას. მურმან სიგუა ერთ-ერთი იყო, რომელიც აფხაზეთში ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, სწორედ მან ააშენა აჩადარაში 9 აპრილს დაღუპული ქართველების მემორიალი, რომელიც მაშინ ერთადერთი მემორიალი იყო მთელს საქართველოში. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ სიგუა ემზარ კვიციანმა და ირაკლი არღვლიანმა სოფელ აჩადარაში მოკლეს. მისი თქმით, ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სოხუმში იდო და რის გამოც, კვიციანი და არღვლიანი სასამართლოს მიერ იყვნენ ძებნილები.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის საქმეში გამომძიებლებმა მფრინავი იმედა მაისურაძე დაკითხეს, რომელიც კვიციანის უდანაშაულობას ადასტურებდა. მასალებიდან ირკვევა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა კვიციანის და მისი ოჯახის განადგურებას. ყოფილმა ხელისუფლებამ ქართველ მფრინავებს ქართული სოფლის მიწასთან გასწორების ბრძანება მიცსა. (http://www.for.ge/view.php?for_id=35165&cat=3.)
აი, რას ყვება ემზარ კვიციანის ადვოკატი რევაზ კახნიაური 2014 წლის 5 აგვისტოს For.ge-თვის მიცემულ ინტერვიუში.
„საქმის ირგვლივ ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე მფრინავმა იმედა მაისურაძემ განმარტა, რომ 2006 წლის ზაფხულში სენაკის სამხედრო ბაზაზე მიიღეს ბრძანება სოფელ ჩხალთაში დაედუღებინათ ყველაფერი, პირადად ემზარ კვიციანისა და ნორა არღვლიანის სახლებიდან არაფერი დარჩენილიყო.
„ჩვენ ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ... ვუთხარით, მშვიდობიანი მოსახლეობა თუ ადგილზე იმყოფება, მაშინ როგორ ვისროლოთო? - ბრძანება შეასრულეთო. ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები უსიტყვოდ მოითხოვდნენ ჩვენს მორჩილებას და ბრძანების შესრულებას“, - ამბობს დაკითხვისას მფრინავი იმედა მაისურაძე.
გარდა ამისა, კვიციანის სახელს უკავშირდება კოდორის ხეობაში გადამცემი ხაზის მრავალჯერადი აფეთქებები. ადგილზე ჩასულ ჯგუფს კი არ ეძლეოდა გადამცემის აღდგენის შესაძლებლობა.
ამის საპირისპიროდ კი, ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი დავით მირცხულავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კვიციანის და უშუალოდ „მონადირის“ კავშირი ამ დივრესიულ ფაქტებთან დაკავშირებით არ დასტურდებოდა.
დავით მირცხულავა: „ემზარ კვიციანის და ქალბატონი ნორას დამსახურებაა, რომ რამდენიმე ასეთი ფაქტის შემდეგ კოდორის ხეობაში ეს პროცესი დასრულდა. ამ ოჯახისთვის მადლობის მეტი არაფერი გვქონდა სათქმელი და არაერთხელ მითქვამს მადლობა. სამჯერ მოხდა გადამცემი ხაზის აფეთქება და სამივეჯერ ერთი და იგივე პიროვნების მიერ იყო გაკეთებული. ეს გახლდათ აფხაზეთიდან დევნილი იაროსლავ გასვიანი. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებაც ბევრად უკეთ იციან ამ საქმის მთლიანი ანატომია. არა მგონია, რომ წინა ხელისუფლებას ბევრი ჰქონდეს ამ თემაზე სასუბრო“.
ემზარ კვიციანის და „მონადირის“ ირგვლივ ბრალდებები და მტკიცებულებები ისე ერთმანეთში გადახლართული, ძნელია სიმართლის ხაზს გაყვე, მითუფრო, რომ ქართული სასამართლოს და პროკურატურის მიმართ ნდობა, ჯერ კიდევ, ეჭვს იწვევს საზოგადოებაში.