კულტურის სამინისტროსთან „საყდრისის მცველების“ საპროტესტო აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებს სამინისტროს ორივე შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ და მინიტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისმოდა საყვირების ხმა და სამინისტროს წინ პროტესტის ნიშნად მიტანილი ჰქონდათ ბინ ლადენის პლაკატი. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, სწორედ, ბინ ლადენის ერთგვარი პროტოტიპია ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რადგან ბინ ლადენმა ბუდას ქანდაკება ააფეთქა, ანთიძემ კი საყდრისი.
For.ge კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე და საყდრისში შექმნილ ვითარებაზე „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრს, ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.
ირაკლი მამალაძე: დაახლოებით 200 ადამიანი შევიკრიბეთ კულტურის სამინისტროსთან. შენობიდან გამოსასვლელი ორივე გზა პიკეტირებული გვქონდა. აქციაზე სიმბოლურად მოვიტანეთ საყდრისიდან ჩამოტანილი ქვები. გამობრძანდეს ბატონი მინისტრი და გადააბიჯოს ამ ქვებს. მან აიღო პასუხისმგებლობა საყდრისის დანგრევაზე, გადააბიჯა სასამართლო გადაწყვეტილებას, სამოქალაქო საზოგადოებას და გამოსცა უკანონო აქტი. კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები ვალდებულები არიან გამობრძანდნენ გარეთ და საჯაროდ გასცენ ხალხს პასუხი, რატომ დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
აქციამდე ჩვენ შევხვდით ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს. იგი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საყდრისში არქეოლოგიური და მეცნიერეული კვლევის გაგრძელებას. მისი თქმით, ეროვნული მიზეუმის 800-მდე თანამშრომელი საყდრისს აღიარებს, როგორც უნიკალურ არქეოლოგიურ ძეგლსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ კიდევ ერთხელ იცრუა, როდესაც თქვა, რომ საყდრისის დანგრევას მწვანე შუქი ეროვნულმა მუზეუმმა აუნთო. რაც მისი მხრიდან კიდევ ერთი აფიორაა. კულტურის სამინისტროსთან აქციებს გავაგრძელებთ შეემდეგ დღეებშიც.
კულტურის მინისტრთან შეხვედრის გარდა, რა არის თქვენი აქციების მთავარი მოთხოვნა?
- ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამუშაოები საყდრისში, რადგან ეს არის არქეოლოგიური ობიექტი და იქ, შესაძლებელია კვლავ წარმოებდეს სამუშაოები. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და მტკიცების მთელი ტვირთი არის კულტურის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრზე. ჩვენ კომპანიასთან საქმე აღარ გვაქვს, რადგან კომპანიამ მიიღო ოფიციალური დოკუმენტი საყდრისში ფართომასშტაბიანი სამუშაოების დასაწყებად. მოვითხოვთ, გადადგეს კულტურის მინისტრი, პასუხისგებაში მიეცეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი და ყველა ის ადამიანი, ვინც საყდრისის დანგრევას მოაწერა ხელი.
როგორც ვიცი, „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები ადგილზე იყავით ჩასული და უშუალოდ ნახეთ აფეთქების შემდეგ არსებული ვითარება. რა ხდება ამ დროისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე?
- რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და რაც ვიზუალურად თავად ვნახეთ, არის ის, რომ ააფეთქეს კომუნისტების დროს გაყვანილი გვირაბი, სადაც ექსკურსიებს ატარებდნენ და ხალხი შეჰყავდათ. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია საყდრისის გვერდით მდებარე სოფელ ბალიჭებში სახლის კედლები, დაზიანებულია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები - კერძოდ, ჩამსხვრეულია მინები და ა.შ.
თუმცა, ამის მიუხედავად, საყდრისი არის არქეოლოგიური ობიექტი და საჭიროა მისი დაცვა, რადგან საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე არის გარკვეული არტეფაქტები, რომელიც მოსაძიებელი და გამოსაკვლევია. სასწრაფოდ უნდა შეცვალოს პოლიტიკა სახელმწიფომ და ეს ტერიტორია ერთგვარ ბუფერულ ზონად უნდა გამოცხადდეს არქეოლოგიისთვის, მეცნიერებისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის. ხოლო, კომპანია „არ-ემ-ჯი“, საერთოდ უნდა გავიდეს საქართველოდან.
13 დეკემბრის აფეთქების შემდეგ, რა რჩება საყდრისში, ანუ ბოლომდე არის თუ არა განადგურებული ის, რისთვისაც თვეების განმავლობაში კარვების აქცია იმართებოდა?
- ჩვენ ვაცხადებთ, რომ ის არის არქეოლოგიური ობიექტი. უფრო ზუსტად კი, არავინ იცის, რა შეიძლება აღმოჩნდეს იქ. მართალია, უკვე ააფეთქეს, მაგრამ, ვიმეორებ, არავინ იცის, რა ხდება ქვედა ფენებში. ამიტომ არის საჭირო იქ კვლევების გაგრძელება. უნდა გადარჩეს ის, რისი გადარჩენაც არის შესაძლებელი.
კულტურის მინისტრის მიერ 12 დეკემბერს გამოცემული დოკუმენტი დაუყოვნებლივ აღსრულდა და 13 დეკემბერს უკვე განახლდა ფართონმასტაბიანი სამუშაოები საყდრისში. პარალალურად, კვლავ გრძელდება სააპელაციო სასამართლოში პროცესები საყდრისთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, სამართლებრივი კუთხით, რამდენად კანონიერია მინისტრის ბრძანება და მისი აღსრულება?
- გაოცებული ვარ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, რომელიც მან პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან, ფაქტობრივად, დაადანაშაულა მინისტრი და თქვა, რომ მიხეილ გიორგაძემ სასამართლოს გადააბიჯა, როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოო.
მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი იყვნენ ჩიხში, მიხვდნენ, რომ აგებდნენ პროცესს და ამიტომაც დასჭირდათ უკანონო აქტის გამოცემა. ეს სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცური გარიგება მთავრობასთან. არ ბნელა ქვეყანაში და იოლი მისახვედრაია, თუ რატომ გამოსცა კულტურის სამინისტროსმ ბრძანება 12 დეკემბერს, პარასკევს ღამით. ორშაბათს, 15 დეკემბერსაც არ ჰქონდათ გამოქვეყნებული ეს დოკუმენტები. მაქსიმალურად ახანგრძლივებენ ვადას, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ პროცესის შეჩერება და სამართლებრივად ვერ შევაფერხოთ სამუშაოები საყდრისში.
საყდრისში დღეს არსებულ ვითარებას საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა საპატრიარქო. განცხადება გააკეთა თავად პატრიარქმაც, ილია მეორე მთავრობას სთხოვს, დასაჯოს ადამიანები, ვინც საყდრისის აფეთქების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებებს ხელისუფლებიდან?
- კომპანიამ და სახელმწიფომ ერთგვარი ლაბირინთი და ბუნდოვანი სიტუაცია შექმნეს საყდრისთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ამას არ შევეგუებით! ვფიქრობ, სწორედ, მსგავსი პათოსი იყო პატრიარქის განცხადებაშიც. იმედია, სახელმწიფო პატრიარქს მაინც მოუსმენს. მაგრამ, მე ასევე მახსენდება ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა პატრიარქთან ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ღარიბაშვილმა პატრიარქს პირობა მისცა, რომ საყდრისის საკითხი სასიკეთოდ გადაწყდებოდა, როგორც ჩანს, მან მოატყუა პატრიარქი, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა და მწვანე შუქი აუნთო კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია წიაღისეულის დატაცებითა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევით.
დიახ, „საყდრისის კომიტეტი“ ამ ეტაპზე დამარცხებულია, მაგრამ ამაყები ვართ, რომ არ შევეგუეთ საყდრისის დანგრევას და მე მრცხვენია ბევრი იმ ადამიანის მაგიერ, ვინც გულგრილად უყურებს ამ ყველაფერს, რადგან ეს არის მათი კულტურული მემკვიდრეობა. ექვთიმე თაყაიშვილის ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და საზოგადოება უფრო ფხიზლად უნდა იყოს, როცა საქმე ეხება მათ კულტურულ მემკვიდრეობას. მე არ ვიცი, როგორ დაიცავს საქართველო ოშკსა და იშხანს, როცა დღეს თავზე დაგვანგირეს საყდრისი.