ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობას ეკონომიკური ხედვა და გეგმა არ აქვს, რის გამოც საქართველოს მინიმუმ 50 წელი დასჭირდება, რომ რომელიმე ჩამორჩენილ ევროპულ ქვეყანას დაეწიოს. კანონმდებელის შეფასებით, 2015 წლის ბიუჯეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაზე გათვლილი არ არის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანია, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი სამარცხვინო მინისტრი.
ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებზე, for.ge „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა:
პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. უმცირესობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, როგორც ჩანს, ფიქრობთ, რომ ბიუჯეტი არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს...
- ეს ბიუჯეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაზე გათვლილი არ არის. საქართველოს 50 წელი დასჭირდება, რომ ყველაზე ჩამორჩენილ ევროპულ ქვეყანას დაეწიოს. ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ნავთობი და გაზი არ აქვს, რომ ეკონომიკა გაზარდოს. 2015 წლის ბიუჯეტის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტია, მაგრამ ამით მოსახლეობას რა ხეირი, თუკი გადასახადები არ შეამცირეს და პირიქით, გაურკვეველი ტიპის სავიზო რეგულაციები დააწესეს?! მთავრობა საქართველოში ინვესტიციების შემოდინებაზე საუბრობს, მაგრამ თუ ინვესტციები შემოვიდა, ლარი რატომ გაუფასურდა და სამუშაო ადგილები რატომ არ შეიქმნა? ფინანსთა მინისტრი 2014 წლის ბიუჯეტზე ტრაბახობს, მაგრამ ნოდარ ხადური არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანი, რომელმაც შარშანდელი ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაარღვია და წლევანდელზე ამბობს, რომ შეასრულებს. მიმდინარე წლის 9 მილიარდიანი ბიუჯეტიდან ერთი მილიარდ 600 მლნ ლარი ვალია, ანუ, ეს თანხა ეკონომიკიდან კი არ ამოიღეს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებში ისესხეს. ამავდროულად, ეკონომიკური ზრდა შეჩერდა. მიმდინარე წელს, ბიუჯეტში მარტო საგზაო ჯარიმებით 48 მლნ ლარი შეიტანეს, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტს ჯარიმებით ასრულებთო. ჩვენს დროს, ყველაზე მეტი ჯარიმა 2011 წელს დაფიქსირდა და ისიც 31 მლნ ლარი იყო.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მესამე კვარტალში 508 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თქვენ ეჭვებოთ, რომ მთავრობა ცრუობს?
- საქართველოში 550 მლნ ლარამდე ბრუნავს და როგორც კი, ეს თანხდა გაიზრდება, ლარის გაუფასურება ხდება. შესაბამისად, ეს რომ მყარი იყოს, ინვესტიციეიბი უნდა შემოდიოდეს და ეკონომიკური აქტივობა იყოს. თუ ამ რაოდენობის დოლარი შემოვიდა, დოლარის კურსი რატომ გაექცათ? ე.ი. რაღაც ხდება.
რას გულისხმობთ, რა ხდება?
- ამჟამად, 2014 წლის ბიუჯეტს დაახლოებით მილიარდ 90 მლნ ლარი აკლია, ანუ, წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტის თითქმის 14 პროცენტი 14 დღეში უნდა ამოვიდეს. ეს ფული რომ ამოვიდეს, თეორიულად ბიუჯეტი შესრულდება, მაგრამ ბაზარზე სამჯერ მეტი ფული უნდა გამოვიდეს, ვიდრე დღეს უნდა იყოს. მოსახლეობისთვის ყველაფერი ძვირდება, მათ შორის პროდუქცია. ამ მთავრობას ეკონომიკური ხედვა და გეგმა არ აქვს. ივანიშვილმა თქვა, რომ ეკონომიკური გუნდი შექმნა, მაგრამ ამათი შექმნილი ან დოკუმენტი გინახავთ, ან საქმე შესრულებული? მთავრობა აპელირებს, რომ პენსიების ზრდა მოხდება და ისიც მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან. პენსიების ზრდაზე სულ 21 მლნ აქვთ გათვალისწინებული და თუ ბიუჯეტი დაახლოებით 800 მლნ ლარით იზრდება, მათ ასე გაუჭირდათ, რომ 800 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარი ვერ გამოყვეს, რომ პენსია 1-ელი იანვრიდან გაეზარდათ? პენსიის 220 ლარამდე გაზრდაზე აღარაფერს ვამბობთ...
ახალი მთავრობის მსგავსად, მოსახლეობას პენსიის ზრდას თქვენც ჰპირდებოდით, მაგრამ ხელისუფლება ისე დატოვეთ, რომ პენსია 100 დოლარი არ გამხდარა...
- ჩვენ რა ეკონომიკა ჩავიბარეთ, დაგავიწყდათ? ჩვენი ხელისუფლების პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტი გავასამმაგეთ. სანამ, ხელისუფლებაში მოვიდოდით, პენსია 14 ლარი იყო, რომელიც მნიშვნელოვნად გავზარდეთ, მაგრამ ესეც არაფერი არ არის, რადგან ოჯახის რჩენა ხელფასის პირობებშიც რთულია, არათუ, პენსიის იმედად. მოლოდინი იყო, რომ გასადახადები შემცირდებოდა და სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, მაგრამ მთავრობა მოვლენებს მისდევს და არაფერს არ აკეთებს. იმისათვის, რომ ქვეყანაში დოლარი შემოვიდეს, ამის ერთ-ერთი საშუალება ტურისტის შემოსვლაა, მაგრამ ამისთვის რა გააკეთეს? ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები დააწესეს, რომ ტურიზმი 2014 წლის დონეზე დარჩება.
თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, მაგრამ მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის ვაუჩერები გარკვეულწილად რაღაც შეღავათს აკეთებს...
- სოფლის მეურნეობაში რა თანხებიც ჩაიდო, იმას რა ეფექტი მოჰყვა? პროდუქტი გაიაფდა? ხორცზე რომ ამბობდნენ, ცეზარ ჩოჩელის გარდა, ქვეყანაში ქათამიც ვერ იკლებაო, ჩოჩელი პრობლემა აღარ არის? მას „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში კრედიტი და ქონება 1 ლარად მისცეს. კახა ოქრიაშვილზე ამბობდნენ, რომ ნაციონალებს მონოპოლია აქვთო, მაგრამ სად არის ახლა ეს მონოპოლია, თუ კახა კარგი ბიჭია? მიხვდნენ, რომ მონოპოლია არ არის? ყველა პროექტს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მიხეილ სააკაშვილის დროს დაწყებულია. პროექტიც ჩვენი გაკეთებულია, ფულიც მოგროვებულია და მშენებლობაც ჩვენი დაწყებულია.
მმართველი გუნდი აპელირებს, რომ ამჟამად, ბიზნესი თავისუფალი და მასზე ზეწოლას ხელისუფლება აღარ ახორციელებს. თქვენი მმართველობისგან განსხვავებით, მსგავს ნიშნებს ამჩნევთ?
- როგორი თავისუფალი პრინციპით თამაშობენ, ეს ერთი კვირის წინ დავინახეთ, როცა ხელისუფლების ორი ფრთა ერთმანეთს დაერია. ორი წლის წინ, ერთმა მდიდარმა ადამიანმა თქვა, რენესანსის ეპოქა იწყებაო. მისთვის რენესანსი მართლაც დაიწყო, რადგან ამ კაცს იაფი ფული არ ჰქონდა და ახლა აქვს. პრობლემა მხოლოდ ეკონომიკაში რომ იყოს, რა გვიჭირს. ვერ ხედავთ, საგარეო კუთხით, რა ხდება? საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო დღის წესრიგიდან იკარგება. ამერიკელი მეგობრები განცხადებებს რომ აკეთებენ, ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება იშმუშნება.
რატომ?
- „ქართული ოცნება“ რომ მოდიოდა, გვარწმუნებდა, რომ რუსეთთან პუწი-მუწით პრობლემებს მოაგვარებდნენ, რაც არ მოხდა. ამ ხელისუფლების პირობებში სახეზეა ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება მოხდა. ამას კი, პაატა ზაქარეიშვილი წარმატებად მიიჩნევს. ასეთი მინისტრი რომ გვყავს, ეს სირცხვილია. მეორე სირცხვილი კი იმის თქმა არის, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა. მთავრობა ნელ-ნელა ქვევით მიდის და იმედი აქვთ, რომ სადღაც ჯებირი იქნება, რომელიც მათ აღარ გაატარებთ და უფსკრულში არ ჩაიჩეხებიან.
თებერვალში, სამთავრობო ცვლილებებს ელოდებით?
- ალბათ, ჭიკაიძესა და ხადურს არასოდეს გადააყენებენ, რადგან მათი პოსტიდან გაშვებას ჩვენ ვითხოვთ.
პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას გამორიცხავთ?
- როდის წავიდა, რო? ის ძალიან გულახდილი ადამიანია, რადგან მას არ დაუმალავს, რომ ის პოლიტიკური პროცესების მიღმა არის.
თუმცა, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა...
- ჩემთან პირად საუბრებში სხვა რამეს ირწმუნებიან.
რას გეუბნებიან და ვინ?
- იმას, რომ მის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება. რაც სამთავრობო გუნდში დატრიალდა, ეს შემთხვევითი გგონიათ? აქედან სიკეთეს ვინ მიიღებს? ყველამ კარგად იცის, ხელებს ვინ სად აფათურებს და რატომ იხსნება ბოლო პერიოდში ტენდერები.
კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა მოგიწოდათ, ის გაიხსენოთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ცალ-ცალკე კალოშით“ მოსულმა პოლიტიკოსებმა, ფული როგორ იშოვეს...
- ბატონ ნოდარს, ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი. ცალ-ცალი კალოშით ვინ დადიოდა და ქვეყნის ეკონომიკაში რა ხდებოდა, ხალხმა იცის. ხადურმა ეს რომ არ ილაპარაკოს, აბა, ის ფინანსთა მინისტრად არ ვარგა და მას არც ეკონომიკური ხედვა აქვს და რა უნდა ქნას? პოლიტიკაში ოცი წელია ვარ და ცალ-ცალი კალოშით ბევრი მინახავს.
ვინ გინახავთ?
- პიროვნულ დაპირისპირებას ყოველთვის ვერიდები, რადგან ამაზე რომ წახვიდე, ძალიან უნდა დაეცე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხადურის, ან ჩემი ფრთიანი ფრაზები მოსახლეობას ახარებს, ძალიან ცდება.