2015 წლიდან საქართველო ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადადის

2015 წლიდან საქართველო ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადადის

2015 წლიდან საქართველო მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადადის. არსებულ ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული ჩაანაცვლებს. პროექტის განხორციელება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი ქვეყნების, მათ შორის   საქართველოს,  საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს.

პროექტის განსახორციელებლად მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირებაა.

რეფორმის პროცესში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების ინტერესები - მომზადებულია მრავალენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თითოეულ ოჯახს გადაეცემა.

მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად  არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მიღწეულ შედეგებზე „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ნინო ქუბინიძემ 2014 წლის შემაჯამებელ ანგარიშში ისაუბრა.

ქუბინიძის განცხადებით, გამოვლინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის მშენებელი კომპანია, დასრულდა ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის .. „სეთ-თოფ ბოქსებისშესყიდვის პროცესი და საინფორმაციო კამპანიის დაწყებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება (მათ შორის ცხელი ხაზის მოწყობა, ვიდეორგოლებისა და ბეჭდვითი მასალების დამზადება და .). საინფორმაციო კამპანიის აქტიური ფაზა 2015 წლის იანვრიდან დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩვენს გვერდით არიან ევროპის რეკონტრუქციიასა და განვითარების ბანკის კონსულტანტები. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა უხარისხო პროდუქციის მიღების რისკები და განხორციელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალური ხარჯვა. ვფიქრობ, ყველა წინაპირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უმტკივნეულოდ განხორციელდეს “, - აცხადებს ქუბინიძე.

რეფორმის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს უცხოელმა პარტნიორებმა: “ROHDE-SCHWARZ”-მა, „ALCATEL-LUCENT“-მა, “ELTI“-მ, “IMAGINE”-მ,„GATESAIR“-მა და სხვა კომპანიის წარმომადგენლებმა.

„ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ჩინურ კომპანია „KONKA“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.

„ტექნიკის მომწოდებელ ჩინურ კომპანია „KONKA“-სთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავრობა 210858 „სეთ-თოფ ბოქსს“ შეისყიდის. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უძლიერესია, რომელიც ჩინეთში სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების პირველ სამეულში შედის“

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი და კომერციული ქსელის მშენებელი კომპანიის დამფუძნებელი ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მუშაობას ასევე დადებითად აფასებენ და მიღწეულ შედეგებზე საუბრობენ.

„ცნობილია, რომ დასრულდა ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსების“ შესყიდვის პროცესი. სააგენტოს მუშაობის შედეგად, აღნიშნულ სამომხმარებლო ტექნიკაზე დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დაბალი ფასი, ვიდრე ეს დადგენილი იყო პირველადი სტრატეგიით, - აცხადებს უჩა სეთური.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა სამომხმარებლო ტექნიკის იმპორტიორებთან გამართა.

მოწვევას გამოეხმაურა 20-მდე დაინტერესებული კომპანია, მათ შორის - „ალტა”, “ბეკო”, „ ელიტ ელექტრონიქსი“. „ვესტელი“, „მეტრომარტი“, „მეგატექნიკა“, „ელექტროტექნიკა“, “7 channel”-ი, ”cshop. ge”, “orient logic”, “ teqnobboom”, “ okey”, “itechnic”, UGT“, “LGL”, “AGM” და სხვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესებს, სამომხმარებლო აპარატურის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, ალტერნატიულ მოდელებს, პროდუქციის ხარისხის მნიშვნელობას, სააბონენტო ბაზარს, სეთ-თოფ ბოქსების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობასა და არსებულ მდგომარეობას.

„ეს გახლავთ კომპლექსური პროცესი, რომელიც განვითარებულმა ქვეყნებმა რამდენიმე წლით ადრე დაიწყეს. ITU-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ინგლისს - 14 , ამერიკას - 13 , შვეციას, გერმანიას, საფრანგეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებს 6-8 წელი დასჭირდათ. საქართველოს რეფორმის დასრულებამდე გარკვეული დრო დარჩა, შესაბამისად, ბაზარი დროულად უნდა მომზადდეს ცვლილებისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში დაცული იყოს, როგორც მომხმარებლების უფლებები, ასევე მიმწოდებელთა ინტერესები“, - აღნიშნა ქუბინიძემ.

მისივე თქმით, სასურველია, სამომხმარებლო ტექნიკის მომწოდებელმა მაღაზიებმა, შეძლებისდაგვარად დაიწყონ მზადება, რათა ახალი წლიდან შესთვაზონ მყიდველს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური მოწყობილობები და ტელევიზორები.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო პლატფორმების მშენებლობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და კომერციული ქსელის მშენებელი კომპანიის ვალდებულებებზეც გაამახვილა ყურადღება:

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ერთი მულტიპლექს პლატფორმა, რომელშიც მოიაზრება, როგორც ციფრული მიწისზედა რადიოგადამცემი, ასევე მიკროტალღური სატრანსპორტო ქსელები და განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პროგრამა, მათ შორის - პირველი და მეორე არხები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხი. ხოლო კომერციულ ოპერატორს ვალდებულების სახით აღებული აქვს ააშენოს სამი მულტიპლექს პლატფორმა და გადასცეს არსებული ყველა ღია საეთერო, ეროვნული პროგრამა, მათ შორის „რუსთავი 2“, „იმედი“, „პირველი სტერეო“ და სხვა მაუწყებელთა კონტენტი,- განაცხადა ქუბინიძემ.

 შეხვედრაზე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა საკუთარ ბიზნეს -ინტერესებზე გაამახვილეს ყურადღება და დაინტერესდნენ - მოსალოდნელია თუ არა მთავრობის მხრიდან რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესება. ქუბინიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესი თავისუფალია და, შესაბამისად, ამ პროცესში მთავრობა მხოლოდ რეკომენდატორის როლს შეასრულებს.

შეხვედრის მსვლელობისას კომპანიების წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საკაბელო ტელევიზიების კონკურენტუნარიანობით. დავით ზილფიმიანის განმარტებით, ანალოგური და ციფრული მიწისზედა მაუწყებლობა, არ შეიძლება მოიაზრებოდეს სატელიტური, საკაბელო ან სხვა სატელევიზიო პლატფორმების კონკურენტად.

„ევროპულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სატელიტურ და საკაბელო ტელევიზიებს, ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, პროცენტულად იგივე რაოდენობის მომხმარებელი რჩება, რამდენიც რეფორმამდე ჰყავდა, ამიტომ ეს პროცესი მათ ბიზნეს-ინტერესებზე უარყოფითად არ აისახება, ისინი არ არიან ერთმანეთის კონკურენტები “, - განაცხადა „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელმა.

პროცესების გამჭვირვალობა და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წლის 9-10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ სასტუმრო „ძველ თბილისში“ მაუწყებლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიისთვის სემინარი გამართა.

ღონისძიება, რომელსაც რეგიონული მედიის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოში ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოეწყო.

მოხსენებებისა და პრეზენტაციების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარემ ნინო ქუბინიძემ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსმა თიკო ტყეშელაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო აბზიანიძემ, კომერციული ქსელის მშენებელი კომპანიის “სტერეო +“ დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა, ასევე რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტმა უჩა სეთურმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესებს, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციებს, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკას, ტექნოლოგიურ სტანდარტებს, მულტიპლექს პლატფორმებს, ტელემაუწყებლების ბაზარზე დაშვებისა თუ ღია საეთერო ქსელში განთავსების საკითხებს.

როგორც სემინარზე აღინიშნა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ იცვლება საკანონმდებლო რეგულაციები. შემუშავებული ცვლილებების პროექტით უქმდება ტელემაუწყებელთა ლიცენზირების წესი, რომელსაც ბაზარზე დაშვების გამარტივებული ფორმა - ავტორიზაცია ჩაანაცვლებს.

სემინარის მიმდინარეობისას ჟურნალისტებმა არაერთხელ გააჟღერეს შეკითხვა ადგილობრივი მაუწყებლების სამომავლო პერსპექტივებზე, რაზეც კომერციული ქსელის მშენებელი კომპანიის „სტერეო +“ დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის, IDFI -ს ექსპერტის უჩა სეთურისა და რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ნათია კუპრაშვილისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათი განმარტებით, რეფორმის განხორციელებით ადგილობრივ მაუწყებლებს „გაქრობის“ საფრთხე არ ემუქრებათ, მეტიც - ის ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს და ბაზარზე გაჩნდებიან ახალი მოთამაშეები. აღინიშნა, რომ ადგილობრივ მაუწყებლებს სახელმწიფომ დეციმეტრულ და მეტრულ დიაპაზონებში სიხშირული რესურსის ფლობის ნებართვა გადასცა და ამასთან, კანონმდენლობით შეუქმნა პერსპექტივა, რომ სურვილის შემთხვევაში, გახდნენ ეროვნული მაუწყებლებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. ამ დღიდან ღია საეთერო სატელევიზიო პროგრამები მხოლოდ ციფრული მიწისზედა სიგნალის მეშვეობით გადაიცემა.

დღეს არსებულ ანალოგურ მაუწყებლობასთან შედარებით ციფრულ ფორმატში მაუწყებლობას არაერთი უპირატესობება აქვს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ინვესტიციების მოზიდვას, მედიაპლურალიზმსა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას.