„როგორც კი ღარიბაშვილთან დაახლოებულმა ადამიანებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ ვნახეთ როგორი დამფრთხალი გამოჩნდა ღარიბაშვილი, რომელიც მანამდე ცდილობდა, ისე მოეჩვენებინა საზოგადოებისთვის თავი, რომ ის იყო საკამოდ ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, რომლის განცხადებით, ჯობია, პასუხისმგებლობა მან აიღოს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას.
for.ge ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ისმის კითხვა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში? თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ ამბობს საბოლოო სიტყვას, მოქედი თუ ყოფილი პრემირი?
- სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება ეჭვის დონეზე არ არსებობს. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ამ ცვლილებების ფონზე, საკმაოდ უსუსური და არადამაჯერებელია თავად პრემიერის განცხადებები.
რატომ თვილთ, რომ უსუსური და არადამაჯერებელია პრემიერის განცხადება? ის არ მალავს, რომ გარკვეულ კონსულტაციებს გადის ბიძინა ივანიშვილთან...
- კონსულტაციები მართლა შეიძლება გამართოს, მითუმეტეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც, ამაში უცნაური და მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ, აქ უცნაური ის გახლავთ, რომ გადაწყვეტილებები ივანიშვილის გარეშე არ მიიღება. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ იგივე კულტურის მინისტრის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა. მან მიიღო გადაწყვეტილება ნარმანიას მოადგილეების თაობაზე და ნარმანიაზეც რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, ესეც ფაქტია.
ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება ამ თემას, ეს ზედაპირზეც დევს. როგორც კი ღარიბაშვილთან დაახლოებულმა ადამიანებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ ვნახეთ როგორი დამფრთხალი გამოჩნდა ღარიბაშვილი, რომელიც მანამდე ცდილობა, ისე მოეჩვენებინა საზოგადოებისთვის თავი, რომ ის იყო საკმაოდ ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები და
ხშირ შემთხვევაში, ძალიან აგრესიული ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტოთან მიმართებაში. ბოლო პერიოდში კი, მისი გამოსვლიდან ჩანს, რომ საკმაოდ უკანდახეული და თავდახრილია. თუ ეს ხელისუფლება არ განთავისუფლდა ბიძინა ივანიშვილის ჩრდილისგან, აქედან არაფერი გამოვა. მაშინ, ისევ ბიძინა ივანიშვილი უნდა შემობრუნდეს პოლიტიკურ მინდორზე და მან აიღოს პასუხისმგებლობა. ჯობია, პასუხისმგებლობა მან აიღოს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას.
ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ასეთი შეფასება, რომ გამოვიდეს ჩრდილიდან და ისე მართოს ქვეყანა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას?
- მიჭირს პროგნოზირება. ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ თავისებური აზროვნება გააჩნია. სამწუხაროდ, ამ აზროვნებას და ანალიზსს, რომელსაც ის თავისთვის აკეთებს, თითქმის არაფერი აქვს დემოკრატიასთან და დემოკრატიულ პროცესებთან საერთო. მაგრამ, მოცემულობა ასეთი გვაქვს - საქართველოს მოსახლეობის აბსულუტურმა უმრავლესობამ მას დაუჭირა მხარი და შესაბამისად, თანამდებობიდან წასვლის მერეც, ის ამ რესურსს იყენებს.
იმის მიუხედავად, შემობრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში, არსებობს მოსაზრება, რომ ის პოლიტიკურ ველს ასუფთავებს ახალი პრემიერ-მინისტრისთვის და ამ პოსტზე პოტენციური კანდიდატებიც სახელდებიან - დავით სერგეენკო და გიორგი კვირიკაშვილი...
- ვერაფერს გეტყვით. ივანიშვილის ჟურნალისტობის თუ ექსპერტობის სურვილიც, ძალიან უცნაურად მეჩვენება, მაგრამ ფაქტია, რომ მას მოსწონს ეს ამბავი და სულ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ეტაპის შემდეგ ისევ აპირებდეს პოლიტიკაში დაბრუნებას. დღეს ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა იმდენად არაეფექტურად მუშაობს, იმდენად ნიჰილისტური განწყობაა საზოგადოებაში, რომ ძალიან ძნელია წარმოიდგინო 2016 წელს ამ მთავრობის პირობებში არსებული „ქართული ოცნება“, რომელსაც რაიმე წარმატების მიღწევაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ამის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში.
ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შეფასდა როგორც სამთავრობო კრიზისი. „ახალი მემარჯვენეებიც“ თვლით, რომ სამთავრობო კრიზისია ქვეყანაში და იგივე მთავრობის დათხოვნა, ან თუნდაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ხელს შეუწყობს ქვეყანას გამოვიდეს ამ კრიზისიდან?
- კრიზისი თუ მართლაც სრულფასოვნად ჩამოყალიბდა, ბუნებრივად დადგება დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების თემა. თუმცა, ვთვლი, რომ კრიზისის ძალიან ბევრი ნიშანი და მიმართულება უკვე არსებობს, ჯერჯერობით, ვითარება არაა სრულფასოვან კრიზისად ჩამოყალიბებული. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცოტა მანძილი გვაშორებს ამ კრიზისს, ვგულისხმობ - რაც ხდება საკადრო პოლიტიკაში, რაც მოხდა ირაკლი ალასანიას გუნდთან დაკავშირებით, რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით და, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას, მაინცდამაინც, დამაჯერებელი პასუხები არ აქვს, ის რაც ხდება საგარეო პოლიტიკურ ველზე და მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერ მივიღეთ მკაფიო გზავნილები, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაპირებების უმეტესობა დარჩა შეუსრულებელი.
იმის მიუხედავად, რომ რაღაცა მიმართულებით პოზიტივებიც არსებობს, იმდენად ბევრია ნეგატივი, რომ ეს პოზიტივები არ აღწევს ხალხის გულამდე. შესაბამისად, ეს უკვე ძალიან ნოყიერი ნიადაგია კრიზისის შესაქმნელად. რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ახლო სამეზობლოში ტანკის ლულას ატრიალებს, ოდნავი გართულება თუ მივიღეთ, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, ვინ და რა გუნდი უნდა იყოს, ასეთ რთულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიმღები.
თქვენ ახსენეთ გიორგი კვირიკაშვილი და დავით სერგეენკო, მათ მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი არ არიან ის ფიგურები, რომლებმაც რთულ სიტუაციაში შეიძლება მიიღონ რთული და ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდი პროფესიონალები არიან, არა - ამისთვის, კიდევ სხვა რამეა საჭირო, როგორიც არის უპირობო ავტორიტეტი გუნდის შიგნით, მთელს პოლიტიკურ სპექტრში შენს სიტყვას ძალა და წონა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ეს რესურსი არ ჩანს დღევანდელ ხელისუფლებაში.
რუსეთის პოლიტიკა ახსენეთ, რუსეთმა აფხაზეთთან გააფორმა მოკავშირეობის ხელშეკრულება, ანალოგიური ხელშეკრულება იდება ცხვინვალის მიმართულებით. ამ ფონზე, როგორ აფასებთ საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურებას? იგივე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, ამბობს, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო ვშორდებით აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს...
- ამ ლოგიკაში ჩვენ არ მივყვებით ნინო ბურჯანაძეს. ძალიან მაწუხებს ის ვითარება და ბალანსი, რომელიც შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში. საქართველოში აშკარად და ღიად გაჩნდნენ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალები, თუ სამოქალაქო სექტორი. ჩვენ ბევრი ისეთი განცხადება მოგვისმენია იგივე ქალბატონი ბურჯანაძის მხრიდან, რომელიც ძალიან კარგად სარგებლობის იმით, რომ ქართული საზოგადოება რაღაცა სტერეოტიპებით აზროვნებს, ბევრი ინფორმაცია არ აქვს და ისეთ რამეებს ეუბნება მათ, რომელიც ნიჰილისტურად განაწყობს დასავლეთის მიმართ.
ყველამ უნდა იცოდეს და ეს ბურჯანაძემ ძალიან კარგად იცის, რომ რასაც ისინი საქართველოს სთავაზობენ, ასეთი გზა უკვე გავლილი აქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, იგივე მოლდოვას, რომელსაც კონსტიტუციაში აქვს ნეიტრალიტეტი ჩაწერილი, მაგრამ დღესაც ემუქრება რუსეთი. იგივე იანუკოვიჩი გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინის სვლა ნატოსკენ არ მოხდება, პრიორიტეტი იქნება მხოლოდ ევროკავშირიო, მაგრამ უკრაინაში რაც ხდება ჩვენ ვხედავთ. სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით მოხდა ეს პროცესები და არა ნატოსთან მიმართებაში.
ასე რომ, ეს პოლიტიკოსები ძალიან ცუდად იქცევიან და მათი პოზიცია არის პროვოკაციული, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, ერთი მხრივ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად და მეორე მხრივ, რუსეთის შესაგულიანებლად, რომ მას ამ ქვეყანაში დასაყრდენი ჰყავს. მე დარწუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არასოდეს ამ მიმართულებით არ გაიხედავს. ქართული სახელმწიფოს მომავალი არის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ხელისუფლებაც ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ბუნებრივად დაგვაშორებს ამ გზას.
ხელისუფლების მიერ კურსის შეცვლაზე ისაუბრებს „თავისუფლმა დემოკრატებმა“, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება თავისი პოლიტიკით უწყობს თუ არა ხელს რუსული პოლიტიკის გატარებას?
- ხელისუფლება თავის ქმედებებში და განცხადებებში არის არათანმიმდევრულები. ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაში პირდაპირ ისურვა პრორუსული ძალები. თავად მან გააჩინა სერიოზული ნარატივი იმისა, რომ რუსეთთან რბილ ლაპარაკს თუ დავიწყებთ, ეს არის კარგი. მე არასოდეს არ ვიყავი სააკაშვილის უცნაური და ზედმეტი აქტიურობის მომხრე ამ მიმართულებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიული იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრინციპული პოზიცია არ გქონდეს რუსეთთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონდა არც მავთულხლართების გავლების დროს, არც აფხაზეთის მიერთებასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად გაუგებარია იგივე ავარო-კახეთის გზასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების სრულიად ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ბუნებრივია, ასეთი ვითარება საზოგადოებაში აჩენს გარკვეულ მერყეობას და ნიადაგს უქმნის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სხვა დროს, სხვა სიტუაციაში ასე ღიად ამ თემებზე ვერ ილაპარაკებდნენ. მე არ ვგულისხმობ სააკაშვილის ეპოქას, ვგულისხმობ დამოუკიდებლობის შემდეგ მთელ პერიოდს, რომელიც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ერთად გამოვიარეთ.