„ვინ არის... ონიკა?“

„ვინ არის... ონიკა?“

სპორტული ჟურნალისტის პროფესია ურთულესი საქმიანობაა. ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა მკითხველს ინფორმაცია მაქსიმალური სიზუსტით უნდა მიაწოდოს. სპორტული მას-მედიის წარმომადგენელი ამ სფეროში ჩინებულად უნდა ერკვეოდეს და უხეში შეცდომების დაშვებას მაქსიმალურად მოერიდოს. გულშემატკივრები პრეტენზიულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან და მათი „მოტყუება“ იოლი საქმე არ გახლავთ.

სპორტის თემაზე მწერალ ხალხს საქმიანობა რთულ ვითარებაში უხდებათ. ალბათ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ, რომ სპორტი გაზეთების ბოლო გვერდების მუდმივი ბინადარია და გამომცემელ-რედაქტორებს შორის განსაკუთრებული „პოპულარობით“ ვერ სარგებლობს.

რამდენიმე დღის წინ ერთ კოლეგა ჟურნალისტს ვეწვიე და ქართულ ფეხბურთში გახმაურებული თუ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი სახალისო ისტორიების მოგონება ვთხოვე. კოლეგა დამთანხმდა ოღონდ ერთი პირობა წამომიყენა: ჩემი ვინაობა არ გაამხილო, ამ პატარა „ამბების“ მთავარ გმირებს კარგად ვიცნობ და არ მინდა რომელიმე მათგანს გული ვატკინოო. რა უნდა მექნა. დავეთანხმე და ამ „საინტერესო ნაშრომს“ მკითხველთა სამსჯავროზე გამოვიტან.

1. ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე პრესკონფერენციაზე ვერ მოვიდა და მის ნაცვლად იმ დროს ჟურნალისტებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი საკუთარი თანაშემწე გიორგი ყიფშიძე გამოგვიგზავნა.

დაიწყო ყიფშიძემ ლაპარაკი და ჟურნალისტმა გააჩერა - თუ შეიძლება, წარმოგვიდექითო... და ყიფშიძე ფეხზე წამოდგა...

2.  ბოლნისის გამგებლის მოადგილის მონაყოლი: ბოლნისის "სიონი" ევროთასებზე რომ გავიდა და ახალი სტადიონი რომ ავაშენეთ, სტადიონის სტანდარტების შესამოწმებლად უეფას წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო. დიდ საგონებელში ჩავვარდით, რადგან ვიცოდით, რომ მოედნის სიგრძე სტანდარტულზე მეტრანახევრით მოკლე იყო. ბევრი ვიფიქრეთ და ასეთი ეშმაკობა მოვიფიქრეთ: ვიყიდეთ 30 ცალი ორმეტრიანი რულეტი და ისე გადავაბით ერთმანეთს, რომ რულეტი ორ მეტრს "იტყუებოდა". მოკლედ, მთელი ერთი კვირა ვიწვალეთ იმ გიგანტური რულეტის გაკეთებაზე და დანიშნულ დღეს რის ვაი-ვაგლახით მივათრიეთ სტადიონზე. მოვიდა უეფას წარმომადგენელიც და ისეთი რამ გააკეთა, რომ კინაღამ ინფაქტმა დაგვარტყა. დადგა ის უპატრონო კარის ხაზზე, ამოიღო ჯიბიდან რაღაც მობილურის მსგავსი, ერთი დააწკაპუნა და დაიძახა - ნოუ სტანდარტო.

ასე, რომ სულ ოხრად დაგვრჩა ის გიგანტური რულეტკა. საბედნიეროდ, ბოლოს უეფამ მაინც დაუშვა გამონაკლისი და ბოლნისში თამაშის უფლება მოგვცა.

3. საქართველო-სლოვენიაა 1999 თუ 2000 წელს. დენი არაა და 30 კაცი შეხვედრას ერთ ოჯახში, დვიჟოკით ვუყურებთ. დაახლოებით 20 კაცი აზრზე არ იყო ფეხბურთის და ერთი ეუბნება მეორე „უცოდინარს“ - გაჩერდი, ხომ ხედავ, ბურთი ყელიანი გოგრა გგონიაო.

იმან კი უპასუხა - ბებიაშენისამ, შენ რომ არგენტინა-ბრაზილიის საზღვარზე დაგდებული გიპოვონ, ომი ატყდება, ჩვენიაო...

4. კლუბი „ზესტაფონის“ მეკარე ჭანტურიამ გვერდით მსაჯს - ე, ბიჭო, არ დაიღალე დროშების აწევით? 1 მაისია მაგის...?

5. გაიოზ დარსაძე წყალტუბოს სამგურალს რომ წვრთნიდა, ფეხბურთელებს თამაშისას უყვიროდა, დიაგონალური პასები აკეთეთო. ამ დროს „სამგურალის“  პრეზიდენტი ჩასულა დარსაძესთან და უთქვამს, -  უცხო სიტყვებს ნუ ეუბნები ფეხბურთელებს, დიაგონალი მე არ ვიცი რას ნიშნავს და მაგათ საიდან ეცოდინებათო.

6. ერთ-ერთ ქართულ გუნდში სულ ასაკოვნები თამაშობდნენ, 30-35 წლისები...

ერთხელ ამ გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს შევეკითხეთ - რა მიზნები აქვს გუნდს, აპირებთ უმაღლეს ლიგაში გადმოსვლას?

იმან გვიპასუხა: - რა უმაღლესი ლიგა, გასახდელში რომ შევდივარ, მეშინია ვინმე მკვდარი არ დამხვდესო...

7. ალექსანდრე ჩივაძე ჰყვება: თბილისის „დინამოს“ დუბლებს ჰქონდათ თამაში სომხეთის რომელიღაც გუნდთან. სომხები შეცვლას აკეთებდნენ და მათი გუნდის უფროსმა 17 ნომერი ააწევინა მეოთხე მსაჯს, ანუ 17 ნომერი შედისო.

მსაჯი ეკითხება: - კი მაგრამ ვის ნაცვლად შედის?

სომხების გუნდის უფროსი: - ონიკას ნაცვლად.

მსაჯი გაგიჟდა: - ნომერი მითხარი. მე რა ვიცი, ონიკა ვინაა, მარადონაა თუ საიდან უნდა ვიცოდეო...

8. ერთმა ცნობილმა ქართველმა გულშემატკივარმა ამოიოხრა და თქვა: - ეჰ, იმ ჩემპიონატის დონეს რა ვუთხარი, ფეხბურთელი მსაჯს საცემად რომ გაეკიდება და ვერ დაეწევაო. 

9. ალექსანდრე ჩივაძემ საქართველო-ბულგარეთის მატჩის წინ თეორიული მეცადინეობა ჩაატარა. მოუყვა ბიჭებს ბულგარელების შესახებ და ბოლოს ჰკითხა ფეხბურთელებს: - ახლა, ხომ იცით, რაც არის ჩვენი კოზირიო.

გოჩა ჯამარაულმა უპასუხა: - ჩვენ "ბეზკოზირას" ვთამაშობთო.

10. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ფორვარდი დავით ჯანაშია მეტოქემ წააქცია. მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა. გაბრაზებული ჯანაშია მსაჯს მივარდა: - აბა, შენი აზრით, რატომ წავიქეცი, წნევამ დამარტყაო?

11  ქართველმა 21-წლამდელებმა რამდენიმე წლის წინ სიონის ეკლესიაში ილოცეს. ფიქრობდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩის წინ დაეხმარებოდათ. ერთ ფეხბურთელს ჰკითხა ჟურნალისტმა, რომელ ეკლესიაში იყავითო.

მან კი უპასუხა: - აი, რესტორან „ბერიკონთან“ რომ ეკლესიაა, იქო.

12. ერთხელ, საქართველოს ნაკრები რომელიღაც თამაშზე მიფრინავდა და ნაკრების წევრებმა თვითმფრინავში სეკის თამაში გააჩაღეს. წავიდა თამაში და გოჩა ჯამარაული მაგრად აგებს - ნაკრებში ჩამოსვლამდე თავის კლუბში აღებულ ხელფასს მთლიანად აგებს. ამ დროს თვითმფრინავი აეროპორტში დასაჯდომად მოემზადა, რაც ავტომატურად ნიშნავდა თამაშის დასრულებას. გამწარებულმა ჯამარაულმა იყვირა: ვაიმე, არ დასვათ თვითმფრინავი, თორემ დამექცა ოჯახიო!!!

13. დიმიტრი ობოლაძეს „პორტუ“ -  „რეალის“ შეხვედრა მიჰყავდა და შემდეგი იაღლიში მოუვიდა: ბურთი აქვს მიჩელ სალგადოს, გადააწოდა მიჩელ სალგადოს, მიჩელ სალგადომ ჩააწოდა, დაარტყა მიჩელ სალგადომ, მაგრამ ააცილა. და აი გვიჩვენებენ მიჩელ სალგადო მოედანზე შემოსასვლელად ემზადება.

14. საქართველოს ნაკრებს იორდანიასთან თამაში ელოდა. გულშემატკივრები შეიკრიბნენ და საუბარში დანიასთან წაგებული 1:6-იც ახსენეს. ეზოში მცხოვრებმა მოხუცმა გურულმა მეზობლებს უთხრა: - კაცო, დანიასთან 1:6 წავაგეთ და ი ორი დანია (ანუ იორდანია) ხომ მთლად წაგვლეკავსო.

15. ფოთის „კოლხეთის“ მწვრთნელმა სოსო ფილიამ თქვა პრესკონფერენციაზე; - დავიბრუნეთ 33 წლის მიხეილ ქობულაძე და გუნდში სამი მუშკეტერი შევკრიბეთ: ქუტიძე, შალამბერიძე და ქობულაძე. ახლა დარტანიანს ველოდებიო...

16. წნორის „მილანის“ საფეხბურთო კლუბი ხომ გახსოვთ. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ერთ პრესკონფერენციაზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: - ჩვენი კლუბის ფინანსები მზესუმზირის მოსავალზეა დამოკიდებულიო.  მგონი, რობერტო ბაჯოც უნდა ჩაეყვანათ ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ.

17. მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკში“ რომ თამაშობდა, შვებულებით თბილისში მოდიოდა და გუნდის ხელმძღვანელობამ დააბარა: - იზ ტბილისი ბეზ გოჩი (ანუ გოჭი) ნე პრიეჟაიო... მანუჩარიც რომ დაბრუნდა გოჩა (მისი ძმა) ჩაუყვანა...

18. თბილისის "დინამოს" თამაში ჰქონდა და მსაჯი მძიმე შეცდომებს უშვებდა. გაბრაზებული სანდრო იაშვილი არბიტრს ეუბნება: - რა არის, რეი ჩარლზი ხარ? მსაჯს რეი ჩარლზი ცხოვრებაში არ ჰქონდა გაგონილი, კომპლიმენტი ეგონა და უპასუხა: - რა არ ვგავარ თუ?