ოქროს ციებ-ცხელება

ოქროს ციებ-ცხელება

„მე ვარ მეცნიერი, რომელმაც ვნახე, რომ საყდრისში ნამდვილად ოქროა!“ - ამ სიტყვებით დაიწყო For.ge-სთან საუბარი მეცნიერმა დავით სახვაძემ და როგორც გვითხრა, ჯერ კიდევ 2007 წელს პირადი დაინტერესებით (და არა ვინმეს სპეციალური მითითებით) ჩავიდა საყდრისში რამდენიმე მეცნიერთან ერთად, რომლებიც ახლა რატომღაც თავს არიდებენ ამაზე აშკარა საუბარს. დავით სახვაძეს თქმით, მან და მისმა კოლეგებმა გათხარეს საყდრისის ტერიტორია, დარწმუნდნენ ოქროს არსებობაში, წამოიღეს ნიმუშები და ნიმუშებს კვლევა ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ჩაუტარეს.

„სიმართლე გითხრათ, მაშინ ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი იყო, მაგრამ სიღრმეებში წავედით და ვნახეთ, რომ საყდრისი მართლაც ოქროს საბადოა, კვლევებიც ჩავატარეთ და აშკარად გამოჩნდა, რომ ეს არის კვარციტში ჩაწინწკლული ოქრო. ამის შემდეგ ეჭვი არ შეგვპარვია ამაში. ამავდროულად, ეს აღმოჩენა ემთხვეოდა გერმანელების კვლევას“, - აღნიშნა დავით სახვაძემ.

დღეს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 9 საათზე საყდრისში დაიწყეს ძლიერი აფეთქებები და ამჟამად მიმდინარეობს ბულდოზერებით იმ ადგილის მოსწორება.

„რას ვიზამდით, ილია ჭავჭავაძე რომ მოეკლათ დღეს დილით? აი, ასე დგას საკითხი“, - აცხადებს საყდრისის ობიექტის დამცველი მეცნიერი მიხეილ ჯიბუტი, რომლისთვისაც საყდრისში განვითარებული მოვლენები იგივეა, რომ თანამედროვეობაში ილია ჭავჭავაძე მოგვეკლა.

მიხეილ ჯიბუტი მიიჩნევს, რომ „RMG Gold“-მა შეცვალა საზოგადოებაზე ზემოქმედების ტაქტიკა და, თუ მანამდე ამტკიცებდა, რომ საყდრისში არავითარი კავშირი ოქროსთან არ იყო, რისთვისაც მას ჰყავდა მეცნიერთა ძალიან დიდი მხარდამჭერი ჯგუფი, ახლა პირიქით, ეს ადამიანები ჩუმად არიან, კომპანია კი ამტკიცებს, რომ ბორცვის ქვეშ იმდენი ოქროა, აზრს კარგავს მათი საქმიანობა, თუ ეს ბორცვი არ მოანგრიეს. ამდენად, მიხეილ ჯიბუტისთვის საინტერესოა, რატომ დუმან დღეს ეს მეცნიერები, ის ადამიანები, რომლებიც რა სინდისით მოქმედებდნენ, არავინ იცის.

„რამდენი ოქროა ამ ბორცვის ქვეშ? არსებობს პროფესიონალთა დასკვნა. კერძოდ, მეცნიერმა, გეოლოგმა დავით არევაძემ დაწერა, რომ ბორცვის ქვეშ, ყველაზე დიდი, არის 4-5 ტონა ოქრო. დავუშვათ, 4 ტონა ოქრო ამოვიღეთ, ასეთ შემთხვევაში, რას აძლევს სახელმწიფოს 4 ტონა ოქრო?  - 12 მილიონ ლარს მოსაკრებლის სახით. ხოლო რას აძლევს ეს ინვესტორს?  -130 მილიონ დოლარს. ანუ ერთ მხარეს 12 მილიონი ლარია, მეორე მხარეს  -130 მილიონი დოლარი. მაგრამ ეშმაკობა სად გრძელდება, საქმე ისაა, რომ საყდრისის საბადო არ არის მარტო ერთი უბანი და აქ ოქრო არ არის მთავარი. ამ საბადოს მთავარი სიმდიდრე სპილენძია, აქ ცოტა ვერცხლიცაა. სპილენძის რეალიზებიდან მიღებული თანხა 186 მილიონი ამერიკული დოლარია, თანაც, ეს არის ზრდადი და მთლიანად მარტო 8 თვეში რეალიზების ზომამ შეადგინა 368 მილიონი ლარი. ასე რომ, „RMG“-მ 2014 წელს ყველა დახარჯული ინვესტიცია უკვე გაასწორა“, - აცხადებს მიხეილ ჯიბუტი.

For.ge პროფესიით მეტალურგს, მეცნიერს - დავით სახვაძეს ესაუბრა.

კანონით, მეცნიერებათა აკადემია მთავრობის მრჩეველ სახელმწიფო ორგანოდ ითვლება. იმისთვის გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება, რომ მთავრობამ რჩევა ჰკითხოს მეცნიერებათა აკადემიას. ამის მიუხედავად, კულტურის სამინისტრო 11-კაციანი კომისიას დაეყრდნო, რომელმაც საყდრისს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. რატომ მოხდა მეცნიერებათა აკადემიის იგნორირება?

 - დიახ, კულტურის სამინისტრო უნდა დაყრდნობოდა მეცნიერებათა აკადემიის დასკვნას, თუ გნებავთ, აზრი უნდა ეკითხათ მეტალურგიის ინსტიტუტისთვის, გეოლოგიის, ქიმიის, არქეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტებისთვის. ფულს რომ უხდის სახელმწიფო ამ ინსტიტუტებს, რისთვის უხდის, თუ ასეთი საჭირბოროტო საკითხების შემფასებლად არ გამოიყენა? რაც შეეხება 11-კაციან ჯგუფს, ასე თუ ისე, ყველა მათგანი დაკავშირებულია „RMG Gold“-თან. ზოგი ძველი კონტრაქტორი იყო, ზოგი მოგვიანებითი, ზოგს კი ახლა აფინანსებენ და გული მწყდება, რომ ასეთი დასკვნა გასცეს. გახსოვთ ალბათ, თავდაპირველად „RMG Gold“-მა მიმართა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, რომ მას ხელი ეშლებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში საყდრისის არსებობის გამო, ვინაიდან იგი აღიარებული იყო კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლად და სთხოვდა მას, გაეტარებინა ღონისძიებები, რომ იქნებ, ეს კულტურის უძრავი ძეგლი გადაქცეულიყო მოძრავ ძეგლად. რა თქმა უნდა, ასეთი აბსურდული მოთხოვნა ძნელი გასაგებია საზოგადოებისთვის, რადგან ეს ობიექტი წარმოადგენს მოქმედ მაღაროს, რომელსაც თავისი სივრცე, თავისი გარემო აქვს და მოძრავად მისი გადაკეთება წარმოუდგენელია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დაავალა კულტურის სამინისტროს, შეესწავლა საკითხი და გაეტარებინა ღონისძიებები უძრავი ძეგლის მოძრავ ძეგლად გადაქცევასთან დაკავშირებით. კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ შექმნა 11-კაციანი კომისია, რომლებიც, უკლებლივ ყველა მათგანი ტენდენციური აღმოჩნდა. 2013 წლის 28 მაისს შეიქმნა კომისია, 29-ში მაინც ხომ უნდა ჩასულიყვნენ და ენახათ ობიექტი? ამ დროს 30 მაისს სხდომაზე ისინი უკვე აფიქსირებდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მოეხსნათ ძეგლისთვის. რა ლოგიკით? ან მესამე დღეს როგორ მოასწრეს ამ ყველაფრის გაკეთება და როგორ დადეს ასეთი დასკვნა? წინა დღეს მაინც ხომ უნდა ჩასულიყვნენ საყდრისში და ენახათ ძეგლი?

11-კაციანი კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საყდრისში არ შეიძლება ყოფილიყო ოქროს მაღარო და აქ უნდა ყოფილიყო სპილენძის მაღარო, სადაც უძველეს დროში მოიპოვებდნენ სპილენძს.

 - აქ არის მეორე უხერხულობა. იმ პერიოდში, როგორც ეს დაათარიღეს - 3030 წელი ჩვ.წ.-მდე, ანუ 5 ათასი წლის წინ, სპილენძის მოპოვების პრაქტიკა არ არსებობდა. ესეც თავისთავად უნიკალურობა გამოდის. ჯერ ოქროს მოიპოვებდნენ, მერე სპილენძს, თანაც იქ სპილენძი არის სულ სხვა ფორმით, მაგასაც ხომ გააჩნია, სულფიდურშია, კვარციტულში თუ სხვა. თუმცა კულტურის მინისტრი დაეყრდნო იმ 11-კაციანი კომისიის დასკვნას, სადაც წერია, რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო ოქროს მაღარო და ეს იყო სპილენძის მაღარო. ასეთი მაღაროები ბევრია, მაგრამ არა - იმდროინდელი. საერთოდ, სპილენძის მოპოვების მაღაროები ათასი წლის აქეთაც არის, მათი რაოდენობა ბევრია საქართველოშიც. ამის შესახებ როცა გავიგეთ, კულტურის მინისტრს წერილი მივწერეთ, რომ არ შეიძლება ასე ყოფილიყო და ნუ გვარწმუნებდნენ, თითქოს ეს იყო სპილენძის მაღარო. ბოლოს და ბოლოს, ეს სამარცხვინო იყო, 900-იანი წლებიდან დაწყებული, ეს შეურაცხყოფდა ყველა იმ ძველი თუ ახალი თაობის მეცნიერს, ვინც ამტკიცებდა, რომ აქ არ შეიძლება ყოფილიყო სპილენძის მაღარო, რადგან ეს ობიექტი შეფასებულია ოქროს ქანების შემცველად, ხოლო სპილენძი იქ არის 0,1%, რომლიდანაც ახლაც კი ძნელია სპილენძის მოპოვება, თუმცაღა, მაინც მოიპოვებენ.

საყდრისის სიახლოვეს, მდინარის გაღმა გერმანელმა მეცნიერებმაც გათხარეს ტერიტორია და იქ აღმოჩენილია ნამოსახლარი, რომელიც ოქროს მოპოვებით იყო დაკავებული. ეს ფაქტიც, ალბათ, რაღაცის მთქმელია.

 - გერმანელებმა ჩემს თვალწინ ჩაატარეს ექსპერიმენტი 2013 წლის აგვისტოში, მიგვიყვანეს, დაგვაყენეს ამდენი ქართველი აქეთ და მივჩერებოდით, როგორ მუშაობდნენ ისინი, როგორ ანგრევდნენ ამ კლდეს, როგორ იპოვებდნენ ოქროს. სხვათა შორის, გერმანელებსაც უჭირდათ იმის თქმა, რომ ეს უძველესი ოქროს მაღარო იყო, მაგრამ მაინც დადეს დასკვნა, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი ოქროს მომპოვებელი მაღარო.

ხომ არ აჯობებს, მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტმა ამის თაობაზე ხმამაღლა განაცხადოს? მით უმეტეს, რომ საყდრისის დამცველებს უკვე საბოტაჟში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, „RMG Gold“- მუშაობის საშუალება მიეცეს, რადგან ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, თავად „RMG Gold“-ის, არქეოლოგების თუ ეროზიული პროცესების ჩარევით, ობიექტმა ძეგლის თვისებები უკვე დაკარგა და მისი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია.

 - ჩემი ყველა გამოსვლა ამას უკავშირდება. ჩემი პირველი გულისტკივილიც ეს იყო, რომ დასკვნა ააგეს პიროვნებების შეხედულებისამებრ და მათ უკან არ იდგა საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომელსაც ხელისუფლება და მთავრობა აფინანსებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ ჯიბუტი აცხადებს, რომ „RMG Gold“-მა შეცვალა საზოგადოებაზე ზემოქმედების ტაქტიკა და აღიარა, რომ საყდრისის ბორცვის ქვეშ ოქრო მართლაც მოიპოვება.

 - ჩემთვის სასიამოვნო იყო, როცა წინა სასამართლო პროცესზე „RMG Gold“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეცვალეს დამოკიდებულება ამ ობიექტის მიმართ, რასაც იმით ხსნიდა, რომ მისი მფლობელი უნდა ჩამოსულიყო და შეხვედროდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ანუ ჩვენ, ვინც ვდაობდით ამ საკითხზე და შესაძლებელი იყო მოლაპარაკების გამართვა. თუმცა არ ჩამოსულა. მოგვიანებით, სასამართლოზე ითქვა, რომ მას არ ეცალა და ვერ შეხვდა ხალხს. აშკარაა, „RMG Gold“-ს არ შეუცვლია დამოკიდებულება ობიექტის მიმართ და კვლავ უნდათ გახადონ იგი, როგორც მოპოვების წყარო. აბსურდიც ამაშია, 2006-დან 2013 წლის დეკემბრამდე „RMG Gold“-ის საკუთარ საიტზე თავად ედო და ამაყობდა იმით, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მსოფლიოში უძველესი მაღარო იყო. ეს ცნობილია და არქეოლოგებსაც იმ საიტის ამონაწერი გააჩნიათ.

მერე გააქრეს ეს ამონაწერი?

- რა თქმა უნდა, მერე გააქრეს ეს ყველაფერი. სასაცილო ის არის, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ იქ არის სპილენძის საბადო. ამაზე აღარავინ საუბრობს. ყველამ იცის, რომ იქ არის მხოლოდ და მხოლოდ ოქრო და იქ შეიძლებოდა მხოლოდ ოქროს მოპოვება. ახლა ბოლო სიტყვა სახელმწიფოზეა. თორემ, იმ აბსურდულ დასკვნაში დაახლოებით 9 ასპექტზეა გამახვილებული ყურადღება - ეკოლოგია, მეტალურგია, სამთო გეოლოგია, მასალათმცოდნეობა და სხვა.

მაგალითად, მასალათმცოდნეობაზე წერენ, როგორ შეიძლებოდა იმ დროს ადამიანს ბაზალტის ქვით ქანი მოეპოვებინა? ან კიდევ, როგორ შეიძლებოდა უხსოვარ დროში ოქრო ეცნოთ? მიკროსკოპი ჰქონდათ თუ ქიმიურ ანალიზს აკეთებდნენო? ასე რომ იყოს, მაშინ ნებისმიერ ლითონზე შეიძლება თქვან ასეთი რამ და ნებისმიერ პროგრესზე დაუშვან, რომ ძველ დროში მისი გამოყენება თურმე არ იცოდნენ. არადა, ეგვიპტელები ქართველებთან შედარებით ათასი წლის შემდეგ მოიპოვებდნენ ოქროს და როგორ ახერხებდნენ ამას? მათ შესახებ რატომ არავინ კითხულობს, ეგვიპტელები მიკროსკოპს ფლობდნენ თუ ქიმიური ანალიზის საშუალება გააჩნდათ? ამიტომ ეს არგუმენტები აბსურდულია. არცერთ ამ ასპექტს არ აქვს საფუძველი, მათ შორის, ეკონომიკურ ასპექტსაც, რომ თუ ოქროს არ მოიპოვებენ, მაშინ დაინგრევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, განადგურდება ყველაფერი. სხვათა შორის, ეკოლოგიურ დასკვნაშიც მორიგი აბსურდი უწერიათ, ეს მთა თუ არ დავანგრიეთ, ეკოლოგიური საფრთხე დაემუქრება ბოლნისის რაიონსო. მაშინ, როცა ამდენი ხანია, ეს მთა არსებობს. ამიტომ რას ნიშნავს „ახლა თუ არ დავანგრიეთ“?! მოკლედ, სამარცხვინოა, ისეთი რამეები წერია იმ დასკვნაში.