„RUSSIA“ -  აქვს თუ არა უშიშროებას სკანდალურ მაისურებთან დაკავშირებით ინფორმაცია?

„RUSSIA“ - აქვს თუ არა უშიშროებას სკანდალურ მაისურებთან დაკავშირებით ინფორმაცია?

ორი აქცია, სავარაუდოდ, ორივე მართული. აქციის ორგანიზატორთა ხელწერის დადგენა უშიშროების სამსახურის პრეროგატივაა - თუ საიდან გაჩნდა ასე ოპერატიულად საპროტესტო აქციაზე ნამგლისა და უროს გამოსახულებიანი მაისურები, წარწერით „RUSSIA“.

მოვლენები ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეში შემდეგნაირად განვითარდა. კახეთში ჩასულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაღესტნის საზღვართან გზის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივები, წარმომავლობით დაღესტნელი მოქალაქეები, კონტრაქციით და ამ სიტყვებით დახვდნენ-  „რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი! ჩვენ გვინდა ავარეთი-კახეთის გზის მშენებლობა, ჩვენ არსად წავალთ. თქვენ, ქართველები, წადით ალაზნის იქით“.

ფატი ამაზონოვი წარმომავლობით ავარიელია. ის ნამგლისა და უროს გამოსახულებიანი მაისურით გამოჩნდა კონტრაქციაზე, რომელსაც წარწერა „RUSSIA“ „ამშვენებდა“. იგი პირდაპირ მოითხოვდა - „რუსეთი მინდა, რუსეთ-საქართველოს გზა მინდა, რუსეთი ყველაფერში დამეხმარება, ყველა ნათესავი იქ მყავს და მინდა რუსეთში ყოფნა“.

ზოგადად, კონტრაქციის უმრავლესობას პრორუსულად განწყობილი ქალები შეადგენდნენ, თუმცა მათ შორის იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცებიც, რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურებით. ისინი არა მარტო ამ გზის მშენებლობას, არამედ საბჭოთა კავშირის აღდგენასაც უჭერდნენ მხარს. ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა. თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

რაც შეეხება თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი აცხადებენ, რომ ავარეთი-კახეთის გზის მშენებლობა რუსული პროექტია და ისინი არ დაუშვებენ კახეთის ცხინვალიზაციას, რადგან ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის რუსული ტანკებისთვის სისხლისმღვრელი ავტობანების მშენებლობა. ამიტომ ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ ნაციონალების და ავარიელების აქცია შეთანხმებული იყო, რადგან ნაცმოძრაობის გარკვეული ფრთა შეკრულია რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო ნაციონალების მიერ მართული პროვოკაცია, რადგან ავარიელები ჰაერიდან არ მოსულან, ისინი უკვე მზად იყვნენ კონტრაქციისთვის, მათ ჰქონდათ ფორმები, დროშები, სწორედ ამ აქციის წინ მოხდა მათი მობილიზება. მათ იცოდნენ, რომ არასამთავრობოების აქცია მზადდებოდა, კადრში ჩანს, ვითომ ეჩხუბებიან კიდეც ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს.

„მთავარია, ვინ დირიჟორობდა ამ პროვოკაციას. სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა უნდა დაიწყოს ამის მოკვლევა, უნდა მოხდეს ორივე მხარის დეტალური დაკითხვა, რათა გაირკვეს, ხომ არ იყო ეს დაგეგმილი, როგორც ერთიანი სპეცოპერაცია. ავარიელების გამონათქვამი, „ქართველებო, წადით ალაზნის იქით“, მხოლოდ ტექნიკური თანმდევი საკითხია და ახალი პოლიტიკური კონფლიქტის გაღვივებისთვის გადადგმული ნაბიჯია. ადგილობრივი ავარიელები ძალზე კარგად იმართებოდნენ. მთლიანობაში, იმართებოდა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. აქ აშკარად ჩანს ერთი სპეცსამსახურის საინტერესო ხელწერა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ ავარეთი-კახეთის გზა რუსებს სჭირდებათ. პუტინმა ამისთვის შექმნა 48-ე არმია, რომლის შტაბ-ბინაც იქნება დერბენტში, დაღესტანში, ანუ ჩვენს საზღვრებთან. ამისთვის ხდება რუსული შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია, ხოლო კასპიის ზოლზე იწყება ახალი საზღვაო სამხედრო სტრუქტურის შექმნა. ეს ერთი ჯაჭვის ზოლია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რაც გროზნოში სპეცოპერაცია განხორციელდა და დაღესტნის ერთ-ერთი დაჯგუფება უშუალოდ ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში გადავიდა. ბუნებრივია, რუსეთი ამას გამოიყენებს და იყენებს კიდევაც, რომ გააძლიეროს ზეწოლა, რათა ამ საბაბითაც ებრძოლოს ისლამურ ხალიფატს. ეს გზა ამის მამტკიცებელი ფაქტორია და საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გააანალიზოს.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინტერესოა, ვინ დაურიგა ყვარლის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ ჩვენს თანამოქალაქეებს რუსულსიმბოლოიანი მაისურები. ამიტომ, თუ ჩვენს სპეცსამსახურებს ოდნავ სერიოზულობა გააჩნიათ, ამის თაობაზე მინიმუმ, ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის გასარკვევად, ვინ იმუშავა ამ ხალხის განწყობაზე ასე ბოროტად და პროვოკაციულად. კერძოდ, ვინ მოამარაგა ეს ადამიანები სპეციალური ატრიბუტიკით, ტანსაცმლით, ვინ შეაიარაღა იდეოლოგიურად, რადგან ამ გართულებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ნებისმიერ ადგილას თავისუფლად შეიძლება აღმოცენდეს ჩვენთვის სახიფათო კერა. ამის ნიშნები უკვე ყვარელშიც გამოჩნდა.

„თანამედროვე პირობებში, არ მგონია, ძნელი მოსაძიებელი იყოს, ვინ ჩაიტანა კონკრეტული მაისურები და ვინ ესაუბრებოდა ამ ხალხს. ცხადია, ყვარლის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას ბუნებრივი სურვილი აქვს, კავკასიონის ქედს მიღმა მცხოვრებ თავის ნათესავებს ავარო-კახეთის გზის მეშვეობით მარტივად დაუკავშირდეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს უნდა აუხსნას, რამხელა საფრთხე მომდინარეობს ოკუპანტი რუსეთისგან, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს. შემაშფოთებელი იყო ჩემთვის, რაც ვნახე. მით უფრო, ვიცნობ იმ ადამიანებს, ვყოფილვარ იმ სოფლებში, შეხვედრები მქონია, ესენი არიან არაჩვეულებრივად მშვიდობიანი ადამიანები, ძალიან კარგად ინტეგრირებულნი ქართველებთან, მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რაც მათ ბუნებრივ სურვილს შეიძლება მოჰყვეს. თუ ვინმეა პროტესტის ადრესატი, ასეთი საქართველოს ხელისუფლებაშია და, ვისაც ასეთი აქციების გამართვის სურვილი აქვს, აჯობებს, აქციები გამართოს სამთავრობო დაწესებულებებთან, დედაქალაქში“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ყვარელში მომხდარი დაპირისპირება რუსულ ინტერესებშია, თუმცა ეჭვობს, რომ ამაში ნაციონალების ხელი ერიოს.

„ნაციონალების მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, არ მინდა ვიფიქრო, რომ სახელმწიფოსთვის ესოდენ მძიმე თემებს ასე მარტივად შეეთამაშებიან, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მემეტება ამისთვის. სიფრთხილე აუცილებლად საჭიროა და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ არის საჭირო, როცა ასეთი სიტუაციაა. ამიტომ არ მჯერა ასეთი შეთქმულების თეორიის, რომ ორივე მხარეს ერთმა ძალამ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმუშავა, თუმცა აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება“.

პოლიტიკოსის თქმით, ასეთმა „გზებმა“ სახელმწიფოებრივ ინტერესებს რა ზიანიც შეიძლება მიაყენოს, ეს წარსულმა გამოცდილებამაც გვიჩვენა. შორს რომ არ წავიდეთ, ტრანსკავკასიური გზის პერსპექტივა ეროვნული მოძრაობის პირობებში სტუდენტური მოძრაობის აქტიურობით გაჩერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა საქართველოსთვის. გარდა ამისა, არსებობს როკის გვირაბის ფაქტორი, რომელმაც თავისი უარყოფითი როლი შეასრულა 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებში და დღესაც საეჭვო მისიას შეასრულებს, როცა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. ამ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან დღემდე დაცული იყო ერთადერთი მხარე - კახეთი. ამჟამად კი ეს დიდი საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ამდენად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ოკუპანტი ქვეყანა ყველა გზას იყენებს ტანკის გადაადგილებისთვის. ჩვენი ტრაგედიაა, რომ 21-ე საუკუნეში გზებსა და საკომუნიკაციო არტერიაზე უარს ვამბობთ.

იმის გასარკვევად, დაინტერესდა თუ არა შესაბამისი სამსახური საეჭვო რუსულწარწერიანი მაისურების წარმომავლობით და აღიძრა თუ არა საქმე საცხენეში მომხდარი დაპირისპირების გამო, For.ge შსს- დაუკავშირდა. როგორც შს სამინისტროში გვაცნობეს, მათ ადგილობრივი პოლიციისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ საცხენეში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ მომხდარა, ამდენად, საქმე არ აღძრულა. რაც შეეხება რუსეთის წარწერიანი მაისურების დარიგების ამბავს, შსს-ში განმარტავენ, რომ ეს უკვე სხვა თემაა და კომპეტენური შესწავლა სჭირდება.