2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, უმრავლესობის მიერ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შექებულია, ოპოზიციის მიერ კი გაკიცხული. საქართველოს პარლამენტმა ფინანსური დოკუმენტი - 82 ხმით ერთხმად დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა შვიდი საათის განმავლობაში, პოლიტიკური დებატების ფორმატში, ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ბიუჯეტის პროექტს მხარი მხოლოდ უმრავლესობამ დაუჭირა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ნაციონალური მოძრაობამ“ კი, დოკუმენტს ნდობა არ გამოუცხადეს.
პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პარალელურად აქტუალური პოლიტიკაში „ცალ-ცალი კალოშით“ მოსული პირების გარკვევა იყო. ნოდარ ხადურმა ნაციონალებს კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას ურჩია, წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების ფინანსური შესაძლებლობები შეისწავლონ, რომლებიც თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ცალ-ცალი კალოშებით“ მივიდნენ.
ფინანსთა მინისტრმა for.ge-სთან საუბარში არ დააკონკრეტა, ცალ-ცალ კალოშიან პოლიტიკოსებში თუ ვის გულისხმობდა, მაგრამ რესპუბლიკელმა, თინა ხიდაშელმა თავი არ შეიკავა და აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილი პატარა, უქონელი ბიჭი და ერთ დროს, დროშების დამტრიალებელი იყო, რომელიც ამჟამად, საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცია.
მისი თქმით, კეზერაშვილს არც ერთი დღე სახელმწიფო თანამდებობების გარეთ არ უმუშავია და მილიონები შეაგროვა.
ხიდაშელის მეორე სამიზნე გივი თარგამაძე აღმოჩნდა, რომლის თაობაზეც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის „ერთ დროს, სიგარეტის ფულს ითხოვდა, მაგრამ მოგვიანებით, რაღაცნაირად ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდა“.
ფინანსთა მინისტრს ცალ-ცალ კალოშიანი პოლიტიკოსის დასახელებისკენ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემაც მოუწოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პასუხი ვერ მიიღო, მან ბიუჯეტის შევსების სანაცვლოდ, ხადურს დეპუტატის მანდატზე უარის თქმას შეჰპირდა.
„თუ ბიუჯეტი შესრულდება, დეპუტატის მანდატს დავტოვებ, თუ ვერ შესრულდა, ფინანსთა სამინისტრო გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე დარჩეს“, - განაცხადა ხაჩიძემ, რომლის იდეაც ხადურმა არ გაიზიარა და for.ge-სთან განმარტა, რომ მას ნიძლავების დრო არ აქვს და ბევრი სამუშაო აქვს.
ფინანსთა მინისტრი აქტიურ მუშაობას აპირებს, მაგრამ ნაციონალი ირმა ნადირაშვილი აფრთხილებს, რომ „ოლიგარქის“ გულს ვერ მოიგებს და თუ ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება, მის თავს ზვიგენებს ისე ჩაუგდებს, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების შემთხვევაში მოხდა.
„თქვენ გზავნილი მიიღეთ, რომ თვითკმაყოფილი სახეები გქონდეთ, მაგრამ თქვენს მიერ შექმნილ ზღაპრულ სამყაროში ისე გაერთეთ, რომ ასტრონომიული ციფრი დაწერეთ და თქვით, თითქოს, ქვეყანაში 508 მლნ დოლარის ინვესტიციები შემოვიდა. ამას თქვენს გარდა, ვერავინ გრძნობს?“, - მიმართა ხადურს ნადირაშვილმა.
ხანგძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რის შემდეგაც, ზოგიერთი დეპუტატი პროგნოზს აკეთებდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც გაირღვევა, ზოგი იმაზე წუხს, სამინისტროები თანხებს თუ როგორ აითვისებენ, თავად ხადურმა კი, უწყება მხიარულ განწყობაზე დატოვა, რადგან ბიუჯეტი მიღებულია და მთავრობას ამ ეტაპზე გადადგომის საფრთხე არ ემუქრება.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, 2015 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს არ პასუხობს, უმრავლესობა კი ხოტბას იმ მინისტრს ასხამს, რომელმაც ბოლო ორი წლის მანძილზე, ბიუჯეტი ორჯერ გაარღვია.
ჯაფარიძის განმარტებით, დოკუმენტით, ქვეყნის ეკონომიკის 5 პროცენტიანი ზრდა არის დაგეგმილი, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ძალიან ცოტა.
„ქვეყანას გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა სჭირდება. თუკი უზბეკეთი ახერხებს, რომ ეკონომიკა 7 პროცენტით გაზარდოს, ჩვენ მინიმუმ 8 პროცენტიანი ზრდა უნდა გვქონდეს“, - ამბობს ჯაფარიძე.
დეპუტატის ცნობით, მთავრობა მომავალ წელს, მილიარდ 600 მლნ ლარიანი ვალის აღებას გეგმავს, საიდანაც მილიარდი საგარეო ვალია, ხოლო 600 მლნ შიდა ვალი.
„შიდა ვალი ძვირი ფულია, რომელსაც მთავრობა უაზროდ ხარჯავს და ვითომ, ეკონომიკას ახალისებს. მთავრობის ხარჯები და საშემოსავლო გადასახადები უნდა შეემცირებინათ, ისინი კი, საპირისპირო გზით მიდიან და დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებასაც კი აპირებენ. აქციზს ზრდიან, რომ თავი რაც შეიძლება მეტ შემოსავალს მოუყარონ, რათა საკუთარი ნათესავები და ახლობლები დაასაქმონ“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძის მსგავსად, მთავრობას მისი თანაგუნდელი გოკა გაბაშვილიც აკრიტიკებს, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორი წლის მანძილზე, ეკონომიკური გუნდი კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს. გაბაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი შარშან გაირღვა და თუკი წელსაც გაირღვევა, ეს კატასტროფაა, მაგრამ თუკი მთავრობა ლარს გამოყრის, მაშინ, ეს უარესი იქნება.
„არცერთი დაპირება, რაც კოალიციამ გასცა, არ სრულდება და ბიუროკრატია იზრდება. მთავრობა წასვლაზე უნდა ფიქრობდეს, ესენი კი, ბიუჯეტს ამტკიცებენ“, - დასძენს გაბაშვილი.
უმცირესობის მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არ დაუჭირეს. for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს.
დეპუტატის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტზე ვერ აიღებენ, რომლის შესრულებაშიც მონაწილეობას არ მიიღებენ. ჩიქოვანის შეფასებით, ბიუჯეტში პოზიტური მხარეებია, რადგან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტი გაიზარდა.
„როგორც ოპოზიცურმა ძალამ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან 2013 და 2014 წელს რეალური თანხები იყო, რომელიც ამა თუ იმ უწყებების მიერ ვერ გაიხარჯა და არ გაიხარჯა, რამაც ბიუჯეტის სრულყოფილი შესრულება ვერ შეძლო. ამ დოკუმენტზე პასუხისმგებლობა არ ავიღეთ, რადგან მისი აღსრულების ბერკეტი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ოპონენტებისგან განსხვავებით, მომავალი წლის ბიუჯეტს შემოსულობების ნაწილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ოპტიმისტურად უყურებს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მას ხარჯვითი ნაწილის შესრულების საკითხი აღელვებს.
კანონმდებელის ცნობით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გარკვეული ხარვეზები იყო, რადგან ამა თუ იმ უწყებებმა თანხები ვერ აითვისეს.
„სერიოზული პრობლემა იყო ის, თანხები თუ როგორ დახარჯულიყო. საფიქრალი ეს უფრო არის“, - განაცხადა ებანოიძემ, რომლის მსგავსად ოპტიმისტურად არის განწყობილი ფინანსთა მინისტრი.
ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ბიუჯეტი იმ გამოწვევების დაძლევაზეა ორიენტირებული, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
მისი მტკიცებით, ბიუჯეტში დაბალანსებულია სოციალური ვალდებულებები და ეკონომიკის განვითარების გზები.
„დარწმუნებული ვარ, ეკონომიკაში მინიმუმ 5 პროცენტიანი ზრდა იქნება და ამაში მნიშვნელოვან როლს კერძო სექტორი ითამაშებს. ნაციონალები ჩემს პოსტზე ძალიან ნუ ინერვიულებენ, რადგან ისინი პროცესებს ისედაც მუქ ფერებში წარმოაჩენენ და ქვეყნის წარუმატებლობას იზეიმებენ“, - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები - 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია, გადასახდელები - 9 მილიარდ 575 მილიონი ლარია, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია, ასევე 5 პროცენტია ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც. დოკუმენტით, მომავალი წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარია, საინვესტიციო გრანტები - 100.0 მლნ ლარია, ხოლო სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, 2015 წლის 1-ელი დეკემბრიდან პენსია 160 ლარამდე გაიზრდება, ისევე როგორც 50 ლარით ხელფასი პედაგოგებს მოემატებათ.
რაც შეეხება უწყებრივ დაფინანსებას, ხელისუფლების პრიორიტეტულ სფეროებად ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა რჩება.