წლის ბოლოს ხელისუფლებამ დავალიანებისა და ჯარიმების ჩამოწერას მიჰყო ხელი. იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს 1,2 მლნ ლარი აპატია, ხოლო თბილისის საკრებულომ - 1 მლნ ლარი. გამორიცხული არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება სხვა უწყებებმაც მიიღონ.
თბილისში დაახლოებით 12 000 ოჯახს დასუფთავების დავალიანება გაუნულდება. დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დაადასტურა, რომ ეს ცვლილება 2014 წლის ბიუჯეტში შევა და შესაბამისად, წლის ბოლომდე ამოქმედდება.
თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ცხადდება ფაქტობრივი ამნისტია და დასუფთავების გადასახადის დავალიანების მქონე ოჯახებს დავალიანების დასაფარი თანხა ვაუჩერის სახით დაერიცხებათ. ისინი ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფლდებიან
„თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობას გაუნულდება დასუფთავების დავალიანება. წლების განმავლობაში დაგროვილი დასუფთავების დავალიანება დაახლოებით 12 000 ოჯახს ერიცხება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლევანდელ წელს ცხადდება ამნისტია. ასეთი კატეგორიის ოჯახებს ვაუჩერის სახით სპეციალურად დაერიცხება აღნიშნული დავალიანების დასაფარი თანხა და აღნიშნული დავალიანება მთლიანად ნულდება. ეს არის დაახლოებით 1 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
რამდენიმე დღის წინათ, მსგავსი ინიციატივით გამოვიდა იუსტიციის სამინისტრო, როდესაც მოსახლეობის ნაწილს დაგროვილი ჯარიმა-საურავები ჩამოაწერა. წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებიც ავტობუსით მგზავრობის წესებით დარღვევისთვის იყვნენ დაჯარიმებული, მათი გადახდა აღარ მოუწევთ.
ამნისტიის კანონის პროექტის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2014 წლის 10 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს 1.2 მილიონი ლარამდე გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. მათივე ინფორმაციით, ჯარიმებისაგან 20 850 პირი თავისუფლდება.
სამინისტროსვე ინფორმაციით, იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), - იწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში -საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში.