ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოს კლანური ხელისუფლება მართავს, პირამიდის სათავეში კი, ბიძინა ივანიშვილია. მისი მოსაზრებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები კლანების ბრძოლას უკავშირდება, რომლის ერთ მხარეს, უჩა მამაცაშვილი და კახი კალაძე დგანან, ხოლო მეორე მხარეს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი იყო, რომელსაც ივანიშვილმა ქარბორბალასავით გადაურა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე, for.ge უმცირსობის წევრს, დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს რას უკავშირებთ?
- მიმდინარე პროცესები რამდენიმე რამეს აჩვენებს. უპირველეს ყოვლისა სახეზეა, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ხალხზე გაბრაზდა, მაგრამ გაბრაზების მიზეზი არის თუ არა ის, რომ ისინი მის უკითხავად ფულს აკეთებენ, ამაზე შესაძლოა, სხვადასხვა ვერსიები ითქვას. ქვეყანაში ნორმალური ვითარება არ არის და ყოფილმა პრემიერმა ჯოხი ღარიბაშვილზე და მის გარემოცვაზე გადატეხა. ეს პროცესი აჩვენებს, რომ ვითომდა, ეს ხალხი მეორე ხარისხოვანი თანამდებობის პირები არიან, მაგრამ რეალურად, ვითარებას სხვადასხვა სექტორში ისინი აკონტროლებდნენ და ხშირ შემთხვევებში, მინისტრები ფორმალური ფიგურები არიან. ლოგიკურია ითქვას, რომ ეს საკადრო ცვლილებები იყო დარტყმა ღარიბაშვილზე.
თქვენს კრიტიკას ზვიად ჯანყარაშვილი და ძმები ჩხენკელები ხშირად იმსახურებდნენ და თქვენ რამდენჯერმე მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარკვეული სქემებიც წარმოდგინეთ. ამ ადამიანების მიმართ ეჭვები იყო, ისინი ხომ არ აკონტროლებდნენ ბიზნესს და თუ ისინი პოსტებიდან ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა, გამოდის, რომ მან კარგი გადაწყვეტილება მიიღო?
- ხელისუფლებაში სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც ღარიბაშვილ-თამაზაშვილზე მიბმულები არ არიან, მათ შორის უჩა მამაცაშვილი და კალაძე და მისი ხალხი. საბოლოო ჯამში, ის გამოვიდა, რომ ერთმა კლანმა მეორე ჩააჩოჩა და ამით თავად ისარგებლეს.
ანუ, სახეზეა სახელისუფლებო „კლანთა“ ბრძოლა?
- რა თქმა უნდა, ეს კლანური ხელისუფლებაა, პირამიდის სათავეში კი, ბიძინა ივანიშვილია და მან ჩათვალა, რომ ვიღაცეები იმას ნაკლებად აკეთებენ, რაც მას ესიამოვნება. ან უბრალოდ მან მიიჩნია, რომ რადგან ეს სქემები გახმაურდა, ვიღაცაზე ჯოხი უნდა გადაეტეხა. უკვე ცალსახაა, რომ ყველაფერს ივანიშვილი აკონტროლებს, რადგან საკადრო ცვლილებების თაობაზე პარლამენტში საერთოდ აზრზე არ იყვნენ და ეს უმრავლესობის წევრების გამოსვლებს ეტყობოდა. რა თქმა უნდა, 24 საათში ღარიბაშვილს გონება არ შეეცვლებოდა და თავისიანებს არ დაერეოდა, რადგან ჯანყარაშვილიდან დაწყებული, ძმები ჩხენკელებით დამთავრებული, ყველას აქებდა. ამ ბრძოლას რომელ სახლელისუფლებო შტოს დააბრალებენ - კოტე კუბლაშვილს? ვინ, ვინ და, ვინც ნარიყალას გვერდით ზის, პროცესებს ის მართავს.
თქვენგან განსხვავებით, მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებში პარლამენტი ვერ ჩაერევა...
- რაღაც ხომ უნდა თქვან? პოსტებიდან წასული პირები გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა სახელები ტენდერებთან იყო დაკავშირებული. წარმოგიდგენიათ, რომ ისინი უბრალოდ, გაქრნენ? ამ პროცესებს რუტინად ვერ გაასაღებენ.
რამდენად მოსალოდნელია, სამთავრობო კარუსელი?
- ამას პრემიერმინისტრი არ წყვეტს, მას მრჩეველის და აპარატის უფროსის დანიშვნის უფლებაც კი წაართვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ღარიბაშვილს გაუბრაზდა და პრემიერის კანცელარია გაწმინდა, გუბერნიებს გადაუქროლა და ხელი პარტიის აპარატის წმენდასაც მიჰყო.
თქვენ ამბობთ, რომ სახელისუფლებო წრე ივანიშვილმა იმ ადამიანებისგან გაწმინდა, რომელთა მიმართაც ეჭვები გამოითქმოდა. თქვენი მმართველობის პირობებში, ამა თუ იმ მინისტრს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებდნენ, მაგრამ თქვენ ბრალდებებზე რეაგირებას არ ახდენდით, რამაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკურად დაგღუპათ კიდეც. იყო თუ არა თქვენი შეცდომა, რომ საზოგადოება მიგითითებდათ და მათ მოთხოვნას არ ასრულებდით?
- ამჟამად, საქმე აბსოლუტურად სხვა შემთხვევასთან გვაქვს. პოლიტიკურ პროცესებს გარედან პიროვნება მართავს, რომელიც კადრებს წმენდს და ვის რა მოვალეობა აქვს, სულ ფეხებზე კიდია. არ ვიცი, ამჟამად მიმდინარე პროცესებს ცხრაწლიანი მმართველობის რომელ პერიოდს ადარებთ?
დავით კეზერაშვილის ბიზნესს საქმიანობასთან დაკავშირებით, ბრალდებები ყოველთვის ისმოდა, ხოლო ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში ეჭვები გამოითქმოდა, რომ ისინი ადამიანის უფლებებს არღვევდნენ...
- ყველაფერ ამას დამტკიცება სჭირდება. ამჟამად, იმაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო აპარატს ვინ როგორ მართავს და საკუთარი კაპრიზებით როგორ ცვლის კადრების შემადგენლობას. თვალსაცემია, რომ ამ პროცესების წარმმართველი ივანიშვილის გარდა არავინ ჩანს. მან სახელმწიფო აპარატს პატარა ქარბორბალასავით გადაურა. სააკაშვილის დროს თუკი რომელიმე მინისტრი სათანადო სამუშაოს არ წევდა, მას პოსტიდან უშვებდა, მაგრამ ეს კონსტიტუციის ფარგლებში ხდებოდა.
თქვენ სამთავრობო ცვლილებები გიკვირთ? წელიწადში რამდენჯერმე სამთავრობო კარუსელი ტრიალებდა...
- სამთავრობო ცვლილებები ყველგან და ყოველთვის ხდება, მაგრამ აქ რაღაც სხვა პროცესები მიმდინარეობს. აქ მინისტრები კი არ შეცვალეს, არამედ ღარიბაშვილს თითი დაუქნიეს და მისიანები ადმინისტრაციიდან მოაცილეს.
ამით ღარიბაშვილის პოლიტიკური განიარაღება მოხდა, თუ პოლიტიკაში რაღაც ფორმით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას უნდა ველოდოთ?
- მას ეს პროცესები იმისთვის დასჭირდა, რომ სახელმწიფო და პირადი ბიზნესი ერთი და იმავე ჰგონია. მას სახელმწიფო ეშალონებისადმი იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც საკუთარი კომპანიის თანამშრომლებისადმი. ის პოსტებზე ვის დანიშნავს, ვის მოაცილებს, ამას არავის ეკითხება. თავის დროზე, ფუკუიამას წერილი ჰქონდა, თუ როგორი შეუთავსებელია, სახელმწიფო თანამდებობის პირი მილიარდერი იყოს. მას დონალდ ტრამპის მაგალითი მოჰყავდა, როდესაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა სურდა. ტრამპი გამოთქმით იყო ცნობილი - „შენ ხარ დათხოვილი“. ფუკუიამა ამბობდა, რომ როგორც კი, ადამიანი პოლიტიკაში მოვა და ამ გამონათქვამს გამოიყენებს, მისი პოლიტიკური საქმიანობა იქ დამთავრდებაო. ივანიშვილი ზუსტად ასე იქცევა, აქ ამერიკა არ არის და გასდის, თან ამას კულისებიდან აკეთებს. ივანიშვილი პრემიერი რომ იყოს და საკადრო ცვლილებებს ისე ახორციელებდეს, მაშინ, ამ საკითხზე ვისაუბრებდით, მაგრამ ის თავის პროცესებს გორაკზე, ყოლბაში მჯდომი მართავს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ივანიშვილს მოუწოდებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდეს და პოლიტიკური ჩრდილიდან გამოვიდეს. ყოფილ პრემიერს დაბარებული აქვს, რომ თუ საჭირო გახდება, პოლიტიკაში დაბრუნდება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ეს?
- „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჯერ ის ვერ გაარკვიეს, პოლიტიკაში რა უნდათ და ვისი ოპონენტები არიან. ეჭვი მაქვს, რომ თავისი ნიშის ძიებაში არიან. ოპოზიციაში იყო და ხელისუფლების უკან ჩრდილში მყოფ პიროვნებას პოლიტიკაში დაბრუნებას მოუწოდებდე მთავრობაზე პასუხისმგებლობა აიღეო, ეს ცოტა გაურკვეველია. თუკი პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ ვიღაც პროცესებს კულისებიდან მართავს, პირიქით, ის უნდა ცდილობდეს, რომ ეს პიროვნება ყველანაირად იზოლირებული იყოს.
პოლიტიკას ივანიშვილი უნდა მოსცილდეს, რადგან ის ქვეყანას გადაჩეხავს. ყველაფერი, რაც ორი წლის მანძილზე ხდება, მისი პასუხისმგებლობაა. კარგი კი, დიდი არაფერი ხდება. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ უფასო წიგნების დარიგება და ჯანდაცვის სისტემა კარგია, ძალიან ცდება, რადგან არავინ ფიქრობს, ხვალ ეს პროექტები რას მოიტანს.
თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები დაცულია განსხვავებით, თქვენი მმართველობისგან...
- ეს დამოკიდებულება დაუსაბუთებელი მტკიცებაა, რადგან გააჩნია, თქვენ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას რაში ხედავთ?თქვენ პირადად, შიში გქონდათ?
მე პირადად არ მქონდა, მაგრამ ჩემს გარშემო შიში სუფევდა...
- ჩემს გარშემო შიში ბევრ ადამიანს ამჟამად აქვს, რადგან ახლა სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება და არა ადამიანის უფლებების დაცვა. შუა საუკუნებრივი მიდგომაა, რომ მე გავიმარჯვე, ახლა ყველას დაგიმორჩილებთ, მაგრამ ვინც არ მეთანხმებით, იმათ შიში გექნებათ.
ანუ, თქვენი ხელისუფლების მმართველობის პათოსიც ეს იყო?
- ამას თქვენ ამბობთ, რადგან ამას გვარბალებენ, მაგრამ რასაც ჩვენ გვაბრალებენ, პრაქტიკაში იმას თავად აკეთებენ. წარსულში რა ხდებოდა, ამას გამოძიება სჭირდება, რომელსაც ვერ აწარმოებენ. არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოება რიგ პოლიტიკოსებს შიშის თვალით უყურებდა და ძალოვანი უწყებების უკონტროლობა და შიში იყო, მაგრამ როგორც წესი, ეს შიში იმ ადამიანებში იყო, რომელთაც კრიმინალური წარსული ჰქონდათ.
შიში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსც ჰქონდათ...
- ბიზნეს წრეების საქმიანობაც ჩრდილოვანი იყო საქართველოში. 90-იან წლებში, ბიზნესმენები როგორ გაჩნდნენ? რომან გოცირიძეს კარგი კვლევა აქვს, ხალხის ფული ჯიბეში როგორ გადაქაჩეს და ათასგვარი პირამიდა მოიფიქრეს. აქ ბევრი „წითელი დირექტორი“ დადის, რომელიც ჭკუას გვარიგებს. რა თქმა უნდა, მათ შიშები გაუჩნდათ. შესაძლოა, წნეხის ქვეშ აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანებიც აღმოჩნდნენ და ეს პრობლემაა, მაგრამ სახლემწიფოს წნეხი თავს იმათ დაატყდა, ვინც ქვეყანა 90-იან წლებში გაძარცვეს. ამჟამად კი, პოლიტიკური წნეხი ოპონენტების მიმართ ხორციელდება, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
ირაკლი ალასანიას გუნდს თქვენს ალტერნატივად განიხილავთ?
- „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად ვერ წარმომიდგენია, თუკი მათ ივაჟკაცეს და ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, მაშინ, მათ შეუძლიათ, „ქართული ოცნების“ ალტერნატივა გახდნენ.