„იქ, სადაც ფულის კეთება ხდებოდა, ივანიშვილმა ნდობით აღჭურვილი პირები მიავლინა“

„იქ, სადაც ფულის კეთება ხდებოდა, ივანიშვილმა ნდობით აღჭურვილი პირები მიავლინა“

მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება, უმრავლესობა პროცესების მიღმაა, უმცირესობა სახელისუფლებო „კლანთა“ ბრძოლაზე აპელირებს, „თავისუფალი დემოკრატები“ კი პროცესის გაგრძელებას და სამთავრობო ცვლილებებს ელიან.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოლიტიკურმა ქარბორბალამ ძალოვან უწყებას გადაუარა და თუკი შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი გიორგი ზედელაშვილმა დატოვა, ალექსანდრე ჭიკაიძის პირველი მოადგილის თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა ჩაიბარა, მეორე მოდგილედ თემურ მღებრიშვილი დაინიშნა, ხოლო მესამე მოადგილე არჩილ თალაკვაძე გახდა.

უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, მაგრამ მათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ანზორ ჩუბინიძეს დაბრუნება მედიისგან გაიგეს.

სახელმწიფო უწყებაში ანზორ ჩუბინიძის დაბრუნებას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი დადებითად აფასებს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი ძალოვან უწყებებში განვითარებულ პროცესებზე აპელირებს და ამბობს, რომ შს სამინისტროში პოლიტიკური სადავეებიდან კონკრეტული ჯგუფის ჩამოცილება მოხდა. კანონმდებელის მოსაზრებით, საკადრო ცვლილებები რამდენიმე დღით მხოლოდ იმიტომ შენელდა, რომ საზოგადოებაში პანიკა არ დათესილიყო.

„პრემიერმინისტრმა ძალოვანი უწყების რეფორმირებაზე განცხადება გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე განხორციელდეს. შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმით იყო გამოწვეული, რომ ეს თემა გადაფარულიყო. უწყების რეფორმირებას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ანალიზი უნდა გაკეთდეს, არსებულ პოსტებს თუ ვინ იკავებს. გარკვეული ჯგუფი იყო, რომელიც დღეს აღარ არის, რაც კარგია, რადგან განცდა არ უნდა შეიქმნას, რომ ყველა უწყებაში ერთი ადამიანების ჯგუფი არსებობს“, - აცხადებს ჩიქოვანი.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, საკადრო ცვლილებების თაობაზე საკუთარ ეჭვებს გამოთქვამენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ფინანსური ნაკადების კონტროლისა და ძალაუფლების გადანაწილების მიზნით, ხელისუფლებაში ადგილი აქვს კლანების ბრძოლას. ბეჟაშვილის თქმით, ორი წლის მანძილზე, უმცირესობა კორუფციულ გარიგებებში ამა თუ იმ თანამდებობის პირის მონაწილეობის თაობაზე სქემებს აქვეყნებდა, რამაც ასახვა საკადრო ცვლილებებში ჰპოვა.

„სამწუხაროა, რომ ეს იმისთვის კი არ ხდება, რომ ვინმეს კორუფციასთან ბრძოლა სჭირდება, არამედ რეალურად, ადგილი აქვს ფინანსური ნაკადების კონტროლის და ძალაუფლების გადანაწილებას. იქ, სადაც ფულის კეთება და კორუფციული გარიგებები ხდებოდა, ივანიშვილმა ნდობით აღჭურვილი პირები მიავლინა. სახეზეა, რომ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება ხდება“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

კანონმდებელი აცხადებს, რომ პროცესების ერთ მხარეს, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები დგანან, ხოლო მეორე მხარეს, უჩა მამაცაშვილისა და კახი კალაძის კლანი, ამ პროცესების მთავარი მსხევრპლი კი, საქართველოს მოქალაქეები არიან.

„ინფორმაციები არის, რომ ივანიშვილი ცდილობს ფორმა გამონახოს, რითაც ხელისუფლებაში დაბრუნდება. ამის წინაპირობა ისაა, რომ არაფერი გაკეთებულა და ეს ხელისუფლება უნიათოა. ამასთანავე, კლიშე ჩნდება, რომ ხელისუფლება კორუფციაში ჩაფლულია, მაგრამ როგორც ნახეთ, ლარის კრიზისმა მოსახლეობის ჯიბეზე გაიარა. საკადრო ცვლილებებით ცდილობენ, ახალი პიარი ააგორონ და ახალი კვამლი გააჩინონ, რითაც ხელისუფლების გამყარებას შეეცდებიან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების თაობაზე რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს ჭარბი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რაც ხდება, უწყებების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისთვის და გაუმჯობესებისთვის, კარგია.

კანონმდებელი ძალოვან უწყებების რეფორმირების საკითხზე პრემიერმინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებას ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა.

„ხმალაძისა და უსუფაშვილის მიერ ტრიბუნიდან გაჟღერებული თემები მთავრობის მეთაურისთვის დაგვიანებულად, მაგრამ მისთვის მისაღები აღმოჩნდა“, - აცხადებს დეპუტატი.

ბერძენიშვილი სახელმწიფო სამსახურში ანზორ ჩუბინიძის დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩუბინიძის დაბრუნება იმას ადასტურებს, რომ მან თავის დროზე კარგად იმუშავა.

„როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ მოვალეობას მისი შემცვლელი ისე კარგად ვერ ართმევდა თავს, როგორც ჩუბინიძე და ამიტომ, ის უკან დააბრუნეს. ერთი ჯგუფის უახლოესი წევრები პოსტებს ტოვებენ, მეორეს ჯგუფი კი მოდის. ამ თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ხელისუფლებაში იმ კადრების გაძლიერება ხდება, რომლებიც კოალიციის ოპოზიციაში ყოფნის დროს, სათავეებთან იყვნენ. ამას ვუკავშირებ არა იმდენად პერსონალურ ფაქტორებს, არამედ მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების საჭიროებას და ამის დანახვას“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომელიც არ ელოდება, რომ ჩუბინიძის მსგავსად, სახელმწიფო სამსახურში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება, რადგან დეპუტატი ამბობს, რომ მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

დავით ბერძენიშვილისგან განსხვავებით, for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არწმუნებს, რომ მან საკადრო ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია იცოდა. დეპუტატის განმარტებით, არსებითი საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„ვინც გარკველი უნარ-ჩვევები გამოავლინა, მათი ჩასმა იქ ხდება, სადაც მეტი გამოწვევა და მოთხოვნაა. ზედელაშვილის ადგილი გათავისუფლდა და გადაადგილებები ამან გამოიწვია. თუ რომელიმე პოსტზე ჩემს რომელიმე მეგობარს გადაიყვანენ, უნდა ვთქვა, რომ მე მებრძვიან? იცით, ეჭვები რატომ არ მიჩნდება? - ვიცი, რომ ღარიბაშვილისთვის და ივანიშვილისთვის მიუღებელია მიდგომა - ჩემიანია, შენიანი და მისიანი“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

for.ge-სთან საუბარში გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვინც სახელისუფლებო კლანებზე საუბრობს, მათი მიზანი ან მავნებლური განცხადებების კეთებაა, ან ხელისუფლების მიზანიმიმართული დისკრედიტაცია ხდება.

„ნაციონალები სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დისკრედიტაციის ხაზის გატარებას ბოლომდე ცდილობენ. როგორ ფიქრობთ, მღებრიშვილმა ვერ იმუშავა და ის საპასუხისმგებლო ადგილზე გადაიყვანეს? ჩუბინიძე პროფესიონალი და წესიერი ადამიანია, რომელიც საქმეს თავს გაართმევს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები გასულ კვირას დაიწყო და პროცესი ზვიად ჯანყარაშვილმა გახსნა, რომელმაც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, პოსტების დატოვება მოუწიათ - შს სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელს, ირაკლი სამყურაშვილს, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) უფროსს, მალხაზ ჩიკვილაძეს, ეკონომიკური საბჭოს მდივანს, რომან ჩხენკელს, გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს და მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, აკაკი ჩხენკელს.