კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პატივისა და ღირსების აღდგენას სასამართლოს გზით ითხოვს. ნიკოლოზ ანთიძემ for.ge-სთან ინტერვიუს (http://www.for.ge/view.php?for_id=37593&cat=3) დროს დადებული პირობა შეასრულა და სასამართლოს „საყდრისის მცველის“ წინააღმდეგ სარჩელით 9 დეკემბერს მიმართა. საუბარია ირაკლი მამალაძის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე - მამალაძე, ასევე for.ge-სთან საუბრისას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებდა (http://www.for.ge/view.php?for_id=37569&cat=3), რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ დოკუმენტი ნიკოლოზ ანთიძემ მოიპარა და „გააქრო“. უახლოეს პერიოდში ნიკოლოზ ანთიძის წინააღმდეგ ასევე სასამართლოში ჩივილს გეგმავს „საყდრისის მცველი“. მამალაძე ნიკოლოზ ანთიძეს საბოტაჟში დადანაშაულების გამო საყვედურობს და საჯარო მოხელისგან მეტ თმენის ვალდებულებას მოითხოვს.
For.ge, ამჯერად, „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრს, ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.
ირაკლი მამალაძე: ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, თითქოს უაპელაციოდ დავდე ბრალი ქურდობაში, კერძოდ, საუბარია 2005 წლის დოკუმენტაციის „გაქრობაზე“. შემიძლიათ გითხრათ, რომ ჯერ კიდევ მარტში საუბრობდა ამ დოკუმენტის დაკარგვის შესახებ ქართულ-გერმანული ექსპედიციის წარმომადგენელი, არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე და, სწორედ, მაშინ ამხილა იგი საყდრისთან დაკავშირებული დოკუმენტის დაკარგვაში. გაუგებარია, რატომ მიჩივლა ნიკოლოზ ანთიძემ მე და არ უჩივლა ირინა ღამბაშიძეს? არადა, იგი პირდაპირ წერდა, რომ პირადად ნიკოლოზ ანთიძეს ჩააბარა დოკუმენტაცია, რომელიც დღეს „გამქრალია“ და იქვე ირიბად მას ადანაშაულებდა, შეიძლება ითქვას, ქურდობაში და დოკუმენტების გაქრობაში.
რაც შეეხება ნიკოლოზ ანთიძის სარჩელს, რომ მას პატივი და ღირსება შეელახა, ამ ადამიანს არც ერთი მათგანი არ გააჩნია. სრული უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოში და სათანადო პასუხიც გაეცემა „საყდრისის კომიტეტის“ მხრიდან. ანთიძე კულტურული ძეგლებს ვერ იცავს და პატივი და ღირსება მაინც დაიცვას - მან, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვერ დაიცვა ბაგრატის ტაძარი და ვერ იცავს საყდრისს.
რა თქმა უნდა, მწვავე ოპონირებას გავუწევთ სასამართლოში. მაგრამ, მანამდე გასარკვევია, მიიღებს კი სასამართლო ამ სარჩელს წარმოებაში? მოგეხსენებათ, 10-დღიანი ვადაა დაწესებული საამისოდ. ვფიქრობ, მოსამართლემ არც უნდა დაუშვას ამ სარჩელის განხილვა, რადგან საყდრისის დაკავშირებული დოკუმენტის საკითხი, რომლის დაკარგვაშიც ნიკოლოზ ანთიძე დავადანაშაულე, არაერთხელ ყოფილა გახმაურებული და for.ge-სთან ინტერვიუში დავაკონკრეტე კიდეც ჩემი წყაროები - პირად საუბარში დამიდასტურეს მათ, რომ ნამდვილად ნიკოლოზ ანთიძეს ჩაბარდა ეს დოკუმენტაცია და ნამდვილად მან მოიპარა.
ვფიქრობ, ანთიძემ პატივისა და ღირსების შელახვის სახელით სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმიტომ, რომ ცდილობს, ჩამოირეცხოს ლაქა, რაც მას აქვს საზოგადოების თვალში. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ მთავრობის თუ არა, სხვა მთავრობის პირობებში მაინც მოუწევს მას ძალიან მძიმე ბრალდებით გასამართლება. ეს იქნება აუცილებლად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.
საზოგადოება კარგად ხედავს იმასაც, რა გააკეთა ამ სააგენტომ. მაგალითად ვარძიის პროექტი და მუცოს რეაბილიტაცია ნამდვილად იმსახურებს შექებას, მაგრამ, ფაქტია, რომ საყდრისთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებიათ.
For.ge-სთან ინტერვიუში ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ საყდრისის დოკუმენტთან დაკავშირებით არქეოლოგმა ირინა ღამაბაშიძემ მას დაუსვა კითხვები, მაგრამ მან აუხსნა, რომ შესაბამის დოკუმენტებთან შეხება არ ჰქონია. ნიკოლოზ ანთიძე განმარტავს, რომ ღამბაშიძეს ამის შემდეგ კითხვები აღარ დაუსვამს.
- როგორ გეკადრებათ?! დაახლოებით ერთი თვის წინ შევხვდი ირინა ღამბაშიძეს და მაშინ დამიდასტურა, რომ, დიახ, სწორედ, ნიკოლოზ ანთიძეს გადასცა ეს დოკუმენტები და მან გააქრო. რას ნიშნავს, რომ ღამბაშიძეს აღარ აქვს კითხვები? თუ მას კითხვები აღარ აქვს, რატომ არ მოსთხოვა ანთიძემ, გაექარწყლებინა ეს ბრალდება და სადაც პირველად დაწერა, იქვე უარეყო ეს ინფორმაცია. რატომ არ გააკეთა ეს? ჩემს შემთხვევაში ხომ პირდაპირ სასამართლოში გაიქცა - სტატიის წაკითხვისთანავე.
ვიმეორებ, ერთი თვის წინ ვნახე ირინა ღამბაშიძე, ჩემთან ერთად იყვნენ დათო გულბანი და ნინო ბურჭულაძე, როცა მან ისაუბრა საყდრისზე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაკარგვაზე.
თქვენთან ინტერვიუში კი ამ თემაზე იმიტომ ვისაუბრე, რომ ბოლო სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კვლავ მოითხოვა საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კვლავ ვერ წარმოადგინა იგი ძეგლთა დაცვის სააგენტომ. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვითხოვე, რომ წარმოადგინოს ძეგლთა დაცვის სააგენტომ დოკუმენტები, რომელიც „გააქრო“. ნუ შეჰყავთ საზოგადოება და სასამართლო შეცდომაში. ან მოიტანონ ეს დოკუმენტები, ან არადა, მინიმუმ 9 წლით მოუწევთ ციხეში ჩაჯდომა.
ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ არქეოლოგ ირინა ღამბაშიძესთან დაკავშირება, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იგი საქართველოში არ იმყოფება. თქვენ თუ გაქვთ მასთან კონტაქტი და თუ აქვს ინფორმაცია სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ?
- მე, პირადად, მასთან კავშირი არ მქონია, მაგრამ ირინა ღამბაშიძემ იცის, რომ ამ დოკუმენტებს ითხოვს სასამართლო, „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა დოკუმენტების რაღაც ნაწილი მოვიპოვეთ კიდეც. მაგრამ, მთავარი დოკუმენტი, რომელზეც ირინა ღამბაშიძეც საუბრობს, რომ პირადად ნიკოლოზ ანთიძეს გადასცა ხელში, გამქრალია. ვითხოვთ პასუხებს, თუ ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მას არ მოუპარავს, მაშინ თქვას, ვინ მოიპარა, ვინ გაიტანა კანცელარიიდან? დოკუმენტი აუცილებლად უნდა იყოს გატარებული და დაცული უნდა იყოს შესაბამისი პროცედურები.
ნიკოლოზ ანთიძე თქვენ თავად გდებთ ბრალს სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობაში და კითხვები აქვს „საყდრისის დამცველთა“ დაფინანსების საკითხზეც. რა არგუმენტები გაქვთ ამ ბრალდებებზე?
- რა უნდა გითხრათ, ის არის არასერიოზული კაცი. ერთი მხრივ, აცხადებს, რომ უაპელაციოდ ვდებ ბრალს და, მეორე მხრივ, იმავეს აკეთებს თავად. არ ვიცი, ეს ადამიანი როგორ მუშაობდა და მუშაობს ამდენი წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებაში. ერთი სტატიის გამო მწყობრიდან გამოვიდა. ვფიქრობ, საჯარო მოხელეს მეტი მოეთხოვება და მეტი თმენის ვალდებულება აქვს. იქით მაქვს საჩივლელი, როცა ასეთ ბრალდებაზეა საუბარი.
თავადაც ხომ არ აპირებთ სასამართლოში ჩივილს?
- აუცილებლად. კომიტეტი მსჯელობს ამაზე და გადავწყვეტთ, „საყდრისის კომიტეტის“ სახელით შევიტანთ სარჩელს, თუ სხვა ჩვენი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. ამგვარი სარჩელი რომ შევა სასამართლოში ნიკოლოზ ანთიძის წინააღმდეგ, ეს შემიძლია, რომ დაგიდასტუროთ.
იცით, რომ ჩვენ მოვაწყვეთ კულტურის სამინისტროსთან „ყავის სმის“ აქცია და მათი „უსაქმურობა“ გავაპროტესტეთ, ახლა ამას დაემატა ჭორაობაც - ძეგლთა დაცვის სააგენტოში მხოლოდ ყავას არ სვამენ, ჭორაობენ კიდეც. ამის მაგალითია ნიკოლოზ ანთიძის ორდღიანი ერთგვარი დემარში. სწორედ, მან მისცა შესაძლებლობა „არ-ემ-ჯი გოლდს“, დაეზიანებინათ საყდრისის ძეგლი. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ბოლო ერთ წელიწადში, მე არ ვიცი, ეს ადამიანი რას იმსახურებს. ამას ალბათ იურისტები დათვლიან სამომავლოდ - ბევრი სისხლის სამართლის საქმე აქვს ჩადენილი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ.
თუმცა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ, პრაქტიკულად, ვერ მოიძებნება ადამიანი, ვინც მას კულტურის განადგურებაში ბრალი შეიძლება დასდოს. კონკრეტულად საყდრისთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ დღეს რომ საყდრისი დანგრეული არ არის, პირადად მისი და მის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი უცხოელი ექსპერტების მიერ დაწერილი დასკვნის შედეგია.
- ეს უკვე რაღაც ახალი სტილი აირჩია. მათ, ფაქტობრივად, უკვე დაანგრიეს საყდრისი. პრაქტიკულად, ანთიძის ხელშეწყობით გადაუარა მძიმე ტექნიკით „არ-ემ-ჯი გოლდმა“ საყდრისის ხილულ კულტურულ ფენებს. მას რომ რეაგირება ჰქონოდა, ეს არ მოხდებოდა. დღეს რომ გამოდის კამერების წინ და დარბის სასამართლოში, სჯობდა, მაშინ წასულიყო და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ეჩივლა.