საბანკო სექტორს ახალი სისხლი სჭირდება

საბანკო სექტორს ახალი სისხლი სჭირდება

[ეკა ბაქრაძე]

საბანკო სფეროში რყევები დაიწყო. ბიზნესმენები და უბრალო ადამიანები დაუფარვად აცხადებენ, რომ ბანკიდან კრედიტის მიღება თითქმის წარმოუდგენელია. ამასთანავე გაჩნდა უნდობლობაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბანკებში დეპოზიტების მაჩვენებელი მცირდება. აშკარაა, რომ ბანკებს ახალი სისხლის გადასხმა სჭირდებათ.

ბოლო თვეების ტენდენციის საპირისპიროდ, ქართულ ბანკებში დეპოზიტების და სესხების მაჩვენებელი მცირდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წლის თებერვალში საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტები წინა თვესთან შედარებით 101 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიარდ 200 მილიონი შეადგინა. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა კი პირველი მარტისთვის 4 მილიარდ 800 მილიონის დონეზე დაფიქსირდა, რაც თითქმის 13 მილიონით ნაკლებია პირველი თებერვლის მაჩვენებელზე.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სესხების 100-მილიონიანი შემცირება უმნიშვნელო არაა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია განმარტავს, რომ ასეთი კლება ბაზრის შემცირებას ნიშნავს. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ბანკებმა დეპოზიტებზე განაკვეთების შემცირება დაიწყეს, შესაბამისად, ხალხი ამჯობინებს დანაზოგი სხვა მიმართულებით დააბანდოს, რათა მეტი მოგება მიიღოს.

საბანკო ექსპერტი ლია ელიავა კი განმარტავს, რომ ბანკებმა დაკრედიტება ჯერ კიდევ კრიზისული პერიოდის შემდეგ შეამცირეს, ხოლო ანაბრების კლება მოსახლეობის მხრიდან ნდობის დაკარგვაზე მიუთითებს.

ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ საბანკო სექტორში ვითარება მთლად დამაკმაყოფილებელი არაა. ამიტომაც საჭიროა, საბანკო სფეროში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდეს. ბოლო პერიოდში არათუ ერთი კონკრეტული მიმართულება, არამედ მთელი ქვეყანა საინვეტიციო შიმშილს განიცდის. ასე რომ, ამ მხრივ გარღვევას არ უნდა ველოდოთ.

თუმცა, სხვა დარგებისგან განსხვავებით საბანკო სექტორში „კაპიტალური ძვრები“ მაინც შეინიშნება. უკვე გავრცელდა ინფომარცია, რომ ქართულ საბანკო სივრცეში ახალი ინვესტიციებია მოსალოდნელი. საბანკო ინვესტიციებით ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოები არიან დაინტერესებულნი.

საინვესტიციო ცვლილებებს გეგმავს ერთ-ერთი მხვილი ბანკიც საქართველოში, რომელიც ადგილობრივი ბანკის ყიდვას აპირებს. ამ ეტაპისთვის ბანკების დასახელება არ ხმაურდება.

ცნობილია, რომ უახლოეს 2-3 თვეში ერთ-ერთი ქართული ბანკი მეორე ადგილობრივ ბანკს მიიერთებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, გასარკვევია რამდენი პროცენტს მიიღებს „ინვესტორი ბანკი“. ასევე გარკვეულია, რომ შემოდგომისთვის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი არაბული ბანკი დაიწყებს ფუნქციობას.

ახალ საბანკო ინვესტიციებზე ბანკების ასოციაციაში ღიად არ საუბრობენ, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია არ უარყოფს, რომ მოლაპარაკებები არაბულ ბანკთან ნამდვილად მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს გიპასუხებთ. ჯერ ერთი, რომ კონფიდენციალური ინფორმაციაა. ამასთან, არ მაქვს უფლება, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. ისღა შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთ არაბულ ბანკთან მართლაც მიდის მოლაპარაკება, მაგრამ რა დონეზეა და როგორ შეიძლება გადაწყდეს, საუბარი ჯერ ნაადრევია. საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი“, - ამბობს გვასალია.

უცხოური ბანკის შემოსვლას საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ მხარეთა საბოლოო შეთანხმებითა და კანონმდებლობის სრული დაცვით გაეცნობა საზოგადოებას.

ამჟამად საქართველოს ბაზარზე უკვე შემოსულია ბრიტანული „ეიჩესბისი“ და ფრანგული „სოსიეტე ჟენერალი“.

ცალკეა გამოსაყოფი ის უცხოური ბანკები, რომლებიც თავიანთი ქვეყნებში წამყვანი საბანკო დაწესებულებები არიან. ესაა „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“, თურქული „ზირაათ ბანკი“, რუსული „ვნეშტორგბანკი“ და უკრაინული „პრივატ ბანკი“.

ასევე უნდა აღინიშნოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც წილებს ფლობს მოქმედი ბანკების დიდ ნაწილში.

„სხვა მსხვილი საერთაშორისო ბანკების შემოსვლა დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა მოცულობით შემოვა მსხვილი ბიზნესი ქვეყანაში. თუ მხედველობაში მივიღებთ ინფრასტრუქტურული ეკონომიკის განვითარების არსებულ ტენდენციებს და ეკონომიკის შემდგომში ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის ხასიათს, ეს სავსებით შესაძლებელია უახლოეს 1-2 წელიწადშიც კი“, - აცხადებს ზურაბ გვასალია.