20 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 20 წელია, უშედეგოდ ვწუწუნებთ, რომ ამ ხნის მანძილზე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება. თუმცა ვართ კი გულწრფელები როცა ამ თემაზე დანანებით ვლაპარაკობთ, რადგან მაინცადამაინც დიდი ინტერესი და ხილული გულშემატკივრობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო თემაზე მიმდინარე მილაპარაკების პროცესისადმი აქამდე არ შეიმჩნეოდა.
ამ პროცესში ჩართულ ოპოზიციას (ე.წ. ოპოზიციურ რვიანს) კრიტიკა არც მანამდე აკლდა დანარჩენი ოპოზიციისგან, მედიისა და საექსპერტო წრეებისგან. 9 მარტის შემდგომ კი კრიტიკა, ცხადია, გაორმაგდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, რატომ გადაიქცა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვა მხოლოდ ,,პოლიტიკური რვიანის" საქმედ (უფრო კი ტვირთად) და რატომ ჩაითვალა, რომ არავის სხვის (მცირე გამონაკლისების გარდა) ინტერესს ქართულ საზოგადოებაში ეს საქმე არ წარმოადგენს.
რატომ დგამს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რევოლუციურ განწყობებს კვებავს? ან პირიქით - რატომ არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რევოლუციურ განწყობას სრულად გაანეიტრალებდა. მით უფრო იმ ფონზე, როცა არაბული სამყაროს რევოლუციურმა ტალღამ განწყობითად საქართველომდეც მოაღწია. ქართული ოპოზიცია კი ისედაც არ უჩიოდა საგაზაფხულო-საშემოდგომო საპროტესტო აღტყინების ნაკლებობას.
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ამ მარტივმა და უპასუხისმგებლო ლოგიკამ ნაწილობრივ იმუშავა კიდეც.
ერთი მხრივ, სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნებით არ დათმობს ძალაუფლებას. ეს, სამწუხაროდ, უკამათო პოსტულატად ჩამოყალიბდა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის (განსაკუთრებით 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისა და 9 მარტს წარმოდგენილი ხედვის ფონზე). მეორეს მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარება, შეიძლება სახელმწიფოებრივი სხეულის რღვევის წინაპირობა აღმოჩნდეს.
არსებობს თუ არა გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან და რაში მდგომარეობს იგი. "პოლიტიკურმა რვიანმა" ამ ეტაპისთვის თავის ფუნქცია შეასრულა. ახლა სხვა ეტაპი დადგა. "ოპოზიციურ რვიანსაც" მართებს ახალი ეტაპის შესატყვისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ეს საქმე პოლიტიკური ოპოზიციის ფარგლებს უნდა გასცდეს და სხვა მასშტაბი შეიძინოს.
მე ღრმად მწამს, რომ არსებობენ (და ვიცი კიდეც) ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, მაგრამ თვლიან, რომ ხელისუფლების შიგნით დემოკრატიულობის კუთხით რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია - ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ ღიად და მკაფიოდ თქვას უარი პოლიტიკური პროცესის რევოლუციურ განვითარებაზე; უნდა გაბედოს ხელისუფლების მომხრე საზოგადოებამ და მკაფიოდ თქვას, რომ სააკაშვილმა ახალი ვადით არანაირი ფორმით არ უნდა დაიკავოს არც ერთი უმაღლესი თანამდებობა; რომ საქართველოს აღარ სჭირდება ხელისუფლების უცვლელობა და არც ძალადობრივი შეცვლა; რომ საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პერსპექტივა და პრეცენდენტი.
ამ წერილის წერისას ჩემი მიმართვის ადრესატი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ბევრი ადამიანია, რომლებიც, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამ განწყობაში ნამდვილად თანამოაზრენი არიან. იქნებ დადგა დრო და საპასუხისმგებლო მომენტი, როცა უნდა დავსვათ კითხვა - ვართ თუ არა საზოგადოება და შეგვიძლია თუ არა, რომ ყველანი - ექსპერტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები - ნაცვლად პასიური შემფასებლებისა, ვიყოთ აქტიურები, ვიმოქმედოთ სადაც შეგვიძლია და რა საშუალებაც გაგვაჩნია.
გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა - ჩვენი გაზეთი, ჩვენი ტელე თუ რადიოგადაცემა, სოციალური ქსელები, ჩვენი სამეგობრო, თუ სხვადასხვა სახის აუდიტორია, რათა ყველას დავანახოთ, რაოდენ სახიფათოა პოლიტიკოსთა ხელისუფლებაში ყოფნის ვნებით თუ მოსვლის ჟინით შეპყრობილობა.
ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის პიროვნული პასუხისმგებლობაცაა, რომ ავაცილოთ ჩვენს ქვეყანას, როგორც ტოტალიტარული სტაგნაციის, ისე რადიკალური კატაკლიზმების გარდაუვალი საფრთხე; რომ გავარღვიოთ მოჯადოებულ წრეზე სიარულის ოცწლიანი მძიმე ტრადიცია და გამოვაჩინოთ ახალი გზის დასაწყისი. ეს არ არის მესამე გზა. ეს არის მთავარი ქართული გზა - ყველაზე იოლი, ყველაზე იაფი, ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე სამართლიანი და ყველაზე პატრიოტული, მაგრამ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის საქართველოში ჯერჯერობით გამოუყენებელი.
31 მარტი, 2011 წელი
(სტილი დაცულია)