„თქვენ ნამდვილად მხარს უჭერთ პუტინის პოლიტიკას, რამაც ნეგატიური განწყობა გამოიწვია ქართველებში?
- რა თქმა უნდა.
ამის გამო ხალხის რეაქცია არ გაღელვებთ?
- არა. საერთოდ არ მაწუხებს.
თავს ქართველად გრძნობთ, რადგან დიდი ხანია, არ ყოფილხართ საქართველოში?
- რა თქმა უნდა. შესანიშნავია თბილისი. ყველაზე მეტად ხალხი მომწონს“, - მომღერალ გრიგორი ლეპსთან ჩაწერილი სწორედ ეს ბლიცინტერვიუ გახდა „მაესტროს“ ჟურნალისტის ნინი მეტრეველის და ოპერატორის სერგი ბარამიძის სპორტის სასახლის ერთ-ერთ ოთახში გამოკეტვის მიზეზი.
როგორც აღმოჩნდა, გრიგორი ლეპსს (ლეფსვერიძეს) და მის გარემოცვას დასმული კითხვები არ მოეწონა და ჟურნალისტს უთხრეს, რომ მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. ამის შემდეგ მომღერლის დაცვამ მას და ოპერატორს საათზე მეტხანს ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა. ნინი მეტრეველი და სერგი ბარამიძე ირწმუნებიან, რომ მათზე მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხორციელდებოდა.
მომხდარის ირგვლივ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაიწყო, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეს არ იყო ერთადერთი ინციდენტი, რაც გრიგორი ლეპსის საქართველოში ვიზიტს ახლდა. სპორტის სასახლეში ანშლაგით ჩატარებული კონცერტის პარალელურად, ლეპსის ფანები სირცხვილის დერეფანში გაატარეს. საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულმა მოქალაქემ გააპროტესტა ეროვნებით ქართველი, მაგრამ პუტინის ფავორიტი პრორუსი მომღერლის კონცერტის გამართვა.
„მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ პრეზიდენტ პუტინს და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, სწორად მივიჩნევ. მე მას ვენდობი და ვაფასებ. საკითხი, ვუჭერ თუ არა მხარს იმას, რაც ყირიმში მოხდა, ორმხრივია, თუმცა, ვფიქრობ, ყირიმის ნახევარკუნძულის ფლობა რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია. თანაც, რადგან პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა, ასეც უნდა იყოს“, - ეს სიტყვები ვრცელდება მედიაში ლეპსის „პუტინური“ განწყობის გადმოსაცემად.
ამის მიუხედავად, ლელა ასლანიკაშვილი, კომპანია „ტრიდა პრომოუშენის“ საქართველოს წარმომადგენელი, რომლის კომპანიამაც საქართველოში ჩამოიყვანა გრიგორი ლეპსი, ირწმუნება, რომ ყირიმის ანექსიაზე ლეპსს ხელი არ მოუწერია და ეს სიტყვები ანალოგიური გვარის მქონე ხელმომწერს ეკუთვნის. უფრო მეტიც, ლეპსმა სოჭის ოლიმპიადაზე უკრაინის მოვლენების გამო არ იმღერა.
ჩვენ ლელა ასლანიკაშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან აგვიხსნა, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა და ერთ-ორ სათში მოიცლიდა. მოგვიანებით მან ზარებს არ უპასუხა. თუმცა გავრცელდა ლელა ასლანიკაშვილის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და კომპანია „ტრიდა პრომოუშენს“ შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მომღერალთან პოლიტიკური შინაარსის კითხვები არ უნდა დაესვათ. მომღერალი პირველად ჩამოდიოდა საქართველოში, ამიტომაც კითხვები უნდა შეხებოდა მხოლოდ კულტურას. ამ დროს კი „ამ გოგონამ არათუ გადაუხვია ფორმატს, უთხრა, გარკვეული ჯგუფი კონცერტის წინ პროტესტს მართავსო და ინფორმაციები მიაწოდა, ამან გამაღიზიანა“.
კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ შეიძლება, გაჭირვებულ ერს, რომელსაც სტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩამოუყვანო მომღერალი, რომელიც ჩამოსვლამდე აღიარებს, რომ თურმე პუტინი ყველაზე მაგარი პრეზიდენტია. ამიტომ დაგვიანებულია ხალხის რეაქცია და სირცხვილის დერეფანი. მეტიც, თუ რეაქციის გამოხატვას აპირებ, პუტინის მეხოტბე მომღერალს უნდა დახვდე აეროპორტში და არ შემოუშვა სამშობლოში. ამდენად, ეს აჟიოტაჟი რომ ატეხილიყო ლეპსის ჩამოსვლამდე, ორგანიზატორები მას აღარ ჩამოიყვანდნენ და დაპირისპირებაც არ მოხდებოდა.
„20 წელია, ამ სფეროში ვარ და არასდროს ჟურნალისტს ჩემთან მომღერლისთვის დასასმელი შეკითხვები არ შეუთანხმებია. ჟურნალისტი თავისუფალია და ლეპსმა არ იცოდა, რომ ჟურნალისტი საქართველოში, რომელსაც სტკივა თავისი ქვეყანა, შესაბამის კითხვას დაუსვამდა? ამისთვის ორგანიზატორები მზად უნდა ყოფილიყვნენ. როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ჩაკეტო და შეურაცხყოფა მიაყენო, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, რომ ასეთი რამ მეორედ არავინ გაბედოს. მე ვიცი, რომ გარეწარი მომღერალი ფილიპ კირკოროვი ხელით შეეხო ჟურნალისტს, კირკოროვი ჩემთვის არასდროს მომღერალს არ წარმოადგენდა, არასდროს პატივს არ ვცემდი და ღმერთმა დამიფაროს ასეთ მომღერლებთან ურთიერთობისგან. არცერთი კონცერტი არ მიღირს, თუ ჩემს ხალხს შევძულდები. საქართველოში არასდროს ჩამოვიყვან იმ მომღერალს, რომელსაც ჩემი ქვეყანა არ უყვარს. როცა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა მხარი დაუჭირა პუტინს ყირიმთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი ხარჯი გვქონდა გაწეული, მის ჩამოყვანას ვაპირებდით, მაგრამ მე ეს კონცერტი მოვხსენი. აპრილში ჩამომყავს ალა პუგაჩოვა და ეს ფურორი იქნება. ძალიან ცუდია, როცა კულტურა პოლიტიკაშია ათქვეფილი და როცა დილეტანტები აწყობენ მსგავს ღონისძიებებს. ბევრჯერ მქონდა ლეპსის ან ოლეგ გაზმანოვის ჩამოყვანის შემოთავაზება, მაგრამ ჩემს ერს არ მივაყენე შეურაცხყოფა. ფაქტობრივად, ლეპსმა პუტინს უთხრა, შენ რაც გააკეთე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ძალიან კარგია. გამოდის, მან აღიარა რუსეთის პრეზიდენტის დამპყრობლური პოლიტიკა, როცა ყირიმის ანექსია გაამართლა“,-აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტერმინები „ყოფილი ქართველი“ და „ყოფილი რუსი“ ყველაზე საშინელია, რადგან ამით ადამიანი უმტკიცებს მეორე სამშობლოს, რომ მისი ერთგულია და საკუთარი სამშობლო ეზიზღება.
„მე ხელოვანი კაცი ვარ, არ მინდა, ვინმეზე ცუდად ვილაპარაკო, მაგრამ ქართველი ლეფსვერაძე რატომ უნდა გახდეს გვარად ლეპსი?! ან კიდევ, თურქეთიდან ვიღაცას ჩამოიყვანენ და ფეხქვეშ ეგებებიან, სირცხვილი არ არის? ბიჭები გვაკლია, ნიჭიერი ხალხი გვაკლია, თუ რა არის? ჩამოვიდეს, იმღეროს, მაგრამ პუტინისადმი მაამებლური განცხადებები არ იყოს. ჩვენს ხალხს ისედაც ნერვები მოშლილი აქვს. რაც შეეხება ჟურნალისტს, ის ხან უხერხულ, ხან არაუხერხულ შეკითხვას დასვამს. ამის გამო არ უნდა გამოკეტო ოთახში. ის ჟურნალისტია, სვამს კითხვას და დამთავრდა საქმე“,-აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ჟიჟილაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რაც მოხდა, მათ კანონსაწინააღმდეგოდ და მათი უფლების შელახვად ჩათვლეს, ამიტომაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო მიმართეს საგამოძიებო უწყებას.
„ლელა ასლანიკაშვილს ვესაუბრე და კატეგორიულად მოვთხოვე, ტყვეობიდან სასწრაფოდ გაეშვა ჟურნალისტი და ოპერატორი და მე მივიდოდი. თუმცა არ გაითვალისწინა ჩემი სურვილი და ტელეფონი გამითიშა. პირადად მითხრა ტელეფონში, სანამ არ მოვა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, მანამდე ჟურნალისტს და ოპერატორს არ გამოვუშვებო. ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურს აქვს ასეთი პოლიტიკა, დასვას საზოგადოებრივად აქტუალური შეკითხვა. როგორ გესახებათ, მივსულიყავით ლეპსთან ინტერვიუს ჩასაწერად და არ გვეკითხა იმ განწყობების შესახებ, რომელიც გარეთ იყო ან საზოგადოების იმ ნაწილს გააჩნდა, ვინც ნეგატიურად აღიქვამდა ლეპსის პოლიტიკურ პოზიციას? ჩვენ ეს კითხვა დავსვით და ამ კითხვას უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტების დატყვევება“, - გვითხრა ნინო ჟიჟილაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის გამოთვლით, ლეპსის კონცერტის ბილეთების შესაძენად დამსწრეებმა ჯამში 1,650,000 ლარზე მეტი გადაიხადეს.