ჯიმს ვუთხარი, ცუდი ფულია, მაგრამ შეიძლება მატყლის ბურთმა აიღოს და ნამდვილისგან ვერც კი განასხვავოს-მეთქი. ჯიმმა დასუნა, კბილით გასინჯა, ხელი გადაუსვა და თქვა, ისე მოვაწყობ, რომ მატყლის ბურთს კარგი ეგონოსო. უმ კარტოფილს შუაზე გავჭრი, შიგ ფულს ჩავდებ და მთელ ღამეს იქ დავტოვებო. დილით სპილენძი აღარ გამოჩნდება, კრიალს დაიწყებს და ქალაქში გასავალი ექნება, მატყლის ბურთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო. მეც კარგად ვიცოდი, რომ საამისოდ კარტოფილი გამოდგებოდა, მაგრამ დავიწყებული მქონდა.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)
„რუსთავი 2“-ზე არაფერს ვამბობ - მოლოდინს ამართლებენ კი არა და, უკვე მიჩვეულებიც ვართ. ეს ნაგავი გადამუშავებას არ ექვემდებარება. როგორც არის ისე იქნება, მისგან არც ნეშომპალა წარმოიქმნება, არც ჰუმუსისთვის წარმოადგენს რამე სარგებელს. დამპალი თესლიდან ხარ აღმოცენებულიო... უცებ ვერ ვიხსენებ, სად წამიკითხავს თუ მომისმენია ეს სიტყვები. მოკლედ, „რუსთავი 2“-ზე არაფერს ვამბობ.
საქმე „იმედშია“. რომელიღაც გადაცემას თუ რამდენიმე გადაცემას ასრულებენ ხოლმე ასე - იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმაო. ღმერთი იმედს არასოდეს მოგვიშლის, მაგრამ არის იმედი და არის „იმედი“, ისევე როგორც არის „რეაქცია“და არის რეაქცია.
„ასეთი „იმედი“ მოგვიშალე“, ღმერთო“ - ასეთია ჩემი რეაცია, როცა „რეაქციას“ ვუცქერი და ვუსმენ.
დისკუსიაში ყოველთვის მხოლოდ ორი მხარე მონაწილეობს ერთი მხარე ყოველთვის ნაცებია, მეორე მხარე - ქოცები. ისინი - უტიფრები, თავხედები, უსინდისნამუსოები და... უტევენ. ესენი - უხერხემლოები, უტვინოები, დაბნეულები და... სულ თავს იმართლებენ.
„იმედი“ ერთადერთ არჩევანს გვთავაზობს, ან ესენი ან ისინი, და რისი იმედი უნდა გქონდეს ასეთ დროს ადამიანს! ამიტომ, რეაქციაც მხოლოდ ერთია - „წადით, თქვენი, ყველასი...“
იმათ იმედი აქვთ, რომ რაღაც-რაღაცეები დაგვავიწყდა და რაც დრო გადის, უფრო მეტი დაგვავიწყდება. ესენი იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გვახსოვს და გვეშინია, ოღონდ ისინი არ დაბრუნდნენ და, ჯანდაბას, იყვნენ ესენი.
მაგრამ, მე შენ გეტყვი, მოიყვანენ ვინმე არანაცქოცს და ამათზე უკეთესი აღმოჩნდება? დისკუსიის დროს არანაცქოცები დარბაზში სხედან და მათი რეაქცია ჯერ არასდროს ყოფილა ისეთი, რომ ორივესთვის სახეში მიეხალოთ, თუ რას ფიქრობს მათზე ხალხი, ისინი ხომ პარტიული ნიშნით არიან შერჩეულნი და შერჩევაც ხომ ყოველთვის ერთნაირად ხდება - რეკავს პროდიუსერი პარტიულ ოფისში და სთავაზობს, რომ წამოიყვანონ რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებსაც დასვამენ დარბაზის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, იმის მიხედვით, თუ რომელ პარტიას ეკუთვნის სრულიად კონკრეტული და ძალიან რეალური ბარნაბა ეძგვერაძე.
სხედან დარბაზში უსინდისოებისა და უხერხემლოების მხარდამჭერები ბოროტი ქათმები და ერთმანეთს თვალებს უბრიალებენ. გონიათ, რომ მართლა ეკითხება ვინმე რამეს, გონიათ, რომ აზრთა ფრქვევით აინაცვლებენ დაბალი პარტიული საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე, რომლიდანაც ეჰეეე, რა ახლოს არის სანუკვარი ოცნების ახდენა - არ იცოდე არაფერი, არ აკეთო არაფერი, იყო ყველაფერი, გქონდეს მაღალი ხელფასი და ამტკიცებდე, რომ ის, რაც ხელფასს ზემოდან მიიღე, არის არა პრემია, არამედ დანამატი.
სხვათა შორის, სულ მაინტერესებდა, რა განსხვავებაა პრემიასა და დანამატს შორის. ალბათ, პრემია არის წახალისება კარგი მუშაობისთვის, ხოლო დანამატი არის ანაზღაურება, ზოგადად, მუშაობისთვის. და მაშ ხელფასი რაღაა? აჰა... ხელფასი არის ჯილდო ყვირილისთვის, ბღავილისთვის, წივილ-კივილისთვის, საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის, ხმის მიცემისთვის და ა.შ.
როცა ასეთ სურათს ხედავ, რისი იმედი და როგორი რეაქცია უნდა გქონდეს?
ლარის ვარდნას საინტერესო რეაქციები მოყვა. ვიღაც დარდობდა, რატომ დროულად არ იყიდა დოლარი, ვიღაც კი ახლაც გაფაციცებული აკვირდება, როდის შეწყვეტს ზრდას ამერიკული ვალუტა, რომ მისი გაყიდვით მაქსიმალური მოგება ნახოს.
შაქარს, ზეთს, წიწიბურას და მათ მეგობრებს საკუთარი რექცია ჰქონდათ - თავი დაიფასეს. მთავრობის რეაქცია იყო, რომ არაფერი გაძვირებულა, მაგრამ მთავარი იყო ორი კითხვა - რატომ მოხდა და როდემდე გაგრძელდება.
ნუ... დოლარის გამყარება მთელ მსოფლიოში, ნუ... ეკონომიკური პრობლემები... ნუ... მეზობლების გასაჭირი, მთავრობის არაკომპეტენტურობა, ოპოზიციის მიერ მართული პანიკა... ეს ყველაფერი ერთად მოხდა, დაემთხვა და ალბათ, ამავე დროს, იყო ისიც, რაზეც არავინ საუბრობს და რაც აუცილებლად იქნებოდა - ვიღაცამ წინასწარ იცოდა და ხელი მოითბო.
ანუ, რატომ მოხდა, ამას დაახლოებით ვხვდებით, მაგრამ როდემდე გაგრძელდება, ეს არავინ იცის, ან იციან და გვიმალავენ.
ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მრავალი წელია ქვეყანა თავზე გვენგრევა, დასჯით კი არავინ დასჯილა. ვინც დასასჯელია, ზოგი მთავრობაშია, ზოგი პარლამენტში, ზოგი პანთეონში და ზოგი მთაწმინდაზე.
თუმცა, რას ქვია „არავინ დასჯილა“! დაისაჯა ემზარ კვიციანი, მაგრამ რადგან ეს საკმარისი არ არის, ალბათ, დაისჯებიან გია ყარყარაშვილი, დათო თევზაძე და ძმანი მათნი, და თუ ესეც არ ეყო, უფრო მეტად დაისჯება მერაბ კოსტავა. უფრო მეტად-მეთქი... მერაბ კოსტავა უკვე დასჯილია. ინტერნეტში ქუჩის საღლაბუცო გამოკითხვას წავაწყდი. გამოკითხულებიდან ყველამ იცის, ვინ არის ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავას შესახებ კი ოთხიდან მხოლოდ ერთი პასუხობს.
აი ნახავთ, რომ იმ სამიდან ყველაზე თამამი, ანუ სამში თამამი, ბოლოს პარლამენტში აღმოჩნდება.
This is the end!!!
„სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების მატების მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მთავარია, არ იყოს პროდუქტების დეფიციტი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თემის კომენტირებისას განაცხადა. "ჩვენთვის მთავარია, არ იყოს პროდუქტების დეფიციტი. დეფიციტი არ არის. ეს საბაზრო ეკონომიკაა, მოთხოვნა-მიწოდებით და ბევრი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული", - განაცხადა დანელიამ“ - იტყობინებოდა „ინტერპრესნიუსი“.
გაიარ-გამოიარეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ. პური გავს? გავს. ხორცი გავს? გავს. ბრინჯი გავს? გავს. ესე იგი, გავს!!! დეფიციტი არ არის. ეს საბაზრო ეკონომიკაა. ჰოდა, ძაღლებივით მშივრები ვისხდეთ კატების გარემოცვაში და თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ დღეს არის პარასკევი და რომ, რაც მთავარია, ძეხვის დეფიციტი არ იგრძნობა.
დინამიკაში კი ეს ასე იყო: „ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაზე კითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება“; ოთარ დანელია ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს“; „დავით საგანელიძე ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს“; „ზურაბ გვასალია - ლარის კურსის რყევები როგორც შიდა და გარე, ისე სეზონური ფაქტორებით არის გათვალისწინებული“; „ნოდარ ხადური - პანიკა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის კურსზე“; „ნოდარ ხადური - ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნება ალბათ გამორიცხულია“; „კახა კალაძე - დოლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია“; „ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი აგრძელებს მუშაობას, ისევე, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი“; „ნოდარ ხადური - ყველა ვალუტამ დათმო პოზიციები დოლარის მიმართ“; „ნოდარ ხადური - მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი არის გაზრდილი, ზოგიერთი ტიპის საქონელზე ფასების კლება მიმდინარეობს“; „ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარი მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება“; „გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სთხოვა, გაგებით შეხედონ იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება“; „ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარი მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება“...
ვაღიარებ - ლარის ვარდნა ჩემი ბრალია, პანიკამ მომიცვა, მაგრამ მარტო პანიკა ხომ არ იყო? მსოფლიოში დოლარი რომ გამყარდა, ამაშიც მე ვარ დამნაშავე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც მე შევუწყე ხელი, უკრაინის მოვლენებშიც დამნაშავე ვარ. ასე რომ მე, მე დამსაჯეთ, ოღონდ კვირიკაშვილს, ხადურს და ქადაგიძეს არაფერი დაუშავდეთ.
ვიხუმრე! ვიხუმრე-მეთქი!! ოეეე, ვიხუმრე, ხალხოოო!!! სად მიგყავართ! რატომ მაკავებთ! სანქცია, ორდერი... გააქვთ? არაფერი დამიშავებიააა, ვი-ხუმ-რეეეეე...
ხუმრობაც აღარ ესმით. დაბალი ღობე მნახეს, თორემ ხუმრობაზე რომ იჭერდნენ, ჯერ იმას დაიჭერდნენ, რომ თქვა, მთავარია პროდუქტების დეფიციტი არ იყოსო. იმასაც დაიჭერდნენ, ხადურს - მე არაფერ შუაში ვარო, და ქადაგიძესაც ზედ მიაყოლებდნენ. დაბალი ღობე მნახეს, თორემ, მაჭავარიანი და ბარამიძე ტელევიზორიდან გვმოძღვრავენ, ზღულაძე უკრაინაში ინიშნება, ეფრეიტორ სააკაშვილს კი...
„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გენერალ პულასკის სახელობის „თავისუფლების რაინდის“ წოდება და ჯილდო მიანიჭეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ფეისბუქზე“, სააკაშვილის პირად გვერდზეა განთავსებული. ჯილდო ექსპრეზიდენტს ვარშავაში მოქმედმა „კაზიმირ პულასკის ფონდმა“ გადასცა. გენერალ პულასკის ფონდი „თავისუფლების რაინდის“ ჯილდოს თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს ყოველწლიურად გადასცემს. „თავისუფლების რაინდის“ წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის ასლს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულავსი, რომელსაც „ამერიკის კავალერიის მამას“ უწოდებენ“ - ეს საოცარი ნიუსი ყველამ გაავრცელა, ვისაც არ ეზარებოდა და ვინც ცერემონიალის ფოტოსურათები ნახა, არავინ დაიზარა, ყველამ დასცინა სამში მაღალს და საზიზღრად მდაბალს, მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში სანდრო კვიტაშვილი ურაინაში მინისტრად დაინიშნა.
ვიცი, ბევრი გულზე სკდება, გულწრფელად წუხს უკრაინის ბედზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გასავლელი ყველამ უნდა გაიაროს, მათ შორის - უკრაინელებმაც, ახლახანს რომ დაიწყეს ლენინის ძეგლების აღება და გასულ კვირაში „უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლები ისხდნენ. როგორც უკრაინული მედია იუწყება, სასულიერო პირმა სკამებს ნაკურთხი წყალი მიასხა. რადაში მღვდელი, პარტია "თავისუფლების" დეპუტატებმა მიიწვიეს. სწორედ მათ აქვთ ის ადგილები დაკავებული, სადაც წინა მოწვევის პარლამენტში "კომუნისტური პარტიის" დეპუტატები ისხდნენ. "აუცილებელი იყო ამ ადგილის კომუნისტური სულისგან, ფაქტობრივად უწმინდური სულებისგან განწმენდა", - განაცხადა დეპუტატმა პარტია "თავისუფლებიდან" იური ბუბლიკმა“.
აუცილებლად იქნება კიევის უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. იქნება ელიტარული კორუფცია, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის დატერორება, „ყველანი ციხეში“... მათაც გამოუჩნდებათ საკუთარი ბიძინა ივანიშვილი და, დარწმუნებული ვარ, უკრაინული „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი ძალიან წააგავს ნანა ყეენიშვილს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, თმას ივარცხნის და გემოვნებით იმოსება. მათაც ეყოლებათ თავიანთი ჩიორა და სადმე ბამბაზიის ხალათსაც მონახავენ.
მაგრამ ჩვენ არ ვართ მომავლის უკრაინაში, ჩვენ ვართ აქ და ახლა. ჩვენ ვართ საქართველოში და ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. თუ არ დაიწყე, ვერ გააგრძელებ.
გასულ კვირაში, როგორც იქნა დაიწყო უკანონოდ მოპოვებულის ჩამორთმევის პროცესი. დამაიმედებელი ინფორმაცია ჩემმა მეგობარმა სააგენტომ გაავრცელა: „მდინარე ხრამზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 14 კილოგრამამდე ხრამულას ჯიშის თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. სამართალდამრღვევებს უკანონო თევზჭერის იარაღები, ელექტროშოკური აპარატი და წყლის სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვათ“.
ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაწყებულიყო სამართლიანობის აღდგენა, ხომ უნდა დაუბრუნდეს ქონება მფლობელს. აი, ხრამს დაუბრუნდა ხრამული და იქნებ ლარის კურსიც დაუბრუნდეს ორი კვირის წინანდელ ნიშნულს. მეტად მნიშვნელოვანია, არ გაუფასურდეს საქართველოს ევროპული კურსი, რომელიც კაზანტიპზე გადის.
ისე, საინტერესო ბარტერია, არა? იმათ გამოგვიგზავნეს კაზანტიპი, ჩვენ გავუგზავნეთ ეკა ზღულაძე. ამასთან დაკავშირებით: „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. "ძალიან მნიშვნელოვანია განვავითაროთ დაცულ ტერიტორიებში არა მხოლოდ ტურისტული პროდუქტი, არამედ ვიზრუნოთ ბიომრავალფეროვნების დაცვაზე და ველური ბუნების კონსერვაცია მოხდეს. ამბიციური გეგმების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ გაცილებით უფრო დინამიურად მოხდება არსებული ტურისტული პროდუქტების პრომოუშენი", - განუცხადა გიორგი სიგუამ ტელეკომპანია "იმედს".
სხვათა შორის, ამბობენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ბრუნდება დავით დარახველიძეც. ამას - ამბობენ, დადასტურებული ფაქტი კი ის არის, რომ გასულ კვირაში ნიკა მელია ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და, თურმე, რატომღაც, ეს შეხვედრა სწორედ იმ რიგში მოეწყო, სადაც დაკლული ქათამი და თევზი იყიდება.
მაგათი გამოსწორება არ იქნება. შეაყარე კედელს გაძვირებული ცერცვი.
ბრძოლების კვირა იყო. სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ. კოტე კუბლაშვილმა სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა და ის იყო, უნდა მეყვირა მომავალ თაობას გვართმევენ-მეთქი, რომ ამ ნიუსმა დამამშვიდა: „როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დუისის საშუალო სკოლაში ხეობის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი და რატი ამაღლობელი შეხვდნენ“.
დეფი სად არის, დეფი? დეფი კარპატებშია. იმათ ლესია უკრაინკა გამოგვიგზავნეს, ჩვენ დეფი გავუგზავნეთ. გავცვალეთ. მალე ლარისა და გრივნის გაცვლითი კურსებიც გათანაბრდებიან.
ასეთია პოსტსაბჭოთა ცხოვრება. ჩვენ პოსტსაბჭოელები ვართ, ნუ დავდებთ თავს ევროპელობაზე. ასეა ეს, მაგრამ ევროპაშიც რომ გვინდა? როგორ შევასაღოთ თავი? გამოსავალი ერთია - უმი კარტოფილი.
კარტოფილი არ გააძვიროთ, ფარჩაკებო!
რ.მ.ბ. (რაო მერე ბურთმა?) ჯიმმა ფული მატყლის ბურთის ქვეშ ამოდო, დაიხარა და ისევ ყური მიუგდო. „ახლა კი, - თქვა მან - ბურთი სრულ წესრიგშია და გიმკითხავებს, თუკი სურვილი გაქვს“. „ჰო, გელაპარაკოს, - ვუთხარი მე. მატყლის ბუთი ელაპარაკა ჯიმს, ჯიმმა მე გადმომცა.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)