როგორ გადაურჩა ცემას გივი სიხარულიძე

როგორ გადაურჩა ცემას გივი სიხარულიძე

დღეს კვირაა და მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. იმედია ზათრის ამ ცივ დღეს სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი გივი სიხარულიძე გახლავთ, რომელიც მისთვის ჩვეული იუმორით ერთ „საინტერესო“ ამბავს მოგვიყვება.

„საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ვარ და სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მომისინჯავს ძალები. მთიდან თხილამურების ლაღად დაშვებას არაფერი შეედრება. როგორც ახლა ამბობენ, ადრენალინის გამომუშავების უებარი საშუალებაა, მაგრამ, სულ მთა და თოვლი სადაა შენს ნებაზე.

მანქანით ძალით ჩქარა მოძრაობაც მიყვარს, ერთი-ორჯერ გვარიანი „ჯახიც“ მომსვლია, თუმცა, არავინ დამიზარალებია. თბილისი მაინც თბილისია და ყველაფერი „შინ“ ხდებოდა, მაგრამ, რაც სოჭში მომივიდა, არასდროს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან.

იმ ზაფხულს სწორედ სოჭში ვისვენებდი. რა თქმა უნდა, მანქანით გახლდით. გავიცანი ორი გადასარევი ლამაზმანი. ბელორეჩინსკიდან გახლდნენ. ძმაკაცს დავურეკე – პურმარილი გაამზადე, „საცოლეები“ მომყავს-მეთქი. ჩავისვი ეს კეკლუცები მანქანაში და მივსრიალებთ ქალაქის ულამაზეს ქუჩაზე. მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული და სამივენი ხმას ვაყოლებთ „აბბას“ ჰანგებს. აქსელერატორი ბოლომდე მივატკეპნე იატაკს... იმატებს სიჩქარე და, მასთან ერთად – ჩვენი წივილ-ღრიალიც. ვუმატებთ და ვუმატებთ ხმას „ღვინის ქურდებივით“. მოულოდნელად, წითელი აინთო შუქნიშანზე, მაგრამ, შეჩერება არც მიცდია, გავვარდი ისარივით და... „შვიშტოკის“ ყურისწამღები ხმაც ჩამესმა (ელიბოი!!!).

პირდაპირ ფეხებთან დავუმუხრუჭე მანქანა ინსპექტორს. ამიღო ჩესტი:

– ვაში პრავა!

თბილისში მაგას ვინ მკადრებდა, მაგრამ, სოჩაა... სოჩა! მაგის ჩიტი ვარ სწორედ, ახლა ამას ჩემით ჩავუდო მართვის მოწმობა ხელში... თანაც, მაქვს თუ არა, არც ვიცი.

– ბრატ, პრასტი, ნიჩაინო...

– ვაში პრავა! – გაიმკაცრა ხმა წესრიგის დამცველმა.

– ხაროში შაშლიკ ბუდეტ! – გავუღიმე გულღიად.

არ გაჭრა.

– ხაროში კანიაკ ტოჟე ბუდეტ! – წავუმატე ქრთამს ქრთამი.

გოგონები გასუსულები მიყურებენ – აინტერესებთ, რას მოვიმოქმედებ და თავის შერცხვენა როგორ შეიძლება...

– ვოტ ჩერვონეც! – ამოვაძვრინე თუმნიანი ჯიბიდან.

– ნე პაიდიოტ, დაი პრავა! – თავისას აწვება.

„ახლა, ამას რო ვხევ, მერე ყლაპოს კბილები და იძახოს „პრავა-პრავა“! – გამიელვა გუნებაში, მაგრამ, გადავიფიქრე. აქ სოჩაა, თან – კომუნისტების ეპოქა.

მეტი გზა არაა, გავაღე კარი და გადავედი მანქანიდან. წელში და მხრებში რომ გავიმართე, ეს მიჩინდრულ-დაბარძღილი ინსპექტორი ქვევით დამრჩა.

მაინც არ მეპუება.

ტკბილი სიტყვა არ ჭრის, ძალაა საჭირო!

– პარენ, – ვეუბნები, – ტი ზნაიეშ, კტო ია?

– ნუ კტო, ნუ კტო?!

– ია ბარეც... – შევათამაშე კუნთები.

– კტო, კტო?

– ბარეც, გავარიუ!  ინსპექტორი თურმე, მოჭიდავე ყოფილა, ვიღაც ჩეჩენი ალიყურდიევი... მძიმედ დაიძრა და მოგვიახლოვდა. იმხელაა, რომ ახლა მე დავრჩი ქვევით... ბუღასავით მაგარი კისერი აქვს, კუნთები კი – დასკდომაზე.

– ონ გავარიტ, ჩტო ბარეც! – მომენტალურად ჩამიშვა დაბარძღულმა.

„დედა, რაღა ვქნა ახლა?! ამ ვერზილას მტერი ეჭიდაოს. სად მაქვს მაგის თავი გუშინდელ ნაპახმელიარს?!“ – გამიელვა გუნებაში.

– ტი ბარეც? – მეკითხება ეს ურჩხული.

– და, ბარეც! – დავაწექი პირველ ჩვენებას.

მოჭიდავეები ალალები და გულუბრყვილოები არიან და კოლეგებს პატივს სცემენ.

– ზნაჩიტ, ბარეც! ნუ, პო კაკომუ ვიდუ? – მეკითხება ალი.

რომ  ვთქვა, ძიუდოისტი ვარ, ან სამბისტი-მეთქი, ვაი და, ადგილზევე მოინდომოს ჩემი გამოცდა... ვაი შენს გივის!

– ნუ, პო კაკომუ ვიდუ? – ისევ ჩამეძია ის ჩემი ცოდვით სავსე ახმახი.

– ია ბარეც ზა დრუჟბუ ი მირა ნაროდოვ მირა-მეთქი.

ალის სახე გაებადრა, გაუმშვენიერდა და კინაღამ „აყვავებულა არაგვზე დეკა“ წამოიწყო, მაგრამ, არ იცოდა... ამიტომ, მხოლოდ გადამეხვია და ალალი ბიძაშვილივით გადამკოცნა.

იქვე, ულამაზეს რესტორანშივე გავაფორმეთ დაძმობილება და სასტუმროშიც დროზე მივედი ჩემი ორი „მზეთუნახავით“.

მეორე მოგონება ბატონ ჯემალ ღაღანიძეს ეკუთვნის.

„ქუთაისში ვიღებთ მხატვრულ ფილმს – „ჩემი მეგობარი ნოდარი“.

ქუთაისი ხომ „ხოხმა-ღადაობის“ უშრეტი წყაროა და, გადაღებაც, შესაბამისად, სულ მხიარულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მე გოგია მილიციელის როლს ვასრულებდი.

დაყენებულია ფარული კამერები ღამის ქუთაისში. მე, მთვრალი მილიციელი, მივბარბაცებ ცენტრალურ ქუჩაზე, ბუდიდან ვიღებ პისტოლეტ „ტეტეს“ და ვისვრი  ჰაერში. სცენარის მიხედვით, ოთხჯერ-ხუთჯერ უნდა გამესროლა რამდენიმე წუთის ინტენსივობით.

მესამე გასროლაც შევასრულე და ჩემს ფეხებთან მილიციის „სპეცკოლხოზნიკი“ დამუხრუჭდა. გადმოცვივდნენ საბჭოთა მილიციელები, მარჯვედ გადამიგრიხეს ხელები, წამში გამომტაცეს იარაღი, შემკეცეს მანქანაში და ისე გამაქანეს, რომ ვერავინ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.

– სად მიგყავართ, ბატონო? – ვკითხე გაუბედავად.

– დუტ! შე მუნდირის შემარცხვენელო! ჩვენ ვიცით, სადაც წაგიყვანთ! – დამიბღვირეს ფორმიანებმა.

– არტისტი ვარ, ბატონო, მე.

– არტისტი ხარ, აბა, მილიციელის რა გაცხია, შენ ხულიგანო!

– არა, მართლა არტისტი ვარ, კინოსი...

– მალე გაჩვენებთ კინოს და კინოჟურნალს!

გავიჭყიტე ფანჯარაში – ქალაქიდან გავსულვართ.

– სად მივდივართ, ამხანაგო ოფიცერო? – გადავედი ოფიციალურ ტონზე.

– სუს! კრინტი!

თურმე, სამტრედიის ერთ პრესტიჟულ რესტორანში ქეიფობს ქუთაისის მილიციის უფროსი თავის ამფსონებთან ერთად. ამ ქუთაისელ „შერლოკ ჰოლმსებს“ რაციით დაურეკავთ, ჩვენი თანამშრომელი ისვრის შუაგულ ქუთაისშიო და იმასაც უთქვამს, გაბაწრეთ და აქ მომგვარეთო.

შემაჩინდრიკეს მუჯლუგუნებით რესტორანში.

– ესაა? – ეკითხება „ხუტა უფროსი“ ხელქვეითებს.

– ეს არის, ამხანაგო უფროსო!

 რა სჯობია „გამოსულ“ მილიციელს... მაშინვე მიცნო:

– ბატონო ჯემალ, თქვენ საიდან ამ გაუგებრობაში?!

ავუხსენი ყველაფერი და ატყდა ხარხარი.

– დაუბრუნეთ იარაღი! – გასცა ბრძანება უფროსმა. 

მომცეს ჩემი „ტეტე“.

– ხალასტოი პატრონებია შიგნით, ხომ? – მაინც დაიზღვია თავი უფროსმა.

– რა თქმა უნდა.

– მომეცი აქ.

მივაწოდე... მივაწოდე და, მიუშვა დარჩენილი მასრები ყეყეჩა მილიციელებს. იმათ რა იცოდნენ, ფუჭი მასრები თუ იყო და გაეკრნენ იატაკს.

მეორე დღეს ხელახლა დაიწყო გადაღება. აბა, რა იქნებოდა, დილამდე სამტრედიაში ვქეიფობდით...“