„არასამთავრობოებს ნაციონალების დროს რომ გამოეცხადებინათ ბრძოლა, ინტერნეტთვალთვალის სათავე უკვე ამოშანთული იქნებოდა“

„არასამთავრობოებს ნაციონალების დროს რომ გამოეცხადებინათ ბრძოლა, ინტერნეტთვალთვალის სათავე უკვე ამოშანთული იქნებოდა“

არასამთავრობოები ამჯერად ინტერნეტთვალთვალის გამო არიან შეშფოთებულნი. „ტელეფონზე მეტად საქართველოში ინტერნეტთვალთვალია სახიფათო“, -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უსმენენ, არამედ უსმენენ მეგობრებს და მერე აშანტაჟებენ. „მათ იციან, ვინ ვის როგორ ელაპარკება და ეს რეალობაში ხდება. ფაქტობრივად, შეუზღუდავად და შეუფერხებლად კითხულობენ, ვინ რომელ საიტზე შევდივართ, რა მეილს და ვის ვუგზავნით, რითი ვინტერესდებით“, - ამიტომ ლომჯარია თვლის, რომ ტელეფონზე მეტად, საქართველოში ათასობით ადამიანის ინტერნეტთვალთვალია სახიფათო. აქ ხომ რეგულაციები თითქმის არ არსებობს და არც კონტროლის მექანიზმებია.

მის შეშფოთებას იზიარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც, რომელიც განმარტავს, რომ მათ მიმართავენ პირები, რომლებსაც კერძო დაკვეთით მოპოვებული აქვთ სხვა პირებზე ჩანაწერები ოტო-დან  (შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი). ამ ბრალდებას შსს არ გამოხმაურებია, თუმცა ცნობილია, რომ ამ ორიოდე დღის წინ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში ამ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი თინათინ ბოლქვაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ზვიად დევდარიანი.

არასამთავრობოების კვალდაკვალ, ფარულ ინტერნეტმიყურადებაზე საუბრობს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილიც. მისი თქმით, შეიძლება, საგამოძიებო ორგანომ სასამართლოში მოიპოვოს ერთი ადამიანის ფარული მოსმენის უფლება, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით სამინისტრომ ამ ერთ მოქალაქესთან ერთად ათიათასობით ადამიანს ერთდროულად ისე მოუსმინოს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

ინტერნეტმიყურადების გამო არასამთავრობოების შეშფოთებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია დაგვიანებულად აღიქვამს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აქტიურობდნენ არასამთავრობოები ასე ქმედითად ნაციონალების დროს - მათ რომ მაშინ გამოეცხადებინათ ბრძოლა, მოსმენების სათავე უკვე ამოშანთული იქნებოდა. უფრო მეტიც, ექსპერტის აზრით, „ეს შენ გეხება“- ს ფარგლებში მოქმედ არასამთავრობოებს დღესაც შეუძლიათ გააკონტროლონ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეფარებული ნაციონალები. ასე რომ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

„არსებობს კიბერჰაკერული ჯგუფი, რომელიც სპეციალური პროგრამების მეშვეობით აწარმოებს ელექტრონული ფოსტის გატეხვას. ასეთი ჯგუფების შექმნა მაინცდამაინც სპეცსამსახურების ფარგლებში არ არის სავალდებულო. მსგავსი ჯგუფები შეიძლება შექმნას იმავე არასამთავრობო ორგანიზაციამ, კერძო დეტექტიურმა სააგენტომ, ანუ დაცვის სააგენტოებმა, რომლებიც ნაცმოძრაობის წასვლის შემდეგ საქართველოში მომრავლდნენ. სწორედ იქ არის თავშეფარებული შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მთელი შემადგენლობა, მათ ტექნიკაც გაიტანეს და შესაბამისი ტექნიკური საშუალებაც გააჩნიათ ამ სახის ოპერაციებისთვის. შემიძლია დაგისახელოთ „სამართლდამცავთა ლიგა“, რომელიც გაურკვეველი ტიპის გაერთიანებაა, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციაა, მაგრამ იქ რატომღაც არიან შსს-ს ყოფილი ოპერატიული თანამშრომლები“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.

კონკრეტულად „სამართალდამცავთა ლიგა“ აერთიანებს ირაკლი ფირცხალავას (დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს), ზაზა ჭაიას (თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს), ლევან გვაზავას (ვანო მერაბიშვილის მოადგილეს) და კიდევ ბევრ ყოფილ თანამშრომელსა და მაღალჩინოსანს. ამასთან, ყველა მათგანზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და ბრალიც აქვთ წარდგენილი. მათი სასამართლო პროცესები კი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ვახტანგ მაისაიას, იგი ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს ნაციონალებისგან რა დავალებაც აქვთ მიცემული, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა. მისივე თქმით, ბუნებრივია, ასეთი ჯგუფი არსებობს შსს-ს შესაბამის სტრუქტურაშიც, ანუ ოპერატიულ-ტექნიკური მეთვალყურეობის დეპარტამენტში (ოტო), რომელიც მოსმენებთან ერთად, ინტერნეტების მეთვალყურეობაზეც მუშაობს. თუმცა ანალოგიური დეპარტამენტი ნაციონალების დროს გაცილებით აქტიურად იყო ჩართული ინტერნეტთვალთვალის კუთხით. ვახტანგ მაისაია იმ ფაქტს იხსენებს, როცა აღნიშნული ჯგუფი მასზე ახორციელებდა თვალთვალს.

„ორი ადამიანი მომიგზავნეს, ერთი გახლდათ სამმართველოს უფროსი ამ ოტოდან, რომელმაც ჩემი კომპიუტერიდან მოინდომა ჩემი ფაილების დათრევა. ანუ, ისინი ერთი მხრივ, კომპიუტერებს ტექნიკურად უტევენ ვირუსების საშუალებით და ასე იპოვებენ კონკრეტული პირის შესახებ ინფორმაციას, მეორე მხრივ, ვითომ ინტერნეტის პროვაიდერების სახელით შედიან ბინებში. მაგალითად, ნაციონალების დროს ამისთვის იყენებდნენ „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს, ისინი ამბობდნენ, მოდემი გაფუჭებულია და უნდა შევამოწმოთო, სხდებოდნენ კომპიუტერთან და იწერდნენ შენს მონაცემებს, ან აგდებდნენ ისეთ ვირუსს, რაც მათ ადამიანის გაკონტროლების საშუალებას მისცემდა. ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, დღემდე არიან ამ სტრუქტურებში. თანაც, ნაციონალების დროს ამას ყოველგვარი სანქციის გარეშე აკეთებდნენ. თუ მოსმენას სჭირდება სპეციალური ნებართვა, ინტერნეტით მიყურადებას სამართლებრივი უზრუნველყოფა არ სჭირდება, ამიტომ ეს მოსმენებზე უარესია და შეუძლიათ სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე მოახდინონ თვალთვალი. ჩემთანაც შემოვიდნენ ვითომდა, „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები, ვითომც მოდემის გამოსაცვლელად, მე არ ვიყავი სახლში, ბებიამ კი ინტერნეტზე თვალთვალის შესახებ არაფერი იცოდა, სპეციალურად ამ დროს დაამთხვიეს მოსვლა, თორემ ადრეც მოვიდნენ და არ მივეცით ამის საშუალება, ისინი დასხდნენ ჩემს კომპიუტერთან და მოახდინეს კომპიუტერში არსებული მასალების გადაქაჩვა“, -განმარტა ვახტანგ მაისაიამ და აღნიშნა, რომ თვალთვალის მხრივ „ვაიბერის“ პროგრამა დაცულია, რადგან მას სპეციალური კოდირებული სისტემა აქვს, რომლის გატეხვაც ძალიან რთულია. თუმცა, თუ ორივე რესპონდენტს ერთდროულად უსმენენ, მაშინ შეიძლება, ვაიბერიც გატეხონ.

ექსპერტი გამოსავალს უშიშროების საბჭოში სპეციალური სტრუქტურის შექმნაში ხედავს, რომელიც ინტერნეტთვალთვალისგან დაცვის მიზნით უშუალოდ მოემსახურება არა სახელმწიფო უსაფრთხოებას, არამედ -მოსახლეობას. აღნიშნულმა სპეცსამსახურმა უნდა იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, თორემ ადვილად შეღწევადია ინტერნეტი, ჩვენი მეილების და ფეისბუკის გატეხვა. ამ მხრივ ვახტანგ მაისაია „ჯიჰადის“ ვიდეოს გამოარჩევს, რომელიც აშკარად ფალსიფიცირებული იყო და შეესაბამებოდა ნაცმოძრაობის სპეცსამსახურების, ანუ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლირებადი ორგანიზაციების მანერას. ასეთივე იყო „ჰაკიმ ფაშას“ სახელწოდებით ატვირთული ვიდეო, რომელიც, ექსპერტის თვალთახედვით, ასევე, უკავშირდებოდა ნაციონალურ დაჯგუფებას და მათთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ დაცვის ორგანოებს, რომლებიც ვითომდა, სამართალდამცავ არასამთავრობოთა სტატუსს ატარებენ.

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კიბერუსაფრთხოების დარღვევა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა და აქ ნაციონალები არაფერ შუაში არ არიან. მისი თქმით, ყველაზე ხშირია შემთხვევა, როცა კომპიუტერში ვირუსს უშვებენ და ამ ვირუსის შეხების შემდეგ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იკრიფება ამ კომპიუტერზე, ხელმისაწვდომი ხდება, მათ შორის, - პაროლიც. ამდენად, როცა პაროლები გაქვს, შეიძლება, კონკრეტული პირის იმეილი, მესიჯები, ფეისბუკი შეამოწმო.

„ძნელი სათქმელია, რომელი პროგრამაა ყველაზე მიღწევადი. რაც დენს უერთდება, ყველაფერზე შეიძლება დაყენდეს მოსასმენი აპარატურა. ასე რომ, ყველაფერი შეღწევადია, მაგრამ ყველაზე კარგი თავდაცვა არის პაროლების ხშირი ცვლა, მოქმედი პროგრამის ხშირი გადაყენება. ვერ ვიტყვი, ნაციონალების დროს უფრო ხშირად ხდებოდა თუ არა ინტერნეტთვალთვალი, ვიდრე დღეს, რადგან ასეთი რამ ყველგან ხდება და აკეთებენ როგორც მთავრობები, ისე კერძო პირები. მაგალითად, ტელეფონზე მოსმენებს მთავრობა ახორციელებს, კომპიუტერზე თვალთვალი კი შეუძლია ყველას, ამიტომ ბევრად დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, ტელეფონზე მოსმენას ყველა შეეჩვია, ყველამ ისწავლა თავის დაცვა, მაგრამ ინტერნეტთვალთვალი შეუმჩნეველია“, -აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

რაც შეეხება ნაციონალების დროს „კავკასუსის“ წარმომადგენლების საქციელს, რომლებიც მათთვის საინტერესო პირთა ბინებში აღწევდნენ მოდემის გადაყენების მომიზეზებით, შოთა უტიაშვილი ამ საკითხს ეჭვის თვალით უყურებს. მისი აზრით, ინტერნეტით მოსმენას ვინმეს ბინაში შეღწევა არ სჭირდება.

„ტელეფონზე ადამიანის მოსმენას ბინაში შესვლა ხომ არ სჭირდება? ასევეა, ინტერნეტით თვალთვალის დროს, ამის გაკეთება ვირუსებითაც შეიძლება“.

ჩვენ დავუკავშირდით ნინო ლომჯარიას, თუმცა დაპირების მიუხედავად, რომ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ნახევარ საათში დაგვერეკა, ტელეფონს აღარ უპასუხა. ჩვენ სხვა არასამთავრობოებთანაც შევეცადეთ დაკავშირებას, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. როგორც ჩანს, არასამთავრობოები კვლავაც აქტიურად განიხილავენ არა მარტო მოსმენების, არამედ ინტერნეტთვალთვალის პრობლემას, თუმცა აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად ნაციონალების დროს იგრძნობოდა, როცა „კავკასუს ონლაინის“ მფლობელს, ბიზნესმენ მამია სანადირაძეს მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის უშუალო ჩარევით, სწორედ იმ მიზეზით წაართვეს „კავკასუსი“, რომ სანადირაძემ უარი თქვა მისი კომპანიის საშუალებით შსს-ს განეხორციელებინა ფარული მოსმენა.