შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართლის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები – შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნათია შიუკაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ მაისურაძე, ფსიქოლოგი ნინო ბადაგაძე და დუშეთის რესურსცენტრის უფროსი ლევან ახალაშვილი მოსწავლეებს სოციალური კამპანიის მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრაზე მოსწავლეებს უჩვენეს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს სოციალური კამპანიის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.