ყავა სამინისტროში და მის მიღმა, ანუ „ცხელი პროტესტი“

ყავა სამინისტროში და მის მიღმა, ანუ „ცხელი პროტესტი“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 4 დეკემბრის სამუშაო დღის მიწურულს ცხელი ყავით და გიტარით ესტუმრნენ. „ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან“, - ამ სახელწოდების პერფორმანსით საზოგადოების აქტიური წევრების ნაწილმა კულტურის სამინისტროს მუშაობა გააკრიტიკა და სამინისტროს თანამშრომლები „უსაქმურობასა“ და „სმა-ჭამის მოყვარეობაში“ დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეებმა სამინისტროს კარის მოპირდაპირედ სახელდახელო მაგიდა მოაწყვეს, უშუალოდ კართან კი მოზრდილი ყავის ფინჯანი, ერთი კოლოფი ყავა და ყვითელზე შავით დაწერილი პლაკატი - „ყავის სმისა და ძეგლთა ნგრევის სამინისტრო“ განათავსეს.

„კულტურის სამინისტრო ყოველთვიურად ათასობით ლარს ხარჯავს ყავის სმაში და ეს ფული ჩვენი ჯიბიდან წასული ფულია, რასაც ვაპროტესტებთ. პირადად ჩემთვის ეს აქცია იყო „მრგვალი მაგიდა“, სამოვარი და საუბარი იმ პრობლემებზე რაც კულტურის სფეროში გვაქვს და რომლის მოგვარებაზეც კულტურის სამინისტრო არ ფიქრობს“, - განუცხადა for.ge-ს ნატალია ვაწაძემ. იგი კულტურის სამინისტროს წინ აქციაზე პროტესტის გამოსახატად მოვიდა და სიმბოლურად ყავაც დალია.

კულტურის სამინისტროსთან უწყების მაღალჩინოსნებისთვის მოვალეობისა და ფუნქციების შესახსენებლად „გამოცხადდა“ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმოამდგენელი სალომე ჭანტურიძე.

„ვაპროტესტებთ იმ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს, რაც აქ ხდება. ვიმედოვნებ, როდესმე გვეღირსება ისეთი სამინისტრო, სადაც რეალურად პრობლემებზე იმსჯელებენ და სადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აიღებს რეალურად პასუხისმგებლობას ძეგლების დაცვაზე და ის არ იქნება კონკრეტული ადამიანების თუ ინვესტორების დაკვეთის გამტარებელი. ყავის სმა გადავწყვიტეთ იმისთვის, რომ მათ მოვუწოდოთ, უსაქმურობას თავი დაანებონ და საქმეზე იფიქრონ“,- უთხრა for.ge-ს სალომე ჭანტურიძემ და აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა ერთგვარი „უსაქმურობა“ საკუთარი თვალით ნახა, როცა რამდენიმე კვირის წინ ასევე სამინისტროსთან და ასევე აქციაზე იმყოფებოდა.

„შესვენებამდე 2 საათით ადრე თანამშრომელთა დიდი ნაწილი გამოვიდა შენობიდან მოგვიანებით საკვებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. გარკვეულწილად, მაშინ გაჩნდა იდეა, რომ პერფორმანსი ამ ფორმით მოგვეწყო. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტრო უფრო კვების დაწესებულებაა, ვიდრე კულტურაზე მზრუნველი უწყება“, - აცხადებს სალომე ჭანტურიძე.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვლას ვაწაძემ კი ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ კულტურის სამინისტრომ მათ მიერ მოწყობილი პერფორმანსით უნდა გაიგოს ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, გადარჩენა და ხელოვნებისთვის ყურადღების მიქცევა ევალება.

„10 ათას ლარამდე არის გახარჯული მხოლოდ ყავაში წლის განმავლობაში. ამ თანხით ერთი კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია იყო შესაძლებელი. მაგრამ, როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროს არ აინტერესებს ხელოვნება და კულტურის ძეგლები. საერთოდ, უარი თქვეს „ბიენალეზე“. მათი მთავარი პრიიორიტეტი გახდა მხოლოდ ჯაზი, ჰყავთ ე.წ. ფავორიტი ადამიანები, რომლებთან ერთადაც გააკეთებენ იმ კულტურულ ღონისძიებებსა და აქციებს, რომელიც ემსგავსება ბოდიში და „სოფლის კლუბს“.

სამინისტრომ ფუნქცია დაკარგა, შესაცვლელია კულტურული პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს პროექტი, გვაქვს ხედვები რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ სამინისტროს. თუ მინისტრი დაინტერესდება, დიდი სიამოვნებით შევხვდებით და გავაცნობთ ჩვენს ინიციატივებს“, - განუცხადა for.ge-ს ვლას ვაწაძემ და აღნიშნა, რომ არ ჰქონდა მოლოდინი, კულტურის მინისტრი აქციის მონაწილეების პერფორმანსით დაინტერსდებოდა და მათთან ერთად ცხელ ყავას დალევდა.

„როგორც გავიგეთ, რეგიონშია წასული მინისტრი, მაგრამ აქაც რომ იყოს არ მგონია, გამოსულიყო. ახლა შენობაში არ არის მინისტრი, მაგრამ არიან სამინისტროს თანამშრომლები - იქ სვამენ ყავას, აქაც ვსვამთ ყავას, საქართველოში ყველაფერი გვაქვს არაჩვეულებრივად“, - აღნიშნავს ვლას ვაწაძე.

„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარიტიშვილი კი სამინისტროს მიმართ უფრო კატეგორიულ ტონს ირჩევს და მინისტრს ბიზნესმენების ინტერესებზე მეტად ქვეყნის ინტერესების დაცვას ურჩევს.

„კულტურის სამინისტროსთან ბევრი შეკითხვა არსებობს. იგივე საყდრისთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ეს მოვლენები ნათელი დასტურია, რომ ეს სამინისტრო ვერ უძლებს კერძო და მაღალი თანამდებობების პირების ზეწოლას, რომელთაც ამოსავალ წერტილად აქვთ მოკლევადიანი ფინანსური, ან კომერციული მოგებების სურვილი და ხშირად ამას ანაცვალებენ როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე - ბუნებას, ადამიანების ჯანმრთელობისთის საჭირო გარემოს. ამის ნათელი დასტური იყო კულტურის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას საქმიანობაც, რომელიც მუდმივად შვებულებაში „იმალებოდა“, მემუარებს წერდა და ყავას სვამდა. ახალმა მინისტრმაც იგივე პოლიტიკა გააგრძელა, საზოგადოებასთან კომუნიკაციას გაურბის. ჩვენი მოთხოვნაა კულტურის სამინისტრომ დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და არა კერძო ბიზნესმენების ინტერსები“, - განუცხადა for.ge-ს ლაშა ჩახრტიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ყავის გარდა სამინისტროსთან უწყების მიერ ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ კონკრეტული სტატისტიკაც წარმოადგინეს. „მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის“ დამფუძნებლის გიორგი ჩახაიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში სამინისტრომ საკვები პროდუქტების შესყიდვაზე 31 073 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, მათ შორის 10 393 ლარის ყავა შეისყიდა. შეძენილი აქვთ, 35 044 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები. მათგან ერთი ბოთლის ღირებულება 117 ლარია. სულ 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიერ სარესტორნო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯულია 102 739 ლარი.