იზორიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან ე.წ. მოსმენების კანონზე ისაუბრა

იზორიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან ე.წ. მოსმენების კანონზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მან თანამომხსენებლებს ის არგუმენტები გააცნო, რის გამოც კერძო პროვაიდერებისთვის ე.წ. გასაღების გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ.

იზორიას თქმით, მან ევროპელ პოლიტიკოსებს ჰკითხა, თუ არსებობდა სხვა მაგალითები ან  ალტერნატივები იმისა, რომ კანონიერი მოსმენებისთვის პროვაიდერებთან ტექნიკური მიბმა შსს-ს გარე უწყებას ჰქონოდა, რის საპასუხოდაც მსგავსი მაგალითი ვერ მოისმინა.

"მოისმინეს არგუმენტები, რაც მათთვის იყო ძალიან მისაღები, ალბათ, თვითონ გააკეთებენ  შეფასებებს, ყოველ შემთხვევაში, დაფიქსირდა არაერთგზის ნათქვამი არგუმენტი და მათაც ვკითხე დაზუსტებისთვის, თუ არსებობდა სხვა მაგალითები თუ ალტერნატივები იმისა, რომ ვთქვათ, შსს-ს გარე უწყებას ჰქონოდა პროვაიდერებთან ტექნიკური მიბმა კანონიერი მოსმენებისთვის. ასეთი მაგალითი მე ვერ მოვისმინე იმიტომ, რომ ასეთი ევროპაში არ არსებობს, რითაც კიდევ ერთხელ გამიმყარდა რწმენა, რომ სწორედ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. შესაბამისად, ვუთხარი ისიც, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ  იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და ის, რომ დღეს კანონიერ მოსმენებზე გარე კონტროლს უკვე სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი განახორციელებს, სწორედ ამ ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც იქნება", - განაცხადა იზორიამ.