შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან (ვიდეო)

შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იმყოფება. ჯეიმს აპატურაიმ ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსთვის ნატოს სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის დეტალების განხილვა იყო. მხარეებმა ის შესაძლებლობები და ვალდებულებები განიხილეს, რაც საქართველოს ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული. მინისტრმა განაცხადა, რომ პაკეტის დროული იმპლემენტაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მხარე აქტიურად დაეხმარება საქართველოს პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელებაში. ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს. „ნატოს სამიტზე საქართველომ იმპლემენტაციის პაკეტის გეგმა მიიღო, რაც თქვენს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. თავდაცვის სამინისტრო ძალღონეს არ იშურებს, რომ პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები განხორციელდეს. ნატოს მხარე ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მიმდინარეობს ნატოს წარმომადგენლების შერჩევა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. განვიხილავთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობის საკითხსაც. ლოკაციას ქართული მხარე შეარჩევს და ამ თემაზე ერთად ვიმსჯელებთ. არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის მიზნით, მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება.“

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და სამომავალო გეგმებს. როგორც მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი კვლავ წარმატებით გაგრძელდება და საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. მომავალი წლიდან კი საქართველო ავღანეთში, „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიასა და ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) ძალებში ჩაერთვება.

ჯეიმს აპატურაიმ ქართულ მხარეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა: „თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე და მადლობა გადავუხადე ქართულ მხარეს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის, ასევე მზადყოფნისთვის, რომ გააგრძელოს წვლილის შეტანა როგორც ავღანეთის, ასევე აფრიკის სამშვიდობო მისიებში. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა დიდი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართველ სამხედროებს რთულ რეგიონებში უწევთ მსახური. მალე ნახავთ, რომ ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ასევე ვნახავთ უფრო მეტ საქართველოს ნატოში.“

შეხვედრის შედეგები შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ: „ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. პირველ რიგში მიმოვიხილეთ მიმდინარე ურთიერთობის და თანამშრომლობის საკითხები. საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე გადმოეცა საქართველოს და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ნატოს შტაბ-ბინა და ზოგადად ბატონი აპატურაი, როგორც გენერალური მდივნის წარმომადგენელი, აქტიურად იქნება ჩართული იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში. ჩვენ გვექნება თავდაცვის მინისტერიალზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მომავალი წლის თებერვალში, სადაც იმედი მაქვს, რომ იმპლემენტაციის გეგმა საბოლოო სახით შეთანხმდება და დამტკიცდება. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც საქართველოს გადმოეცა და რომელიც  რეალურად მიმართულია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, განვახორციელებოთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად.“

ვიზიტის ფარგლებში ნატოს წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.