For.ge არაერთგზის წერდა, რომ მეზობელი თურქეთის გაჩირაღდნება საქართველოს ეკოლოგიას დააზარალებდა. ეკოლოგები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ზღვა დაფარავდა ბათუმის დიდ ნაწილს, ხოლო ფოთი შესაძლოა, ფსკერზე აღმოჩენილიყო. ამის პრეცედენტი უკვე იყო. ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელმა რიონის კასკადმა მდინარის ნატანი შეამცირა და ნატანის გარეშე დარჩენილმა ზღვამ ჩაძირა ფოთის იპოდრომი და დასახლებული პუნქტები.
ამჯერად თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე თურქული ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებამ იგივე პრობლემა შექმნა. მდინარე ჭოროხმა ზღვას მყარი ნატანი ვეღარ მიაწოდა და ზღვამ ხმელეთს შეუტია. ამდენად, მდინარე ჭოროხი მშიერ მდინარედ იქცა, საიდანაც ნატანი ვეღარ ჩამოედინება.
საფრთხე რიგითმა ბათუმელებმა საკუთარ თავზე უკვე იწვნიეს. სულ ახლახანს მოვარდნილი შტორმის გამო ზღვის ტალღებმა ანბანის კოშკთან არსებული საგუშაგო წაიღო. სტიქიის ყოველი შეტევისას ბათუმელები ელიან, რომ მათ სახლებს ზღვა დაფარავს. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ნაციონალების დროს ზღვის სანაპიროზე გაჩაღებული მშენებლობა იმთავითვე სიზიფეს შრომა იყო. წინასწარი პროგნოზით, წყლის დონე მალე ბათუმის ბულვარსაც დაფარავს და სასტუმრო „ინტურისტის“ კიბეებს მიადგება.
პარალელურად, თურქების მიერ გარემოზე ხელოვნური ჩარევა საქართველოს მთავარ არტერიას - მტკვარს გაქრობით ემუქრება. ასპინძელები შეშფოთებულნი არიან, რადგან უკვე ორი კვირაა, თურქეთის საზღვართან, ასპინძაში მტკვარი გაქრა. დამშრალი მტკვრის ადგილას კი მხოლოდ გუბეებია დარჩენილი.
„ერთ დღეში წყალი აღარ დარჩა მდინარეში. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თითქმის ორ მეტრამდე დაიკლო წყლის სიმაღლემ კალაპოტში“, - ამბობს სოფელ ფიაში მცხოვრები ლევან მაღრაძე.
„თევზი ნაპირებზე ყრია და თოლიები ჭამენ, უსიამოვნო სუნი ახლაცაა მდინარესთან“, - ასეთია ხერთვისელი სოფიო სეთურიძის წუხილი.
ეკოლოგი მანანა დევიძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ რამდენიმე წლის წინ თურქებმა ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგური ააშენეს, რის გამოც ნატანის ჩამოტანა შემცირდა. ნატანის არარსებობა კი დიდ პრობლემას უქმნის შავი ზღვის სანაპირო ზოლს - როგორც ბათუმს, ისე კოლხეთის დაბლობის სხვა ადგილებს. კერძოდ, ფოთშიც ძალიან დიდი პრობლემა იქნება, თუკი გაშენდება რიონის ზემოთ კაშხლები, ჰუდონჰესზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ არის. გარდა იმისა, რომ ხაიში რომ ჩაიძირება და სვანური სოფლები დაიტბორება, ენგურიც აღარ ჩამოიტანს ნატანს და სანაპიროსთან მდებარე მშენებარე საკურორტო ქალაქ ანაკლიას იგივე საფრთხე დაემუქრება. ამიტომ ექსპერტის თქმით, აზრს კარგავს ანაკლიის მშენებლობა.
„ენგურჰესმა ისედაც შეამცირა ნატანი. ენგურჰესის შემდეგ ზღვის წყალი თითქმის ნახევარი კილომეტრითაა შემოსული ნაპირზე. თურქულ მხარესთან იყო შეთანხმება, რომ სატვირთო მანქანებით უნდა ეზიდათ ხრეში და დაეყარათ იქ, სადაც ჭოროხი დააკლებდა ნატანს აჭარის სანაპიროს, მაგრამ რანაირად შეცვლიდა ეს ბუნებრივად მდინარიდან ჩამონადენ ნატანს? ან კიდევ, რამდენი სატვირთო მანქანით უნდა ჩამოეტანათ ნატანი, რომ შეენაცვლებინა და არსებული ნატანის ადეკვატური ყოფილიყო?! თანაც, რეალობა ისაა, რომ კარგა ხანს სატვირთო მანქანებითაც კი არ ხდებოდა ნატანის დაყრა, მხოლოდ ბოლო დროს ჩამოიტანეს ნატანი, ისიც იმისთვის, რომ ბულვარი აეშენებინათ“, -აღნიშნა მანანა დევიძემ და განმარტა, რომ ბათუმის მიმართულებით ძვირადღირებული დამცავი ჯებირები უნდა გაკეთდეს, რათა წყალი კიდევ უფრო ღრმად არ შემოვიდეს. თუ როდის დაფარავს ბათუმის ნაწილს წყალი, ამის თქმა ეკოლოგს უჭირს. ის ამბობს, რომ უნდა შედგეს კონსილიუმი, შეიკრიბონ ჰიდროლოგები, ნაპირდაცვითი სპეციალისტები, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დამცველები და დიდი კონფერენცია ჩაატარონ. ამასთან, რეზოლუციაა მისაღები, თუ როგორ უშველონ აჭარის სანაპიროს და ბათუმს.
რაც შეეხება მტკვრის კალაპოტის დაშრობას, მანანა დევიძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ისევ თურქები არიან, რომლებიც თურქეთში წყალსაცავს ავსებენ და ამის გამო მდინარე გადაკეტილი აქვთ. როცა აივსება წყალსაცავი, ზედმეტი წყალი საჭირო აღარ იქნება და წყალი გადმოვა, მაგრამ წყლის ბალანსის ასე დარღვევა არასასურველ შედეგებს იძლევა.
„კალაპოტიდან გამოსული მტკვარი შენაკადების ხარჯზე ივსება. ამდენად, მტკვრის დაშრობაზე საუბარი ამ ეტაპზე ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ თუ თავიანთი ჰიდროელექტროსადგურის გაძლიერებისა და მეტი წყალვარდნის მიზნით თურქებმა მტკვრის ტოტი აჭარისკენ, ჭოროხისკენ გადააგდეს ან გადაქაჩეს, ეს ძალზე ცუდ შედეგს გამოიწვევს, რადგან წყლის ბალანსი მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას არ იძლევა არც თურქული მხარე, არც საქართველოს მხარე, მოსახლეობისთვის ღია ინფორმაცია არ ყოფილა მოწოდებული, არაოფიციალურად თუ რაიმეს ვიგებთ არასამთავრობოები. პარალელურად, წყლის დაშრობის გამო იმ ზონაში, საიდანაც მტკვარი შემოდის, თევზებიც დაიხოცა. იქ არის მთელი სახეობები, რომლებიც სრულიად განადგურდება“, -აცხადებს ეკოლოგი.