გაინტერესებთ, როგორ შოულობენ კაპიტალს მილიონერები? - ბევრი მათგანი ვაჭრობს Forex-ზე. მაგალითად ჯორჯ სოროსი, ბილ უილიამსი და სხვები.
ზოგადად, Forex სავალუტო ბირჟას წარმოადგენს. მასზე ფულის დაგროვება ისეთივე მარტივია, როგორც მისი დაკარგვა, ამიტომ, საჭიროა რისკის ფაქტორებზე შესაბამისი ინფორმაციის ფლობა, სავალუტო ბირჟისა და სავალუტო კურსების შესახებ შესაბამისი ცოდნა, სიტუაციის სწორად გაანალიზების უნარი, ვაჭრობის დაგეგმარება, ბირჟაზე ინფორმაციის მონიტორინგი. Forex წარმოადგენს ვირტუალურ სავალუტო ბირჟას, რომელიც მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არსებობს, ანუ მასზე მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტ ქსელისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებითაა შესაძლებელი. სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ სასურველ დროს შეიძლება.
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი Forex –ი ( Foreign Exchange სავალუტო გაცვლა) ასეთი აბრევიატურით პირველად 1976 წლის 8 იანვარს გამოჩნდა.
Forex არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საფინანსო ბაზარი. Forex -ზე მუშაობა წამყვანი ქვეყნების ვალუტით ურთიერთვაჭრობას და ბაზრის მონაწილეს (ტრეიდერის) მიერ კურსის ცვლილების სწორი პროგნოზირებით მოგების მიღებას გულისხმობს. Forex -ში წამყვანი ვალუტებია USD- ამერიკული დოლარი; EUR=ERU– საერთაშორისო ევროპული ვალუტა (ევრო); GBP = STG – ინგლისური სტერლინგი; CHF = SWF – შვეიცარული ფრანკი (სწისსიე); JPY = YEN – იაპონური იენი; CAD – კანადური დოლარი; AUD – ავსტრალიური დოლარი. ქართული ვალუტა `ლარი~ თავისი მცირე მასშტაბებისა და ნაკლებსანდოობის გამო ფორეხ-ში არ მონაწილეობს. Forex -ში მონაწილე ტრეიდერები მოგებას თავიანთი ნიჭის მეშვეობით იღებენ.
სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი დიდი რისკების გარკვეული დოზით შემცირება სპეციალური Stop ორდერის გამოყენებით არის შესაძლებელი, რაც Forex -ის ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს სავალუტო კურსების ზედა და ქვედა ზღვარი, რომელთა მიღწევის შემდეგ პროგრამა ავტომატურად დახურავს ტრეიდერის ანგარიშს და უფრო დიდ შესაძლო ზარალს თავიდან აიცილებს. Forex -ის ბაზარზე ვაჭრობა აზარტული ადამიანებისთვის რეკომენდირებული არ არის. ასევე ნაკლებ მომგებიანია Forex -ისადმი ინტუიციური მიდგომა. ილუზიაა, რომ Forex -ზე დაჯდები და უცბად გამდიდრდები, თუ ამ შეხედულებით დაიწყებთ, აუცილებლად წააგებთ.
თვეში სტაბილურად 5-10 პროცენტ მოგებასაც რომ მოაღწიოთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან წარმატებული ტრეიდერი ხართ. Forex -ით უცბად ვერ გამდიდრდები, მაგრამ შეიძლება ბევრი ფული დაკარგო.
იმისათვის, რომ შეძლოთ Forex -ში ვაჭრობის დაწყება, საჭიროა გახსნათ თქვენთვის სასურველი სადილინგო კომპანიის ვებ-გვერდი და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. თანხა, რომლითაც ვაჭრობას დაიწყებთ, შეზღუდული არ არის. დარეგისტრირებისას გეხსნებათ ნულოვანი ანგარიში და მერე რა თანხაც გნებავთ, იმ თანხას შეიტანთ ანგარიშზე.
თუმცა, ძალიან მცირე თანხით Forex -ში ვაჭრობის დაწყებას აზრი არ აქვს. ლოგიკური მინიმალური ზღვარი, რა თანხითაც გონივრული ვაჭრობით საშუალება გექნებათ შემოსავალი მიიღოთ 300-500 დოლარია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ 50 დოლარის გადარიცხვასაც და 500 დოლარის გადარიცხვასაც ერთი და იგივე თანხა, 15 დოლარი, სჭირდება და ამ მხრივაც უმჯობესია შედარებით დიდი თანხის გადარიცხვა.
საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ვაჭრობს Forex -ში, იმასაც კი ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე სერიოზული ტრეიდერი არის ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს Fორეხ-ის სადილინგო კომპანია, რის გამოც ქართველი ტრეიდერები დაქსაქსულები არიან. საქართველოში Bcgforx-ის წარმომადგენლის თქმით:
"ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ამ სექტორში დავიწყეთ მუშაობა და რეალურად, ჯერჯერობით მხოლოდ ვასწავლით ხალხს Forex -ში მუშაობას, იმედი გვქონდა რომ Forex ჩვენს ბაზარზე განვითარდებოდა და ადგილზე გაკეთდებოდა სადილინგო კომპანია, რომელიც სრულფასოვნად მოემსახურებოდა ადგილობრივ ბაზარს, მაგრამ ბევრი პრობლემა შეგვექმნა, თუნდაც არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე.
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია არის ყველაზე დიდი და სერიოზული ამერიკული სადილინგო კომპანია. მათი იდეა იყო, რომ თავიანთი ფილიალი გაეხსნათ საქართველოში და თავიანთი კლიენტურაც კი მოეყვანათ, რაც ჩვენი საბანკო სექტორისთვის ძალიან დიდი ფულის შემოდინებას ნიშნავდა, მაგრამ პრობლემები შეგვიქმნა ძალიან ხისტმა კანონმდებლობამ, რომელიც ჩვენს საფინანსო ბაზარს არეგულირებს.…
ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ, მესმის, რომ საჭირო კანონია, და ებრძვის გაუკონტროლებელი ფულის შემოსვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კანონის მოქმედება შეეხო Forex -ის სექტორსაც. ამის გამო, ჩვენს ბანკებში დამატებითი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობა შეზღუდულია.
ისეთი მოთხოვნები არის წამოყენებული ეროვნული ბანკის მიერ მოცემული კანონმდებლობის სახით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვენთან სადილინგო კომპანიის გახსნა დღევანდელ სიტუაციაში, მითუმეტეს, როცა არსებობს სხვა ქვეყნები, სადაც ეს გაცილებით იოლად ხდება. ჩვენ თუ აქ გავხსენით სადილინგო კომპანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთიდან თუ ინდოეთიდან შესაძლებელია, ანგარიში დაუსწრებლად გახსნან საქართველოში, ფული ჩარიცხონ, აქ ივაჭრონ და საქართველოდან გაიტანონ თანხა.
მე, აქაური რეზიდენტი ვერცერთ ვარიანტში ვერ ვაგებ პასუხს, ის ჩინელი თუ ინდოელი რას წარმოადგენს, ტერორისტია თუ პატიოსანი ადამიანი, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ, ჩვენი კანონმდებლობა კი ამას გვთხოვს. ასეა თუ ისე, Forex ვითარდება, თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი ტემპებით არა, როგორც სხვა ქვეყნებში, რადგან ქართული მენტალიტეტი ისეთია, რომ ქართველებს თავის შეწუხება არ უყვართ და Forex-ში ვაჭრობას ურჩევნიათ კაზინოში წავიდნენ.
Forex -ს კი ბევრი ფიქრი, ანალიზი და ინტელექტი სჭირდება. კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენთან Forex -ზე მუშაობა პრაქტიკულად შემოსულია რუსეთიდან, იქ კი ეს საქმიანობა, მიშვებულია თავის დინებაზე და, სამწუხაროდ, 90% თაღლითების ხელშია. ძალიან ბევრმა რუსულმა კომპანიამ გაიფუჭა სახელი ჩვენთან, ამ სიტუაციის გამოსწორება კი ჩვენ გვიწევს ახლა, ხალხს ვაფრთხილებთ, რომ არ ენდონ საეჭვო სადილინგო კომპანიებს, საქმე დაიჭირონ სერიოზულ ორგანიზაციებთან, იქ, სადაც კანონი კანონობს.
ჩვენ გთავაზობთ ა.შ.შ-ს კომპანიებს, იმიტომ რომ იქ სათანადოდ კონტროლდება ეს სექტორი, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც აბსოლუტური განუკითხაობაა, ტელეფონითაც რომ დარეკო, გეტყვიან, ფული გადმორიცხეო და მერე დაიკარგებიან. ეს პრაქტიკულად გამორიცხულია სერიოზულ კომპანიებთან, რომლებიც სანამ არ შეგავსებინებენ სააპლიკაციო ფორმას და არ შეგამოწმებენ ვინ ხარ, ანგარიშსაც არ გაგიხსნიან და არ მოგცემენ Forex -ში ვაჭრობის უფლებას.
რატომღაც ქართველი Forex-ის მოყვარულები რუსეთის კომპანიებთან არჩევენ თანამშრომლობას. ჩათვალეთ, რომ მათი ფული არის დაკარგული. რუსულმა კომპანიებმა წალეკეს არამარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა. მათ არავინ აღარ ენდობა. ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ, რომელი კომპანიაა სანდო და რომელი საეჭვო. ჩვენ Forex -ში ვაჭრობის მსურველებს სწავლების საკმაოდ სერიოზულ კურსს ვთავაზობთ და ასევე შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ სააპლიკაციო ფორმის შევსებაში".
დღევანდელ პირობებში ნებისმიერმა ეკონომისტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს სავალუტო ბირჟები. ვინც Forex-ში იწყებს ვაჭრობას, მათგან საბოლოოდ 80% თავს ანებებს ამ საქმიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც Forex -დან გამოდის, ცოდნის გარეშე გამოდის. Forex -ის სისტემის მცოდნეებს გააჩნიათ დიდი ცოდნა ვალუტების შესახებ, აქციების შესახებ, აანალიზებენ, რა მოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე.
Forex არის განათლების ერთ-ერთი კვანძი, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომისტებისთვის, არამედ ზოგადი განათლებისთვის. ფასწარმოქმნაზე საუბრისას, კარგად უნდა ვერკვეოდეთ რა ფაქტორები შეიძლება მოქმედებს საქონლის ფასზე. მაგალითად, იაპონური მანქანები გაძვირდა 20%-ით, მაგრამ ეს გაძვირება იმიტომ კი არ მოხდა, რომ ავტომობილის მახასიათებლები შეიცვალა, უბრალოდ იაპონური იენის კურსი გაიზარდა.
თუკი, კონტრაქტის გაფორმებას გადაწყვეტთ რომელიმე უცხოური ქვეყნის კომპანიასთან, უნდა იცოდეთ, რა დინამიკა ექნება ამ ქვეყნის ვალუტას.