„რვიანს“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო ტყვია შემონახული აქვს

„რვიანს“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო ტყვია შემონახული აქვს

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების 5 თვის თავზე, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთავრობას საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია. „მოგვეცი არჩევნები, თუ არადა... ეს „თუ არადა“ უნდა იყოს მოფიქრებული“, – ამ რეკომენდაციით მიმართავენ დიალოგში ჩართულ ოპოზიციას. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რვიანს“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო ტყვია შემონახული აქვს.

„ჩვენი ბოლო ტყვიაა - პასუხების ოქმში ასახვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ანუ, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ის უარს აცხადებს არჩევნების ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარებაზე და არ დათანხმდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ სხვა წინადადებებსაც, მოლაპარაკებების შედეგად დადგენილი პროცედურებით, მისი უარი დოკუმენტურად დაფიქსირდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა არასამთავრობოებსა და „ქართული აკადემიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელთაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზები განუმარტეს.

ამასთან, მისივე განმარტებით, ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება, თუკი მას მაღალი შიდაპოლიტიკური რისკები არ შეექმნება:

„თუ ხელისუფლებას არ ეცოდინება, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას უარესი მოელის, ვიდრე სამართლიანი არჩევნების ჩატარების შედეგად, ის დათმობებზე არ წავა. ამ ეტაპზე მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით შესაბამისი რისკები მაღალი არაა. ამიტომაც, ჩვენი ქმედებები, სწორედ ხელისუფლების შიდაპოლიტიკური რისკების გაზრდას ემსახურება“.

პოლიტიკური „რვიანის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით გამყრელიძის შეფასებით, ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა: „ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა, თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ ერთსულოვნებას და ხელისუფლებაზე ზეწოლას გავაძლიერებთ, რათა შევცვალოთ არსებული საარჩევნო სისტემა“.

გამყრელიძის განმარტებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არა იდეალისტური, არამედ რეალისტური წინადადებებით მივიდა, თუმცა მმართველი გუნდი „ასცდა იმ თემებს, რაც სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პრინციპულად მნიშვნელოვანია“:

„ჩვენ რთულ და უმადურ პროცესს შევეჭიდეთ. თუ რვიანი წარმატებას მიაღწევდა, მაშინ მთელი საზოგადოება მოგებული დარჩებოდა, თუ არ გამოუვიდოდა - მთელი რისხვა ჩვენზე წამოვიდოდა. მითი იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საუბარი, არ ყოფნის კვალიფიკაცია, ერთმანეთში ვერ თანხმდება, დაიმსხვრა. ოპოზიციურმა ძალებმა კვალიფიციური დოკუმენტები დადო. ის კომპრომისები, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის იქნა მიღწეული, სამაგალითოა“.

„ახლების“ ლიდერის შეფასებით, „რვიანის“ პირველი წარმატება ის იყო, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვაზე საერთოდ დაითანხმა:

„დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომაც, ჩვენი პირველი წარმატება სწორედ ის იყო, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე დავითანხმეთ. ამ პროცესის დაწყებას ხელი შეუწყო საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამაც“.

„ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაშია: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვერც „კი“-ს ამბობს და „არა“-ს თქმაც არ შეუძლია“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, პროცესში სამოქალაქო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს:

„სწორედ საზოგადოების აქტიური მონაწილეობაა საჭირო, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ან დათმობებზე წავიყვანოთ ან გამოვააშკარაოთ მისი უარი, რითიც ის ადასტურებს, რომ სამართლიანი არჩევნები არც არასდროს ჩაუტარებია და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს“.

ამასთან, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერისა და პოლიტიკური „რვიანის“ წარმომადგენლის თქმით, საზოგადოებასთან შესაბამისი კამპანია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ კუთხით სამოქალაქო სექტორის გააქტიურტება იმის გამო ვერ ხერხდებოდა, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესისადმი გარკვეული დიფერენტული დამოკიდებულება არსებობს:

„თუმცა რვიანის თანმიმდევრულობამ და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების აქტიურმა მონაწილეობამ განაპირობა ის, რომ დღეს საზოგადოების აქტიური ნაწილი მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში უფრო აქტიურად“.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის მტკიცებით, პოლიტიკური „რვიანი“ არანაირ ჩიხში არ შესულა: „არანაირ ჩიხში ჩვენ არ შევსულვართ. ჩვენ ველოდით, რომ მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლება „გაჭედავდა“. ასე რომ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე მისი უარი რვიანისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა“.

ძიძიგურის განმარტებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან „სამართლებრივ დუელში“ შევიდა და „პირწმინდად დაამარცხა“ კიდეც:

„ხელისუფლების დამარცხება იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ მას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე კვალიფიციური წინადადებები წარვუდგინეთ. გამარჯვებული კი ის არის, ვის მხარესაცაა არგუმენტი და ლოგიკა“.

„მოგვეცი არჩევნები, თუ არადა... ეს „თუ არადა“ უნდა იყოს მოფიქრებული“, - აღნიშნული რეკომენდაციით მიმართა „ქართული აკადემიის“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ პოლიტიკურ „რვიანს“.

„მომეცი არჩევნები“, - ეს უნდა გახდეს თქვენი ლოზუნგი და ეს ლოზუნგი იქცეს პოპულარულად... საზოგადოება შედეგსაა მონატრებული. შედეგის ეპერსპექტივობა განავითარებს ნიჰილიზმს“, - მიმართა ქანთარიამ „რვიანის წარმომადგენლებს“, რომლებსაც შემდგომი ნაბიჯის მოფიქრების რეკომენდაციაც მისცა.

ქანთარიას აზრით, ნებისმიერ შემდგომ ნაბიჯს, იქნება ეს აქციები, შიმშილობის გამოცხადება თუ სხვა გზა, საზოგადოება დათანხმდება, თუკი ოპოზიციას შედეგზე ორიენტირებულ კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.