[ეკა ბაქრაძე]
ხელისუფლება ახალი ვალით ძველის გასტუმრებას აპირებს, მერე როდესაც „ახალი ვალის“ გადახდის დრო მოვა, მორიგ ვალს აიღებს და ასე იქნება, ვიდრე მიზანა ბრეგვაძესავით ცარიელ-ტარიელი და ვალების ამარა არ დარჩება. მთელ საქართველოს კი ერთაოზ ბრეგვაძესავით მთელი ცხოვრება ვალების გასტუმრება მოუწევს.
ამჯერად საქართველოს მთავრობა სწრაფად და ვადამდე აპირებს ევრობონდების მეორე ემისიას, ანუ ახალი 500-მილიონიანი თანხით ევროობლიგაციების გამოშვებას. ამით ძველი 500 მილიონი დოლარის გასტუმრებას გეგმავს, რა ვალიც საქართველოს ევრობონდების პირველი ემისიის შემდგომ დაუგროვდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, შესაძლოა, პირველად გამოშვებული ევრობონდების გამოსასყიდად იქნეს გამოყენებული.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, საქართველოს 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა 2013 წელს უწევს და, შესაბამისად, 2011 წელს ემისირებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული თანხები სწორედ ამ ვალის დასაფარად იქნება მიმართული. იმავდროულად იზრდება ევრობონდის ვადიანობაც და ის ნაცვლად 5 წლისა, 7-დან 10 წლამდე იქნება.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2011 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტს მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენას უწოდებს, რადგანაც ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, მშპ-ის ზრდა და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ქვეყნის მაკროეკონომკური სტაბილურობის მაჩვენებელია.
„2011 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მთავრობამ უკვე წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოსავლები 360 მილიონი ლარით იზრდება და 2011 წელს საგადასახადო შემოსავლები 5 მილიარდ 660 მილიონი ლარით იქნება განსაზღვრული. იზრდება ასევე მშპ-ც და ნაცვლად 4,5 პროცენტისა, ის 5,5 პროცენტი იქნება. და რაც ასე მნიშვნელოვანია, საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისთვის ეს არის ის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 4,3%-იდან 3,7%-მდე მცირდება“, - აცხადებს მელიქიშვილი.
ახალი ევრობონდების ემისია ძველი ვალის გასასტუმრებლად ეკონომიკის ექსპერტს ირაკლი ლექვინაძეს ამ ეტაპზე უალტერნატივო საშუალებად მიაჩნია. ლექვინაძე ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ახალი ევრობონდების ემისია სწორი გადაწყვეტილებაა.
„ახალი ევრობონდების ემისიის ძირითადი მიზანი უკვე არსებული ვალების გადაფარვაა, რომელიც 500-მილიონიანი ევრობონდებით ავიღეთ და 2013 წლისთვის მისი გასტუმრება 700 მლნ დოლარის ფარგლებში გვიწევს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. სხვა რესურსი ამ ვალის გასასტუმრებლად არ გაგვაჩნია და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ ვალდებულებებს გაისტუმრებს. თუ ვალს უფრო იაფად ავიღებთ, ეს კარგია.
ძველი ვალის უარყოფითი მხარე იყო ის, რომ საკმაოდ ძვირი რესურსი იყო. თუკი ახალი ვალის აღება დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოხდება, 10 წელი საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში ისეთი რეფორმები გავატაროთ, რომ 10 წლის შემდეგ ეს ვალი გავისტუმროთ. ბევრი ქვეყანა მიმართავს ასეთ გზას და ვფიქრობ, ამ ეტაპზე უალტერნატივო საშუალებაა“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
საკითხავია, 3 წლის წინ მთავრობამ საერთოდ რატომ წამოიკიდა უზარმაზარი ვალი. ამ ვალდებულების აღების პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დადებითი ოპერაციული სალდო გააჩნდა და დამატებითი ვალდებულების აღება მიზანშეწონილი არ იყო. მაშინ, მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ობლიგაციების ბირჟაზე გატანის მიზანი ქვეყნის იმიჯის გაზრდა იყო. სინამდვილეში, ამ ვალის ნაწილი მთავრობამ პენსიებისა და ხელფასების გასასტუმრებლად გამოიყენა.
ამიტომ ზოგიერთ ექსპერტს ახლაც ეჭვი ეპარება, რომ ევროობლიგაციების ახალი ემისიით ძველი ვალის გასტუმრება მოხდეს.
„მთავრობა ახალი ვალის აღებას მართლაც აპირებს, თუმცა ეს რეფინანსირება არ არის. რეფინანსირება მაშინ იქნებოდა, თუ ფასიან ქაღალდებს 2013 წელს გამოუშვებდნენ, ანუ ამ ვალდებულებების გასტუმრების პერიოდში. როგორც ვიცი, ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე დადებას აპირებენ“, - ამბობს ექსპერტი დავით ნარმანია.